რამდენ ხანს ცოცხლობს ორგანიზმი?
ამ მაჩვენებელზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის:
- მემკვიდრული დაავადებები;
- ანატომიურ-ფიზიოლოგიური მახასიათებლების გენეტიკური პორტრეტი;
- ცხოვრების წესი;
- კვება;
- მავნე ჩვევები.
სიცოცხლის ხანგრძლივობის ევოლუცია ქვის ხანიდან XX საუკუნემდე
ნეანდერტალელი ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 22,9 წელი გახლდათ.
ნეოლითის ეპოქის დასასრულს (დაახლოებით VII-III ათასწლეულები ჩვენს წელთაღრიცხვამდე) სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 20 წელი იყო, დაახლოებით 25 წლამდე.
ბრინჯაოსა და რკინის ხანაში (IV ათასწლეულის ბოლოდან I ათასწლეულის დასაწყისამდე ჩვენს ერამდე) იგი მცირედ გაიზარდა - 30 წლამდე.
ამ ეპოქაში ესოდენ დაბალ მაჩვენებელს ჩვილთა სიკვდილიანობის დიდი პროცენტი განსაზღვრავდა.
მოგვიანებით სიცოცხლის ხანგრძლივობა თანდათან იზრდებოდა, შუა საუკუნეების ბრიტანეთში არისტოკრატები 30 წელს ცოცხლობდნენ.
- 1200-1300 წლებში - 45-66 წლამდე;
- 1300-1400 წლებში - 34-55 წლამდე - ამგვარი შემცირება ამ პერიოდში შავი ჭირის ეპიდემიის ფართო გავრცელებით აიხსნება;
- 1400-1500 წლებში - 48-69 წლამდე;
- 1500-1550 წლებში - 50-დან 71 წლამდე;
- ანალოგიური გახლდათ დაბალი სოციალური ფენების შემადგენელი საზოგადოების სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელიც.
ბავშვობის პერიოდის მშვიდობიან გადალახვას ახალშობილთა 30-60% ახერხებდა, ამის შემდგომ გადარჩენილების 50%-ს შეეძლო, 55 და მეტი წელი ეცოცხლა.
ბავშვთა სიკვდილიანობა რეალურად შემცირდა 1920 წლიდან, შესაბამისად, მნიშვნელოვნად იმატა სიცოცხლის საშუალო ვადებმაც.
XX საუკუნიდან დღემდე
1950 წლისთვის 80-90 წელს ცოცხლობდა ქალების 15-16%, ხოლო მამაკაცების - 12%.
1970 წლიდან სერიოზული პროგრესი განიცადა ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის დაცვამ.
1990 წელს სიცოცხლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ევროპაში, განსაკუთრებით - სკანდინავიაში, იგი 20 წლით აჭარბებდა ყოფილ საბჭოთა კავშირს და 10 წლით - დიდ ბრიტანეთს.
1990 წლიდან, ყველაზე დიდხანს სიცოცხლით, ლიდერთა შორის აღმოჩნდნენ აღმოსავლეთ აზია, იაპონია, სინგაპური და ჰონგ-კონგი. ყველაზე მცირე მაჩვენებელი იყო აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში.
2002 წლისთვის 80-90 წელს ცოცხლობდა უკვე ქალების 37%, ხოლო მამაკაცების 25%.
რატომ ვბერდებით?
დაბერების პროცესის ამხსნელი ყველა თეორია 2 ჯგუფად იყოფა: ევოლუციური თეორიები და თეორიები, რომლებიც უჯრედთა შემთხვევით დაზიანებით ხსნიან სიბერეს.
პირველი ჯგუფის თეორიების თანახმად, სიბერე წინასწარ დაპროგრამებული პროცესია, როდესაც უჯრედები, ორგანოები და ორგანოთა სისტემები ბერდებიან წინასწარ განსაზღვრული ალგორითმით, თუ რა ვადით უნდა იარსებოს და განახორციელონ მათზე დაკისრებული ფუნქციები.
მეორე ჯგუფის თეორიათა თანახმად, დაბერება დროთა განმავლობაში ორგანიზმში დამაზიანებელი ფაქტორებისა და აგენტების დაგროვება და მათთან ბრძოლით უჯრედებისა და ორგანოების დაზიანება-დაბერებაა. სწორედ ასე ხსნიან იმ ფაქტს, რომ ადამიანები სხვადასხვა დროს ბერდებიან, ერთნი დამაზიანებელ აგენტებს ეფექტიანად ებრძვიან, მეორენი კი - ნაკლებეფექტიანი ბრძოლის შედეგად ადრიანად ბერდებიან.
უკანასკნელ წლებში მეორე ჯგუფის თეორიები გაცილებით პოპულარულია, არსებობს მკვლევართა მოსაზრება, რომელიც უარყოფს როგორც ევოლუციურ, ისე დამაზიანებელ თეორიებს.
დღეგრძელთა ბიოლოგიური ფაქტორები
იტალიაში დღეგრძელ ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ მათ ყველას სისხლში A და E ვიტამინების მაღალი მაჩვენებელი აღენიშნებოდათ, რომელიც, როგორც ეტყობა, საჭიროა მათი დღეგრძელობისთვის.
პოლონელებმა დაადგინეს, რომ ზედა სილეისში მცხოვრებ დღეგრძელ ქალთა სისხლის წითელ სხეულაკებში, ერითროციტებში, განსაკუთრებით მაღალი აქტივობის მქონე გლუტათიონრედუქტაზა და კატალაზაა, ასევე მაღალია E ვიტამინის დონე მათი სისხლის შრატში.
დანიელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მათ დღეგრძელებსაც აღენიშნებოდათ გლუტათიონრედუქტაზას აქტიური ფორმა, ამასთან, საკვლევ ჯგუფში ყველაზე საუკეთესო კოგნიტური და ფიზიკური უნარების მქონე სეგმენტში სწორედ ეს ფერმენტი იყო მაღალი აქტივობის.
ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებს თურმე D ვიტამინიც.
დადგენილია, რომ დღეგრძელების სისხლში ცირკულირებს განსხვავებული ოზოფორმული სტრუქტურის მქონე ადიპონექტინი და განსხვავებულია მათი მეტაბოლური ფენოტიპიც.
გენეტიკური ფაქტორები
და-ძმანი
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ 100 წლის იუბილეს ყველაზე ხშირად და-ძმანი ზეიმობენ.
დღეგრძელობის 150 გენი
დიდ ბრიტანეთში გამოვლენილია 150 გენეტიკური ვარიაცია, რომლებიც ადამიანის დღეგრძელობას განსაზღვრავენ. ამ მუტაციათა დადგენით, 77%-იანი სიზუსტით შესაძლებელია იმის განსაზღვრა, იცოცხლებს თუ არა ადამიანი საუკუნეს.
ფერმენტი ტელომერაზა
ტელომერაზა ფერმენტია, რომელიც წინ ეღობება უჯრედების დაბერებას, შესაბამისად, რაც უფრო აქტიურია ეს ფერმენტი ჩვენს ორგანიზმში, მით მეტია 100 წლამდე სიცოცხლის შანსებიც.
არსებობს მუტანტი გენი, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ადამიანი ტელომერაზას ჰიპერაქტიურ ვერსიას მემკვიდრეობით იღებს და შესაბამისად, მრავალი წელი სიცოცხლის შესაძლებლობასაც.
დღეგრძელები და მავნე ჩვევები
გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ მეტყველებს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები, რომელთა თანახმადაც, დღეგრძელ ადამიანთა უმრავლესობა, მიუხედავად მავნე ჩვევებისა, გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების გარეშე აღწევენ 60-70 წელს.
მაგალითად, ასწლოვან ზღურბლს გადააბიჯეს ადამიანებმა, რომლებიც დღეში 60 სიგარეტს ეწეოდნენ 50 წლის განმავლობაში.
იმავეს ეთანხმებიან იაპონელები - ოკინაველ დღეგრძელთა ნახევარს ჰქონდა თამბაქოს აქტიური მოწევის პრაქტიკა და მათი ერთი მესამედი რეგულარულად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებს, შესაძლოა, მათ ჰქონდათ გენები, რომლებიც იცავდნენ კანცეროგენების ან შემთხვევითი მუტაციებისგან, რომლებიც ბუნებრივი გზით ჩნდებიან უჯრედთა დაყოფის პროცესში და ნებისმიერი ორგანოს ფუნქციათა დასუსტება ან საერთოდ მოშლა შეუძლიათ.
ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯში ჩატარებულმა კვლევებმა კი გვამცნო: მათ მიერ გამოკვლეულ დღეგრძელთა დიდ უმრავლესობას ჰქონდა გაცხიმოვნება, იყვნენ საკმაოდ ადინამიურები, ნაკლებად მოძრაობდნენ და ვარჯიშობდნენ.
მისი უდიდებულესობა გენი FOXO3ა
ყველასთვის ცნობილია, რომ დღეგრძელ ადამიანთა შვილებიც საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ. ეჭვგარეშეა, ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს მემკვიდრეობით მიღებული გენები.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანის, გენ FOXO3ა-ს ვარიაცია გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და ის გაცილებით ხშირად გვხვდება 100 წელს მიღწეულებთან.
თითქმის ნებისმიერი კვლევა ადასტურებს, რომ დღეგრძელებს გაცილებით ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვთ.
როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე?
არსებობს რამდენიმე შესაძლო სტრატეგია, რომელთა დახმარებითაც სპეციალისტები ცდილობენ ორგანიზმის დაბერების სიჩქარის შემცირებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.
მაგალითად, სიცოცხლის ხანგრძლივობის 50%-ით გაზრდა შესაძლებელია დღიურად მიღებული კალორიების შემცირებით და ჯანსაღი კვებით.
მეორენი სიცოცხლის გახანგრძლივებას ღეროვანი უჯრედებით ცდილობენ, მესამენი - კლონირების გზით მიღებული ორგანოების ან ხელოვნურად გაზრდილი ორგანოების მეშვეობით, მეოთხენი - ქიმიური ან სხვა მეთოდებით, გასათვალისწინებელია ანტიოქსიდანტური და ჰორმონული თერაპიაც, რომლებიც უჯრედის მოლეკულურ დონეზე აღდგენას, შეკეთებას და მთლიანობაში ორგანიზმის დაბერების შეჩერებას ისახავენ მიზნად.
მიუხედავად ყველაფრისა, არსებითი და ხელჩასაჭიდი პროგრესი ამ მხრივ ჯერ არ შეიმჩნევა და როდის იქნება ეს - თვეებისა თუ ათწლეულების შემდეგ, დღემდე უცნობია.
2017 წელს არიზონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, პოლ ნელსონმა და ჯოანა მაზელმა, მათემატიკურად გვიჩვენეს, რომ დაბერება გარდაუვალია, რადგან ორგანიზმისთვის, იდეალურ პირობებში ყოფნისასაც კი, უჯრედებში აუცილებლად დაგროვდება წლების განმავლობაში ავთვისებიანი და ატიპური უჯრედები, რომლებიც გამოიწვევენ დანარჩენების დისფუნქციასა და სიკვდილს.
და მაინც, რამდენი წელი შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა?
სამი ქვეყნის მეცნიერთა ჯგუფმა, სინგაპურიდან, რუსეთიდან და აშშ-დან, შეიმუშავა ახალი მეთოდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სისხლის ანალიზით განისაზღვროს ადამიანის ბიოლოგიური ასაკი და შემოგვთავაზა ამ მიზნით ბიოლოგიური დაბერების განსაზღვრის უნივერსალური მაჩვენებლის - DOSI-ს გამოთვლა.
DOSI (dynamic organism state indicator) ორგანიზმის მდგომარეობის დინამიკური ინდიკატორია. ადამიანის სისხლის ანალიზისას ირკვევა, რომ DOSI-ს მაჩვენებელი მერყეობს ასაკის, დაავადებების არსებობისა და ცხოვრების წესის მიხედვით. ის იზრდება ასაკთან ერთად, იმ დროის პროპორციულად, რომელიც ორგანიზმს ესაჭიროება დაავადების შემდგომ აღდგენისთვის, ანუ ორგანიზმის ფიზიოლოგიური მგრადობის მაჩვენებლია.
შესაბამისად, მეცნიერებმა დაადგინეს სიცოცხლის მაქსიმალურად შესაძლებელი ხანგრძლივობა, რომელიც მერყეობს 120-დან 150 წლამდე.