ტესტი აგრესიის დონის შესაფასებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტესტი აგრესიის დონის შესაფასებლად

სხვადასხვა სახეობის ცხოველი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ აგრესიულ ქცევას ავლენს. აგრესიული ქცევის დროს სხვადასხვა სახეობის ცხოველთა მოძრაობების პატერნი (მაგალითად, პოზა, კბენა, დარტყმა, სისინი და სხვა) განსხვავებულია. ბუნებრივია, რომ მოძრაობათა ყველა სახის პატერნის რეალიზაციას განსაზღვრული ნერვული სუბსტრატის ფუნქციობა უდევს საფუძვლად.

მისი განვითარება ცხოველის გენებშია დაპროგრამებული. აგრესიული ქცევის მრავალი ფორმა სქესობრივად დიმორფულია და გამრავლების პროცესთან არის დაკავშირებული. აგრესიულ ქცევას სხვადასხვა სახეობის ცხოველთა მაგალითებზე შეისწავლიან. არსებობს მისი რამდენიმე სახე, რომლებიც განსხვავებულ სიტუაციებში აღიძვრება. სამწუხაროდ, აგრესიული ქცევა, ცხოველების მსგავსად, ადამიანსაც ახასიათებს.

ადამიანებში აგრესიად მიიჩნევენ შინაგანი ან გარეგანი გაღიზიანების (სტიმულის) საპასუხოდ განვითარებულ ქცევით რეაქციას, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული ადამიანისთვის ფრუსტრირებადია. ჩვენს თანამედროვეობაში აღარავის უკვირს არათუ მოზრდილთა, არამედ მოზარდთა და ბავშვთა მომატებული აგრესიულობა და ამ ფონზე სხვადასხვა სახის აგრესიული ქცევის გამოვლენა. ეს, სამწუხაროდ, ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი მანკიერებაა.

გთავაზობთ ტესტს, რომელიც უფროსკლასელებში აგრესიული ქცევის გამოვლენის ფორმის შეფასებისთვისაა მოწოდებული. ის მოიცავს ბას-დარკის კითხვარს, რომელიც მიმართულია გამოავლინოს:

1 - ფიზიკური აგრესია, მაქსიმუმ 10 ქულა;

2 - ირიბი აგრესია, მაქსიმუმ 9 ქულა;

3 - გაღიზიანება, მაქსიმუმ 11 ქულა;

4 - ნეგატივიზმი, მაქსიმუმ 5 ქულა;

5 - წყენა, მაქსიმუმ 10 ქულა;

6 - ეჭვიანობა, მაქსიმუმ 10 ქულა;

7 - ვერბალური აგრესია, მაქსიმუმ 13 ქულა;

8 - დანაშაულის განცდა, მაქსიმუმ 9 ქულა.

ცალკეული მახასიათებლები ერთიანდება ორ ჯგუფად. ესენია:

აგრესია: ფიზიკური აგრესია, ირიბი აგრესია, ვერბალური აგრესია, გაღიზიანება;

მტრობა: წყენა, ეჭვიანობა. დანაშაულის განცდის ფაქტორი აგრესიის გამოვლენის ასპექტში შემაკავებლად გვევლინება. ეს გრძნობა გამოხატავს გამოსაკვლევი პირის დარწმუნებას იმაში, რომ ის ცუდი პიროვნებაა, ცუდად იქცევა. მოცემული კითხვარით დიფერენცირდება აგრესიისა და მტრობის გამოვლენა. ა. ბასმა და ა. დარკმა გამოყვეს აგრესიული რეაქციის შემდეგი სახეები:

ფიზიკური აგრესია - ძალის გამოყენება სხვა პირის წინააღმდეგ;

ირიბი აგრესია - აგრესია, რომელიც ირიბი გზით მიმართულია სხვა პირის წინააღმდეგ (ბოროტი ჭორები, ფანდები), ასევე აგრესია, რომელიც არ არის ვინმეზე მიმართული (გაშმაგების, გააფთრების აფეთქება, რომელიც ვლინდება ყვირილით, ფეხების ბაკუნით და სხვა);

გაღიზიანება - ნეგატიურ გრძნობათა გამოვლენისადმი მზადყოფნა უმცირესი აგზნების შემთხვევაშიც კი, გამოხატული უხეშობით, სიმკვეთრით, სიფიცხით;

ნეგატივიზმი - ქცევის ოპოზიციური მანერა. პასიური წინააღმდეგობიდან დაწყებული, დამთავრებული აქტიური ბრძოლით დადგენილი კანონებისა და წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ;

ვერბალური აგრესია - ნეგატიური გრძნობების გამოხატვა როგორც სხვადასხვა ფორმით (ჩხუბი, ყვირილი, წივილ-კივილი), ასევე სიტყვიერი პასუხებით (მუქარა, წყევლა-კრულვა, გინება);

წყენა - სიძულვილი გარშემო მყოფთა მიმართ მათი გამიზნული თუ გაუაზრებელი ქმედებების გამო.


მეთოდიკასთან მუშაობის სახელმძღვანელო

გამოსაკვლევ პირს ეძლევა კითხვარი, რომელიც ქცევის აღმწერი 75 პუნქტისაგან (მტკიცებისაგან) შედგება. გამოსაკვლევი პირის ამოცანაა გადაწყვიტოს, ეხება თუ არა მას თითოეული პუნქტი (მტკიცება). თუ ეხება, პასუხების ბლანკში თითოეული პუნქტის შესაბამისი ნომრის პირდაპირ უნდა დასვას ნიშანი "+", თუ არ ეხება, მაშინ "-". აგრესიული ქცევის ამა თუ იმ სახის გამოვლინების დონე ფასდება შემდეგი გასაღებების დახმარებით:

1. ფიზიკური აგრესია: 1, 25, 33, 41, 48, 55, 62, 68 - "დიახ", 9, 17 - "არა".

2. ირიბი აგრესია: 2, 10, 18, 34, 42, 56, 63 - "დიახ", 26, 49 - "არა".

3. გაღიზიანება: 3, 19, 27, 43, 50, 57, 64, 72 - "დიახ", 11, 35, 69 - "არა".

4. ნეგატივიზმი: 4, 12, 20, 28 - "დიახ", 36 - "არა".

5. წყენა: 5, 13, 21, 29, 37, 51, 58 - "დიახ", 44 - "არა".

6. ეჭვიანობა: 6, 14, 22, 30, 38, 45, 52, 59 - "დიახ", 65, 70 - "არა".

7. ვერბალური აგრესია: 7, 15, 23, 31, 46, 53, 60, 71, 73 - "დიახ", 39, 66, 74, 75 - "არა".

8. დანაშაულის განცდა: 8, 16, 24, 32, 40, 47, 54, 61, 67 - "დიახ".

ბას-დარკის კითხვარი

1) დროდადრო ვერ ვუმკლავდები სურვილს, სხვებს ზიანი მივაყენო;

2) ზოგჯერ ვჭორაობ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ მიყვარს;

3) ადვილად ვღიზიანდები, მაგრამ მალევე ვმშვიდდები;

4) თუ განსაკუთრებულად არ მთხოვეს, თხოვნას არ ვასრულებ;

5) ყოველთვის ვიღებ იმას, რაც მეკუთვნის;

6) ვიცი, რომ ზურგს უკან ჩემზე საუბრობენ;

7) როცა არ მომწონს მეგობრების ქცევა, მათ ამას ვაგრძნობინებ;

8) როცა ვინმე მომიტყუებია, ყოველთვის მიგრძნია სინდისის ქენჯნა;

9) მეჩვენება, რომ არ შემიძლია, ადამიანს ხელი დავარტყა;

10) არასოდეს ვღიზიანდები ისე, რომ ნივთების სროლა დავიწყო;

11) მე ყოველთვის შემწყნარებელი ვარ სხვათა ნაკლოვანებების მიმართ;

12) როდესაც არ მომწონს დადგენილი წესი, ყოველთვის მინდება მისი დარღვევა;

13) ყველას შეუძლია, გამოიყენოს ხელსაყრელი გარემოებანი;

14) მე მუდამ დაძაბული და გაფაციცებული ვაკვირდები იმ ადამიანებს, რომლებიც უფრო თბილად მეპყრობიან, ვიდრე მოველი;

15) ხშირად არ ვეთანხმები სხვებს;

16) ზოგჯერ ისეთი აზრები მიპყრობს, რომელთა გამოც მრცხვენია;

17) თუ ვინმე პირველი დამარტყამს, არ ვუპასუხებ;

18) როდესაც ვღიზიანდები, კარს ვიჯახუნებ;

19) უფრო ადვილად ვღიზიანდები, ვიდრე შორიდან ჩანს;

20) თუ ვინმემ "უფროსობა" მოინდომა, ჯიბრზე ყოველთვის მისი მოთხოვნის საპირისპიროდ ვიქცევი;

21) ცოტა არ იყოს, მაღონებს ჩემი ბედი;

22) მგონია, რომ ბევრს არ ვუყვარვარ;

23) როცა ვინმე არ მეთანხმება, კამათისაგან თავს ვერ ვიკავებ;

24) ადამიანებს, რომლებსაც სამსახურიდან ათავისუფლებენ, დანაშაულის განცდა უნდა ტანჯავდეთ;

25) ის, ვინც მე და ჩემს ოჯახს შეურაცხგვყოფს, საჩხუბრად მიწვევს;

26) მე არ მჩვევია უხეში ხუმრობა;

27) როდესაც დამცინიან, გააფთრება და გაშმაგება მიპყრობს;

28) როდესაც ვინმე "უფროსობს", ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მან ამით ვერ ისიამოვნოს;

29) თითქმის ყოველ კვირა ვაწყდები ისეთ რამეს, რაც არ მომწონს;

30) ბევრს შურს ჩემი;

31) მოვითხოვ, რომ პატივი სცენ ჩემს უფლებებს;

32) მთრგუნავს, რომ მშობლებისთვის ბევრს ვერაფერს ვაკეთებ;

33) ადამიანები, რომლებიც გვატყუებენ, ცემას იმსახურებენ;

34) გაშმაგებისგან ზოგჯერ ვფითრდები;

35) როდესაც უფრო უარესად მექცევიან, ვიდრე ვიმსახურებ, არ ვბრაზობ;

36) როდესაც ვინმე ცდილობს, წყობიდან გამომიყვანოს, მე მას ყურადღებას არ ვაქცევ;

37) არ ვიმჩნევ, მაგრამ ზოგჯერ შური მეუფლება;

38) ზოგჯერ მეჩვენება, რომ დამცინიან;

39) მაშინაც კი, როდესაც ვბრაზდები, გამოხატვის ძლიერ, მკვეთრ ფორმებს არ მივმართავ;

40) მინდა, ცოდვები მომეტევოს;

41) თუ ვინმემ დამარტყა, იშვიათად ვუბრუნებ ხურდას;

42) როდესაც რამე ჩემს გემოზე არ კეთდება, ვბრაზობ;

43) ზოგჯერ ადამიანები თავიანთი არსებობითაც კი მაღიზიანებენ;

44) არ არსებობს ადამიანი, ნამდვილად რომ მძულდეს;

45) ჩემი პრინციპია: "ნურასოდეს ენდობი უცხოს!"

46) როცა ვინმე მაღიზიანებს, მზად ვარ, პირში მივახალო ყველაფერი, რასაც მასზე ვფიქრობ;

47) ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებ, რასაც შემდეგ ვნანობ;

48) როცა ვბრაზდები, შემიძლია ვინმეს დავარტყა;

49) ათი წლიდან არასდროს გამომიმჟღავნებია აგრესია;

50) ხშირად მეჩვენება, რომ დენთის კასრი ვარ, რომელიც სადაც არის იფეთქებს;

51) ყველამ რომ იცოდეს, რას განვიცდი, იმ ადამიანად მიმიჩნევდნენ, ვისთან ურთიერთობაც ადვილი არ არის;

52) სულ იმაზე ვფიქრობ, რა აიძულებს ადამიანებს, რამით მასიამოვნონ;

53) როცა მიყვირიან, საპასუხოდ მეც ყვირილს ვიწყებ;

54) უიღბლობა მამწუხრებს;

55) არც სხვებზე იშვიათად ვჩხუბობ და არც სხვებზე ხშირად;

56) ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაბრაზებულს, რაც ხელში მომხვედრია, დამიმტვრევია;

57) ზოგჯერ ვგრძნობ, რომ მზად ვარ, პირველმა დავიწყო ჩხუბი;

58) ზოგჯერ მეჩვენება, რომ ცხოვრება უსამართლოდ მექცევა;

59) წინათ მეგონა, რომ ადამიანთა უმრავლესობა სიმართლეს ამბობს, მაგრამ ახლა ამისა არ მჯერა;

60) ვჩხუბობ მხოლოდ სიბრაზისგან;

61) როცა არასწორად ვიქცევი, სინდისი მქენჯნის;

62) თუ ჩემი უფლებების დასაცავად ფიზიკური ძალის გამოყენება დამჭირდა, ვიყენებ;

63) ზოგჯერ განრისხებას იმით გამოვხატავ, რომ მუშტს ვურტყამ მაგიდას;

64) ვეუხეშები მათ, ვინც არ მომწონს;

65) არ მყავს ისეთი მტრები, რომლებიც ოცნებობენ, რამე დამიშავონ;

66) არ შემიძლია, ადამიანს თავისი ადგილი მივუჩინო, თუნდაც ამას იმსახურებდეს;

67) ხშირად მგონია, რომ არასწორად ვიცხოვრე;

68) ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება წონასწორობიდან გამომიყვანონ;

69) წვრილმანებზე იშვიათად ვდარდობ;

70) იშვიათად მომდის აზრად, რომ ვინმეს ჩემი გაბრაზება ან შეურაცხყოფა სურს;

71) ხშირად უბრალოდ ვიმუქრები, მუქარის ასრულებას არ ვაპირებ;

72) ბოლო დროს აბეზარი გავხდი;

73) კამათის დროს ხშირად ვუწევ ხმას;

74) ვცდილობ, დავმალო ადამიანებისადმი ცუდი დამოკიდებულება;

75) მირჩევნია, სხვას უსიტყვოდ დავეთანხმო, ვიდრე კამათში ჩავერთო.