მტვრით გამოწვეული დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მტვრით გამოწვეული დაავადებები

ეკა ჩხარტიშვილი.

 

-მტვერი, რომელსაც ქუჩაში ჰაერთან ერთად ჩავისუნთქავთ, შეიცავს ნიადაგის, გამონაბოლქვი აირების, საწარმოთა ქიმიური ნარჩენებისა თუ მძიმე მეტალების მარილების ნაწილაკებს. გარდა ამისა, მასში უხვადაა ბაქტერიები და ვირუსები, რომელთაც დაავადებების პროვოცირება შეუძლიათ.

ის, ვინც საწარმოს მახლობლად ცხოვრობს, გაცილებით მეტ მტვერს ჩაისუნთქავს, ამიტომ ვურჩევთ, რეგულარულად ეჩვენონ ექიმს. მანგანუმის, ტყვიის მტვერმა შეიძლება მოგვწამლოს, ხოლო ცემენტისა და აზბესტის მტვერმა, თუ დიდი რაოდენობით ჩავისუნთქეთ, ონკოლოგიურ დაავადებას დაუდოს სათავე.

რაც უფრო მცირე ზომისაა მტვრის ნაწილაკები, მით უფრო საშიშია იგი ადამიანისთვის, რადგან უფრო ღრმად აღწევს სასუნთქ გზებში, აზიანებს ცხვირ-ხახას, თვალებს, კანს. თუ მტვერთან ხშირი კონტაქტი გაქვთ, შესაძლოა, დაგემართოთ ფილტვის დაავადება, კონიუნქტივიტი, დერმატიტი. მტვერი შეიძლება გაცილებით მძიმე დაავადების - ტუბერკულოზის მიზეზადაც იქცეს. ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია მტვერში დიდხანს - რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე ძლებს. ადვილი შესაძლებელია, მასთან ერთად არსებობდეს დიფტერიის გამომწვევი ჩხირიც, ხოლო მღრღნელების გამომშრალმა ექსკრემენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს თაგვის ცხელება, რომელიც თირკმელებს აზიანებს.

გაზაფხულზე, როცა იწყება მცენარეების ყვავილობა, დამტვერიანება, მტვერი შეიცავს ალერგენებს. სეზონური ცრემლდენა, თვალების სიწითლე და წვა, სურდო, მოთენთილობა სწორედ გაზაფხულის მტვრით არის გამოწვეული.

 

 

- როგორ მოვიქცეთ, იშვიათად გავიდეთ ქუჩაში? მაგრამ სად დავემალოთ ოთახის მტვერს?

- შინ ჯდომა ნამდვილად არ არის გამოსავალი. ოთახის მტვერი უფრო მეტად სახიფათოა. ბაქტერიებსა და ვირუსებთან ერთად იგი შეიცავს ქსოვილის, ადამიანისა და ცხოველის კანის ნაწილაკებს, ქუჩიდან თუ სამზარეულოდან შემოსული მტვრის ნაწილაკებს. მათ ემატება საყოფაცხოვრებო გამწმენდი საშუალებების ქიმიური ნაერთები, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ობის სოკოს სპორები, მტვრის ტკიპა. ეს უკანასკნელი ალერგიული სურდოს, ბრონქული ასთმის მაპროვოცირებელი ძლიერი ალერგენია. ზოგიერთს ალერგიული რეაქცია უვითარდება წიგნების მტვერზე.

ოთახის მტვერი კონცენტრირებულია რბილ ავეჯსა და ხალიჩებზე, განსაკუთრებით - სინთეტიკურ ხალიჩებზე, რადგან სტატიკური ელექტრობა მიუწვდომელ კუთხეებში არსებულ მტვერსაც იზიდავს. ასეთი ადგილების დასასუფთავებლად საუკეთესო საშუალება თითქოს მტვერსასრუტი უნდა იყოს, მაგრამ ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასე არ არის. ჩვეულებრივი მტვერსასრუტის ფილტრი მტვრის თითქმის მესამედს უკანვე აბრუნებს. მტვრიანი ოთახის დასასუფთავებლად საუკეთესო გზაა სველი დალაგება და შენობის განიავება. ამასთან ერთად საჭიროა საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის გაწმენდა მტვრის უხილავი ნაწილაკებისაგან.

 

 

გირჩევთ:

  • ბუმბულის ბალიშები და საბნები ხშირად გაანიავოთ და გაამზეუროთ.
  • ტანსაცმელი თუ ლოგინის თეთრეული არ დაფერთხოთ ოთახში.
  • რბილი სათამაშოები დაასუფთაოთ სველი წესით.
  • შეიძინოთ დახურული კარადები და თაროები, წიგნებს პერიოდულად მოაცილოთ მტვერი.
  • ოთახის მცენარეთა ფოთლები გადაწმინდოთ სველი ნაჭრით, დანამოთ წყლით.
  • მტვრის ტკიპების საყვარელი ადგილი საწოლია. იქ მათთვის ყოველთვის არის საკვები - ადამიანის ამოფცქვნილი კანი - და სითბო, ამიტომ აუცილებელია, კვირაში ერთხელ გამოცვალოთ ლოგინის თეთრეული, გარეცხილი თეთრეული დააუთოოთ ცხელი უთოთი, ხოლო ბალიშები, საბნები და ლეიბები არანაკლებ ორი საათით დატოვოთ მზეზე.

 

- შესაძლებელია თუ არა ქუჩის მტვერთან ბრძოლა? თუ შესაძლებელია, როგორ?

- ქუჩის მტვერთან ბრძოლა გაცილებით რთულია. უმჯობესია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ჩვენ თვითონ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მტვერი ჩავყლაპოთ.

 

 

გირჩევთ:

  • თუ ალერგიისადმი ხართ მიდრეკილი, შინ დაბრუნებისთანავე მიიღოთ აბაზანა, ჩაიცვათ საშინაო ტანსაცმელი, საგარეო სამოსი კი კარგად დაფერთხოთ ფანჯრიდან და რამდენიმე საათით დატოვოთ მზეზე. ტყავის სამოსი გაწმინდოთ სველი ნაჭრით.
  • შინ შესვლისთანავე ცხვირ-ხახაში გამოივლოთ ზღვის მარილის ხსნარი, თვალები ამოიბანოთ, პირში გამოივლოთ ცივი წყალი.
  • ქარიან ამინდში გაიკეთეთ დამცავი (მზის ან ჩვეულებრივი) სათვალე.
  • თუ თქვენი საქმიანობა მტვერთან კონტაქტს მოითხოვს, გამოიყენოთ პირბადე, რესპირატორი.

 

ქუჩის მტვერს კეთილმოწყობის სამსახური უნდა ებრძოდეს. ქუჩები უნდა დალაგდეს არა ისე, როგორც ახლა ხდება -ცოცხის მისმა-მოსმით, მტვრის აქეთ-იქით გაფანტვით, არამედ სპეციალური ქუჩის მტვერსასრუტებით. ამ ტექნოლოგიის დანერგვა უკვე ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყო, მაგრამ ამ მეთოდით ჯერ მხოლოდ თბილისის ცენტრალურ ქუჩებს ასუფთავებენ. საჭიროა, დასუფთავების თანამედროვე საშუალებებმა მთელი ქალაქი მოიცვას.

 

 

- კიდევ რომელი დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს მტვერმა?

- ქუჩისა თუ სახლის მტვერმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაავადებები - კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი. ამ დროს ადამიანი უჩივის დისკომფორტს, წვას, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებას. თუ მკურნალობა დაგვიანდა, შესაძლოა, გამონადენიც კი გაჩნდეს.

სახლის მტვერი, როგორც უკვე გითხარით, შეიცავს ქიმიურ კომპონენტებს. მათი წყაროა სარეცხი ფხვნილი, ავეჯისა თუ მინის საწმენდები, სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები. ეს ნივთიერებები აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს, იწვევს ქავილს, სიწითლეს, ქუთუთოების ალერგიულ შეშუპებას, ალერგიულ ეგზემას. ამ დროს ქუთუთოების კანი ილევა და იქერცლება.

თუ თქვენი ოჯახის წევრი ეწევა, მტვერს ემატება სიგარეტის კვამლიც, რომელიც ასევე აღიზიანებს თვალს და იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას.

ძლიერი იმუნიტეტის პატრონისთვის მტვერი საშიში არ არის, რადგან თვალს აქვს დამცავი მექანიზმი _ ლიზოციმი. ასე რომ, თუ ქარიან ამინდში შინ შესვლისას წყლით თვალების ამობანას აპირებთ, გააკეთეთ ეს ფრთხილად, რათა ლიზოციმის ფენა არ ჩამოირეცხოთ. უმჯობესია, წყლის მაგივრად გვირილის ან ჩაის ნაყენი გამოიყენოთ. მაგრამ ეს პროფილაქტიკური ღონისძიებაა, რათა თვალის ლორწოვანზე მტვერთან ერთად მოხვედრილი ბაქტერიები თვალში არ ჩასახლდნენ, ხოლო თუ თვალიდან ჩირქოვანი გამონადენი შეამჩნიეთ, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, მიმართეთ თვალის ექიმს.

ოთახის მტვერი იწვევს კანისმიერ რეაქციებსაც. მტვრიან შენობაში ადამიანი სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით ინფიცირდება. მტვერი ამოავსებს კანის ფორებს და ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ცხიმი კანქვეშ გუბდება, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას. კანზე ჩნდება გამონაყარი, ფერიმჭამელები. ნუ შეეცდებით, კანი დამოუკიდებლად გაისუფთავოთ. მიმართეთ დერმატოლოგს. უხეში ჩარევით კანი შესაძლოა უფრო მეტად დაიზიანოთ და ნაიარევიც კი დაგრჩეთ.

ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადების შემთხვევაში მტვრიან ქუჩაში დიდხანს ყოფნისას მოსალოდნელია პროცესის გამწვავება: ცხვირში ჩნდება ქერქები, ყელში - სიმშრალის შეგრძნება და ტკივილი, მტვრიან გარემოში ხანგრძლივად ყოფნამ კი შესაძლოა ცხვირ-ხახის ატროფიული ცვლილებებიც კი გამოიწვიოს. ცხვირისათვის ყველაზე ოპტიმალური გარემოა ზღვის ნოტიო ჰაერი.

 

 

- რა საფრთხეს უქმნის მტვერი ბავშვებს?

- ბავშვებისთვის მტვერი განსაკუთრებით საშიშია. საქმე ის არის, რომ მტვერთან ერთად ორგანიზმში ხვდება ტყვია, რომელიც გროვდება და უმძიმეს მოწამვლას იწვევს. ტყვიას განსაკუთრებით აქტიურად ითვისებს ორგანიზმი, რომელიც მინერალების, მათ შორის - რკინის, კალციუმის, თუთიის ნაკლებობას განიცდის. ორგანიზმის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის პექტინი. მას შეიცავს ვაშლის მარმელადი. პექტინი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე, ბოჭავს მძიმე მეტალებს და ორგანიზმიდან გამოდევნის. ასე რომ, ხშირად აჭამეთ ბავშვებს ვაშლის მარმელადი, მით უმეტეს, თუ დიდ, ხმაურიან, ტრანსპორტით გადატვირთულ ქალაქში ცხოვრობთ. გარდა ამისა, ქალაქის მცხოვრებლებს ვურჩევთ, ნუ ასეირნებენ პატარებს ცენტრალურ, ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში. ყველაზე მეტი მტვერი ასფალტის ზედაპირიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე კონცენტრირდება, ამიტომაც ბავშვები მოზრდილებზე მეტად ზარალდებიან. ეს ეტლის შეძენის დროსაც გაითვალისწინეთ.

კიდევ ერთი: ერიდეთ ქარიან ამინდში ბავშვის შინიდან გაყვანას.