სისხლდენა

დღეს სისხლი აღიარებულია ადამიანის ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ სითხედ, რომელიც მუდამ მოძრაობაშია. დღე-ღამეში ჩვენი სისხლძარღვოვანი ქსელის ლაბირინთში საშუალოდ 200 ათასი ლიტრი სისხლი გაედინება. იგი მონაწილეობს სხეულის თერმორეგულაციაში, იცავს მას უცხო აგენტებისგან, 300 ტრილიონამდე უჯრედს საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით ამარაგებს, იქიდან კი ნივთიერებათა ცვლის შუალედური და საბოლოო პროდუქტები გამოაქვს. სწორედ ამიტომ არის საშიში ნებისმიერი ხასიათისა და ინტენსივობის სისხლდენა, რომელიც სისხლის რაოდენობრივ ცვლილებას, მის ფუნქციათა მოშლას და ჰომეოსტაზის რღვევას იწვევს. სისხლდენა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის, რადგან მათი ორგანიზმი ძნელად ეგუება მოცირკულირე სისხლის მოცულობის სწრაფ შემცირებას.
სისხლდენის მიზეზებია
ლ ტრავმით, არტერიული და ატმოსფერული წნევის მატებით გამოწვეული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა;
- პათოლოგიური პროცესებით (ჩირქოვანი ანთება, ავთვისებიანი სიმსივნე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული) გამოწვეული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა;
- ორგანიზმში ვიტამინური ბალანსის ცვლილება;
- ტოქსინების ან სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად სისხლძარღვის კედლის განვლადობის გაზრდა;
- დაავადებები, რომლებიც სისხლის ქიმიური შედგენილობის ცვლას იწვევს, მათ შორის - ჰემოფილია, სიყვითლე, ქუნთრუშა, სეფსისი და სხვა.
სისხლდენის ტიპები
პირველადია სისხლდენა, რომელიც დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედებისთანავე იწყება. ადრეული მეორეულია სისხლდენა ინფექციური პროცესის გარეშე, რომელიც იწყება დამაზიანებელი ფაქტორის ან ტრავმის მოქმედების პირველსავე საათებში, როდესაც არტერიული წნევის მომატების ან სისხლძარღვის სპაზმის მოხსნის გამო სისხლის ნაკადი წყვეტს კოაგულაციის შედეგად შედედებულ თრომბს. გვიანი მეო-რეულია სისხლდენა, რომელიც იწყება ჭრილობის დაინფიცირების შემდეგ ნებისმიერ დროს და გამოწვეულია ჩირქოვანი ანთებითი პროცესის გამო სისხლძარღვის კედლის დაზიანებით ან დაზიანების ადგილას წარმოქმნილი თრომბის დაშლით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გარეგანია სისხლდენა, როდესაც სისხლი სხეულის გარეთ იღვრება და თვალითაც ადვილი შესამჩნევია.
შინაგანია სისხლდენა, როდესაც სისხლი იღვრება სხეულის ამა თუ იმ ღრუში ან ღრუ ორგანოში (პლევრაში, მუცლის ღრუში, გულმკერდის ღრუში, კუჭში, საშვილოსნოში და სხვა), მაგრამ არა გარეთ. ქსოვილოვანია სისხლდენა, როდესაც სისხლი რომელიმე ორგანოს ქსოვილში (კანქვეშა უჯრედისში, ტვინოვან ქსოვილში) იღვრება, დიფუზურად იჟღინთება და წარმოქმნის სისხლგროვას - ჰემატომას. ფარულია სისხლდენა, რომელსაც გამოხატული გარეგნული ნიშნები არ გააჩნია. მას მხოლოდ კვლევის სპეციალური მეთოდებით ადგენენ.
არტერიული სისხლდენისას მოპულსირე, მფეთქავ ნაკადად დიდი წნევით გადმოიტყორცნება ალისფერი სისხლი, რომლის გამოტყორცნა შეესაბამება გულის შეკუმშვათა რიტმს. ეს საკმაოდ ძლიერი სისხლდენაა, ყველაზე სწრაფად იწვევს მწვავე სისხლნაკლებობას და სწრაფ, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, რადგან ჟანგბადოვანი შიმშილის გამო ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციათა მოშლის შედეგად შესაძლოა ადამიანი დაიღუპოს.
ვენური სისხლდენისას სისხლი მუქი ალუბლისფერია და მდორედ, უწყვეტად და თანაბარზომიერად მოედინება. მოპულსირე ნაკადი არ ახასიათებს. წვრილი და საშუალო კალიბრის ვენათა დაზიანების თანმხლები სისხლდენა მოკლე ხანში იშვიათად იწვევს მწვავე ანემიას. რაც შეეხება მსხვილი კალიბრის ვენებიდან სისხლდენას, მას შესაძლოა ახასიათებდეს სუნთქვის რიტმში მცირედ გამოხატული მოპულსირე ნაკადი. იგი განსაკუთრებით საშიშია თავის ტვინისა და გულის სისხლძარღვებში მოსალოდნელი აიროვანი ემბოლიის განვითარების გამო.
კაპილარული სისხლდენისას ცალკეული სისხლმდენი სისხლძარღვები არ ჩანს, ჭრილობიდან სისხლი ისე ჟონავს, როგორც სველი ღრუბლიდან წყალი. კაპილარული სისხლდენა თავისთავადაც ადვილად წყდება და მას მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანს სისხლის შედედების უნარი დაქვეითებული აქვს (ჰემოფილია, ღვიძლის დაავადებები, სეფსისი). პარენქიმული სისხლდენა თან სდევს ფილტვების, ელენთის, თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანებას. საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივია, ამიტომ განსაკუთრებით საშიშიც არის.
ამ ორგანოთა სისხლძარღვები იმდენად ღრმად არიან შეზრდილნი პარენქიმაში, რომ მათი გაცალკევება შეუძლებელია, ამიტომ პარენქიმული სისხლდენისას სისხლმდენია ჭრილობის მქონე შინაგანი ორგანოების მთელი ზედაპირი, მისი შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური ქირურგიული მეთოდებით არის შესაძლებელი. შერეულ სისხლდენას ახასიათებს როგორც არტერიული, ისე ვენური სისხლდენისთვის დამახასიათებელი ნიშნები. განასხვავებენ სისხლის დანაკარგის (მწვავე ანემიის) 4 ხარისხს:
I ხარისხი - პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაჯისცემა გახშირებულია, მაჯა - საკმარისი ავსებისა, არტერიული წნევა - ნორმის ფარგლებში, სისხლში ჰემოგლობინის დონე აღემატება 8 გ/%-ს, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი არ აღემატება 5 %-ს;
II ხარისხი - პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მაჯისცემა - ხშირი, არტერიული წნევა დაქვეითებულია 80 მმ.ვწყ.სვ-მდე, სისხლში ჰემოგლობინის დონე 8 გ/%-მდეა, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი აღწევს 15 %-ს;
III ხარისხი - პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაჯისცემა - ძაფისებრი, არტერიული წნევა დაქვეითებულია 60 მმ.ვწყ.სვ-მდე, სისხლში ჰემოგლობინის დონე 5 გ/%-მდეა, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი აღწევს 30 %-ს;
IV ხარისხი - პაციენტი აგონიის მოსაზღვრე მდგომარეობაშია. მაჯისცემა არ ესინჯება, არტერიული წნევა არ ეზომება, სისხლში ჰემოგლობინის დონე 5 გ/%-ზე ნაკლებია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი 30%-ს აღემატება.
სისხლდენას, როდესაც სისხლნაკლებობა 35-40%-ია, პროფუზიული ანუ ზღვარგადასული ეწოდება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა პაციენტი უსწრაფესმა ზომებმაც კი ვერ გადაარჩინოს.