ადგილობრივი ჩირქოვანი ინფექციები
რაც უმთავრესად კანის საფარისა და ლორწოვანი გარსების დაზიანების შედეგია. ხშირად ასეთი დაზიანება თვალით შეუმჩნეველია.ზოგჯერ ბაქტერიები ორგანიზმში კანის დაუზიანებლადაც ხვდებიან, მაგალითად, თმის ბუდეებში ჩაინერგებიან.
ძირმაგარა ანუ ფურუნკული
ფურუნკული თმის ბუდისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა. ვითარდება თმიან უბნებზე, სადაც უხვად არის საოფლე ჯირკვლები, ისეთ ადგილას, რომელიც მუდმივად განიცდის მექანიკურ გაღიზიანებას (კისრის უკანა ზედაპირი, იღლიის ფოსო, წელის არე, ბარძაყის შიგნითა ზედაპირი და სხვა).
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს კანის დაბინძურება და მცირე ტრავმები. დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის დამცავი ძალის დაქვეითებაც, რასაც ქრონიკული დაავადებები - მაგალითად, დიაბეტი - უწყობს ხელს. გარდა ქრონიკული დაავადებებისა და მიკროტრავმებისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც შეიძლება ფურუნკულის განვითარებამდე მიგვიყვანოს:
- ჰიგიენის არასათანადო დაცვა;
- ჭარბი ოფლიანობა;
- მოზარდი ასაკი და სხვა.
სხვათა შორის, ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ თუ ადამიანს ერთი ფურუნკული გაუჩნდა, საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მას აუცილებლად უნდა გაუჩნდეს კიდევ რამდენიმე (როგორც წესი, ასახელებენ შვიდ ან ცხრა ფურუნკულს). ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. უბრალოდ, ჩირქოვანი ინფექცია ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში ძალიან ადვილად გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე და სწორედ ეს იწვევს რამდენიმე ფურუნკულის გაჩენას. გაითვალისწინეთ:
- კატეგორიულად იკრძალება ფურუნკულის გამოწურვა თითებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სახეზე ან თავზეა ლოკალიზებული!
არის შემთხვევები, როცა ადამიანს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე ფურუნკული უჩნდება, ან ფურუნკული თითქოსდა უმიზეზოდ ჩნდება და ძნელად ემორჩილება მკურნალობას. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მისვლა, რადგან ეს შეიძლება შაქრიანი დიაბეტის ნიშანი იყოს - დაავადებისა, რომელიც სერიოზულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს. საზოგადოდ კი ფურუნკული მსუბუქი დაავადებაა და ორგანიზმში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს.
ძირმაგარას სამკურნალო ხალხური, შინაური საშუალებებიც არსებობს, მაგრამ განსაზღვრული მდებარეობის შემთხვევაში შესაძლოა მდგომარეობა დამძიმდეს. მაგალითად, მძიმედ მიმდინარეობს სახის, განსაკუთრებით - ზედა ტუჩის ფურუნკული. ამ დროს ინფექცია სახის სისხლძარღვებით შესაძლოა თავის ტვინისკენ გავრცელდეს და მენინგიტი გამოიწვიოს. ამის კვალობაზე, ფურუნკულიანი ავადმყოფის მკურნალობა საჭიროა ქირურგის მეთვალყურეობით სამედიცინო დაწესებულებაში.
ფურუნკულის დროს ოპერაცია პრაქტიკულად არ კეთდება, მაგრამ სახის გართულებული ფურუნკულის შემთხვევაში შესაძლოა ოპერაციული ჩარევის საკითხი დადგეს, რომლის საჭიროებაც ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ქირურგმა.
კარბუნკული (ლათ. "კარბუნკულუს" - "ნახშირი") თმის ბუდეებისა და ცხიმოვანი ჯირკვლების ირგვლივ არსებული კანისა და კანქვეშა უჯრედების მწვავე ჩირქოვან-ნეკროზული ანთებაა. ამ დროს ანთებითი პროცესი ღრმად მდებარე ქსოვილებზე ვრცელდება და დაავადება მძიმედ მიმდინარეობს.
ჩვეულებრივ, კარბუნკული კისრის უკანა მხარეს, სახეზე, წელზე, ზურგსა და დუნდულა კუნთებზე ლოკალიზდება. ფურუნკულის მსგავსად, ისიც ყველაზე ხშირად კანის იმ ადგილების დაბინძურებისას ჩნდება, რომლებსაც ტანსაცმელი მექანიკურად აღიზიანებს. მის წარმოშობასა და განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის გამოფიტვა, შაქრიანი დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციობის დარღვევა, ავიტამინოზი.
კარბუნკულს თან სდევს ორგანიზმის ინტოქსიკაცია (მოშხამვა), მაღალი ტემპერატურა, მძიმე შემთხვევებში - ღებინება, გონების დაკარგვა, ამიტომ მისი მკურნალობა, რაც ძალიან ხშირად (პრაქტიკულად ყოველთვის) ოპერაციას გულისხმობს, ქირურგიულ სტაციონარში უნდა ჩატარდეს.
როგორც ფურუნკულის, ასევე კარბუნკულის პროფილაქტიკა კანისა და თეთრეულის ჰიგიენის დაცვას გულისხმობს. გარდა ამისა, აუცილებელია ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი წელიწადში ერთხელ მაინც, რათა მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ისეთი მძიმე დაავადებები, რომელთა ნიშანიც შეიძლება იყოს ზემოთ ნახსენები ორი დაავადება.
პიოდერმია (ბერძ. "პიონ" - ჩირქი, "დერმა" - კანი) კანის ჩირქოვანი დაზიანებაა, მასში ჩირქის წარმომქმნელი ბაქტერიების ჩანერგვის შედეგი. პიოდერმია კანის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ. პიოდერმიის დროს უმეტესად კანის ზედაპირი ზიანდება.
სტაფილოდერმიის (სტაფილოკოკით გამოწვეული პიოდერმიის) შემთხვევაში ანთებითი პროცესი თმის ფოლიკულებსა და ცხიმოვან ჯირკვლებში ლოკალიზდება, მაგრამ, ფურუნკულისა და კარბუნკულისგან განსხვავებით, პროცესი უფრო ზედაპირულია. დაჩირქებული ადგილი ზომით ოსპის მარცვლისოდენაა. მის ცენტრში კი თმის ღერი მოჩანს. ზოგჯერ ეს პროცესი თმის ჩაბრუნებაში, ფურუნკულში ერევათ.
პიოდერმია შეიძლება ჯანმრთელ კანზეც განვითარდეს და რომელიმე დაავადების - ცენტრალური ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, მათ შორის შაქრიანი დიაბეტის - გართულებაც იყოს. ქრონიკულად მიმდინარე, სტრეპტოკოკებითა და სტაფილოკოკებით გამოწვეული პიოდერმია, რომელიც მკურნალობას ძნელად ემორჩილება, ხშირად შაქრიანი დიაბეტის ან სხვა რომელიმე სერიოზული დაავადების ნიშანია. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, არ გადადოთ და ექიმს ამა თუ იმ პრობლემის გაჩენისთანავე მიმართოთ. დროულად დაწყებული მკურნალობა მრავალ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან.
ჩირქგროვა. ამ სახელით ორი სახის ჩირქოვან ანთებას - აბსცესსა და ფლეგმონას - იხსენიებენ. აბსცესი კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში ან რომელიმე ორგანოში განვითარებული შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთებაა. მისი მიზეზია ქსოვილთა დაზიანების შედეგად ორგანიზმში ჩირქმბადი მიკროორგანიზმების შეჭრა. ორგანიზმში ინფექციის შეტანის მიზეზად შეიძლება იქცეს მასში სამკურნალო ნივთიერებების ნემსით შეყვანა, თუ არ დაიცავენ სათანადო წესებს (შპრიცის გამოხარშვა, კანის დამუშავება სპირტითა და იოდით ინექციამდე და სხვა). ხშირად ჩირქგროვა, განსაკუთრებით - ზედაპირული, თავისით იხსნება და ჩირქი გადმოდის, მაგრამ სანამ ეს მოხდება, უმჯობესია, ავადმყოფმა ქირურგს მიმართოს, რადგან ჩირქგროვის მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულად შეიძლება, რაც ჩირქგროვის დროულ გაკვეთასა და ჩირქის გამოშვებას გულისხმობს.
ფლეგმონა კანქვეშა ქსოვილის გავრცობილი ჩირქოვანი ანთებაა. მისთვის დამახასიათებელია შესივება, სიწითლე, მტკივნეულობა. ადგილობრივთან ერთად გამოხატულია ზოგადი ნიშნებიც: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, უმადობა, შემცივნება და სხვა. მკურნალობა ძირითადად ოპერაციულია. ასეთი ავადმყოფი უნდა მკურნალობდეს ქირურგიულ სტაციონარში.
გვინდა, კიდევ ერთ ჩირქოვან პროცესს შევეხოთ, რომელიც არცთუ ისე იშვიათია იმის გამო, რომ ჩვენში სამედიცინო კულტურა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან შედარებით დაბალ დონეზე დგას. დავიწყოთ იმით, რომ მუცლის ღრუში ტკივილის აღმოცენების შემთხვევაში ადამიანმა უნდა მიმართოს ქირურგს და მხოლოდ ქირურგს!
ჭიანაწლავის ანთება (აპენდიციტი) მუცლის ღრუს ორგანოების პათოლოგიებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მასზე უამრავი რამ დაწერილა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ტკივილი მუცლის ქვედა ნახევარში, უმეტესად კი მარჯვენა თეძოს ფოსოში ლოკალიზდება, არ არის გამორიცხული, აპენდიციტი ატიპურად დაიწყოს. მაგალითად ერთ შემთხვევას მოვიყვანთ: დაავადების დასაწყისში ტკივილი ზოგჯერ კუჭის მიდამოში იწყება და თანდათან გადაინაცვლებს მარჯვენა თეძოს ფოსოსკენ. გადანაცვლების პერიოდში პაციენტი ტკივილს საკვებით მოწამვლას ან რაიმე სხვა მიზეზს აბრალებს, ირეცხავს კუჭს ან იკეთებს ოყნას, რასაც შეიძლება უმძიმესი შედეგი მოჰყვეს.
გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებსა და მოხუცებს ტკივილი სუსტად აქვთ გამოხატული და სხვა. ამიტომაც არის აუცილებელი მუცლის ტკივილის დროს ქირურგის კონსულტაცია. მხოლოდ სპეციალისტს ძალუძს, დაფარული ნიშნების მიუხედავად, დასვას სწორი დიაგნოზი და გადაარჩინოს ადამიანი.
არცთუ იშვიათად ორგანიზმი თავად ახდენს მუცლის ღრუს სხვა ორგანოებისგან ანთებადი თუ გახვრეტილი ჭიანაწლავის იზოლირებას. ამ დროს წარმოიქმნება ერთგვარი ინფილტრატი, რომელიც პრაქტიკულად ჭიანაწლავის თავზე არსებულ ჩირქგროვას წარმოადგენს. ის მაშინაც შეიძლება წარმოიქმნას, როცა მუცლის ღრუში დაუდგენელი ხასიათის ტკივილებს ანტიბიოტიკებით თვითნებურად მკურნალობენ. ამ შეთხვევაში ქირურგს ხშირად ორი ოპერაციის გაკეთება უხდება: თავდაპირველად ჩირქგროვას ამოწმენდენ და დარჩენილ ღრუში დრენაჟს დგამენ, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, წესისამებრ, აპენდიქსის დარჩენილ ნაწილს ამოკვეთენ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ასეთი გართულების თავიდან ასაცილებლად მუცლის ღრუში წარმოშობილი ნებისმიერი ხასიათის ტკივილის დროს ექიმთან მიბრძანდით.
პანარიციუმს - თითების ჩირქოვან დაავადებას - საქართველოში საწერელს ან დუდკოს უწოდებენ. პანარიციუმის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ხილული ტრავმა, ისე მიკროტრავმა (ნაჩხვლეტი, ნაკაწრი და სხვა). თითების ვრცელი დაზიანება, მაგალითად, ჭრილობა, დამწვრობა და სხვა, თითქმის არასოდეს იწვევს პანარიციუმს. საყურადღებოა, რომ მის განვითარებას ხელს უწყობს დიაბეტი, ავიტამინოზი, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა. განასხვავებენ თითების ზერელე (კანის, კანქვეშა, ფრჩხილქვეშა, ფრჩხილბუდის) და ღრმა პანარიციუმს. თითები და მტევანი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე განვითარებული ნაწილია და რთულ ფუნქციებსაც ასრულებს. საკმარისია ვთქვათ, რომ თითს კვებავს რამდენიმე არტერია, ხოლო ნერვული დაბოლოება მასში საკმაოდ ბევრია.
თითები ორი-სამი სახსრისა და ფალანგისაგან, მყესებისა და მყესბუდისაგან შედგება. ამასთანავე, თითებისა და მტევნის ტემპერატურა სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით დაბალია, რის გამოც სისხლძარღვები ხშირად სპაზმურ მდგომარეობაში იმყოფება. თითები ყველაზე მეტად განიცდის გარეგან ზემოქმედებას: მექანიკურს, ქიმიურსა და თერმულს. ყოველივე ეს ერთობ ხელსაყრელ პირობებს ქმნის პათოგენური პროცესის წარმოშობისა და გავრცელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პანარიციუმი საკმაოდ ხშირია, პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების გამო მისი გართულებები (ძვლის, სახსრის, მყესის, მტევნის ჩირქოვანი ანთებები) მკვეთრად გაიშვიათდა.
პანარიციუმით დაავადებულებს იშვიათად სჭირდებათ სტაციონარული მკურნალობა. პანარიციუმის ძირითადი ნიშნებია ტკივილი, შეწითლება, შესივება და ფუნქციის მოშლა. თითების მომხრელ ზედაპირზე შეწითლება უმნიშვნელოა. სიწითლე მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ზერელეა პროცესი და პირიქით - ღრმა პანარიციუმის დროს სისხლძარღვებზე ზეწოლის გამო კანი ზოგჯერ ფერმკრთალი ან იისფერია. ტკივილი მუდმივია. ხშირად მოპულსირე, მფეთქავი ხასიათი აქვს და პაციენტს არ აძინებს.
ზერელე პანარიციუმის მკურნალობა იოლია, თუ დროულად, დაავადების დასაწყისშივე მიმართავთ ქირურგს. დაგვიანების შემთხვევაში ის შეიძლება ღრმა ფორმაში გადაიზარდოს, რომლის მკურნალობა გაცილებით რთულია და უმთავრესად სტაციონარში მიმდინარეობს.
ფრჩხილქვეშა პანარიციუმის დროს ზოგჯერ საკმარისია ანთების მიზეზის - ხიწვის, ეკლის ან სხვათა მოცილება. მიზეზის აღმოსაჩენად და მოსაცილებლად საჭიროა ფრჩხილის კიდის მოკვეთა.
ფრჩხილქვეშა ჩირქის დრენირებისთვის მიმართავენ ფრჩხილის გახვრეტას სკალპელის წვერით ან ბორმანქანით. ზოგჯერ საჭირო ხდება მთლიანი ფრჩხილის ან მისი ნაწილის აცლაც.
პარონიქიის (ფრჩხილბუდის) მკურნალობა თავდაპირველად კონსერვატიულია. უნდა გამოვიყენოთ საპნიანი წყლის აბაზანები, ზოგჯერ - ცხელი სპირტით, აგრეთვე - კომპრესი მარილის ჰიპერტონული ხსნარით (2 ს/კ მარილი 200 გ ანადუღარ წყალზე). როცა კონსერვატიული ღონისძიებები უშედეგოა, საქმეში ქირურგი ერთვება.
უნდა შევეხოთ აგრეთვე ქიმიური ფანქრით გამოწვეულ პანარიციუმს. ქიმიური ფანქრის გრაფიტი ანილინის საღებავების ზემოქმედებით ქსოვილის ვრცელ ნეკროზს (კვდომას) იწვევს. ამ დროს აუცილებლად უნდა გაკეთდეს ოპერაცია, რომლის მიზანია ანილინის საღებავებით შეღებილი ქსოვილების ამოკვეთა. შემჩნეულია, რომ პანარიციუმის თავისებური სახეობაა გავრცელებული მწველავებში. მათი გარქოვანებული კანის ნაპრალებში შეჭრილი ბეწვები იწვევს ქრონიკულ რეაქციულ ანთებას, რომლის მკურნალობა მხოლოდ ქირურგის პრეროგატივაა.
პანდაქტილიტი თითის ყველა ქსოვილის ჩირქოვანი ანთებაა. თითის ყველა ქსოვილზე ჩირქოვანი პროცესის გავრცელების შემთხვევაში ვითარდება მრავლობითი ჩირქოვანი ხვრელი. თითი ძლიერ შესივებულია, ციანოზური (გალურჯებული) და დეფორმირებული. ასეთ მდგომარეობაში მკურნალობა თითქმის ყოველთვის უშედეგოა: ანთებითი პროცესის ჩაცხრობის შემდეგ თითი ფუნქციას კარგავს, ამიტომ რეკომენდებულია მისი მოკვეთა.
როდის უნდა გაკეთდეს პანარიციუმის დროს ოპერაცია, დღემდე საკამათოა. მრავალი ქირურგის აზრით, ოპერაციის გაკეთება საჭიროა პირველი უძილო ღამის შემდეგ. თუნდაც ჩირქი არ არსებობდეს, გაკვეთა და ანთებითი გამონადენის შემცირება ხელს უწყობს პროცესის უკუგანვითარებას.
პანარიციუმის პროფილაქტიკა გაცილებით ადვილია. მთავარია პირადი ჰიგიენა, ხშირი დაბანა. თითების დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხელთათმანებით მუშაობა. სიფრთხილით უნდა გაკეთდეს მანიკიური და პედიკიური. ასევე სიფრთხილეა საჭირო ფრჩხილის ძირში წამონაზარდის მოშორებისას. ყოველგვარი ჩხვლეტის შემდეგ დეტალურად უნდა გაისინჯოს მიკროტრავმის ადგილი, უცხო სხეული დაუყოვნებლივ უნდა მოვაშოროთ. ამისთვის აუცილებელია დაზიანებული ადგილის დამუშავება სპირტით ან არყით.
ნაჩხვლეტიდან სისხლის გამოშვებაც შედეგიანია. დაზიანებული ადგილი იოდით უნდა დამუშავდეს. ფრჩხილები სწორად უნდა მოიკვეთოს ან მიეცეს ოდნავ მომრგვალებული ფორმა, რითაც თავიდან ავიცილებთ კიდეებზე ფრჩხილის ჩაზრდის საშიშროებას. გაითვალისწინეთ:
- როდესაც პანარიციუმი ზედიზედ რამდენჯერმე ვითარდება, აუცილებელია ანალიზის აღება შაქარზე.
- ფრჩხილის ჩაზრდა მარტო მოჭერილმა კი არა, ზედმეტად თავისუფალმა ფეხსაცმელმაც შეიძლება გამოიწვიოს.
პანარიციუმის პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხელი წყლის აბაზანას დღეში რამდენჯერმე, თუნდაც ხანმოკლეს. უკეთესია საპნიანი წყალი. შეიძლება აბსოლუტური (96%) სპირტის ან შემთბარი სპირტის აბაზანის გაკეთებაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კიდურის იმობილიზაციას. ავადმყოფს უნდა მიეცეს სულფამიდური პრეპარატები ბორჯომის წყლით (თუმცა ორსულობისას ქიმიურ პრეპარატებს, ჯობს, ერიდოთ), დიდი რაოდენობით სითხე, ვიტამინები. შედეგიანია ანტიბიოტიკების ადგილობრივი და ზოგადი გამოყენება.
კარგი შედეგი აქვს რენტგენოთერაპიასაც. ფრჩხილის მოცილების შემდეგ შეიძლება განვითარდეს სოკოვანი დაავადება, რომლის მკურნალობაც სპეციალისტმა უნდა ითავოს.