ოტოპლასტიკა
- არასწორი ფორმის ყურის ნიჟარები;
- ასიმეტრიული ყურები;
- საკმაოდ დიდი ზომის ყურის ნიჟარები და ბიბილოები;
- გადმოწეული ნიჟარები;
ასევე მაშინ, როცა:
- ყურის ნიჟარას არ აქვს ნაკეცები;
- ყურსა და კეფას შორის კუთხე ზომაზე მეტად არის გადიდებული;
დაბოლოს, ყურის ნიჟარის ნაწილობრივი ან სრული უქონლობის დროს. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, უნდა ითქვას, რომ ოტოპლასტიკა სმენაზე გავლენას არ ახდენს.
როდის იკრძალება?
სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე უკუჩვენებას, რომლის დროსაც ოპერაცია ან არ ტარდება, ან გარკვეული ხნით გადაიდება. კერძოდ:
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- შინაგანი ორგანოების ანთებითი დაავადებები;
- მწვავე ჩირქოვანი ინფექცია;
- ჰემოფილია ან თრომბოფილია;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ონკოლოგიური დაავადებები.
წინასაოპერაციო პერიოდი
ოპერაციამდე პაციენტს უტარდება რამდენიმე ლაბორატორიული კვლევა. დგინდება იმ მედიკამენტების რაობა, რომელთაც ის ამა თუ იმ მიზეზით იღებს. წინასაოპერაციო პერიოდის მნიშვნელოვანი ეტაპია შედეგის კომპიუტერული მოდელირება, რომ ადამიანმა ოპერაციამდე ნახოს, როგორი ყურები ექნება ოტოპლასტიკის შემდეგ. ოპერაცია მოზრდილებს ადგილობრივი ანესთეზიით უტარდებათ, ბავშვებს, სტრესის თავიდან ასაცილებლად - ზოგადი ანესთეზიით. მიზანშეწონილია ინტრავენური ნარკოზი. ბავშვებისთვის ოპერაციის გაკეთება რეკომენდებულია 6-7 წლის შემდეგ, როდესაც ყურის ნიჟარების ფორმირება დამთავრებულია. ამ ასაკში ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებულია, ვინაიდან არასწორი ფორმის ყურის ნიჟარა ბავშვისთვის კომპლექსებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზად იქცევა.
როგორ ტარდება ოტოპლასტიკა
ოპერაციის დროს თავისუფლდება ხრტილოვანი ქსოვილი, ხდება ფორმის კორექცია ან იკვეთება ზედმეტი ნაწილი. აუცილებელია ყურის ნიჟარების ახალ პოზიციაზე დაფიქსირება ნაკერებით და კომპრესიული ნახვევით. ნაკვეთი კეთდება ყურის ნიჟარის უკან, ადამიანის კანის ფიზიოლოგიური ნაკეცებისა და თმის ზრდის ხაზის გათვალისწინებით, რაც მომავალში ქირურგიული ჩარევის კვალის სრული დაფარვის საშუალებას იძლევა. ნაკვეთი ნატიფი ნაკერების წყალობით პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ოპერაციის შემდგომ აუცილებელია სპეციალური ნახვევის ტარება. პირველ პერიოდში, კვირამდე - მთელი დღე-ღამე, მომდევნო პერიოდში, თვემდე - მხოლოდ ძილის დროს. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ჰემატომები 5-7 დღეში ქრება, შეშუპება კი ორ კვირაში გაივლის. ოტოპლასტიკიდან ორი თვის განმავლობაში ადამიანს ეკრძალება სპორტის ისეთი კონტაქტური სახეობები, რომელთა დროსაც ყურის ნიჟარები შესაძლოა ხელახლა დაზიანდეს. უკანასკნელ ხანს ოტოპლასტიკის განსახორციელებლად სულ უფრო ხშირად გამოიყენება ლაზერული სკალპელი, რაც საგრძნობლად ამცირებს ტკივილის სინდრომს და ოპერაციას პრაქტიკულად უსისხლოს ხდის. ლაზერულ სკალპელს აქვს ანტიმიკრობული მოქმედებაც, ამიტომ იგი საგრძნობლად აქვეითებს ჭრილობის ინფიცირებისა და დაჩირქების ალბათობას. ოპერაცია გრძელდება დაახლოებით 1 საათი, ტარდება ამბულატორიულად და პაციენტი იმავე დღეს ეწერება. კომპრესიული ნახვევი ლაზერული კორექციისას 6 დღეში იხსნება. ოტოპლასტიკა ქირურგიული მანიპულაციაა, ამიტომ არ გამორიცხავს პოსტოპერაციულ გართულებებს, მაგალითად, კანქვეშა ჰემატომებს. გარდა ამისა, მოსალოდნელია ყურის კანისა და ხრტილის ანთებითი ცვლილებები, კანის ნაკერებზე ჰიპერტროფიული და სქელი კოლოიდური ნაწიბურების ჩამოყალიბება. საბედნიეროდ, როდესაც ოტოპლასტიკას კვალიფიციური სპეციალისტი ატარებს, ოპერაციის შემდგომ გართულებათა რისკი 0,5%-ს არ აღემატება.