ნუ შეგაშინებთ მენოპაუზა

რა ცვლილებები ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმში? ამ და სხვა კითხვებზე მეან-გინეკოლოგი ნინო იამანიძე გვიპასუხებს.
- რა არის მენოპაუზა, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში და რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება ეს ცვლილებები?
- ქალის სასქესო ჯირკვალი, საკვერცხე, მხოლოდ განსაზღვრული ხნის განმავლობაში - მოზარდობიდან მენოპაუზამდე ფუნქციონირებს. ამ პერიოდს რეპროდუქციულს უწოდებენ. მენოპაუზა, იგივე კლიმაქსი, რეპროდუქციული ფაზიდან არარეპროდუქციულისკენ გარდამავალი პერიოდია. ამ დროს ქალის რეპროდუქციულ სისტემაში მიმდინარეობს ინვოლუციური პროცესები, რომლებიც მენსტრუალური და გენერაციული ფუნქციების შეწყვეტით ვლინდება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა 45-დან 55 წლამდე ასაკში იწყება. ამ დროისთვის საკვერცხეების ბიოლოგიური ასაკი დასასრულს უახლოვდება, მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედი უფრო და უფრო იშვიათად მწიფდება, ხოლო მენსტრუაციული ციკლი არარეგულარული ხდება, ზოგჯერ კი ერთბაშად, წინამორბედი დარღვევების გარეშე წყდება.
მენოპაუზის წინარე პერიოდშივე იჩენს თავს ვეგეტატიური სიმპტომები: ალები, ოფლიანობა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, დეპრესია, უძილობა, - რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში რეგულატორული პროცესების დარღვევით და ესტროგენების დეფიციტით არის განპირობებული. ეს სიმპტომები უსიამოვნოა, თუმცა ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და გარდაქმნების დასრულების შემდეგ თავისთავად გაივლის.
გაცილებით მნიშვნელოვანია ის დარღვევები, რომლებიც ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის შედეგად ვითარდება და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ მჟღავნდება. ესენია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ოსტეოპოროზი, შარდის ბუშტის პრობლემები (შარდის შეუკავებლობა) და სხვა. ეს პათოლოგიები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალს გამოაჩნდება.
ოსტეოპოროზი ძვლების სიფაშრეა. ესტროგენები ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს. მენოპაუზის შემდეგ, როდესაც სისხლში ესტროგენების დონე მკვეთრად ეცემა, ძვლები კალციუმით ღარიბდება. ოსტეოპოროზისთვის დამახასიათებელია ძვლების ნელი ტემპით განლევა, რომელსაც არავითარი დამახასიათებელი ნიშანი არ სდევს თან. დაავადება მაშინღა მჟღავნდება, როდესაც თავს იჩენს მისი ყველაზე მძიმე შედეგი - ბარძაყის ყელის მოტეხილობა.
გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზიც ესტროგენების დეფიციტია. რეპროდუქციულ ასაკში ეს ჰორმონები ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის წარმოქმნას, აფართოებს სისხლძარღვთა სანათურს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. კლიმაქტერიულ პერიოდში ესტროგენების დეფიციტის გამო დამცავი მექანიზმები სუსტდება და ბოლოს მოქმედებას წყვეტს. მენოპაუზის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო მოვლენაა შარდის შეუკავებლობა, რომელიც ესტროგენების დეფიციტის შედეგად შარდის ბუშტისა და შარდსადენის კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ატროფიით არის განპირობებული.
ყოველივე ამასთან ერთად, ესტროგენების დეფიციტი იწვევს კანისა და ლორწოვანი გარსების გამოშრობას. ჩნდება ნაოჭები, საშოს ლორწოვანის სიმშრალის გამო მტკივნეული ხდება სქესობრივი კავშირი, თვალის ლორწოვანის სიმშრალე კი ქრონიკული კონიუნქტივიტის მიზეზად იქცევა.
ესტროგენები ხელს უწყობს სახსრებში სინოვიური სითხის, სახსრების ერთგვარი საცხის წარმოშობას, ამიტომ ესტროგენების ნაკლებობა სახსრების ტკივილსაც განაპირობებს.
ჰორმონთა დონესთან უშუალო კავშირი აქვს ალცჰაიმერის დაავადებას - მოხუცებულთა გონებასუსტობას. დადგენილია, რომ ესტროგენები აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მომოქცევას, რაც იმის იმედს იძლევა, რომ ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპია ხანდაზმულებში ამ უკურნებელი სენის მძიმე შედეგებს თავიდან აგვაცილებს.
- შეიძლება თუ არა ამ უსიამოვნებათა თავიდან აცილება?
- სამწუხაროდ, ჩვენი ქალბატონები უსიტყვოდ ეგუებიან კლიმაქსს. საუკეთესო შემთხვევაში, მიდიან უროლოგთან, კარდიოლოგთან... ეს შეცდომაა, ვინაიდან ასეთი მკურნალობა მენოპაუზის შედეგების აღმოფხვრისკენ არის მიმართული და არა მიზეზის კორექციისკენ. მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმით:
- ჰორმონების დეფიციტის შევსებით;
- ჯანსაღი ბალანსირებული კვებით;
- სათანადო ფიზიკური აქტივობით.
ჰორმონთა დეფიციტის შევსებით იზრდება ძვლების სიმკვრივე, თითქმის ნახევრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი, ხოლო შარდის ბუშტთან დაკავშირებული და საშოს სიმშრალის პრობლემების მოგვარება ადგილობრივი მკურნალობითაც (ესტროგენშემცველი კრემებით, საშოს სანთლებით) შესაძლებელია.
ჯანსაღი ბალანსირებული კვება ამ პერიოდში გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას (თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ესტროგენების გარეშე კალციუმი ძვლებში არ შეკავდება), ცხოველური ცხიმებისა და ცომეულის შეზღუდვას, ვიტამინებით მდიდარი მცენარეული საკვების მიღებას. აუცილებელია სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად ზრუნვაც, ვინაიდან ცხიმის ყოველი ზედმეტი კილოგრამი ზრდის დატვირთვას მენჯის ფუძის კუნთებზე და ხელს უწყობს შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლას.
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად შემუშავებულია მენჯის ფუძის კუნთების სპეციალური ვარჯიშებიც.
- რას გვეტყვით ქალის სასქესო ორგანოების დაწევასა და გამოვარდნაზე?
- უტეროვაგინალური პროლაფსი, უბრალო ენით - ქალის სასქესო ორგანოთა დაწევა და გამოვარდნა, ძალიან დელიკატური პრობლემაა, რომელიც, მართალია, სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ არღვევს მეზობელი ორგანოების ფუნქციას და აუარესებს ცხოვრების ხარისხს.