სტრესი დასვენების დროს
დამემართოს. როგორ დავიცვა თავი უსიამოვნებებისგან შვებულების დროს?აი ისიც - ნანატრი შვებულება. ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია მშვიდად დავისვენოთ, გამოვიძინოთ, დროებით მაინც დავივიწყოთ საოჯახო თუ სამსახურებრივი საქმეები და მოვალეობები და, რაღა თქმა უნდა, გავიკაჟოთ სხეული, აღვიდგინოთ ძალ-ღონე. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ყველაფერი პირუკუ ხდება.
-
კურორტზე - სრული სტრესი!
მხოლოდ გვეჩვენება, რომ შვებულების დროს ჩვენი ორგანიზმი ისვენებს. სინამდვილეში ის უზარმაზარ სტრესს განიცდის: ხდება კლიმატის, კვების, წყლების, ტემპერატურის, ტენიანობის, წნევისა და ჩვეული ბიორიტმის მკვეთრი ცვლილება, ამას ემატება ულმობელი და მხურვალე მზის სხივების ზემოქმედება, ყოველივე ეს აქვეითებს თითოეული უჯრედის იმუნიტეტს. შესაბამისად, ავად გახდომის შანსი იზრდება.
როგორ მოვიქცეთ?
- უპირველეს ყოვლისა, დაიცავით ზომიერება ზღვისა და მზის აბაზანების მიღებისას.
მოარიდეთ კანი მზის მავნე ზემოქმედებას:
- გამოიყენეთ დამცავი მალამოები,
- მზის ქუდი,
- ყურადღებით შეარჩიეთ მზის სათვალე.
ნუ ივლით ისეთ კვების ობიექტებში, სადაც არ იცით, რა პროდუქტებისგან ამზადებენ კერძებს. ნუ შეიძენთ საკვებს სანაპიროზე ან ქუჩაში. უმჯობესია, ისეთ მაღაზიებს ან სუპერმარკეტს მიაკითხოთ, სადაც ჰყავთ ვეტექიმი ან ხდება გასაყიდი პროდუქტების სანიტარიული შემოწმება. შვებულების დასაწყისში ერთბაშად ნუ მიეძალებით მძიმე (ცხიმიან, ცხარე, დაბრაწულ) და ეგზოტიკურ საკვებს. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ თქვენი კუჭი გაუძლებს, აუცილებლად იქონიეთ აქტივირებული ნახშირი და ფერმენტები (ფესტალი, მეზიმი, კორსილი და სხვა).
-
მოიმარაგეთ ვიტამინები
შვებულებისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. იმუნიტეტის მოძლიერება სწორი კვებით შეიძლება. მიირთვით ღვიძლი, თევზი, ნაღების კარაქი, გოგრა, სტაფილო, პომიდორი, ტკბილი წიწაკა - მათში შემავალი ვიტამინები უჯრედებს ტოქსინებისგან იცავს. დესერტად მიიღეთ არა ტკბილეული, რომელიც იმუნიტეტს აქვეითებს, არამედ ხილი, კენკრა, ციტრუსები, განსაკუთრებით - კივი, შავი მოცხარი, ასკილი, მოცვი. ყველა მათგანი მდიდარია ასკორბინითა და სხვა ანტიოქსიდანტებით. ხილი მიირთვით კანიანად, წვენი - რბილობითურთ. ასე ვიტამინებთან ერთად მიიღებთ ბოჭკოსაც, რომელიც იმუნიტეტს ააქტიურებს. ერიდეთ ალკოჰოლს. უმჯობესია, სვათ მწვანე ჩაი, ბალახების ნაყენები. ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც სტრესისგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ, ე ვიტამინია. ის უხვადაა ზეითუნის ზეთში, კაკალსა და ქაცვში.
-
გახდომაზე წინასწარ იზრუნეთ
ზაფხულის დამდეგს ყველა ქალი ცდილობს, ზედმეტი წონა მოიშოროს და მოხდენილი სხეულით შეხვდეს საზღვაო სეზონს. რა თქმა უნდა, სხეულის ფორმაზე ზრუნვა აუცილებელია, მაგრამ ნუ დაიწყებთ დიეტას უშუალოდ კურორტზე გამგზავრების წინ, მით უმეტეს - მკაცრ დიეტას. წონის ინტენსიური კლებისას ქალის სისხლში იკლებს ე.წ. ბუნებრივი ქილერების რაოდენობა. ესენი სისხლის ის ელემენტებია, რომლებიც დაავადების გამომწვევ მიკრობებთან ბრძოლაში მონაწილეობს. ამასთან, რაც უფრო ხანგრძლივია და ასკეტური დიეტა, მით უფრო სუსტდება ორგანიზმის დაცვა. ასე რომ, უმჯობესია საკუთარი სხეულის ფორმაზე ზრუნვა უფრო ადრე დაიწყოთ. გახსოვდეთ, რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, მაგრამ ზომიერი.
-
ტკბილი ძილი!
დაფიქრებულხართ თუ არა ოდესზე, რამდენად სწორად გძინავთ? აიურვედა, ძველინდური ტრაქტატი ჯანმრთელობის შესახებ, ძილის თაობაზე მკაფიო მითითებებს იძლევა. ძილის დროს საუკეთესო მდგომარეობაა თავით აღმოსავლეთისკენ წოლა. თუ ასე დაწვებით, უფრო სრულფასოვნად დაისვენებთ. მარცხენა გვერდზე წოლისას უმჯობესდება საკვების გადამუშავება და ხდება ენერგიის აკუმულირება. ამასთან, ასეთ მდგომარეობაში სხეული სწრაფად თბება. მარჯვენა მხარეს წოლისას კი მაქსიმალურად ვდუნდებით, განვიტვირთებით და თავიდან ვიცილებთ უსიამოვნო ფიქრებს.
-
ქალური დიეტა
თუ დასასვენებლად ცოტა ხნით მიდიხართ, ისიც ზღვაზე და სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა კრიტიკული დღეები, ეს ნამდვილად უსიამოვნოა. მენსტრუაციისწინა სინდრომისგან გიხსნით ასეთი დიეტა; გამორიცხეთ მაგარი ჩაი, ყავა, ალკოჰოლი - ისინი აღაგზნებენ ნერვულ სისტემას და შესაძლოა არტერიული წნევის ცვლილებაც გამოიწვიონ. მოიხმარეთ ნაკლები მარილი - ის აკავებს წყალს. მიეძალეთ ზღვის პროდუქტებს, თხილეულს - ისინი ორგანიზმს ავსებენ მაგნიუმით, რომლის წყალობითაც ნევროზულ მდგომარეობას და განწყობილების ცვალებადობას მოერევით. ხილი, ბოსტნეული და ცეხვილი პური კი თავიდან აგაცილებთ მეტეორიზმსა და შეკრულობას.