გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან
პათოლოგიური გამონადენი უმეტესად სხვა, ნაკლებად საშიში დაავადების მანიშნებელია, თუმცა მკურნალობა მასაც სჭირდება. ძუძუ ჯირკვალია, ამიტომ ზოგჯერ იგი გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც ორსულობასა და ძუძუთი კვებას არ უკავშირდება. მას ქალების 3-8% აღნიშნავს, თუმცა რეალური რიცხვი გაცილებით დიდია, რადგან სარძევე ჯირკვალს რეგულარულად ყველა როდი ისინჯავს. სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი უპირატესად რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის არის ამახასიათებელი. რას წარმოადგენს რეალურად სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი, რაზე მიგვანიშნებს იგი?
- ამ კითხვებზე ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის პროფესორ კ. მადიჩის სახელობის მამოლოგიური კლინიკის მამოლოგი, ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი კახა ბარამიძე მოგვიგებს.
- ბატონო კახა, რა აჩენს სარძევე ჯირკვლიდან გამონადენს?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი უნებლიეც შეიძლება იყოს და ზეწოლის შედეგადაც შეიძლება გაჩნდეს. ის სხვადასხვანაირია: სქელი და თხიერი, რძისმაგვარი, მოყვითალო, ქარვისფერი, მწვანე ან ყავისფერი, რიგ შემთხვევაში - სისხლიანი. გამონადენი შესაძლოა იყოს ნორმალური და პათოლოგიური.
ნორმალური გამონადენი ქალის განსაზღვრულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება და თავისთავად წყდება, პათოლოგიური კი დაკავშირებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ისეთ პათოლოგიურ პროცესებთან, როგორიცაა:
- ფიბროკისტოზური მასტოპათია;
- ინტრადუქტური ანუ სადინარშიდა პაპილომა;
- სარძევე ჯირკვლის სადინართა ექტაზია;
- ფარისებრი ჯირკვლის თანმხლები დაავადებანი;
- სარძევე ჯირკვლის სიმსივნე;
- ჰიპოფიზის სიმსივნე;
- აბსცესი;
- ტრავმა.
ნორმალური გამონადენი ჩნდება მენსტრუაციული ციკლის მეორე ფაზაში. პრაქტიკულად, ფიქსირდება ფიზიოლოგიური გამონადენი, რომელიც თავს იჩენს როგორც მექანიკური, ისე თერმული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, ბანაობის შემდეგ, როდესაც მაღალი ტემპერატურის გავლენით სადინარები ფართოვდება. აღნიშნულ სიტუაციებს ჩვენ საგანგაშოდ არ მივიჩნევთ.
- რა იწვევს პათოლოგიურ გამონადენს? ცალ-ცალკე ხომ არ აგვიწერდით დაავადებებს ამ ნიშნით?
- კისტოზური და ფიბროზულ-კისტოზური ტიპის მასტოპათიებს ახასიათებს სეროზული, გამჭვირვალე, მოყვითალო და მომწვანო ფერის გამონადენი. თუ სადინარი სტაფილოკოკური ან სტრეპტოკოკური ინფექციით არის ინფიცირებული, გამონადენი ყავისფერია. ლიპოგრანულომისთვის დამახასიათებელია სპონტანური ხაჭოსმაგვარი, ბლანტი გამონადენი. ინტრადუქტური ანუ სადინარშიდა პაპილომა მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც სადინარის შიგნით ვითარდება. ის ყველაზე ხშირად 35-55 წლის ასაკის ქალებში გვხვდება და სისხლიანი გამონადენი ახასიათებს. სადინარშიდა პაპილომა ასიდან 50-60 შემთხვევაში საოპერაციოა, რადგან წარმოადგენს გარდამავალ რგოლს კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. მის სალიკვიდაციოდ, ჩვეულებრივ, მინიმალური ქირურგიული ჩარევაა საკმარისი. სარძევე ჯირკვლის სადინართა ექტაზია მკერდიდან პათოლოგიური გამონადენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.
ამ დროს მკერდის ერთ ან რამდენიმე წილში ვითარდება ანთებითი პროცესი, რის გამოც სადინარიდან სქელი, წებოვანი მწვანე ან შავი სითხე გამოედინება. ეს პათოლოგია უპირატესად 40-50 წლის ქალებში გვხვდება. სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის თანმხლები დაავადებების დროს - ამ შემთხვევაში გამონადენის არსებობა ჰორმონ პროლაქტინისა და თირეოტროპული ჰორმონის ნორმალური სინთეზის დარღვევით არის განპირობებული. ეს უმთავრესად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციას, ჰიპოთირეოზს ახასიათებს. ასეთ დროს პაციენტებს სისხლში ძლიერ აქვთ მომატებული ჰორმონ პროლაქტინის მაჩვენებელი და აღნიშნავენ სარძევე ჯირკვლიდან ხსენისმაგვარ გამონადენს ან პრაქტიკულად რძეს. სარძევე ჯირკვლის კიბო სარძევე ჯირკვლის ყველაზე ვერაგი დაავადებაა, რომელსაც ასევე ახასიათებს გამონადენი, თუმცა ეს სიმპტომი კიბოს ყველა ფორმის დროს არ გვხვდება. გამონადენი ჩნდება მაშინ, როდესაც სადინარში კიბოს ჩანასახოვანი კომპონენტი უკვე არსებობს. მას სადინარშიდა კიბოს ვუწოდებთ.