ჯანმრთელი შთამომავლობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელი შთამომავლობისთვის

ადამიანის ორგანიზმი ზოგჯერ ვერ უმკლავდება დატვირთვასა და სტრესს. ეს განსაკუთრებით დიდი ქალაქების მცხოვრებლებზე ითქმის. ეკოლოგიის თვალსაზრისით მეგაპოლისი არცთუ ისე სახარბიელოა საცხოვრებლად. გარდა ამისა, აქაური რიტმი იწვევს მუდმივ სტრესს, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების გადატვირთვას, ჰიპოდინამიას, არარაციონალურ კვებას, რაც მარტო ჩვენს ჯანმრთელობაზე კი არა, ჩვენი მომავალი შვილების განვითარებაზეც აისახება.

როგორ უნდა წარიმართოს ორსულობა და რას უნდა მიაქციოს ყურადღება წყვილმა? ამაზე ქორიძის სახელობის IV სამშობიარო სახლის სტაციონარული სექტორის ხელმძღვანელი ნია ონიაშვილი გვესაუბრება.

- ქალბატონო ნია, რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ქალმა დაორსულებამდე?

- ორსულობის დაგეგმვისას უნდა ვეცადოთ, გამოვრიცხოთ როგორც გარემოს არასასურველი ზემოქმედება, ასევე გადახრები მშობლების ჯანმრთელობის კუთხით. ჩასახვა ნორმალურად რომ მოხდეს და ორსულობა გართულებათა გარეშე წარიმართოს, აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება როგორც დაორსულებამდე, ასევე დაორსულების შემდგომაც.

თუ ქალი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს, ჯერ კიდევ ჩასახვამდე უნდა იზრუნოს პატარას ჯანმრთელობაზე. თავდაპირველად მომავალმა დედამ უნდა მიმართოს გინეკოლოგს - სასურველია, იმ ექიმს, რომელთანაც რეგულარულად გადის კონსულტაციას და რომელიც უფრო უკეთ არის გათვითცნობიერებული ინდივიდუალური პრობლემებისა თუ გადახრების თაობაზე. ასევე უნდა მიმართოს ექიმს მეუღლემაც.

აუცილებელია მომავალი მშობლების ანამნეზის შეკრება, რათა შეფასდეს მათი ჯანმრთელობა და მემკვიდრეობა. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა სპეციალისტების: თერაპევტის, ნევროლოგის, ოკულისტის, კარდიოლოგის - კონსულტაციაც. განსაკუთრებული ყურადღება, ცხადია, სჭირდება მომავალ დედას. განვითარების შესაძლო მანკებისა და გადახრების თავიდან ასაცილებლად, გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად, საჭიროა ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა, ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი, საეჭვო შემთხვევებში კი ორგანიზმის უფრო გულდასმით შესწავლა.

ჩვეულებრივ გამოკვლევას აუცილებლად უნდა დაემატოს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს უკანასკნელი უმჯობესია ჩატარდეს კრიტიკული დღეების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში.

- რომელი ინფექციებია განსაკუთრებით საშიში ნაყოფის განვითარებისთვის?

- ზოგიერთი ინფექცია, რომელთა მატარებელიც შეიძლება იყოს როგორც მამა, ასევე დედა, ნაყოფის დაღუპვის ან თანდაყოლილი სიმახინჯის მიზეზად იქცევა. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება შემდეგი გამომწვევები:

  • ვირუსები (მარტივი ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი, წითურა, ენტეროვირუსი, B და C ჰეპატიტის ვირუსები, ადენოვირუსი, აივ-ი);
  • ბაქტერიები (ქლამიდია, ტრეპონემა, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, კლებსიელა);
  • უმარტივესები (ტოქსოპლაზმა, მალარიის პლაზმოდიუმი);
  • სოკო კანდიდა (რძიანას გამომწვევი).

არსებობს დედისგან ნაყოფზე ინფექციის გადაცემის ორი ძირითადი გზა: სისხლის საშუალებით პლაცენტიდან და უშუალო კონტაქტისას ქალის ინფიცირებული სასქესო გზებიდან.

განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევა წითურას ვირუსი - ის თითქმის ყოველთვის გადაეცემა ნაყოფს და მძიმე დარღვევებს იწვევს. ხშირად თანდაყოლილი წითურას შედეგია კატარაქტა, სიყრუე და გულის მანკი. ზოგჯერ აღინიშნება დარღვევები სისხლის, ფილტვების მხრივ, ფიზიკური განუვითარებლობა.

წითურას ვირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ხოლო დაავადების წყაროა დაავადებული ბავშვი, ამიტომ მომავალი დედა უნდა მოერიდოს მსგავს კონტაქტებს. განსაკუთრებით სახიფათოა ნაყოფისთვის ადრეული ორსულობისას (მე-5 კვირამდე) დასნებოვნება, რადგან ამ დროს თანდაყოლილი სიმახინჯეების განვითარების ალბათობა ყველაზე დიდია.

წითურა შესაძლოა სპონტანური აბორტის, მკვდრადშობადობისა და ახალშობილის სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. თუ ქალს ბავშვობაში გადატანილი აქვს წითურა ან აცრილია მასზე, პატარას არაფერი ემუქრება - იმუნიტეტი არ დაუშვებს ინფექციის განვითარებას. ყველა სხვა შემთხვევაში კი რაც შეიძლება ადრე უნდა გავიკეთოთ სისხლის ანალიზი წითურას ანტისხეულებზე.

ციტომეგალოვირუსი ერთ-ერთი სახიფათო ვირუსთაგანია, რომელიც გადაედება ჰაერწვეთოვანი და სქესობრივი გზით. ორსულობის ადრეულ ვადაზე ინფიცირებისას დიდია ორსულობის შეწყვეტის ან განვითარების ანომალიის ჩამოყალიბების ალბათობა. თუ ინფიცირება უფრო გვიან მოხდა, მოსალოდნელია ჭარბწყლიანობა, ნაადრევი მშობიარობა და ახალშობილის თანდაყოლილი ციტომეგალია. ამ შემთხვევაში ახალშობილს უდიდდება ღვიძლი და ელენთა, ემართება სიყვითლე, ანემია, ცენტრალური ნერვული სისტემის, თვალისა და სმენის მძიმე დარღვევები.

- რა საფრთხეს უქადის გრიპის ვირუსი ორსულს?

- ამ საფრთხეზე ხშირად საუბრობენ, რადგან გრიპმა მართლაც შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს. მოსალოდნელია გართულებები თირკმელებზე, გულ-სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემებზე, აბორტი და ნაადრევი მშობიარობა. გარდა ამისა, გრიპის შემდეგ ორგანიზმი უფრო ადვილად შეიძლება დასნებოვდეს პნევმოკოკური ან სტაფილოკოკური ინფექციით.

გრიპის შედეგი შესაძლოა განსაკუთრებით მძიმე იყოს ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიაზე (მე-12 კვირამდე), როდესაც ყალიბდება მნიშვნელოვანი ორგანოები და სისტემები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დედის იმუნიტეტის ამაღლებაზე ზრუნვა - გაკაჟება, ვიტამინების მიღება და სრულფასოვანი კვება.

- ბაქტერიული ინფექციებიდან ორსულისთვის რომელია განსაკუთრებით საშიში?

- ბაქტერიული ინფექციებიდან შედარებით საშიშია ტოქსოპლაზმოზი. ამ ინფექციით დასნებოვნება ხდება ინფიცირებულ ხორცთან ან კატასთან კონტაქტის გზით. თუ ქალმა დაორსულებამდე გადაიტანა ეს ინფექცია, იმუნიტეტი სამუდამოდ დარჩება. საფრთხე ორსულობის ვადასთან ერთად იზრდება.

პირველ ტრიმესტრში დასნებოვნებამ შესაძლოა არავითარი გართულება არ გამოიწვიოს. მეორე ტრიმესტრში თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის განვითარების რისკი 20%-მდე იზრდება - გამომწვევი გროვდება თავის ტვინში, აზიანებს ნაყოფის თვალებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ყველაზე ხშირი შედეგებია ქალასშიგა წნევის მომატება, გონებრივი ჩამორჩენილობა, ეპილეფსია და სიბრმავე. მესამე ტრიმესტრში დაავადების განვითარების ალბათობა 50-60%-მდე იზრდება. მიუხედავად ამისა, ტოქსოპლაზმოზი ორსულობის შეწყვეტის აბსოლუტურ ჩვენებად არ მიიჩნევა. თუ ანალიზის შედეგები დამაკმაყოფილებელია, ხოლო ულტრაბგერითი გამოკვლები ორგანულ ცვლილებებს არ ავლენს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება.

საფრთხის თავიდან ასაცილებლად ორსული უნდა ერიდოს კატასთან კონტაქტს და თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი მიირთვას.

რაც შეეხება კანდიდოზს (რძიანა), მიკოპლაზმოზს, ტრიქომონიაზს, ქლამიდიოზს, - ისინიც საშიშია დედისა და ნაყოფისათვის, რადგან მათი მძიმე მიმდინარეობისას იზრდება სპონტანური აბორტისა და მკვდრადშობადობის რისკი. თანამედროვე მეთოდებით დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში მათგან განკურნება შესაძლებელია, ოღონდ აუცილებელია შესაბამისი ანალიზების ჩატარება და ექიმის კონსულტაცია.


- განსაკუთრებით ხშირია ორსულებში კანდიდოზი. როგორ დავიხსნათ მისგან თავი?

- ორსულები მართლაც ხშირად აწყდებიან კანდიდოზის პრობლემას. ორსულობა ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომელიც ამ დაავადების გამოვლენას უწყობს ხელს - ქალის სასქესო ჰორმონების დონის მატება ცვლის საშოს მიკრობიოცენოზს და ხელსაყრელ პირობებს ქმნის სოკოს გამრავლებისთვის. ორსულობის დროს გენიტალიური კანდიდოზის მკურნალობა აუცილებელია. მედიკამენტები უნდა შეარჩიოს და დანიშნოს ექიმმა. კანდიდოზის მკურნალობისას მეტად მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა.

- შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ დაორსულება?

- მომდევნო ორსულობა უნდა დაიგეგმოს საკეისრო კვეთიდან არანაკლებ ორი წლის შემდეგ. ორსულობის დროს საშვილოსნოს კუნთოვანი აპარატი ძლიერ იტვირთება: იჭიმება, ჭინთვების დროს იკუმშება, - ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ნაწიბურის მდგომარეობა. თუ ის სათანადოდ არ არის ჩამოყალიბებული, მოსალოდნელია საშვილოსნოს გახეთქვა, რაც დედისა და ნაყოფის დაღუპვას გამოიწვევს.

საკეისრო კვეთასა და მომდევნო ორსულობას შორის არ უნდა იყოს ჩატარებული სამედიცინო აბორტი და საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა - ეს მანიპულაციები ათხელებენ საშვილოსნოს ნაწიბურს. ქალები, რომელთაც ბავშვი საკეისრო კვეთით გააჩინეს, მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, ამიტომ ორსულობისას უფრო ღრმა და საფუძვლიანი დაკვირვება სჭირდებათ.

- რა შეიძლება იყოს სანაყოფე წყლების სიჭარბის მიზეზი და როგორ გამოიხატება იგი?

- სანაყოფე წყლების სიჭარბის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ინფექცია ან გაციება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • დედისა და ბავშვის რეზუსშეუთავსებლობა;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა.

ჭარბწყლიანობის დროს პაციენტს შესაძლოა აწუხებდეს ღებინება, მუცლის ქვედა ნაწილში სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება, ზოგჯერ შეშუპებაც.

- შეიძლება ორსულობისას ინტიმური ურთიერთობა?

- ამის თაობაზე უმჯობესია ქალმა კონსულტაცია გაიაროს გინეკოლოგთან. არსებობს მდგომარეობები, როდესაც სქესობრივი სიახლოვე დაუშვებელია, რადგან მოსალოდნელია ორსულობის შეწყვეტა. თუ ორსული თავს კარგად გრძნობს, ინტიმური ცხოვრება ნებადართულია.

- როგორი უნდა იყოს ორსულის ცხოვრების რეჟიმი?

- ორსული შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოს სტრესსა და გადაღლას, გაციებას და მსგავს "შემთხვევით" დაავადებებს. უარი თქვას ალკოჰოლსა და თამბაქოზე. მედიკამენტების მიღება ამ დროს შეიძლება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით. ორსულმა უნდა დაიცვას კვების სწორი რეჟიმი და მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, მიირთვას რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, რაციონში ჩართოს თევზი და ხორცი, ხაჭო და რძის სხვა პროდუქტები, რადგან მათში შემავალ კალციუმს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც ნაყოფის (განსაკუთრებით - მისი ჩონჩხისა და კბილების) სწორი ფორმირებისათვის, ასევე ქალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაც.

უნდა ვერიდოთ ტკბილეულსა და ცომეულს, რადგან ჭარბი წონა არასასურველად აისახება ორსულობის მიმდინარეობაზე, ასევე - მარილიან საკვებს, გაზიან სასმელებს (გამონაკლისია მინერალური წყალი, თუმცა ისიც უგაზო ჯობს). მაგარი ჩაი და ყავა ზედმეტად ტვირთავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. აჯობებს, თუ მას შევცვლით ხილის ნატურალური წვენით.

- ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც ცურვა, ნებადართულია ორსულობის დროს?

- ორსულობისას სასარგებლოა ზომიერი და გულდასმით დაგეგმილი ფიზიკური დატვირთვა. დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მშობიარობისთვის მოსამზადებლად საგანგებოდ არის შემუშავებული ვარჯიშებისა და პროცედურების სხვადასხვა კომპლექსი. ვარჯიშის შესახებ მკურნალ ექიმს უნდა შევუთანხმდეთ.

თუ საშუალება გაქვთ, კარგია ცურვა. წყლის პროცედურები და ცურვა ზურგის, მუცლისა და მენჯის კუნთებს გაავარჯიშებს და მომავალი დატვირთვისთვის მოამზადებს. გირჩევთ, თავი არიდოთ ღია წყალსატევებს, რადგან მათში დიდია ინფიცირების ალბათობა. გამოიჩინეთ გონივრული სიფრთხილე, ფიზიკური აქტივობა დასვენებას შეუთავსეთ, სწორად იკვებეთ, კონსულტაციისთვის რეგულარულად მიმართეთ თქვენს ექიმს. ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად ჩაივლის.