ისწავლეთ თვითგასინჯვა და შეამცირეთ მკერდის კიბოს განვითარების რისკი! (ნახეთ ვიდეო)
სარძევე ჯირკვალი შედგება ჯირკვლოვანი წილებისგან და ცხიმოვანი ქსოვილისგან. ორსულობის დროს სარძევე ჯირკვალი ჯირჯვდება და ემზადება რძის გამოყოფისთვის.
უფრო ხშირად კიბო სათავეს იღებს ჯირკვლოვანი ქსოვილიდან.
თვითგასინჯვა უნდა ჩატარდეს ყოველთვიურად მენსტრუაციული ციკლის ერთსა და იმავე დღეს, მენსტრუაციის დაწყებიდან მეშვიდე მეათე დღეს.
თვითგასინჯვის პირველი ეტაპია ჯირკვლის დათვალიერება. დადექით სარკის წინ, ხელები შემოიწყვეთ წელზე. დაათვალიერეთ მკერდი: ყურადღება მიაქცით, ხომ არ არის სიწითლე ან კანის შეშუპება, ხომ არ არის ფორთოხლის ქერქის მსგავსი უბნები, ხომ არ არის დვრილი ჩაზნექილი ან ხორკლიანი ან გამონადენი დვრილიდან. შემდეგ ასწიეთ ხელები ზემოთ და კვლავ დაათვალიერეთ მკერდი: ხომ არ შეიცვალა გარეგნულად მისი მოხაზულობა.
თვითგასინჯვის შემდეგი ეტაპის შესასრულებლად ჩამოთვლილი 3 მეთოდიდან ნებისმიერი შეიძლება იყოს გამოყენებული. სამივე ეფექტურია, შეარჩიეთ რომელიც უფრო მოსახერხებელია თქვენთვის.
რომელი მეთოდითაც არ უნდა ისარგებლოთ, გამოკვლევის ამ ეტაპზე უნდა მოისინჯოთ ხელით ან მთელი სარძევე ჯირკვლის პალპირება გაკეთდეს, დამდგარ და დაწოლილ მდგომარეობაში, რომ შეფასდეს ხომ არ შეინიშნება რაიმე ცვლილება წინა თვესთან შედარებით.
სარძევე ჯირკვლი შეხებით უნდა იყოს რბილი და ერთგვაროვანი ან მარცვლოვან-ჯირკვლოვანი სტუქტურის.
პალპაციის ხაზოვანი მეთოდის დროს ჯირკვალის გასინჯვა ხდება შუა სამი მოხრილი თითის ბალიშებით, გასინჯვა იწყება იღლიიდან, მოძრაობა ხდება ზემოდან ქვემოთ; შემდეგ თითები გადანაცვლდება ახლოს ცენტრისკენ და ნელა მოძრაობს ქვემოდან ზემოთ. მოძრაობა გაიმეორეთ მანამ, სანამ მთელი სარძევე ჯირკვალი და იღლია არ იქნება გასინჯული.
გამოკვლევის სპირალური მეთოდით ჯირკვალის გასინჯვა ხდება შუა სამი მოხრილი თითის ბალიშებით, თითები მოძრაობს ნელა, გარეთა არედან დვრილის მიმართულებით სპირალურად. ისინჯება იღლიის და ლავიწის მიდამოც.
მესამე მეთოდით გასინჯვა ხდება სექტორულად, შუა სამი მოხრილი თითის ბალიშებით, ჯირკვლის გარეთა არიდან დვრილის მიმართულებით, შემდეგ ბრუნდებით გარე არეში და ისინჯება შემდეგი სექტორი. გასინჯვა გრძელდება ჯირკვლის სრულ გამოკვლევმადე. უნდა შემოწმდეს იღლიისა და ლავიწის მიდამოც.
თუ შენიშნავთ რაიმე ცვლილებას ან გასქელებულ ან გამკვრივებულ კვანძს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ თვითგამოკვლევა არ ცვლის ექიმის გასინჯვას და მამოგრაფიას, თუკი ექიმი ჩათვლის საჭიროდ ამ გამოკვლევის ჩატარებას.
ასევე გაეცანით: