B და C ჰეპატიტები
მწვავე C ჰეპატიტი ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 6-8 კვირის (ხშირად - უფრო მეტი ხნის) შემდეგ ვითარდება. ის ასიდან 75 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს - ავადმყოფს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება და მწვავე პროცესიც მისთვის შესამჩნევ გამოვლინებათა გარეშე სრულდება. შემთხვევათა დაახლოებით 25%-ში ვითარდება მწვავე C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმა. ამ დროს შესაძლოა გამოვლინდეს სიყვითლე და/ან სხვა სიმპტომები, რომელთა შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი. სიმპტომური C ჰეპატიტი სხვა მწვავე ვირუსული ჰეპატიტებისგან კლინიკურად არ განსხვავდება. მისი სიმპტომებია: სიყვითლე კანსა და სკლერებზე, შარდის გამუქება, განავლის ღია ფერი, ინტოქსიკაციის მოვლენები (გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავის ტკივილი და სხვა), საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება, დისკომფორტი მუცლის არეში და ასე შემდეგ. ჩამოთვლილ სიმპტომთაგან თითოეული შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობით იყოს გამოხატული. აღსანიშნავია, რომ სიმპტომური ანუ კლინიკურად გამოვლენილი მწვავე C ჰეპატიტის მძიმე მიმდინარეობა იშვიათია, ხოლო მისი ფულმინანტური ფორმა პრაქტიკულად არ გვხვდება. B ჰეპატიტის ვირუსის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ კლინიკური ნიშნები საშუალოდ 1-6 თვის განმავლობაში (დაავადების საინკუბაციო პერიოდი) იჩენს თავს. მწვავე B ჰეპატიტი ასიდან დაახლოებით 50 შემთხვევაში სიმპტომურია. სიმპტომური B ჰეპატიტის კლინიკური გამოვლინება ისეთივეა, როგორიც სიმპტომური მწვავე C ჰეპატიტისა. შესაძლოა, მწვავე B ჰეპატიტის დროს სხვა სიმპტომებთან ერთად გამოხატული იყოს სახსრების ტკივილიც. საზოგადოდ კი უნდა ითქვას, რომ სიმპტომური მწვავე B ჰეპატიტი სიმპტომურ მწვავე C ჰეპატიტზე მძიმედ მიმდინარეობს. შემთხვევათა 1-2%-ში შესაძლოა განვითარდეს დაავადების ფულმინანტური ფორმა - ღვიძლის მასიური ნეკროზი, რომელიც შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.
- როგორი მკურნალობაა რეკომენდებული მწვავე B ჰეპატიტის დროს?
- მწვავე B ჰეპატიტის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმების შემთხვევაში სპეციფიკური ანტივირუსული (ვირუსის საწინააღმდეგო) მკურნალობა ნაჩვენები არ არის. ეს იმიტომ, რომ B ჰეპატიტი ოფიციალურად მიეკუთვნება თვითგანკურნებად დაავადებათა რიცხვს - შემთხვევათა 85-90%-ში ავადმყოფი თავისთავად იკურნება. 2009 წელს მიღებული გაიდლაინის თანახმად, მწვავე B ჰეპატიტის მძიმე მიმდინარეობისას შესაძლოა დაინიშნოს ანტივირუსული პრეპარატი ლამივუდინი. ძირითადად კი მწვავე B ჰეპატიტის მკურნალობა სიმპტომურია. სასურველია, ავადმყოფი მოთავსდეს სტაციონარში, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არ არის მიჩნეული აუცილებელ ღონისძიებად. უმთავრესად ტარდება დეზინტოქსიკაციური მკურნალობა საინფუზიო ხსნარებით. შესაძლოა, ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაინიშნოს ვიტამინოთერაპიაც. ამბულატორიულ პირობებში მკურნალობისას ინიშნება წოლითი რეჟიმი და დიდი ოდენობით სითხის მიღება. ავადმყოფს პერიოდულად უტარდება ექიმის კონსულტაცია.
- რის საფუძველზე წყვეტს ექიმი, პაციენტი სტაციონარში მოათავსოს თუ შინ, ამბულატორიულად უმკურნალოს?
- მნიშვნელოვანია, დაავადების მწვავე სტადიაზე ადეკვატურად შეფასდეს ავადმყოფის მდგომარეობა. სწორედ ობიექტური მონაცემების საფუძველზე ადგენს ექიმი, აუცილებელია თუ არა ავადმყოფის სტაციონარში მოთავსება. მწვავე B ჰეპატიტის მძიმე მიმდინარეობისას ავადმყოფი უფრო ინტენსიური დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, ფულმინანტური მიმდინარეობისას ის რეანიმაციულ განყოფილებაში თავსდება, მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში კი შესაძლებელია ამბულატორიული მკურნალობა ექიმის ზედამხედველობით. უნდა ითქვას, რომ მწვავე B ჰეპატიტის შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, სად ტარდება მკურნალობა, საავადმყოფოში თუ ბინაზე, მთავარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნაა.
- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მწვავე B ჰეპატიტს? როგორია დაავადების დასასრული?
- როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაავადება 85-90%-ში პაციენტის გამოჯანმრთელებით სრულდება. შემთხვევათა 10-15%-ში შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული B ჰეპატიტი. ცნობილია, რომ არანამკურნალევ შემთხვევებში ქრონიკული B ჰეპატიტით ავადმყოფთა საშუალოდ 40%-ს ვირუსით ინფიცირებიდან დაახლოებით 20-30 წლის შემდეგ უვითარდება ღვიძლის ციროზი და/ან ჰეპატოცელულური კარცინომა, რის შემდეგაც დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებს და ღვიძლის უკმარისობით სრულდება.
- რამდენად ხშირია მწვავე B ჰეპატიტის გაქრონიკულება და რა განაპირობებს ქრონიკული B ჰეპატიტის ჩამოყალიბებას?
- ქრონიკული B ჰეპატიტი შემთხვევათა 10-15%-ში ვითარდება. დაავადების ქრონიკული ფორმები ძირითადად გვხვდება ბავშვებში, ასევე - იმუნოკომპრომეტირებულ პირებში, მაგალითად, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებულებში, შიდსით დაავადებულებში. ქრონიკული B ჰეპატიტის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადება...
- რას გულისხმობს ტერმინი "ქრონიკული B ჰეპატიტი?"
- იმას, რომ მწვავე პროცესის შემდეგ ვირუსმა არ დატოვა ადამიანის ორგანიზმი და დარჩა მასში ამა თუ იმ (აქტიური ან არააქტიური) ფორმით. ქრონიკული B ჰეპატიტით ავადმყოფი პოტენციურად, შემთხვევათა 20-40%-ში, გართულებების კანდიდატია. ეს გართულებებია ღვიძლის ფიბროზი, ციროზი, კიბო და საბოლოოდ - ღვიძლის უკმარისობა.
- შესაძლებელია თუ არა, მკურნალობითა და რეჟიმის დაცვით ქრონიკული B ჰეპატიტი თავიდან ავიცილოთ?
- როგორც აღვნიშნეთ, მწვავე B ჰეპატიტი თვითგანკურნებადი დაავადებაა. ავადმყოფის გამოჯანმრთელება უნდა მოხდეს დაავადების მწვავე სტადიაზე. სამწუხაროდ, მწვავე პროცესში დამატებითი ჩარევა არ ცვლის დაავადების ბუნებრივ მიმდინარეობას და დაავადების შედეგს.
- აქვს თუ არა რაიმე სპეციფიკური ნიშნები ქრონიკულ B ჰეპატიტს? შეიძლება თუ არა, პაციენტის ჩივილების საფუძველზე ვივარაუდოთ მისი არსებობა?
- ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია, რადგან არ არსებობს დაავადების პათოგნომური სიმპტომები - ისეთი ნიშნები, მხოლოდ აღნიშნული პათოლოგიისთვის რომ იყოს დამახასიათებელი. ხშირად დაავადება წლობით (10, 15, 20 წლის განმავლობაში) მიმდინარეობს ყოველგვარი სიმპტომის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფი ვერაფერს გრძნობს და, რა თქმა უნდა, არც ექიმს მიმართავს. დროთა განმავლობაში თავს იჩენს ზოგადი სიმპტომები: ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, დისკომფორტი მუცლის არეში, ქაჩვის, სიმძიმის შეგრძნება ღვიძლის არეში. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ადვილად დაღლას ძალიან ბევრი ავადმყოფი უჩივის და ეს სიმპტომი მიჩნეულია ქრონიკული B ჰეპატიტის ე. წ. კარდინალურ ნიშნად. თუმცა აქვე უნდა გავუსვათ ხაზი ერთ გარემოებასაც: ჩამოთვლილ ნიშნებზე დაყრდნობით შეუძლებელია დავადგინოთ, რომ მათი მიზეზი სწორედ B ჰეპატიტია. ერთი სიტყვით, არ არსებობს ისეთი სიმპტომი, რომელიც ქრონიკულ ჰეპატიტს სხვა დაავადებებისგან (სხვა ჰეპატიტებისგან) განასხვავებს. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ეხება გართულებების ჩამოყალიბებამდე არსებულ პერიოდს. გართულებების ეტაპზე თავს იჩენს თავად გართულების (მაგალითად, ღვიძლის ციროზის) სიმპტომები.
- როგორი მკურნალობაა რეკომენდებული ქრონიკული B ჰეპატიტის დროს?
- ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები და ე. წ. ნუკლეოზიდის ანალოგები. B ჰეპატიტის სამკურნალოდ შერჩევის პრეპარატს წარმოადგენს ინტერფერონი (ჩვეულებრივი ან პეგილირებული). პეგილირებული ინტერფერონი უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი (კონვენციური). მისი ნახევრადდაშლის პერიოდი დაახლოებით ერთი კვირაა. აქედან გამომდინარე, კვირაში ერთხელ ამ პრეპარატის ინექცია ორგანიზმში ვირუსის მყარ დათრგუნვას უზრუნველყოფს. პეგილირებული ინტერფერონით მკურნალობა ერთი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. B ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ნუკლეოზიდის ანალოგებიც. ოფიციალურად რეგისტრირებულია ნუკლეოზიდის რამდენიმე ანალოგი. რომელი პრეპარატით ჩატარდეს მკურნალობა, ამას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სპეციალისტი წყვეტს.
- რომელი ლაბორატორიული კვლევები ტარდება B ჰეპატიტის სადიაგნოზოდ?
- B ჰეპატიტის დიაგნოზის დასადგენად საჭიროა სისხლში B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HbsAg) განსაზღვრა იმუნოფერმენტული (იფა) მეთოდით. B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის პოზიტიურობის შემთხვევაში (HbsAg (+) ) განისაზღვრება სისხლში B ჰეპატიტის ვირუსის სხვა სეროლოგიური მარკერები. აღსანიშნავია, რომ არსებობს B ჰეპატიტის ვირუსის ექვსი სეროლოგიური მარკერი და თითოეულ მათგანს განსაზღვრული ინფორმაციული დატვირთვა აქვს. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მომდევნო ეტაპია დაავადების სტადიის განსაზღვრა, რისთვისაც გამოიყენება ვირუსის გენეტიკური მასალის – B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ს (HBV DNA) განსაზღვრა პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით. B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ს პოზიტიურობა (HBV DNA(+) ) აქტიურ დაავადებას ნიშნავს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს ღვიძლის ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა და ჩატარდეს ინსტრუმენტული გამოკვლევა - მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია) და ღვიძლის ელასტოგრაფია. ეს უკანასკნელი ღვიძლის ფიბროზის, ანუ დაავადების სტადიის განსაზღვრის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. მეთოდი არაინვაზიურია, უახლესია და დაავადების სიმძიმის შესაფასებლად ძალიან ინფორმაციულია.
- კერძოდ, რა ინფორმაციას გვაწვდის ეს გამოკვლევა?
- მკითხველისთვის მისი მნიშვნელობა ნათელი რომ გახდეს, ორიოდე სიტყვით შევეხოთ ღვიძლის ფიბროზს. ღვიძლის ქრონიკული დაავადების შემთხვევაში ღვიძლის ჯანმრთელი უჯრედები თანდათან იღუპებიან და მათ ადგილს ფიბროზული ქსოვილი იკავებს. ლოგიკურია, რომ რაც მეტად არის ღვიძლში ჩალაგებული ფიბროზული ქსოვილი, მით უფრო შორს არის წასული პათოლოგიური პროცესი, ანუ მით უფრო მძიმეა დაავადება. ღვიძლის ელასტოგრაფია ღვიძლის ფიბროზის შესაფასებელი არაინვაზიური (უსისხლო) მეთოდია. ამ მეთოდს მრავალი უპირატესობა აქვს: სწრაფია, არცთუ ისე ძვირი, გვაძლევს საშუალებას, ზუსტად შევაფასოთ დაავადების სიმძიმე და მოვახდინოთ მოსალოდნელ გართულებათა პროგნოზირება. ღვიძლის ელასტოგრაფია უკვე ორი წელია დანერგილია საქართველოში. სასურველია, ამ მეთოდით გამოკვლევის თაობაზე გადაწყვეტილება პაციენტის მკურნალმა ექიმმა მიიღოს.
- როგორ ხდება C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა?
- თანამედროვე კლინიცისტისთვის C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია, რადგან არ არსებობს დაავადების პათოგნომური სიმპტომები ანუ ისეთი ნიშნები, რომლებიც მხოლოდ ამ დაავადებისთვის იქნებოდა დამახასიათებელი. ამას ისიც ემატება, რომ ძალიან ხშირად დაავადება უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობს, ამიტომ ჩ ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა აუცილებელია. დღეისთვის C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა. C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა იწყება სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრით სკრინინგული და დამადასტურებელი მეთოდების გამოყენებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში (Anti HCV (+) - პოზიტიური) ისმება C ჰეპატიტის დიაგნოზი. ამის შემდეგ განისაზღვრება დაავადების სტადია, რისთვისაც გამოიყენება ვირუსის გენეტიკური მასალის - HCV RNA-ს (თვისობრივი) განსაზღვრა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით. HCV RNA(+) ანუ პოზიტიური ნიშნავს აქტიურ დაავადებას. გარდა ამისა, განისაზღვრება C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური ტიპი (HCV გენოტიპი), ანუ ტარდება გენოტიპირება, რომელიც აუცილებელია, რათა გადაწყდეს, რა ხანგრძლივობის მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს ავადმყოფს. ეს გამოკვლევა აუცილებელია, ვინაიდან სხვადასხვა გენოტიპის C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში სხვადასხვა ხანგრძლივობის მკურნალობაა საჭირო. მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად (მკურნალობის მონიტორინგისათვის) გამოიყენება HCV RNA-ს კონცენტრაციის განსაზღვრა - ეგრეთ წოდებული ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით.
- რას ემყარება C ჰეპატიტის მკურნალობა, არის თუ არა ის ყოველთვის ეფექტური?
- სადღეისოდ C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები. უფრო ზუსტად, ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაცია, თუმცა წამყვან როლს ინტერფერონი ასრულებს. ინტერფერონი ორნაირია: სტანდარტული (არამოდიფიცირებული) და პეგილირებული (მოდიფიცირებული). ბოლო ხანს C ჰეპატიტის სამკურნალოდ იყენებენ უმთავრესად პეგილირებულ ინტერფერონებს, რომლებიც ეფექტურად თრგუნავენ C ჰეპატიტის ვირუსის რეპლიკაციას (გამრავლებას) და ხშირად ორგანიზმიდან მის სრულ ელიმინაციასაც (განდევნა) კი ახდენენ, რაც, თავის მხრივ, გამოჯანმრთელებას ნიშნავს. C ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტიანობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მწვავე C ჰეპატიტის შემთხვევაში მკურნალობის ეფექტიანობა დაახლოებით 90-99%-ია, ქრონიკულის შემთხვევაში კი ვირუსის გენოტიპზეა დამოკიდებული. კერძოდ, I გენოტიპის შემთხვევაში მკურნალობის ეფექტიანობა 40-45%-ია, ხოლო II და III გენოტიპის შემთხვევაში - 80-85%. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს რიგ ფაქტორს. მათ შორის - დაავადების გართულებათა არსებობა-არარსებობას, პაციენტის ასაკს, სქესს, წონას, ორგანიზმში ჩ ჰეპატიტის ვირუსის კონცენტრაციას და სხვა.
- ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ ჩ ჰეპატიტის მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია. ყველა პაციენტისთვის არის თუ არა აუცილებელი ასეთი მკურნალობის ჩატარება?
- C ჰეპატიტის მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას უმთავრესად დაავადების სტადიისა და სიმძიმის საფუძველზე ვიღებთ. სადღეისოდ მედიკოსები ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპებით:
- თუ C ჰეპატიტი გამოწვეულია HCV II ან III გენოტიპით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განკურნების შანსი ძალიან მაღალია. ამ დროს ექიმი პაციენტს ურჩევს, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს მკურნალობა. განკურნების შემთხვევაში ავადმყოფი სამუდამოდ თავისუფლდება C ჰეპატიტის ვირუსისგან.
- თუ ავადმყოფს აქვს HCV I გენოტიპით გამოწვეული C ჰეპატიტი და ამავე დროს დაავადება მსუბუქი ფორმისაა, ექიმი უმეტესად მკურნალობის გადადებას და დინამიკაში დაკვირვებას ურჩევს.
- შორს წასული C ჰეპატიტის შემთხვევაში ექიმი ავადმყოფს მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას ურჩევს.
- მოსალოდნელია თუ არა გვერდითი ეფექტები ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობისას?
- სამწუხაროდ, ინტერფერონით მკურნალობას საკმაოდ ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს. ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც არასასიამოვნო სუბიექტური შეგრძნებებით, ასევე საკმაოდ მძიმე პათოლოგიური გადახრებით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობისას თავჩენილი ყველა გვერდითი ეფექტი არის მართვადი. ამის გათვალისწინებით აუცილებელია, ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობა წარმართოს გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელიც უხელმძღვანელებს ამ ხანგრძლივ (6 თვე ან ერთი წელი) პროცესს. მკურნალი ექიმი ავადმყოფს დროულად აძლევს მითითებებს აუცილებელი საკონტროლო გამოკვლევებისა და მათი ჩატარების ვადების შესახებ, რათა დროულად მოხდეს გართულებათა კორექცია და არ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები. ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობა, თუ ის გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობით ტარდება, უსაფრთხოა. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ყველა გვერდითი ეფექტი უკვალოდ ქრება.
- ხშირად გვწერენ, რომ პაციენტს C ან B ჰეპატიტის დიაგნოზი სისხლის გამოკვლევისას შემთხვევით აღმოუჩინეს. რომელი გამოკვლევები ტარდება ამ დაავადებების დიაგნოსტიკისთვის და როდის არის აუცილებელი მათი ჩატარება?
- იმის დასადგენად, აქვს თუ არა ავადმყოფს B ან C ჰეპატიტი, საკმარისია:
- B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HbsAg) განსაზღვრა;
- C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების (ANTI-HCV) განსაზღვრა.
პოზიტიური (დადებითი) პასუხის შემთხვევაში დაავადების დიაგნოზი დასმულია, რის შემდეგაც დაავადების სტადია უნდა განისაზღვროს. ამისთვის საჭიროა დაავადების სტადიის შესაფასებელი გამოკვლევების ჩატარება, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას ექიმი იღებს.
- ნიშნავს თუ არა ლაბორატორიულად დადგენილი C ჰეპატიტის დიაგნოზი, რომ აუცილებელია დაუყოვნებელი მკურნალობა, პროცესი აქტიურია?3
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება არ დგას დღის წესრიგში. მკურნალობის დაწყებისას უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის ინდივიდუალური მონაცემები – მისი სქესი, ასაკი, ჩ ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპი, C ჰეპატიტის ვირუსის კონცენტრაცია, ღვიძლის ფიბროზის ხარისხი და სხვა. თუ ავადმყოფს აქვს მკურნალობის ეფექტიანობის დადებითი პროგნოზული მარკერები ანუ მოსალოდნელია, მისი მკურნალობა წარმატებული იყოს, უმეტესად მკურნალობის დაწყებას ვურჩევთ. თუ პროგნოზული მარკერები უარყოფითია (მაგალითად, ვირუსის გენოტიპი ძნელად სამკუნალოა), უმჯობესია, მკურნალობის დაწყებისგან თავი შევიკავოთ, თუმცა თუ უკვე აშკარაა ღვიძლის პროგრესირებადი ფიბროზის არსებობა, მკურნალობა უნდა დავიწყოთ.
- როდის მიიჩნევს ექიმი აუცილებლად B ან C ჰეპატიტის დასადგენად გამოკვლევის ჩატარებას?
- გამოკვლევა ტარდება ყოველთვის, როცა კი საეჭვოა ღვიძლის რომელიმე დაავადების არსებობა. მათი მეშვეობით ვადგენთ ან გამოვრიცხავთ ღვიძლის დაავადების ვირუსულ მიზეზს. გარდა ამისა, არსებობს ოფიციალური ჩამონათვალი, ვის უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა B და C ჰეპატიტზე:
- ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებს;
- აივინფიცირებულებს;
- ჰემოფილიით დაავადებულებს;
- ჰემოდიალიზზე მყოფებს;
- სისხლის ან სისხლის პროდუქტების რეციპიენტებს;
- ორგანოტრანსპლანტირებულ პირებს;
- C და B ჰეპატიტის ვირუსებზე პოზიტიური დედების შვილებს;
- სამედიცინო პერსონალს, რომელსაც C და B ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირებულ სისხლთან ჰქონდა პროფესიული კონტაქტი. იგულისხმება კანქვეშა კონტაქტი (ჩხვლეტა, გაჭრა) ან ლორწოვანზე ინფიცირებული სისხლის მოხვედრა;
- C და B ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირებულთა სქესობრივ პარტნიორებს;
- ადამიანებს, რომელთაც აღენიშნებათ ამინოტრანსფერაზების (ღვიძლისათვის სპეციფიკური ფერმენტები) აქტივობის გაურკვეველი მიზეზით მომატება.
- როგორი უნდა იყოს პაციენტის რეჟიმი და ცხოვრების წესი C ჰეპატიტის მედიკამენტური მკურნალობისას?
- C ჰეპატიტის მკურნალობისას ავადმყოფს განსაკუთრებული რეჟიმი არ სჭირდება. მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად. ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის კატეგორიული აკრძალვის თაობაზე. რაც შეეხება კვებას, ავადმყოფს პრაქტიკულად არაფერი ეკრძალება, გარდა განსაკუთრებით ცხიმიანი საკვებისა (ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი და სხვა). პაციენტს ასევე ვურჩევთ, ერიდოს გადაღლას, ხშირად დაისვენოს, ეცადოს, მოიწესრიგოს ძილის რიტმი, ხშირად იყოს სასიამოვნო გარემოში და ერიდოს ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც შესაძლოა გააღიზიანოს. ერთი სიტყვით, მკურნალობისას ავადმყოფს სჭირდება სიმშვიდე და დაძაბული შრომითი რეჟიმისგან თავის შეკავება. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ აუცილებელია ექიმთან ხშირი ვიზიტი, რათა გვერდითი ეფექტები დროულად იქნეს აღმოფხვრილი.
- ეფექტურია თუ არა B და C ჰეპატიტის სამკურნალოდ ნაღველმდენი საშუალებების, ჰეპატოპროტექტორული (ღვიძლის დამცავი) მედიკამენტებისა და ფიტოპრეპარატების მიღება?
- ნაღველმდენ საშუალებებს თავისი ჩვენება აქვს და თუ საჭირო გახდა, რა თქმა უნდა, ასეთი საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს. რაც შეეხება ჰეპატოპროტექტორებსა და ფიტოპრეპარატებს, მათ მიმართ ოფიციალური რეკომენდაციები სადღეისოდ არ არსებობს.
- რას ურჩევდით მათ, ვისაც B ან C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს?
- ასეთ ავადმყოფებს ვურჩევ, დროულად მიმართონ ამ დარგში მომუშავე ექიმს. შეძლებისდაგვარად სასურველია გამოცდილი სპეციალისტის ზედამხედველობა და ექიმის რეკომენდაციების შესრულება.