B და C ჰეპატიტების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

და მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე ლანა გაწერელია:
- B და C ჰეპატიტები ფართოდ გავრცელებული დაავადებები გახლავთ. მსოფლიოში დაახლოებით 350-400 მილიონი კაცი B ჰეპატიტის ვირუსის ქრონიკული მატარებელია, ხოლო 180 მილიონი C ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული. წელიწადში 300 000-მდე კაცი ამ ვირუსებით გამოწვეული ღვიძლის პათოლოგიებით იღუპება. საქართველოში ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით, ჯანმრთელი მოსახლეობის 7% ინფიცირებულია C ჰეპატიტის ვირუსით, ხოლო დაახლოებით 2% B ჰეპატიტის ვირუსის ქრონიკული მატარებელია. მოგეხსენებათ, ღვიძლის ციროზის, კიბოსა და ღვიძლის უკმარისობის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ B და C ვირუსული ჰეპატიტებია. ამ დაავადებებს წამყვანი ადგილი უჭირავს ავადობის, სიკვდილიანობის, ჰოსპიტალიზაციისა და შრომისუუნარობის მიზეზთა შორის, ამიტომაც B და C ვირუსული ჰეპატიტები მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს, რომლის აქტუალურობა დღითი დღე იზრდება. შეგახსენებთ, რომ B და C ჰეპატიტების გადაცემის გზები მსგავსია. გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული სისხლის ან მისი რომელიმე კომპონენტის გადასხმით, დაბინძურებული ნემსის ან სხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, ვერტიკალური გზით (დედისგან შვილზე), სქესობრივი (როგორც ჰეტერო, ისე ჰომოსექსუალური) კონტაქტით (C ჰეპატიტის შემთხვევაში, B-სგან განსხვავებით, სქესობრივი გზით გადაცემა იშვიათია). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდებულია გამოკვლევა ჩაიტარონ ინტრავენურმა ნარკომანებმა, სისხლის რეციპიენტებმა, მრავალი სქესობრივი პარტნიორის მყოლმა პირებმა, მათ, ვისაც დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა, ვენდაავადებულებმა, ყველა ორსულმა, ჰემოდიალიზზე მყოფმა პირებმა, მედპერსონალმა, ინფიცირებულ პირთა პარტნიორებმა და, საზოგადოდ, ყველამ, ვინც კი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. B და C ჰეპატიტების ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს აქვთ განსაზღვრული კლინიკური ნიშნები (სიყვითლე, სისუსტე და სხვა). მაგრამ უმეტესად ეს დაავადებები ასიმპტომურად მიმდინარეობს, ამიტომ B და C ჰეპატიტების საიმედო დიაგნოსტიკა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული და ინსტუმენტული გამოკვლევების საფუძველზე.
- რომელი ლაბორატორიული გამოკვლევა ტარდება B ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის?
- უპირველეს ყოვლისა, სასურველია, ჩატარდეს გამოკვლევა HBsAg-სა და ანტი HBc ანტისხეულებზე იმუნოფერმენტული მეთოდით. თუ HBsAg და ანტი HBc ორგანიზმში არ აღმოჩნდა, ესე იგი ადამიანი B ჰეპატიტის ვირუსით არ არის ინფიცირებული. ასეთ დროს მას რეკომენდაცია ეძლევა, ჩაიტაროს ვაქცინაცია B ჰეპატიტზე. თუ HBsAg არ აღმოჩნდა, ხოლო ანტი HBc ანტისხეულები დადებითია, საქმე გვაქვს გადატანილ Bდა, სავარაუდოდ, განკურნებულ B ჰეპატიტთან. ამ დროს ვაქცინაციის საჭიროება აღარ არის. დადებითი HBsAg ნიშნავს მწვავე ან ქრონიკულB ჰეპატიტს, რომელთა დიფერენცირებისთვის საჭიროა დინამიკური დაკვირვება და დამატებითი გამოკვლევების ჩატარება. ყველა HBsAg-დადებით პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია, ჩაიტაროს სეროლოგიური ტესტები HBeAg-ის, ანტი-HBe-ს, HBcIgM-ის განსასაზღვრავად. ეს გამოკვლევები დაავადების სტადიასა და ფორმაზე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის. HBsAg-დადებით პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის ფუნქციური ტესტები: გამოკვლეულ იქნეს ალანინ და ასპარტატამინოტრანფერაზები (ALT, AST), გამაგლუტამილტრანპეპტიდაზა (Gamma-GT), ბილირუბინი და სხვა. HBsAg-დადებით ავადმყოფებში მნიშვნელოვანია დნმ-ს განსაზღვრა ეგრეთ წოდებული მყისიერი (რეალური დროის) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით. ეს არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე, ზუსტი და მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ სისხლში B ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მასალის (დნმ) მინიმალური რაოდენობა და ერთეულის სიზუსტით განვსაზღვროთ ვირუსის კონცენტრაცია (ვირუსული დატვირთვა) სისხლის ერთეულში, რაც აუცილებელი პირობაა დაავადების მართვის ოპტიმალური რეჟიმის შესარჩევად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, გენოტიპირების საშუალებით განისაზღვროს B ჰეპატიტის ვირუსის 8 ძირითადი ტიპი, რაც ასევე მნიშვნელოვანია მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმის შესარჩევად. ბიოქიმიურისგან განსხვავებით, აღნიშნული გამოკვლევები მხოლოდ სპეციალიზებულ ჰეპატოლოგიურ ცენტრებში ტარდება. ყველას, ვისაც აქვს დადებითი HBsAg, უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა D ჰეპატიტზე, ვინაიდან ამ ვირუსით კოინფექცია ან სუპერინფექცია საგრძნობლად ამძიმებს B ჰეპატიტის მიმდინარეობას და დაავადების მართვის სრულიად განსხვავებულ მენეჯმენტს მოითხოვს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკა "ჰეპა" ქვეყნის წამყვანი ჰეპატოლოგიური ცენტრები გახლავთ. ამ დაწესებულებებში ხორციელდება ყოველგვარი ინსტრუმენტული, კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევა უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, შესაბამისად, არ არსებობს პაციენტის ან სისხლის უცხოეთში გაგზავნის არავითარი საჭიროება. აღნიშნული ცენტრები აღჭურვილია უახლესი, მსოფლიო სტანდარტების დონის მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ლაბორატორიებში მუშაობენ გამოცდილი, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმ-ლაბორანტები. ყველა მათგანს ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების დასაუფლებლად გავლილი აქვს გრძელვადიანი სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპის წამყვან ცენტრებში.