პროფესორი არჩილ ხომასურიძე - რეპროდუქტოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში - 80 წლისაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროფესორი არჩილ ხომასურიძე - რეპროდუქტოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში - 80 წლისაა

საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე.

არჩილ ხომასურიძე დაიბადა ქალაქ თბილისში 1942 წლის 11 თებერვალს. მას წელს 80 წელი უსრულდება.

მისი დედა, ვანანა ცინცაძე, დიასახლისი იყო. მას განსაკუთრებული ადგილი აქვს ბატონი არჩილის ცხოვრებაში, ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. ამბობს, რომ დედა ერთადერთი ადამიანია, ვის ამაგსაც ვერასოდეს გადაიხდის და ვისი ვალიც აქვს ცხოვრებაში.

მამა, გიორგი ხომასურიძე, წლების განმავლობაში თბილისის აბრეშუმის ფაბრიკის მთავარი ინჟინერი იყო, უზადოდ იცოდა თავისი საქმე, შეიძლება ითქვას, იგი იყო მსუბუქი მრეწველობის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში.

იზრდებოდა ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარე პატარა ბინაში. შემდეგ მამას აბრეშუმის ფაბრიკიდან ბინა დოლიძის ქუჩაზე მისცეს და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად.

ბავშვობის პერიოდი ია-ვარდით არ ჰქონდა მოფენილი. მამა ტუბერკულოზით იყო დაავადებული, დედის ძალისხმევითა და მზრუნველობით პატარა არჩილს ეს დაავადება არ შეხვდა და ჯანმრთელი გაიზარდა.

დედა წარმოშობით გურიიდან გახლდათ. დედის მშობლიური სოფელი - ჩოხატაურის რაიონის სოფელი იანეული - განსაკუთრებით უყვარს ბატონ არჩილს. აქ აღადგინა და გაარემონტა მამაპაპისეული ძველი ხის სახლი და დღემდე მისი საყვარელი ადგილია, ძალიან დიდ დროს ატარებს იანეულში. თვლის, რომ უფრო გურულია, ვიდრე რაჭველი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის მე-7 ვაჟთა სკოლა, სადაც ბევრი კარგი მეგობარი შეიძინა. ბავშობიდან საუკეთესოდ შეისწავლა უცხო ენები - ინგლისური და რუსული. სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. იყო საუკეთესო სტუდენტი.

უყვარდა სპორტი. იყო საკმაოდ პერსპექტიული კალათბურთელი, თამაშობდა საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებში, იყო გუნდის კაპიტანიც, საბჭოთა კავშირის სპარტაკიადების არაერთგზის გამარჯვებული.

სპორტი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, კარგად თამაშობდა ჩოგბურთს, არის საბჭოთა კავშირში ჩოგბურთის ფედერაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, რის გამოც ხშირად იყო ოლიმპიური კომიტეტის წევრი და ესწრებოდა ოლიმპიადებს უცხოეთში. დღემდე ვარჯიშობს.

სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პრაქტიკა გაიარა ჟორდანიას ინსტიტიტში, ბატონ თამაზ ბეგიაშვილთან, რომელიც იყო ცნობილი ფიზიოლოგი და ანდროლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში. ახალგაზრდა არჩილს ყურადღება მიაქცია ჟორდანიას ინსტიტუტის მაშინდელმა დირექტორმა, ჯემალ ციციშვილმა, რომელსაც შემდეგ ძალიან დაუმეგობრდა.

ბატონი არჩილი ასპირანტურაში ჩაირიცხა მოსკოვში, ურთიერთობა ჰქონდა მედიცინის კორიფეებთან, გამოჩენილ მეცნიერებთან.

მოსკოვში ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ჰქონდა ქართველ პროფესორთან, გიორგი ცერცვაძესთან, რომელიც შემდგომში იხსენებს, როგორი ნიჭიერი, მშრომელი და მიზანდასახული ახალგაზრდა იყო არჩილ ხომასურიძე, ქართველისათვის უჩვეულო თვისებებით, რომელმაც განუცხადა, რომ გინეკოლოგია ნაკლებად აინტერესებდა და რეპროდუქციულ საკითხებზე მუშაობა სურდა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „ჰიპოთირეოზის გავლენა შთამომავლობის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე“.

თემის ხელმძღვანელი გახლდათ პროფესორი გოლბერი. 26 წლის ასაკში გახდა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

36 წლისამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰორმონული კონტრაცეფციის გავლენა ფარისებრ, თირკმელზედა, კუჭუკანა ჯირკვლებზე, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციაზე“.

დოქტორანტურაში მისი კონსულტანტი იყო ცნობილი მეცნიერი პერსიანინოვი, რომელსაც განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით იხსენებს.

არჩილ ხომასურიძის ცხოვრებაში პროფესიული თვალსაზრისით დიდი კვალი დატოვა მარი ლვოვნა კრიმსკაიამ, რომელიც იყო ცნობილი გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის კლასიფიკაციის ავტორი.

არჩილ ხომასურიძე მოსკოვში დიდი პოპულარობით სარგებლობდა თავისი ცოდნის, ნიჭისა და გარეგნობის წყალობით.

მოსკოვის დედათა და ბავშვთა დაცვის ინსტიტუტში იყო განყოფილების გამგე. მისი ძირიათადი ინტერესის სფეროს ადამიანის რეპროდუქციული ფუნქცია წარმოადგენდა.

გამორჩეული ინტელექტისა და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნის გამო ყურადღებას იქცევდა საერთაშორისო შეხვედრებზე. ბევრი მეგობარი შეიძინა, ცნობილი მეცნიერები, გინეკოლოგიის მსოფლიო კორიფეები, აირჩიეს რეპროდუქტოლოგიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად. იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი. კითხულობდა ლექციებს.

მოსკოვში 20-წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ შესთავაზეს თბილისში ჟორდანიას ინსტიტუტის დირექტორად გადმოსვლა, რაზეც უარი განაცხადა. მაგრამ როდესაც მოხუცმა დედამ დაურეკა ტირილითა და იმავე თხოვნით, აღარც დაფიქრებულა, მაშინვე დათანხმდა.

1985 წელს არჩილ ხომასურიძე ჟორდანიას ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. ეს იყო უშვილობის პირველი კლინიკა მსოფლიოში, რომელიც პროფესორმა იოსებ ჟორდანიამ 1958 წელს დააარსა და 4 წლის შემდეგ ავიაკატასტროფაში დაიღუპა. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, როგორ დაუთმო პროფესორმა ჟორდანიამ თვითფრინავის ბორტზე მყოფუბილეთო პატარა გოგონას თავისი მაშველი ჟილეტი, თვითონ კი დაიღუპა.

არჩილ ხომასურიძის საქართველოში დაბრუნების პერიოდში ჟორდანიას ინსტიტუტი დასუსტებული იყო, მის დახურვას და ჩაჩავას ინსტიტუტთან შეერთებას გეგმავდნენ. როდესაც შევარდნაძეს მოახსენეს ამის შესახებ, მას უთქვამს, როგორ შეიძლება საქართველოში უშვილობის ინსტიტუტის დაკეტვა, ვინმე მოძებნეთ, რომ უხელმძღვანელოს ინსტიტუტსო. ამის გამო ბატონი არჩილი ძალიან აფასებდა ედუარდ შევარდნაძეს და შემდგომში მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მის ოჯახთან.

არჩილ ხომასურიძემ უმაღლეს დონეზე აიყვანა ჟორდანიას ინსტიტუტი. მას მიენიჭა საბჭოთა კავშირის სათავო ინსტიტუტის სტატუსი, წლების განმავლობაში იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრი, ხორციელდებოდა სხვადასხვა პროგრამა, ინსტიტუტი მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში და ეს ყველაფერი ხდებოდა ბატონი არჩილის ავტორიტეტითა და ძალისხმევით.

არჩილ ხომასურიძემ საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიწყო ხელოვნურ აბორტებთან ბრძოლა, რაც თანამედროვე კონტრაცეფციის დანერგვით გახდა შესაძლებელი. 80-იან წლებში საქართველოში ხელოვნური აბორტის რიცხვი 300 ათასი იყო, ახლა კი მათი რიცხვი 10 ათასს არ აღემატება. ხელოვნური აბორტი ჩაანაცვლა ჯერ მინიაბორტმა და შემდეგ - მედიკამენტურმა აბორტმა. საინტერესოა ბატონი არჩილის ინიციატივა - ე. წ. სააბორტე აბების, მიფეპრისტონის, გამოყენება უმტკივნეული მშობიარობისთვის. წლების განმავლობაში საქართველოში მოსახლეობას უსასყიდლოდ აძლევდნენ კონტარცეპტივებს, კონდომებს. არჩილ ხომასურიძის ძალისხმევით, საქართველოში, ჟორდანიას ინსტიტუტში პირველად შემოიტანეს ქალის ჰიგიენური საშუალებები.

ბატონი არჩილ ხომასურიძე არის ნოვატორი, ამ პერიოდში მედიცინაში დანერგილი ყოველი სიახლე მის სახელს უკავშირდება.

არჩილ ხომასურიძის ინიციატივით, ამ ხნის განმავლობაში საქართველოში დაინერგა არაერთი ინოვაცია: 1986 წელს ჟორდანიას ინსტიტუტში გაკეთდა პირველი ლაპაროსკოპია, 2000 წელს ინსტიტუტში ჩატარდა ამიერკავკასიაში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერება.

1996 წელს რეპროდუქტოლოგია გამოეყო მედიცინის სხვა დარგებს, მიენიჭა დამოუკიდებელი გრიფი, შეიქმნა დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭო რეპროდუქტოლოგიაში, 1998 წელს მეცნიერებათა აკადემიაში დაარსდა რეპროდუქტოლოგიის პირველი კათედრა, 1998 წელს გამოიცა პირველი სამეცნიერო ჟურნალი „რეპროდუქტოლოგია“.

მნიშვნელოვანი იყო, ბატონ როინ მეტრეველის ინიციატივით, 1997 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ მედიცინის ფაკულტეტის და შემდეგ მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის აღდგენა, რაც ბატონი არჩილის მონაწილეობით განხორციელდა. იგი დღემდე ამ კათედრას ხელმძღვანელობს.

სტუდენტები და, საზოგადოდ, ახალგაზრდა ექიმებისა და მომავალი თაობების აღზრდა ბატონი არჩილის პრიორიტეტია. იგი არის სარეზიდენტო პროგრამის - „რეპროდუქტოლოგია“ - დირექტორი, რომელიც ხორციელდება მის ინსტიტუტში. ის არის ძალიან კარგი პედაგოგი, სტუდენტები და რეზიდენტები ყოველთვის დიდი ინტერესით უსმენენ მის ლექციებს.

ბატონი არჩილი არის საქართველოს რეპროდუქციული ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ძალიან ნაყოფიერია ამ საზოგადოების საქმიანობა, რეგულარულად იმართება საერთაშორისო კონფერენციები ექიმების ცოდნის ასამაღლებლად, ასოციაციის მიერ შეიქმნა ორიგინალური კითხვები ექიმების სალიცენზიო გამოცდისთვის რეპროდუქტოლოგიაში, სხვადასხვა დაავადების გზამკვლევები, სარეზიდენტო პროგრამა რეპროდუქტოლოგიაში და სხვა მრავალი.

ბატონი არჩილი არის ახალი დარგის, რეპროდუქტოლოგიის, ფუძემდებელი საქართველოში. 2019 წელს მისი ძალისხმევით რეპროდუქტოლოგია გამოეყო მეანობა-გინეკოლოგიას და, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, გახდა დამოუკიდებელი დისციპლინა. რეპროდუქტოლოგია დღეს ძალიან პოპულარული და ტურბულენტურად განვითარებადი დარგია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

ბატონმა არჩილმა თაობები აღზარდა. დღეს თუ ვინმე ავტორიტეტული ექიმია რეპროდუქტოლოგიაში, ყველა ჟორდანიას ინსტიტუტშია აღზრდილი. მისი მოწაფეები წამყვან რეპროდუქციულ კლინიკებს ხელმძვანელობენ საქართველოში, ზოგიერთი უცხოეთში მოღვაწეობს.

ბატონი არჩილი ხშირად გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მის ზოგიერთ მოწაფეს არ ახსოვს მისი ამაგი და საერთოდ არ ახსენებს ჟორდანიას ინსტუტუტს.

პროფესორი არჩილ ხომასურიძე არის პროფესიონალი, ამასთან, ძალზე წესიერი ექიმი, ყოველთვის ცდილობს პაციენტის დახმარებას, ხშირად ანალიზებსაც უფასოდ უკეთებს, არასდროს აუღია კონსულტაციის საფასური. თავისი კლინიკის ექიმებსაც ამ სულისკვეთებით მუშაობისკენ მიუთითებს.

ძალიან წუხს, რომ მედიცინაში ღრმადაა შეჭრილი კომერციალიზაცია, კრიტიკულად უყურებს სუროგაციის პროგრამებსაც ინ ვიტრო განაყოფიერებაში, თვლის, რომ ეს მხოლოდ ალტრუისტული უნდა იყოს და არა გამდიდრების წყარო.

დღეს ის ხელმძღვანელობს პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც, ძველი ჟორდანიას ინსტიტუტის მსგავსად, რჩება დედა ინსტიტუტად, სადაც გრძელდება თაობების აღზრდა, უშვილობის მკურნალობა ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით. პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, კლიმაქსის მკურნალობა, ბაშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია, ანდროლოგია, სექსოლოგია და ა.შ.

„ოჯახის მკურნალის“ რედაქცია ულოცავს ბატონ არჩილ ხომასურიძეს იუბილეს, ვუსურვებთ მას დიდხანს ჯანმრთელ სიცოცხლეს რეპროდუქტოლოგიის, მედიცინისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.