ქალის უნაყოფობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალის უნაყოფობა

როგორია მისი დიაგნოსტიკის პრინციპები და რა საშუალებებს ფლობს თანამედროვე რეპროდუქტოლოგია უნაყოფობის სამკურნალოდ? ამ და სხვა კითხვებზე ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი, რეპროდუქტოლოგი ნინო ქანთარია უპასუხებს.

- ქალბატონო ნინო, რაზეა დამოკიდებული ქალის შვილოსნობა?

- ქალის შვილოსნობა საკვერცხისმიერ, მილისმიერ, საშვილოსნოსმიერ და იმუნოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. საკვერცხის ფაქტორი გულისხმობს საკვერცხეში განაყოფიერებისთვის ვარგისი ფოლიკულის მომწიფებას და საკვერცხიდან მის გამოთავისუფლებას.

საკვერცხიდან განაყოფიერებისთვის ვარგისი ფოლიკულის გამოთავისუფლებას ოვულაციას უწოდებენ. აღნიშნული პროცესი ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის ორგანოთა) სისტემის მიერ ნატიფი მექანიზმებით რეგულირდება. მილისმიერი ფაქტორი გულისხმობს ფალოპის მილების ნორმალურ ორგანულ (ნორმალური ანატომიური აგებულება) და ფუნქციურ მდგომარეობას. ანალოგიურად, საშვილოსნოს ფაქტორზე საუბრისას საშვილოსნოს ნორმალურ ანატომიურ და ფუნქციურ მდგომარეობას ვგულისხმობთ. მნიშვნელოვანია იმუნური ფაქტორიც - ორგანიზმის იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციობაც.

- ციკლის რომელ პერიოდშია შესაძლებელი კვერცხუჯრედის განაყოფიერება? რამდენად აქტუალურია დღეს ბაზალური ტემპერატურის გაზომვით ოვულაციის დადგენის მეთოდი?

- კვერცხუჯრედის განაყოფიერება ოვულაციის ფაზაში ხდება. მენსტრუაციული ციკლის პირველი ფაზა ფოლიკულური ანუ პრეოვულატორული ფაზაა, რომელიც მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება. ამ ფაზაში მიმდინარეობს ფოლიკულის მომწიფება და ოვულაციისთვის მომზადება.

პრეოვულატორული ფაზა გადადის ოვულაციის პერიოდში, როდესაც განაყოფიერებისათვის მომზადებული კვერცხუჯრედი მწიფე პრეოვულატორული ფოლიკულიდან ანუ გრააფის ბუშტუკიდან გამოთავისუფლდება.

ოვულაციის პერიოდის შემდეგ იწყება პოსტოვულაციური ანუ ლუთეინური ფაზა - ყვითელი სხეულის წარმოქმნის ფაზა.

ოვულაციის პერიოდის ვადები ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია და მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. როგორც გითხარით, სწორედ ოვულაციის პერიოდია ხელსაყრელი განაყოფიერებისთვის. ალბათ ამიტომაც იწვევს მკითხველის ინტერესს მისი დადგენის მარტივი მეთოდები.

ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ბაზალური ტემპერატურის გაზომვა. ბაზალური ტემპერატურის გაზომვა ხდება დილით, ადგომამდე. პაციენტი სწორ ნაწლავში 7-10 წუთით ითავსებს თერმომეტრს. ამავე დროს ხდება ტემპერატურის გაზომვა იღლიის ფოსოში, რათა გამოირიცხოს ორგანიზმის ზოგადი ტემპერატურის ცვლილების გავლენა. ოვულაციაზე მიანიშნებს ტემპერატურის აწევა 37,2-37,3 C-მდე, ნორმალური მენსტრუალური ციკლის შემთხვევაში ბაზალური ტემპერატურა მაღალი რჩება ყვითელი სხეულის ფაზაშიც და ეცემა მორიგი მენსტრუაციის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე. ორსულობის ნიშანია ბაზალური ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება მოსალოდნელ მენსტრუაციამდე და, რა თქმა უნდა, მენსტრუაციის გადაცდენა მაღალი ბაზალური ტემპერატურის ფონზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზალური ტემპერატურის გაზომვის მეთოდი პაციენტთა შორის კვლავაც პოპულარულია (რაც ალბათ მის სიმარტივეს უკავშირდება), პროფესიულ მედიცინაში მხოლოდ დამხმარე მეთოდად თუღა იყენებენ, ვინაიდან არსებობს ოვულაციის დასადგენი გაცილებით ზუსტი და ინფორმაციული მეთოდები, მეტადრე - როცა საქმე ეხება რეპროდუქციული პრობლემების მქონე პაციენტს. ფოლიკულის მომწიფების, ოვულაციისა და ყვითელი სხეულის წარმოქმნის პროცესს, ასევე ენდომეტრიუმის ტრანსფორმაციის (გარდაქმნას) დინამიკას მენსტრუაციის ფაზების შესაბამისად შესაძლებელია დავაკვირდეთ ულტრაბგერითი სკანირებით.

ოვულაციის პროცესის დაფიქსირება შესაძლებელია აგრეთვე ფერტილოსკოპიითა და ლაპაროსკოპიით. პოსტოვულაციურ პერიოდში ჩატარებული ლაპაროსკოპიის დროს აღმოვაჩენთ ოვულაციის შედეგად წარმოქმნილ სტიგმას.

- მკითხველები ხშირად გვეკითხებიან, რას ნიშნავს ანოვულატორული ციკლი და რამ შეიძლება შეაფერხოს კვერცხუჯრედის მომწიფება.

- ოვულაცია რეგულირდება ნეიროენდოკრინული ჯაჭვით, რომლის შემადგენელი რგოლებია თავის ტვინის ქერქი, ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი და პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლები: საკვერცხეები, თირკმელზედა ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი. ანოვულაცია ანუ ოვულაციის დარღვევა შეიძლება ნებისმიერი რგოლის ფუნქციურმა და ორგანულმა დაზიანებამ გამოიწვიოს. ანოვულაციისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა კლინიკური, ბიოქიმიური და მორფოლოგიური ცვლილება.

დადგენილია, რომ ანოვულაციის წინაპირობად შეიძლება იქცეს არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური და ფსიქიკური სტრესი, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, ინტოქსიკაცია, სიმსივნური პროცესები, გაცხიმოვნება, არასწორი კვებითი ქცევა.

- კლინიკურად როგორ შეიძლება გამოვლინდეს ანოვულაცია?

- სხვადასხვანაირად. მაგალითად, დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენით, ამენორეით (მენსტრუაციის შეწყვეტა ექვსი თვისა და მეტი ხნის მანძილზე), ოფსომენორეით (გაიშვიათებული მენსტრუაცია), ჰიპომენორეითა და ოლიგომენორეით (სისხლიანი გამონადენის რაოდენობის და ხანგრძლივობის შემცირება) და, რაც მთავარია, უშვილობით.

- იმ პრობლემათა შორის, რომლებიც ორსულობისას აღმოცენდება და პაციენტებისთვისაც კარგად არის ნაცნობი, ერთ-ერთი უმთავრესი ალბათ ყვითელი სხეულის ნაკლოვანებაა. რა არის ეს, როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- ყვითელი სხეულის ფუნქცია პროგესტერონის სინთეზია. სწორედ პროგესტერონის თერმოგენული ეფექტით არის განპირობებული ლუთეინურ ფაზაში ბაზალური ტემპერატურის აწევა 37,2-37,30C-მდე. სრულფასოვანი ყვითელი სხეულის ფაზა 14 დღემდე გრძელდება, თუმცა ამ ფაზის ხანგრძლივობა მეტ-ნაკლებად ინდივიდუალურია და მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

ყვითელი სხეულის ნაკლოვანების დროს (ყვითელი სხეულის მოკლე ფაზა) არ ხდება პროგესტერონის საკმარისი სეკრეცია, რაც ხელს უშლის ენდომეტრიუმის სრულფასოვან ტრანსფორმაციას (გარდაქმნას) და ემბრიონის იმპლანტაციისთვის (ჩანერგვისთვის) მის მომზადებას.

ყვითელი სხეულის სრულფასოვნების დასადგენად განსაზღვრავენ სისხლში პროგესტერონის დონეს და შარდში პრეგნანდიოლის ექსკრეციას (გამოყოფას), თუმცა სისხლში პროგესტერონის ნორმალური მაჩვენებელი არ წარმოადგენს ყვითელი სხეულის ფაზის სრულფასოვნების შესაფასებელ სარწმუნო ტესტს, ვინაიდან შესაძლოა დარღვეული იყოს ენდომეტრიუმის რეცეპცია (მგრძნობელობა). უშვილობის დროს ყვითელი სხეულის ფაზის ნაკლოვანების სარწმუნო დიაგნოსტიკისთვის ნაჩვენებია ენდომეტრიუმის ბიოფსია მომდევნო მენსტრუაციის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე. ყვითელი სხეულის ნაკლოვანების შემთხვევაში ტარდება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია - ინიშნება პროგესტერონის შემცველი ჰორმონული პრეპარატები.

- რა როლს ასრულებს უნაყოფობაში ფალოპის მილების განვლადობის დარღვევა?

- მილისმიერი ანუ ფალოპის მილების ანატომიური და ფუნქციური დაზიანებით გამოწვეული უშვილობის წილად ქალის უნაყოფობის 30-75% მოდის. ფალოპის მილებს ახასიათებთ ძალზე რთული ნეიროჰორმონული რეგულაცია, რომელიც მათ სატრანსპორტო ფუნქციას განაპირობებს. არსებობს მილისმიერი უშვილობის ორი ძირითადი ფორმა - ფალოპის მილების ორგანული დაზიანება და ფალოპის მილების ფუნქციის დარღვევა.


- რა განაპირობებს ფალოპის მილების ორგანულ დაზიანებას?

- ფალოპის მილების ორგანულ დაზიანებას, რაც მათი განვლადობის დარღვევით გამოიხატება, არაერთი მიზეზი აქვს. მათ შორის აღსანიშნავია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, პელვიოპერიტონიტი (მცირე მენჯის ღრუს პერიტონიტი) და ზოგადი პერიტონიტი, აპენდიციტი შემდგომი აპენდექტომიით, ოპერაციული ჩარევები სასქესო ორგანოებზე (მიომექტომია, საკვერცხეების რეზექცია), მშობიარობის შემდგომი ანთებითი და ტრავმული გართულებები, ფალოპის მილებისა და მცირე მენჯის ღრუს სხვა ორგანოების ენდომეტრიოზი.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ფალოპის მილების ფუნქციის დარღვევა?

- ქრონიკულმა ფსიქოლოგიურმა სტრესმა, სასქესო ჰორმონებისა და პროსტაგლანდინების სინთეზის დარღვევამ, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გლუკოკორტიკოიდული ფუნქციის დარღვევამ, სიმპათიკოადრენალინურ სისტემაში მომხდარმა ცვლილებებმა, ფალოპის მილებისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოს ანთებითმა დაავადებებმა. ყოველმა მათგანმა შეიძლება შეცვალოს ფალოპის მილების ფუნქციური აქტივობა - გამოიწვიოს ჰიპერტონუსი (ტონუსის მომატება), ჰიპოტონუსი (ტონუსის დაქვეითება), დისკოორდინაცია.

ფალოპის მილების ნებისმიერი სახის დაზიანებას საბოლოოდ მათი სატრანსპორტო როლის გამოთიშვამდე მივყავართ - ირღვევა სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის გადაადგილების, მათი შერწყმის შედეგად წარმოშობილი გამეტების, შემდგომ კი ემბრიონის კვებისა და ტრანსპორტირების პროცესი.

- როგორ ხდება ფალოპის მილების განვლადობის დარღვევის დიაგნოსტიკა?

- ფალოპის მილების გამავლობისა და ფუნქციის სრულფასოვნების დიაგნოსტიკისთვის კვლევის სპეციალურ მეთოდებს ვიყენებთ. მათ შორის აღსანიშნავია რენტგენოლოგიური მეთოდები - ჰისტეროსალპინგოგრაფია, რენტგენოკიმოგრაფია, კიმოგრაფიული პერტუბაცია. ჰისტეროსალპინგოგრაფიის დროს საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ სპეციალური რენტგენოკონტრასტული ნივთიერება, რომელიც შემდგომ ფალოპის მილებსა და პერიტონეუმის ღრუში გადაინაცვლებს და მიღებული რენტგენოლოგიური გამოსახულების მიხედვით პათოლოგიის არსებობაზე მსჯელობენ.

ინფორმაციულია რადიოიზოტოპური სკანირება, რომლის დროსაც გამოსახულება სპეციალური რადიაქტიური ნივთიერების გამოყენებით მიიღება.

კვლევის შედარებით ახალი მეთოდებია ლაპაროსკოპია და ფერტილოსკოპია. აღნიშნული კვლევები სპეციალური ხელსაწყოების - ლაპაროსკოპის ან ფერტილოსკოპის საშუალებით ტარდება. ფერტილოსკოპიის დროს საშვილოსნოს უკანა თაღის გავლით შეჰყავთ ძალიან მცირე, 5 მილიმეტრამდე ზომის ოპტიკური სისტემა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებს ათვალიერებენ.

- შესაძლებელია თუ არა, საკვერცხის კისტა უნაყოფობის მიზეზად იქცეს? როგორ მკურნალობენ მას?

- საკვერცხის ცისტა (ასე უწოდებენ დღეს იმ წარმონაქმნებს, რომელთაც ადრე კისტად მოიხსენიებდნენ) კეთილთვისებიანი მოცულობითი წარმონაქმნია, რომელიც უმთავრესად ჰორმონული დარღვევების ან მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებების ფონზე ვითარდება, თუმცა არსებობს ცისტები, რომელთა წარმოშობაც საერთოდ არ არის დამოკიდებული ჰორმონულ დისბალანსზე.

განასხვავებენ ფოლიკულურ, ყვითელი სხეულის, ენდომეტრიოიდულ, პარაოვარიულ, დერმოიდულ, სეროზულ, მუცინოზურ ცისტებს.

ყველაზე ხშირად გვხვდება ფოლიკულური ცისტები, რომლებიც ცისტოზურად ატრეზირებული ფოლიკულისგან ვითარდება და ზომით შესაძლოა 6-8 სმ-საც კი მიაღწიოს. ფოლიკულური ცისტა, წესისამებრ, ცალმხრივია და ექოგრაფიულად ფიქსირდება როგორც თხელკედლიანი სითხით სავსე წარმონაქმნი, რომელშიც გროვდება მოყვითალო ფერის სითხე.

სიხშირით მეორე ადგილზეა ყვითელი სხეულის ცისტა. სტრუქტურულად ის ძალიან ჰგავს ყვითელ სხეულს და ფორმირდება მაშინ, როდესაც ოვულაციის შემდეგ ფოლიკული ივსება არა ყვითელი სხეულის უჯრედებით, არამედ სითხით.

ესე იგი, ზემოხსენებული ორივე სახის ცისტის ზრდა მიმდინარეობს არა ცისტის ჭეშმარიტი ზრდის, არამედ მათში სითხის დაგროვების ხარჯზე, განსხვავებით საკვერცხეების ავთვისებიანი წარმონაქმნებისგან - კისტომებისგან, ამიტომაც მათ რეტენციულ ცისტებს ვუწოდებთ. არცთუ იშვიათად ცისტები თავისთავადაც უკუვითარდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმმა ან პაციენტმა მათი იგნორირება მოახდინონ. მით უმეტეს, ის დარღვევები, რომლებმაც ამ ცისტების გაჩენა გამოიწვია, შესაძლოა უშვილობის მიზეზადაც იქცეს. ასეთი ცისტები უმეტესად უსიმპტომოა და მხოლოდ უშვილობის გამო ჩატარებული გეგმური გამოკვლევის ან შემთხვევითი ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს აღმოაჩენენ, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა თავი იჩინოს მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა დარღვევამ, ტკივილმა მუცლის ქვედა არეში (ცისტის ლოკალიზაციის მხარეს) და სხვა.

ფოლიკულური და ყვითელი სხეულის ცისტებს უმთავრესად კონსერვატიულად მკურნალობენ. მართებულად შერჩეული მედიკამენტური მკურნალობის ფონზე ზემოთ აღწერილი სახის ცისტები უმეტესად რეგრესს ანუ უკუგანვითარებას განიცდიან. თუ ცისტა სამი მენსტრუაციული ციკლის შემდეგაც დარჩა, უნდა დაისვას ქირურგიული ჩარევის საკითხი. ოპერაციული მკურნალობა ძირითადად ლაპაროსკოპიული მეთოდით ხდება: მუცლის წინა კედელზე კეთდება ძალიან პატარა განაკვეთი, საიდანაც მუცლის ღრუში შეაქვთ სპეციალური ხელსაწყო - ლაპაროსკოპი, ათვალიერებენ და ცისტას იღებენ. ამ დროს საკვერცხის საღი ქსოვილი მაქსიმალურად შენარჩუნდება. ზემოთ ნახსენები სხვა სახის ცისტებიც იწვევს ან ხელს უწყობს უშვილობას. მათი მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი.

- კიდევ ერთი დაავადება, რომელიც პაციენტთა უმრავლესობისთვის უნაყოფობასთან ასოცირდება, საკვერცხის პოლიცისტოზია. რა არის პოლიცისტოზი, როგორია მისი სიმპტომები და მკურნალობის პრინციპები?

- საკვერცხეების პოლიცისტოზი გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ეს ტერმინი გულისხმობს საკვერცხეების იმ სტრუქტურული (აგებულების) და ფუნქციური პათოლოგიების ერთობლიობას, რომლებიც სხვადასხვა ნეიროენდოკრინული ცვლილების შედეგად აღმოცენდება. ამიტომაც საკვერცხეების პოლიცისტოზი განიხილება არა როგორც იზოლირებული დაავადება, არამედ როგორც სიმპტომოკომპლექსი, ანუ სინდრომი.

საკვერცხეების პოლიცისტოზის ყველაზე გავრცელებული კლინიკურ-დიაგნოსტიკური ნიშნებია:

  • მენსტრუაციული ციკლის დარღვევა (დაახლოებით 93%);
  • ანოვულაცია - საკვერცხეების პოლიცისტოზის მქონე პაციენტთა თითქმის 100%-ს ოვულაციის პროცესის დარღვევა აღენიშნება;
  • ჰირსუტიზმი ანუ პათოლოგიური გათმიანება (აღენიშნება პაციენტთა 37-70%-ს);
  • ჰიპერანდროგენია (54%-ს);
  • გაცხიმოვნება (50-60%-ს);
  • უნაყოფობა.

საკვერცხის პოლიცისტოზის აღმოცენება სხვადასხვა ეტიოლოგიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული. მათ შორის აღსანიშნავია:

პაციენტის დედის დამძიმებული სამეანო-გინეკოლოგიური ანამნეზი ანუ გართულებული ორსულობა და მშობიარობა;

ავშვობაში გადატანილი ინფექციები და ინტოქსიკაციები;

ქალა-ტვინის ტრავმები;

ფსიქოემოციური დაძაბვა, ნერვული სტრესები, სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებები, საკვერცხეების ფერმენტული სისტემის თანდაყოლილი დეფექტები, ექსტრაგენიტალური (არა სასქესო ორგანოების) ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები. უკანასკნელთაგან უნდა აღვნიშნოთ თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შეცვლა, ნეიროენდოკრინული სინდრომი, სიმსუქნე, ჰიპერპროლაქტინემია.

საკვერცხეების პოლიცისტოზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორიც. ამას დაავადების ოჯახური ფორმები მოწმობს.

მკურნალობის ტაქტიკა დაავადების ფორმაზეა დამოკიდებული. სწორი კლინიკურ-ლაბორატორიული ანალიზის შედეგად ექიმი არჩევს კონსერვატიული თუ ოპერაციული მკურნალობის ადეკვატურ მეთოდს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე სახის მკურნალობა მიმართულია ოვულაციის ინდუქციისკენ ანუ ნორმალური, სრულფასოვანი ოვულაციის პროცესის მიღწევისკენ.


- ცნობილია, რომ ნაყოფის განვითარება საშვილოსნოში ხდება. საშვილოსნოს რომელი დაავადებები იწვევს უნაყოფობას?

- საშვილოსნოს პათოლოგიებით გამოწვეულ უნაყოფობაში წამყვანი როლი ენდომეტრიოზს ეკისრება. ამ დროს ხდება საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანუ ენდომეტრიუმის უჯრედების გამრავლება საშვილოსნოს გარეთ. გარდა ამისა, უნაყოფობის თვალსაზრისით საყურადღებოა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესები, საშვილოსნოს სხვადასხვა ლოკალიზაციის მიომა, ენდომეტრიუმის სხვადასხვა სახის პოლიპი, ენდომეტრიუმის სხვადასხვა ეტიოლოგიის (მიზეზის) ანთებითი დაავადება. აქვე უნდა ვახსენოთ ოპერაციის შემდგომი და მშობიარობის შემდგომი გართულებები - განმეორებითი დიაგნოსტიკური გამოფხეკა, ხელოვნური აბორტი ანუ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა.

- როგორია ქალის უნაყოფობაში საშვილოსნოსა თუ სხვა ორგანოების განვითარების მანკების როლი?

- განვითარების მანკებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება უნაგირა, ერთრქიანი და ორრქიანი საშვილოსნო. ამ მანკების დიაგნოსტირება ჰისტეროსალპინგოგრაფიით ხდება. საშვილოსნოს განვითარების მანკების შემთხვევაში გართულებულია ემბრიონის იმპლანტაციის, ზრდისა და განვითარების პროცესი.

- ცნობილია, რომ უნაყოფობის მიზეზის დასადგენად სხვებთან ერთად ჰორმონული გამოკვლევებიც ტარდება. როგორია ჰორმონული დარღვევების როლი უნაყოფობაში, როგორ ხდება მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- დღეს უკვე საყოველთაოდ არის აღიარებული უშვილობაში ჰორმონების უდიდესი როლი. ენდოკრინული უშვილობის მთავარი მიზეზი სწორედ ჰორმონული დისბალანსია, ენდოკრინული გენეზის უშვილობა კი უშვილობის საერთო მაჩვენებლის თითქმის ნახევარს შეადგენს.

ჰორმონული დარღვევების დიაგნოსტირება ხდება სისხლში ჰორმონების რაოდენობრივი მაჩვენებლების განსაზღვრით და ექიმის მიერ მათი ინტერპრეტაციით. გამოკვლევის დაგეგმვისას ექიმმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სასქესო ჰორმონების ბიორიტმი ანუ მათი პროდუქციის სადღეღამისო (ცირკადული) და საათობრივი (ცირხორალური) რიტმი. ეს იმას ნიშნავს, რომ უნაყოფობის მიზეზის დიაგნოსტიკისას ჰორმონული გამოკვლევა უნდა ჩატარდეს არა ნებისმიერ დროს, არამედ დღე-ღამისა და ციკლის განსაზღვრულ პერიოდში. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანს ჰორმონების სეკრეციის ინდივიდუალური სადღეღამისო რიტმი აქვს, რომელზეც კვება და ძილიც კი ახდენს გავლენას.

ლაბორატორიული მონაცემების კლინიკურ სურათთან შეჯერებით და ანამნეზის გათვალისწინებით ისმება დიაგნოზი და ინიშნება ადეკვატური მკურნალობა.

- თამამად შეიძლება ითქვას, რომ პაციენტთა შორის საკმაოდ პოპულარულია ლაბორატორიული გამოკვლევები უნაყოფობის გამომწვევი ვირუსული და სხვა მიკრობული ინფექციების დიაგნოსტიკის მიზნით. რომელი ინფექციების დიაგნოსტიკაა აუცილებელი და როგორია მათი როლი უნაყოფობის განვითარებაში? როგორ მკურნალობენ აღნიშნულ ინფექციებს?

- უნაყოფობაზე საუბრისას უპირველეს ყოვლისა საშოს ანთებითი დაავადებები - არასპეციფიკური ვაგინიტი და ბაქტერიული ვაგინოზი უნდა დავასახელოთ. არასპეციფიკური ვაგინიტი დაკავშირებულია პირობითპათოგენურ ფლორასთან ანუ იმ მიკროორგანიზმებთან, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში სახლობენ, მაგრამ დაავადებას არ იწვევენ. ასეთია, მაგალითად, ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების ზოგიერთი სახეობა. ანთების შედეგად იცვლება საშოს ქიმიური რეაქცია, რაც აბრკოლებს სპერმის მიგრაციას (გადაადგილებას) და, ბუნებრივია, ხელს უშლის განაყოფიერებას.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაზიანება კანდიდოზის, ტრიქომონიაზის, ქლამიდიოზის, ურეაპლაზმოზის, მიკოპლაზმოზის დროს, ისეთი ვირუსული ინფექციები, როგორიც არის გენიტალური ჰერპესი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ტოქსოპლაზმოზი, B და C ჰეპატიტები. ეს უკანასკნელნი უნაყოფობას იმუნური მექანიზმებით იწვევენ, სხვა ინფექციები - სასქესო ორგანოების ანთებითი ცვლილებების აღმოცენებით, მილების განვლადობის დარღვევით.

არის შემთხვევები, როცა აღნიშნული ინფექციები ფარულად ანუ ლატენტურად მიმდინარეობს. სიმპტომები ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება, ზოგჯერ კი იმდენად უმნიშვნელო და არასპეციფიკურია, რომ მათი მიზეზის სათანადო ინტერპრეტაცია არ ხდება. დასახელებული ინფექციების მკურნალობა გულისხმობს ორ მომენტს - ეტიოტროპული ანუ უშუალოდ ინფექციის გამომწვევი აგენტის საწინააღმდეგო საშუალებებისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას, რა თქმა უნდა, ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობის გათვალისწინებით.

- ცნობილია, რომ არის უნაყოფობის ისეთი შემთხვევებიც, როცა ვერავითარი დარღვევის დიაგნოსტიკა ვერ ხერხდება. რამდენად ხშირია ასეთი მდგომარეობა?

- ასეთი შემთხვევები უნაყოფობის საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ასეთ დროს უცნობი გენეზის ანუ იდიოპათიურ უნაყოფობაზე ვლაპარაკობთ.

- მკითხველებს აინტერესებთ, უნაყოფობის მკურნალობის რომელი მეთოდია უფრო ეფექტური - მედიკამენტური თუ ოპერაციული, ოპერაციული ჩარევისას რომელ მეთოდს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, ან რომელი დიაგნოსტიკური გამოკვლევაა უფრო მეტად ინფორმაციული.

- ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. უპირატესობა ყოველთვის ენიჭება კვლევისა თუ მკურნალობის იმ მეთოდს, რომელიც კონკრეტული პათოლოგიის დროს არის ნაჩვენები: ზოგჯერ - მედიკამენტურს, ზოგჯერ - ქირურგიულს. ხშირად კვლევისა თუ მკურნალობის დასახელებული მეთოდები ერთმანეთს ავსებენ, საჭიროა მათი ერთდროული დანიშვნა.

არ არსებობს ისეთი მეთოდი, რომელიც ყველა სხვას ცვლიდეს და უმალვე ჰფენდეს ნათელს უნაყოფობის მიზეზს.

- რამდენად შედეგიანია დღეს ქალის უნაყოფობის მკურნალობა?

- საკმაოდ შედეგიანი. ჩვენ ვისაუბრეთ უნაყოფობის მკურნალობის პრინციპებზე, დავასახელეთ ის თანამედროვე მანიპულაციები თუ ჩარევები, რომლებიც რიგი დაავადების შედეგად აღმოცენებული უნაყოფობისას სასურველი ეფექტის მიღწევის საშუალებას გვაძლევს. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წყალობით უნაყოფო ქალი დღეს პრაქტიკულად არ არსებობს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე საქართველოშიც ტარდება ექსტრაკორპორალური ანუ ინ ვიტრო განაყოფიერება.

- რას ურჩევდით ქალებს უნაყოფობის პროფილაქტიკისთვის?

- უპირველეს ყოვლისა, გოგონების - მომავალი დედების - მშობლებს უნდა მივმართო: თვალყური ადევნეთ თქვენი ქალიშვილის სქესობრივი მომწიფების პროცესს - მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბებას, მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებას, თმიანობას, ჭარბ წონასა და ცხიმის უჩვეულო დაგროვებას. დარღვევების აღმოჩენისას დროულად მიმართეთ ექიმს. მათ, ვინც უკვე ეწევა სქესობრივ ცხოვრებას, ვურჩევ, დაიცვან სქესობრივი კავშირის ჰიგიენა, რათა თავიდან აიცილონ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ამით გამოწვეული გართულებები. სწორად დაგეგმეთ მომავალი ორსულობა.

გახსოვდეთ, ყოველი ხელოვნური აბორტი უნაყოფობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ექვს თვეში ერთხელ პროფილაქტიკური გასინჯვისთვის მიმართეთ გინეკოლოგს. ჩაიტარეთ სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგული გამოკვლევები. ჯერ ერთი, ცხოვრების ასეთი წესით საფრთხისგან დაიცავთ თქვენს ჯანმრთელობას, მეორეც - გახსოვდეთ, რომ უნაყოფობის გამომწვევი მრავალი პათოლოგია სწორედ პროფილაქტიკური გამოკვლევისას დიაგნოსტირდება.