ორსულთა დელიკატური პრობლემები
ამის შესახებ გინეკოლოგი ნანა კერესელიძე გვესაუბრება.- შებერილობას და ნაწლავთა დაცლის გაძნელებას თითქმის ყოველი მეორე ორსული უჩივის. რით არის გამოწვეული ეს მდგომარეობა? - მეტეორიზმი ორსულობისას ტიპური პრობლემაა. მიზეზი სხვადასხვაა. თუ არ ჩავთვლით ორსულობამდე არსებულ ისეთ პათოლოგიებს, როგორიც არის გასტრიტი, დუოდენიტი, დისბაქტერიოზი, ენტეროკოლიტი, მისი ასეთი გახშირება გამოწვეულია საჭმლის მომნელებელ სისტემაში უშუალოდ ორსულობით გამოწვეული ფიზიოლოგიური ძვრებით. ორსულობის დროს სუსტდება ნაწლავთა პერისტალტიკა, ნელდება მისი შიგთავსის გადაადგილება, ძლიერდება შებერილობა. შესაძლოა, შეკრულობამაც იჩინოს თავი. დედაბუნება ბრძენია. საქმე ის გახლავთ, რომ ნაწლავებსა და საშვილოსნოს საერთო ინერვაცია აქვს, ამიტომ ნაწლავების ძლიერმა აქტივაციამ შესაძლოა საშვილოსნოს ტონუსის მომატება და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა გამოიწვიოს. სამწუხაროდ, ამ თავდაცვით რეაქციას აქვს არასასურველი შედეგებიც - ნაწლავთა დაცლის შენელება და ამის შედეგად განვითარებული შებერილობა. პრობლემის ერთ-ერთი მხარეა ნაწლავთა მგრძნობელობის დაქვეითება: ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც ნაწლავთა პერისტალტიკას ასტიმულირებს. ორსულობისას ასეთი სტიმულატორებისადმი ნაწლავთა მუსკულატურის მგრძნობელობა საგრძნობლად არის შესუსტებული. გარდა ამისა, ნაწლავთა პერისტალტიკის დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს:
- მექანიკური ზეწოლა - ორსულობის დროს, განსაკუთრებით - მეორე ნახევარში, გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლის გამო ნაწილობრივ ირღვევა ნაწლავებში სისხლის მიმოქცევა, მცირე მენჯის ღრუს სისხლძარღვებში ვითარდება ვენური შეგუბება, ამის გამო ძნელდება ნაწლავების დაცლა, პერისტალტიკა დუნე ხდება, ვითარდება ყაბზობა და ნაწლავთა შებერილობა.
- სტრესული ფაქტორები - ორსულები ემოციურად არამდგრადები არიან, ადვილად ემორჩილებიან სტრესს, აქვთ უსაფუძვლო შიშები. თანამედროვე შეხედულებით, ნაწლავთა დაცლის შენელება, განსაკუთრებით - ორსულებში, არცთუ იშვიათად სტრესებით და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის განპირობებული.
- მედიკამენტები - ორსულობის დროს ანემიის პროფილაქტიკისთვის ხშირად ინიშნება პრეპარატები, რომლებიც შეიცავს რკინას. ეს ელემენტი ხელს უწყობს ნაწლავთა დაცლის შეფერხებას და შებერილობის განვითარებას. ასეთივე ეფექტი შეიძლება მოახდინოს სედაციურმა, შარდმდენმა და სპაზმოლიზურმა პრეპარატებმა, მაგალითად, ნო-შპამ, რომლებიც ინიშნება ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზის, მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების შემთხვევაში.
ნაწლავთა შებერილობა შეიძლება იყოს იმ ტკივილგამაყუჩებლების მიღების შედეგიც, რომლებსაც ლოგინობის პერიოდში, ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ტკივილის ან მტკივნეული ჭინთვების გასაყუჩებლად უნიშნავენ.
მშობიარობის შემდეგ შეკრულობისა და შებერილობის მიზეზებს ემატება კიდევ ერთი: ორსულობისას გაწელილი მუცლის კუნთები სათანადოდ ვეღარ იჭერს ნაწლავებს და შინაგან ორგანოებს.
ლოგინობის ხანაში შეკრულობის და, აქედან გამომდინარე, შებერილობის მიზეზი შეიძლება იყოს დეფეკაციის დროს ნაკერების გახსნის შიშიც.
- როგორ მკურნალობენ მეტეორიზმს?
- უწინარეს ყოვლისა, საჭიროა მიზეზის დადგენა. დიდი როლი აკისრია კვებას. კვება უნდა იყოს რეგულარული, მრავალფეროვანი, რაციონი საკმარისი ოდენობით უნდა შეიცავდეს სითხეს (1,5 ლ დღეში), უჯრედისს და პექტინურ ნივთიერებებს, რომლებიც აიძულებს ნაწლავებს, "იმუშაონ". რეკომენდებულია უმი ან ოდნავ მოხარშული ხილი და ბოსტნეული, რძემჟავა პროდუქტები, წიწიბურა, ხორბალი, მოხარშული ხორცი. ჭარხალი, შავი ქლიავი, ლეღვი, ჭერამი აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას და აადვილებს მათ დაცლას. ამავე მიზნით შესაძლებელია მცენარეული ზეთის მიღებაც - 1 ჩაის ან სუფრის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე. კარგია დილით, უზმოზე, ერთი ჭიქა ცივი თაფლიანი წყლის დალევაც.
- მედიკამენტებზე რას გვეტყვით?
- ძლიერი შებერილობის შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ გვირილის, პიტნის, კამის, კვლიავის ნაყენი. ორსულებისთვის ნებადართულია ესპუმიზანი, ენტეროსორბენტები (კარბოლენი - აქტივირებული ნახშირი), ასევე - ფერმენტული პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას (ფესტალი, პანზინორმი, მეზიმფორტე), მაგრამ მხოლოდ ექიმის თანხმობით და დანიშნულებით.
- რას უნდა ვერიდოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ნაწლავთა დაცლის შენელება და შებერილობა?
- რაციონიდან უნდა გამოირიცხოს უხეში უჯრედისით მდიდარი პროდუქტები - კომბოსტო, ისპანახი, ყურძენი, პარკოსნები, ჭვავის პური, ასევე - შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, თეთრი პური, მანანის ბურღული, ლორწოვანი სუპები, შავი მოცხარი, წითელი მოცვი, შოთხვი, შაშხი, კონსერვები. ყველა ეს პროდუქტი, აგრეთვე - მშრალი საკვები იწვევს შეკრულობას, ხელს უწყობს ნაწლავებში დარჩენილი პროდუქტების ლპობას და მუცლის შებერვას.
- ვინაიდან ორსულებში შებერილობა ხშირად შეკრულობასთან არის შერწყმული, ხშირად იყენებენ საფაღარათო საშუალებებს...
- საფაღარათო საშუალებების მიღება სასურველი არ არის, რადგან არსებობს ორსულობის შეწყვეტის რისკი. არა მარტო ისეთმა ძლიერმოქმედმა პრეპარატებმა, როგორიც არის მაგნიუმის სულფატი (ინგლისური მარილი), კარლოვი-ვარის მარილი, აბუსალათინის ზეთი, არამედ საკმაოდ სუსტებმაც - ხეჭრელას ფესვმა, რევანდმა, ხეშავის ნაყოფმა, სინემაქის ფოთოლმა - შესაძლოა რეფლექსური ჭინთვები გამოიწვიონ. გარდა ამისა, ვითარდება სეკრეტორული დიარეა, რაც სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვას, ჰიპოკალიემიას იწვევს. ასე რომ, უმჯობესია, უჯრედისით მდიდარ საკვებს დავჯერდეთ, უკიდურეს შემთხვევაში, საფაღარათო საშუალებები დიდი სიფრთხილით, ექიმთან შეთანხმებით უნდა შეირჩეს. დაუშვებელია აგრეთვე ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიც არის:
- ანტოქინონები და დიფენილმეთანის დერივატები (ფენოლფტალეინი, ბისაკოდილი, ალოე, ნატრიუმის პიკოსულფატი) - ადუნებს გლუვ კუნთებს და თრგუნავს პერისტალტიკას, აქვს მუტაგენური მოქმედება და ახასიათებს გენური ტოქსიკურობა.
- დამარბილებელი საშუალებები (ვაზელინისა და სხვა მინერალური ზეთები).
- ფიზიოთერაპიული საშუალებები (ელექტროფორეზი, ინდუქტოთერმია, ელექტროსტიმულაცია), - დიდია საშვილოსნოს შეკუმშვისა და ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხე.
უპირატესობა ენიჭება ლაქტულოზის შემცველ პრეპარატებს (დიუფალაკი). ისინი მოქმედებენ ნაწლავის მიკროფლორის მეტაბოლიზმზე, ზრდიან ნაწლავის შიგთავსის ოსმოსურ წნევას და საქაროლიზური ბაქტერიების ბიომასას. ამის შედეგად ძლიერდება პერისტალტიკა და დეფეკაცია მწყობრში დგება. პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ნაწლავის შიგთავსის მოცულობას (საკვები ბოჭკოები, ჰიდროფილური კოლოიდები), დიდი ოდენობით სითხის მიღებას მოითხოვენ, რაც არღვევს წყლის ბალანსს და იწვევს შეშუპებას. მათი ნაკლია ისიც, რომ ეფექტი გვიან (10-20 დღის შემდეგ) ხდება შესამჩნევი, ხოლო ზოგიერთისთვის, ვინც ნაწლავთა გამოხატულ ჰიპოტონიას უჩივის, ეს პრეპარატები სრულიად უეფექტოა. ორსულებისთვის მათი გამოყენება ნებადართულია, ოღონდ დიდი სიფრთხილით და წყლის ბალანსის დაცვით.
- რას გვეტყვით სამკურნალო ფიზკულტურასა და წყლის პროცედურებზე?
- ნაწლავთა პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად კარგია სამკურნალო ფიზკულტურა, ცურვა, მასაჟი, საერთოდ, მოძრაობა (თუ მოახლოებული არ არის მშობიარობა ან არ არსებობს ნაადრევი მშობიარობის საფრთხე). სასარგებლოა ნაწლავების თვითმასაჟიც: დადექით ან დაწექით და მსუბუქი მოძრაობებით მოისვით ხელი მარჯვენა საზარდულიდან ღვიძლამდე, შემდეგ ხელისგული გაატარეთ ჭიპის ზემოთ და ჩადით მარცხენა საზარდულამდე. დროდადრო მოძრაობები ააჩქარეთ, მიეცით მსუბუქი ვიბრაციის, ტალღების მსგავსი ხასიათი. მასაჟი გრძელდება 10-15 წუთს. უმჯობესია, ის მაშინ გაიკეთოთ, როდესაც დეფეკაციის სურვილი მოგივლით, რათა დეფეკაციის პირობითი რეფლექსი გამოიმუშაოთ. ამაში დაგეხმარებათ უკანა ტანში გლიცერინის სანთლების შეყვანაც. ამ პროცედურიდან 20 წუთის შემდეგ აუცილებლად მიაკითხეთ ტუალეტს, თუნდაც დეფეკაციის სურვილი არ გქონდეთ. იქ გაატარეთ 10-15 წუთი, ფრთხილად გაიჭინთეთ და შეეცადეთ, ნაწლავები დაცალოთ. როდესაც რეფლექსი აღდგება, სანთლები აღარ დაგჭირდებათ. თუ კუჭმა მაინც არ იმოქმედა, დასაშვებია გამწმენდი ოყნა - 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი 1,5 ლიტრ თბილ წყალში. ოღონდ გახსოვდეთ, რომ ხშირი ოყნა ჯანმრთელობას ვნებს.
დაბოლოს:
- თანდათანობით გაზარდეთ მცენარეული საკვების წილი თქვენს რაციონში. დაღეჭეთ კარგად.
- მიიღეთ ბევრი სითხე.
- ფიზიკურად იაქტიურეთ (სხვას თუ ვერაფერს მოხერხებთ, ეცადეთ, ყოველდღე 30 წუთი მაინც იაროთ ფეხით).
- თუ რომელიმე ხილი ან ბოსტნეული აირებს დიდი რაოდენობით გიგროვებთ, ეცადეთ, ისე დაამუშაოთ (გათალეთ, მოხარშეთ, მოშუშეთ), რომ ადვილი მოსანელებელი იყოს.
- ლობიო მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაალბეთ წყალში, გადაწურეთ და ახალ წყალში მოხარშეთ. თუ დაკონსერვებულს იყენებთ, გადაწურეთ, გადაავლეთ წყალი და ისე მოამზადეთ.
- ერიდეთ გაზიან სასმელებს და ისეთ პროდუქტებს, რომლებიც დუღილის პროცესებს იწვევენ - ცხვრის ხორცს, ქიშმიშს, ბურახს.