რატომ უნდა ავიღოთ შვებულება და დავისვენოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა ავიღოთ შვებულება და დავისვენოთ

დადგა განტვირთვისა და გაჯანსაღების ორიგინალური ფორმების მოძიების დრო, სადაც ერთმანეთთან იქნება შერწყმული დასვენება, რელაქსაცია, გართობა, ფიზიკური და სულიერი წონასწორობის აღდგენა, ახლის შეცნობა, მკურნალობა და სხვა.

რა არის შვებულება, იცის ყველამ, ვინც მუშაობს და არ მუშაობს: სტუდენტმა, მოსწავლემ, სახელმწიფო მოხელემ, საბიუჯეტო ორგანიზაციისა თუ კერძო კომპანიის თანამშრომელმა. დიასახლისები და ბინაზე დასაქმებულებიც კი ოცნებობენ შვებულებაზე, ანუ დროზე, რომელიც შეიძლება მიუძღვნან მხოლოდ საკუთარ თავს.

შვებულების მნიშვნელობასა და დასვენების აუცილებლობაზე გვესაუბრება თბილისის მე-12 პოლიკლინიკის ოჯახის ექიმი ეკა ილურიძე.

  • ქალბატონო ეკა, რატომ არის აუცილებელი შვებულება ადამიანის ნორმალური ცხოვრებისთვის?

- მთელი წლის განმავლობაში ადამიანი აკეთებს რუტინულ, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმეებს: გაიღვიძა, ისაუზმა, წავიდა სამსახურში, იმუშავა, მოვიდა სამსახურიდან, ივახშმა, დაწვა დასაძინებლად, - და ასე ყოველდღე. ეს ნუსხა, უმნიშვნელო ცვლილებებს თუ არ ჩავთვლით, ძირითადად ერთი და იგივეა. იქმნება ერთფეროვნების განცდა, რომელიც სევდა-ნაღველში, მოგვიანებით კი დეპრესიაში გადაიზრდება. შედეგად ვიღებთ უბედურ, ცხოვრებით დაუკმაყოფილებელ ადამიანებს. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, ჩვენს ცხოვრებაში უნდა შევიტანოთ მრავალფეროვნება: მეგობრებთან შეხვედრა, კინოში, ბუნების წიაღში სიარული... და, რაღა თქმა უნდა, სათანადოდ გამოვიყენოთ შვებულება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დახარჯული სასიცოცხლო ძალების აღდგენაში გვეხმარება. სწორედ შვებულებას შეუძლია, გვაჩუქოს უამრავი სასიამოვნო შთაბეჭდილება, დაგვმუხტოს ენერგიით მომავალი წლისთვის, გაგვიუმჯობესოს სიცოცხლის ხარისხი.

დასვენება ახირება კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, აუცილებელი რამაა. ახლა ინფორმაციის საუკუნეა. კომპიუტერი, ტელეფონი, ინტერნეტი ისეთივე შრომის იარაღებია, როგორიც ადრე ჩაქუჩი, ბარი და თოხი ან გუთანი იყო. თუ წინათ ადამიანი ფიზიკურად მუშაობდა, საკუთარი კუნთების ძალას იყენებდა, თანამედროვე ადამიანისთვის გონებრივი შრომაა მეტად დამახასიათებელი.

ტვინი ის კუნთია, რომელსაც ადამიანი ავარჯიშებს სწავლის პროცესში და შემდეგ შრომისთვის იყენებს. ფიზიკურად მომუშავე ადამიანისთვის საუკეთესო დასვენებად ყოველთვის ითვლებოდა ძილი. ძილში კუნთები დუნდება და აღდგება.

ინტელექტუალური შრომით დაკავებული ადამიანისთვის ძალების აღდგენა გაცილებით რთულია. გონებრივი დაღლილობა ისე მწვავედ არ იგრძნობა, როგორც კუნთოვანი. ქრონიკულ დაღლილობასთან ბრძოლა რომ არ მოგვიწიოს, რაც შეიძლება ხშირად უნდა განვტვირთოთ ნერვული სისტემა. საამისოდ საუკეთესო გზაა ფიზიკური აქტივობა.

მედიკოსებმა და ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ფიზიკურმა და გონებრივმა დაძაბულობამ შეიძლება დამღუპველი გავლენა მოახდინოს ადამიანის ორგანიზმზე. მხოლოდ სრულფასოვანი დასვენებით შეიძლება ამის გადალახვა. იყო დრო, როდესაც ადამიანები მუშაობდნენ არათუ შვებულების, არამედ უქმე დღეების გარეშე, თუმცა ბევრი ჩვენს სინამდვილეშიც განაგრძობს ამგვარი რეჟიმით მუშაობას. სამეცნიერო კვლევებით დადგინდა, რომ 24-დღიანი შვებულებაა საჭირო, რათა ორგანიზმს მიეცეს შრომითი ყოველდღიურობისგან დასვენების სრული შანსი. ასეთ ხანგრძლივ შვებულებაზე ჩვენს პირობებში მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება. უმეტესობა თავისთვის სულ ორ კვირას იმეტებს და მაშინაც ვერ ახერხებს დასვენებას, რადგან პასუხობს შემცვლელთა სატელეფონო ზარებს, წერს სამსახურებრივ წერილებს, კითხულობს პროფესიულ თემატიკასთან დაკავშირებულ პრესას, დასასვენებლად მიმავალს თან მიაქვს ლეპტოპი, რათა აუცილებელი ანგარიში მოამზადოს...

კორპორაციის ხელმძღვანელობისთვის ხელსაყრელია, მისი თანამშრომელი არასამუშაო დროსაც მუშაობდეს. დასაქმებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კი ვნებს დასვენების დროს დამატებითი საქმიანი დატვირთვა. ადამიანი, რომელმაც უხარისხოდ, არასრულფასოვნად დაისვენა, უფრო ნაკლებხარისხიანად ართმევს თავს საკუთარ მოვალეობებს.

ბევრ დამსაქმებელს მიაჩნია, რომ შვებულება უსარგებლო შესვენებაა, მაგრამ ხანგრძლივი შრომითი საქმიანობა შვებულების გარეშე ემოციური დაძაბულობაა, რომელმაც საბოლოო ჯამში შესაძლოა დეპრესიასთან ან პროფესიულ “გადაწვასთან” მიგვიყვანოს. ამდენად, თუ შვებულებაში გასვლა გადაწყვიტეთ, ეცადეთ, ყველა საქმე გადააბაროთ სხვას, გამორთეთ სამსახურის ტელეფონი, მოდუნდით და თავს სრულფასოვანი დასვენების უფლება მიეცით.

  • რაში სჭირდება ადამიანს დასვენება?

- პასუხი თითქოს ყველასათვის ნათელია, მაგრამ ყველას როდი ესმის დასვენების მნიშვნელობა. ბევრი ცხოვრობს წლობით შვებულების გარეშე და მერე უკვირთ, საიდან მოვიდა დეპრესია და ცხოვრებით უკმაყოფილება. სინამდვილეში ეს ცნებები ერთმანეთთან არის კავშირში.

შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრება დროული დასვენების გარეშე.

არსებობს კიდევ ერთი მცდარი შეხედულება, თითქოს შვებულების დროს უნდა დავასრულოთ მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი საქმეები, მაგალითად, რემონტი. ეს არასწორია, თუმცა, ცხადია, შვებულების ნაწილი შეიძლება დავხარჯოთ ამაზეც. გარდა ამისა, არ შეიძლება, მთელი შვებულება გავატაროთ შინ, ტელევიზორის ეკრანთან, ჟურნალის ფურცვლაში ან ჩვეულებრივ საოჯახო საქმიანობაში. სადმე წასვლა აუცილებელია. გარემო უნდა შევიცვალოთ, თუნდაც ეს იყოს აგარაკი, ზღვა, მთა, ლაშქრობა... ეს აუცილებელია, რათა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ორგანიზმმა შეძლოს ინფექციასთან, სტრესსა და გადაღლასთან ბრძოლა.

გარდა ამისა, დასვენება მნიშვნელოვანია თუნდაც წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, - იმისთვის, რომ სახელმწიფოს, დამკვეთს ან დამქირავებელს ჰყავდეს ძლიერი, ჯანსაღი სამუშაო ძალა, რომელიც მთელი წელი არ იავადმყოფებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაც მაღალია შრომისუნარიანობა, მით ნაკლები დანახარჯი აქვს სახელმწიფოს თუ დამქირავებელს და მოგებაც მეტია.


  • რამდენი დღეა საჭირო ოპტიმალური დასვენებისთვის?

- როგორც მოგახსენეთ, დადგენილია, რომ მინიმუმ 24 დღეა საჭირო კურორტული დასვენებისგან გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღებად, თუმცა დღესდღეობით დასვენების ხანგრძლივობა არ აღემატება ორ კვირას, რაც ძალიან ცოტაა.

კურორტული მკურნალობის უმნიშვნელოვანესი პრინციპია ბუნებრივი ფიზიკური ფაქტორების გამოყენება ფიზიოთერაპიასთან, სამკურნალო ფიზკულტურასა და დიეტოთერაპიასთან ერთად. კურორტზე მკურნალობა უფრო ეფექტურია, რადგან იქ ორგანიზმზე მოქმედებს კურორტის ბუნებრივი პირობების კომპლექსი. გარდა ამისა, ადამიანი იცვლის ჩვეულ საყოფაცხოვრებო გარემოს, თავისუფლდება დატვირთვისგან, ყოველდღიური საზრუნავისა და გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან.

ადამიანი კურორტზე ხანგრძლივად ან მუდმივად იმყოფება სუფთა ჰაერზე, რომელიც გაჯერებულია აეროიონებით და ფიტონციდებით. იგი განიცდის ირგვლივ არსებული ლანდშაფტის ზემოქმედებას.

  • წინათ ჯერ მთაში მიდიოდნენ დასასვენებლად, შემდეგ მცირე ხნით - ზღვაზე...

- რა თქმა უნდა, თალასოთერაპია, ზღვით მკურნალობა, ძალიან მნიშვნელოვანია. თალასოთერაპია მოიცავს სამ კომპონენტს: ზღვის აბაზანებს, ჰაერის აბაზანებსა და მზის აბაზანებს. ეს არის ზღვის კურორტებზე დასვენების მთელი კომპლექსი, რომელსაც თავისი დადებითი თვისებები და აუცილებლობა აქვს.

ადამიანისთვის კურორტს არჩევს ექიმი-კურორტოლოგი, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ადგენს ელემენტარულ კურორტოლოგიურ ფაქტორებსა და ნიუანსებს. წლების განმავლობაში შემუშავებულია, ამა თუ იმ დაავადებას მიმდინარეობის სტადიის მიხედვით რა ჩვენებები და უკუჩვენებები შეიძლება ჰქონდეს კურორტოლოგიურ მკურნალობასა და დასვენებასთან მიმართებით და რომელი დაავადების მქონე ადამიანი რომელ კურორტზე შეიძლება წავიყვანოთ.

საქართველო უნიკალური ქვეყანაა. აქ არის 100-ზე მეტი კურორტი, 340 საკურორტო ადგილი, 2000-ზე მეტი მინერალური წყარო, 1300-ზე მეტი კარსტული მღვიმე, წყალუხვი მდინარეები, ტბები, ჩანჩქერები, შავიზღვისპირეთის სუბტროპიკული ზონა, დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები, ტყეები, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, მარადიული თოვლითა და ყინულით დაფარული კავკასიონის მწვერვალები.

საერთოდ, როდესაც ადამიანს ამა თუ იმ კურორტს ვურჩევთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით - რა დაავადებები აქვს მას, უბრალოდ ჰაერზე დასვენება სჭირდება თუ სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებებიც. მიიჩნევა, რომ მთის კურორტების კლიმატი მატრენირებელია, ზღვის კურორტებისა კი დამზოგველი ანუ ნაზად მოქმედი. როდესაც ჩვენი მიზანი გაჯანსაღებაა, მეტადრე - ბავშვთა კონტინგენტთან, მთის კურორტებზე დასვენებას ვურჩევთ.

საქართველოს ძალიან რთული რელიეფი აქვს. აქ განასხვავებენ დაბალი მთის, საშუალო მთისა და მაღალი მთის კურორტებს. გრადაცია ხდება ზღვის დონიდან კურორტის მდებარეობის გათვალისწინებით.

  • როდესაც ადამიანი იცვლის გარემოს, თუნდაც მუდმივი საცხოვრებლიდან გადადის კურორტზე, თავს იჩენს აკლიმატიზაციის პრობლემა. რისი ბრალია ეს, რამდენ ხანს გრძელდება და როგორ გადავიტანოთ?

- აკლიმატიზაცია არის ორგანიზმის ბუნებრივი, დამცავი რეაქცია. მას ადაპტაციის უნარი რომ არ გააჩნდეს, ჩვენ, ელემენტარულად, ვერ შევეგუებოდით ტემპერატურის ცვალებადობას, სიცივეს, სიცხეს. მაგრამ აკლიმატიზაციის პროცესმა მსუბუქად უნდა ჩაიაროს. ამიტომაც არის საჭირო, ადამიანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ზუსტად შევურჩიოთ ის კურორტი, რომელიც მასში მკვეთრ აკლიმატიზაციურ რეაქციებს არ გამოიწვევს. ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს არ არის დამთრგუნველი. აკლიმატიზაციის პროცესი შეიძლება 1-დან 5 დღემდე გაგრძელდეს. როდესაც იგი 4-5 დღე გრძელდება, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ის ადგილი კონკრეტული ადამიანისთვის მიუღებელია, ესე იგი ორგანიზმს უჭირს შეგუება იმ დატვირთვასთან, რომელსაც აქ განიცდის. უნდა გავითვალისწინოთ ასაკობრივი ფაქტორი, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მდგომარეობა, რადგან სწორედ ეს ორი სისტემაა წამყვანი ამ თვალსაზრისით.

აკლიმატიზაციის პერიოდში დღის რეჟიმი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ორგანიზმი იოლად შეეგუოს განსხვავებულ გარემო პირობებს. როდესაც ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, გულის პრობლემები, ვთქვათ, სტენოკარდია ან იშემიური დაავადება, თუნდაც კომპენსაციურ პერიოდში, მას ზღვის კურორტი უნდა ვურჩიოთ.

გასათვალისწინებელია სეზონიც - არც ძალიან უნდა ციოდეს და არც მეტისმეტად ცხელოდეს, უნდა იყოს კომფორტული ტემპერატურა, დაახლოებით 18-200C.

დასვენების დროს მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი. კარგი დასვენების ერთ-ერთ პარამეტრად ითვლება კარგი კვება. მაგრამ როგორ გვესმის ეს ცნება? თუ ბევრს მიირთმევთ ხილ-კენკრას, ბოსტნეულს და იმ ადგილისთვის დამახასიათებელ ჯანსაღ პროდუქტს, სადაც იმყოფებით, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ თუ ჭარბად იღებთ პურ-ფუნთუშეულობას, ეს სრულიადაც არ არის სასარგებლო. საკვები უნდა იყოს ჯანსაღი. თუ სოფელში მიემგზავრებით, ეცადეთ მიირთვათ ჯანსაღი ძროხის რძე და რძის ნაწარმი, შეუწამლავი ხილი.

სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, თავის ირგვლივ სივრცეს ის საკუთრად განიხილავს. ადამიანის ირგვლივ არსებული სივრცე მისი ნაწილია. ლამაზი ადგილი ადამიანში აღძრავს ამაღელვებელ გრძნობებს, ამდიდრებს მის სულს. ადამიანს უბრალოდ სჭირდება ლამაზ ადგილას ყოფნა. სხვაგვარად მოგზაურობა ესოდენ პოპულარული არ იქნებოდა.