შვებულების შემდგომი სინდრომი
- ეცადეთ, შინ შვებულების დამთავრებამდე 2-3 დღით ადრე დაბრუნდეთ.
- თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, შინ დაბრუნებისთანავე ნუ მიუჯდებით კომპიუტერს.
- მაშინვე ნუ დაიწყებთ ნაცნობ-მეგობრებთან რეკვას ახალი ამბების გასაგებად.
- ნუ ეცდებით, სწრაფად დაემშვიდობოთ შვებულებისდროინდელ შთაბეჭდილებებს. თვალი გადაავლეთ დასვენების ადგილიდან ჩამოტანილ ნივთებსა და სუვენირებს. ახალი ფოტოსურათებისგან შეადგინეთ ალბომი ან ჩასვით ჩარჩოში და სამუშაო მაგიდასთან მოათავსეთ.
- ყოველდღე ივარჯიშეთ და ისეირნეთ.
დასვენებისას დაგროვილი ემოციების შეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ოფისში დაბრუნებულს, გსურთ თავი მოიწონოთ ფოტოსურათებით და შთაბეჭდილებებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი მოსმენით ყველა აღფრთოვანებული ვერ დარჩება. ყოველი ჩვენგანი სამსახურში გარშემორტყმულია სამი კატეგორიის ადამიანებით: ახლობლებით, ნეიტრალურებითა და შეუთავსებლებით. პირველ კატეგორიასთან ისეთი ახლო ურთიერთობა გვაქვს, რომ შვებულების შემდეგ მხურვალე ხვევნა-კოცნით ვხვდებით, ვესაუბრებით ბავშვებზე, ოჯახურ პრობლემებსა და პირად განცდებზეც კი. მეორე კატეგორიის ადამიანებთან ტაქტიანი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ამის იქით აღარ მივდივართ. მესამე კატეგორიის ადამიანები კი ჩვენში შფოთვასა და დისკომფორტს იწვევენ. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეფუძნება ეს შეუთავსებლობა - ბიოენერგეტიკას, იდეოლოგიას თუ რელიგიურ შეხედულებებს, ისინი ყოველთვის მწარედ და უმიზეზოდ იკბინებიან. გახსოვდეთ: დადებითი ემოციების გაზიარება მხოლოდ ახლობელ და ნეიტრალურ ადამიანებთან შეიძლება. “სისხლისმწოველზე” პოზიტივი ისევე მოქმედებს, როგორც ხარზე - წითელი მოსასხამი. შური და ეჭვიანობა მას თავდასხმისკენ უბიძგებს. როცა სასიამოვნო შთაბეჭდილებებს იხსენებთ, იხსნებით და მოწყვლადი ხდებით, თქვენი გულისტკენაც ადვილია.
რით დავიწყოთ?
“მეზარება, დიახ, ძნელია, განწყობა არ მაქვს, მაგრამ საჭიროა!” - გულში ამ სიტყვებს იმეორებს ყველა, ვინც ცდილობს, შვებულების შემდეგ სამუშაოდ განეწყოს, თუმცა მცდელობა ხშირად უშედეგოდ მთავრდება, ამიტომ უმჯობესია, თანამდებობრივი მოვალეობების შესრულება სასიამოვნო საქმით დაიწყოთ. სამუშაო, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, დასვენებისას მოკრებილი ენერგიით იკვებება, საქმე პირდაპირ იწვის თქვენს ხელებში, მერე კი ეს “ცეცხლი” სხვა საქმეებსაც ედება. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც არ გიყვართ, უმჯობესია, კრიზისის ჩავლის შემდეგ, შვებულების დამთავრებიდან ასე ერთ კვირაში შეუდგეთ. არასასიამოვნო მოვალეობებს ფსიქოლოგები ბაყაყს ადარებენ, რომლის შეჭმაც აუცილებელია. რაც უფრო მეტხანს დაჰყურებთ და ფიქრობთ, რომელი მხრიდან ჩაკბიჩოთ, მით უფრო ძლიერ ზიზღს იწვევს ის, ამიტომ ჯობს, ერთბაშად გადაყლაპოთ. თუ ასეთი საქმე ორია ან მეტი, დაიწყეთ ყველაზე არასასიამოვნოთი და უმალვე გადადით მომდევნოზე. შვებულების შემდეგ რეაბილიტაციას მოითხოვს არა მხოლოდ გონება, ფსიქიკა, არამედ სხეულიც. ისიც თანდათან უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ფიზიკურ რეაბილიტაციას, წესისამებრ, ფსიქოლოგიური მოჰყვება და აი, კვლავ ფორმაში ხართ.
სამსახურში
დასვენებისას ადამიანი ივიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს და მუდმივი დაძაბულობისგან თავისუფლდება. ეს აუცილებელია, მაგრამ რეალობისგან მთლიანად მოწყვეტა არ არის სასარგებლო. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ერთკვირიანი შვებულება გაცილებით შედეგიანია, ვიდრე ორკვირიანი და უფრო ხანგრძლივი, სამკვირიანი დავენების შემდეგ კი ინტელექტის კოეფიციენტი თურმე საგრძნობლად ქვეითდება. გაითვალისწინეთ ეს და გული ნუ დაგწყდებათ, თუ სამსახურში ორ კვირაზე მეტხანს დასვენების საშუალებას არ მოგცემენ. ისიც დადგენილია, რომ საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებათა 80 პროცენტი სწორედ შვებულების შემდგომ პერიოდში იწერება. ამიტომ ნუ დაემორჩილებით სტრესს, რომელიც სამსახურში დაბრუნების შემდეგ დაგეუფლებათ - ის მალე ჩაივლის. სტრესთან ბრძოლა, როგორც ვარჯიში, მოთელვით დაიწყეთ. პირველ დღეს მშვიდად გადაათვალიერეთ მაგიდაზე დაგროვილი ქაღალდები, მოინახულეთ ელექტრონული ფოსტა, უპასუხეთ წერილებს, დაურეკეთ პარტნიორებს.
- უმალვე ნუ შეეჭიდებით მასშტაბურ პროექტებს.
- თავი არიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და სტრესის გარეშე დაუბრუნდით უწინდელ რეჟიმს.