მივდივართ ზღვაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მივდივართ ზღვაზე

ქვიშის აბაზანების მიღება აუცილებელია. მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, რომ ზღვაზე დასვენებამ სარგებლობა მო-უტანოს მის პატარას. გვესაუბრება პედიატრი ლოლა ზვიადაძე.

-ქალბატონო ლოლა, რამდენად აუცილებელია ბავშვისთვის ზღვა და მზის აბაზანები?

- D ვიტამინის, ე. წ. მზის ვიტამინის, ნაკლებობა იწვევს დაავადებას, რომელსაც ყველა იცნობს. ეს რაქიტია. მისი პროფილაქტიკისთვის უპრიანია, პატარა მზეზე ვასეირნოთ, რადგან სწორედ მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება კანში D ვიტამინი.

- ხშირად მშობლები ვერ ხვდებიან, რომ ბავშვს რაქიტი აქვს. როგორია ამ დაავადების ადრეული ნიშნები, რა არ უნდა გამორჩეთ მშობლებს?

- რაქიტის პირველი ნიშნები, ჩვეულებრივ, 2-3 თვის ასაკში ვლინდება. თუმცა არ არის გამორიცხული, უფრო ადრე, მაგალითად, 1,5 თვის ასაკში, ან უფრო გვიან - მეექვსე თვეს იჩინოს თავი. უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს კრთომა, ჭირვეულობა, ძილის დარღვევა, ჩვეულებრივი გამღიზიანებლების: ხმამაღალი ლაპარაკის, კარის გაღების, ოთახის განათების, შეხების - მიმართაც კი მოჭარბებული მგრძნობელობა და ტირილით რეაგირება, იოლად გამოფხიზლება, სათამაშოების მიმართ ინტერესის დაქვეითება, აქტიური მოქმედებების სურვილის უქონლობა.

მერე და მერე შესამჩნევი ხდება სხვა ნიშნებიც, კერძოდ, სახის, თავისა და კისრის ჭარბი ოფლიანობა, განსაკუთრებით - ჭამის, ძილის დროს; ოფლს აქვს უსიამოვნო, მჟავე სუნი, აღიზიანებს ჩვილის ნაზ კანს, იწვევს ქავილსა და გამონაყარს.

- როგორ მივაღებინოთ პატარას მზის აბაზანები?

- ჩვილი, რომელიც უკვე იწონის 4,5 კგ-ს, თბილ, უქარო ამინდში მცირე ხნით შეგიძლიათ მზისგულზე დატოვოთ. მზის აბაზანები თავდაპირველად 1-2 წუთს უნდა გაგრძელდეს. თანდათან გაახანგრძლივეთ, მაგრამ ისე, რომ არ გადააჭარბოს 10-15 წუთს. მზიან, მაგრამ გრილ ამინდში პატარას მხოლოდ ფეხები გაუშიშვლეთ, სახე კი დაუფარეთ. ბავშვი რომ არ გადახურდეს, მაგიდაზე დააწვინეთ - ასე ჰაერი ყოველი მხრიდან დაუბერავს და გააგრილებს. თუ მზის სინათლე ინტენსიურია, მაგალითად - პლაჟზე, ბავშვი პირველი 2-3 დღე ჩრდილში უნდა გყავდეთ.

- რა ასაკიდან შეიძლება პატარას ზღვაზე წაყვანა?

- თუ ქალაქში ცხოვრობთ და ჩვილის ზღვაზე წაყვანა გსურთ, უმჯობესია, 3 თვემდე მოიცადოთ. პედიატრთან შეუთანხმებლად მაინც ნუ გადაწყვეტთ ამ საკითხს, ვინაიდან კლიმატის შეცვლისას გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. თუ ზღვის სანაპირო ზოლის მკვიდრი ბრძანდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვილი შეჩვეულია ზღვის კლიმატს და შეგიძლიათ, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ასეირნოთ სანაპიროზე ჰაერისა და მზის აბაზანების მისაღებად. პატარას ნაზი და თხელი კანი აქვს, რომელსაც სათუთი და ფაქიზი მოპყრობა სჭირდება, ამიტომ მზის აბაზანების დროს მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ - შესაძლოა, პაწია დაიწვას.

- ზღვაში ჩვილის ბანაობა თუ შეიძლება?

- უმჯობესია, შეიძინოთ ზღვის მარილი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება, გახსნათ თბილ წყალში ეტიკეტზე მითითებული წესით და პატარას ასეთი წყლის აბაზანები მიაღებინოთ. სასურველია, წყალი მზეზე გაათბოთ. ამ პროცედურის ჩატარება თვით პლაჟზეც შეიძლება, რათა ბავშვმა ერთდროულად მიიღოს წყლის, ზღვის ჰაერისა და მზის აბაზანები. საამისოდ პატარა გასაბერი აუზი გამოიყენეთ.

- სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ზღვისპირა ქვიშაც. როგორ შეიძლება მისი გამოყენება რაქიტის, ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიების დროს?

- შავი ზღვის მაგნიტური ქვიშა ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. მისი ძირითადი მინერალები მაგნიტიტი და ტიტამაგნიტიტია. სუფსასა და ნატანებს შორის 30-50 მ სიგანის 11 კმ-იანი ზოლი მაგნეტიტის სხვადასხვა სახეობით მდიდარ ქვიშას შეიცავს. ზღვა, მზე, მაგნიტური ქვიშა შესანიშნავ პირობებს ქმნის იმ ბავშვების დასასვენებლად და სამკურნალოდ, რომლებსაც ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები აქვთ.

სამკურნალოდ საჭიროა სუფთა, საშუალო ზომის საცერზე გაცრილი ქვიშა. მას დილით ადრე ცრიან და შიგ ორმოს აკეთებენ; 11-12 საათისთვის, როცა ქვიშა 50-55 გრადუსამდე გათბება, ბავშვს ორმოში აწვენენ და ზედ ცხელ ქვიშას აყრიან. ღიად უტოვებენ თავს, კისერს, გულმკერდს. მზემ რომ არ დაჰკრას, უმჯობესია, თავი ჩეროში, ქოლგის ქვეშ ჰქონდეს მოქცეული. პროცედურის ხანგრძლივობა 2 წუთიდან იწყება და თანდათანობით 15 წუთამდე იზრდება. პროცედურის შემდეგ სხეულიდან ქვიშა უნდა ჩამობერტყოთ, ზეწარი შემოახვიოთ და 10-15 წუთით ჩრდილში დააწვინოთ, მერე კი თბილი წყალი გადაავლოთ. მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანას მოიცავს.

- ორგანიზმისთვის მზის სხივების აუცილებლობაზე ვისაუბრეთ. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მზის აბაზანებმა მხოლოდ სარგებლობა მოგვიტანოს?

- მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ბავშვის კანს არ შესწევს მელანინის - ბუნებრივი დამცავი პიგმენტის - გამომუშავების უნარი, ამიტომ მზის პირდაპირი ზემოქმედების შედეგად ის შესაძლოა რამდენიმე წუთში დაიწვას. დამწვრობა გამოიხატება:

  • კანის გაწითლებით;
  • ტემპერატურის მომატებით;
  • ქავილით;
  • კანის აქერცვლით;
  • ტკივილითა და მოუსვენრობით.

ბავშვის კანი უფრო სწრაფად შთანთქავს და კარგავს წყალს, ვიდრე მოზრდილისა, ამიტომ მზისგან დამცავი საშუალებები, ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვასთან ერთად, უნდა ანოტივებდეს კიდეც კანს.

- როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის მზისგან დამცავი საშუალება?

- აირჩიეთ ისეთი საცხი ან ლოსიონი, რომელიც კანს A და B ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. ამასთან, ეცადეთ, ეს საშუალებები საგანგებოდ ბავშვებისთვის იყოს შემუშავებული და შPF ინდექსი 25-ზე ნაკლები არ ჰქონდეს. შინიდან გასვლამდე 15-20 წუთით ადრე საცხი მთელ სხეულზე შეაზილეთ პატარას.

წყალში დასველებისა და პირსახოცით გამშრალების შემდეგ შეგიძლიათ დაუმატოთ. ნუ გახვალთ მზეზე დილის 11-დან ნაშუადღევის 15 საათამდე - ამ პერიოდში მზის პირდაპირი სხივები განსაკუთრებით სახიფათოა.

- საშიშია თუ არა ღრუბლიან ამინდში ბავშვის პლაჟზე გაყვანა?

- ღრუბლები მზის სხივების ზემოქმედებას არ ასუსტებს. მზის გამოსხივება სხვადასხვა სპექტრის სხივებს აერთიანებს. A სხივები ღრმად იჭრება კანის შრეებში, იწვევს ნაადრევ დაბერებას, ნაოჭების წარმოქმნას, ალერგიულ რეაქციებს, B სხივები ზემოქმედებას ახდენს კანის ზედაპირულ შრეებზე, იწვევს მზის დამწვრობასა და კანის კიბოს. ასე რომ, ღრუბლიან ამინდში, ქუჩაში, ზღვაზე თუ მთაში მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან თავის დაცვა აუცილებელია.

- მზეზე დიდხანს ყოფნამ შესაძლოა მზის დაკვრა და გადახურებაც გამოიწვიოს. რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?

- ორგანიზმის მიერ სითბოს გამომუშავებასა და გარემოს ტემპერატურას შორის არსებობს ერთგვარი წონასწორობა, მაგრამ თუ გარემოს ტემპერატურა მაღალია და ორგანიზმი ვერ გამოყოფს საკმარის სითბოს (თბილად აცვია, მაღალი ტემპერატურა აქვს და ა.შ.), ხდება გადახურება. ამ მხრივ ბავშვები, განსაკუთრებით - ჩვილები, რამდენადმე არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან, რადგან მათი ორგანიზმი ფიზიოლოგიურადაც ერთგვარი დაძაბვით მუშაობს. დახურული და დახშული ბინა, გაციების შიშით ბავშვის შეფუთვა და ბინის ზედმეტად გათბობა, ისევე როგორც მზისგულზე დიდხანს ყოფნა, შესაძლოა გადახურებისა და მზის დაკვრის მიზეზად იქცეს.

- რა ხდება მზის დაკვრის დროს?

- ჩვილ ბავშვებში თავდაპირველად თავს იჩენს კუჭ-ნაწლავის პრობლემები - პირღებინება და ფაღარათი, რომელიც თანდათან ხშირდება. ბავშვი ფითრდება, უვითარდება ექსიკოზი, ტემპერატურა სწრაფად იმატებს (39-40 გრადუსამდე), მაჯისცემა აჩქარებულია, არტერიული წნევა ქვეითდება, სუნთქვა ნელდება, კანი ლურჯდება (ციანოზი), გონება იბინდება. თუ დროულად არ ჩავერიეთ, შესაძლოა სავალალო შედეგიც მივიღოთ. მოზრდილ ბავშვებში მზის დაკვრა იწყება თავის ტკივილით, ყურების შუილით, პირღებინებით, კანის ჰიპერემიით, ოფლიანობით, რასაც მოსდევს ტემპერატურის მომატება, მაჯისცემის აჩქარება, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის შენელება, გონების დაბინდვა, მენინგეალური მოვლენები და კრუნჩხვები.

- როგორ დავეხმაროთ პატარას?

- პირველ რიგში, საჭიროა ბავშვის გაგრილება და დაკარგული სითხის აღდგენა, თავზე ყინულოვანი ბუშტის დადება, ბავშვის სიგრილეში გადაყვანა, შეძლებისამებრ, გრილ აბაზანაში ჩაწვენა, სველ ზეწარში გახვევა ან გრილი (20-25 გრადუსამდე) წყლის გადავლება, სუნთქვის დარღვევისას - ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, საგულე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების მიცემა.

თუ ბავშვი გონზეა, ასმევენ ცივ წყალს ხილის წვენთან ერთად. უგონო მდგომარეობისას ხდება ვენაში ელექტროლიტებისა და 5%-იანი გლუკოზის ხსნარის წვეთოვნად გადასხმა.

მაღალი სიცხე ორგანიზმის დამცველობით-შეგუებითი რეაქციაა, რომელიც პათოგენური გამღიზიანებლის ზემოქმედების საპასუხოდ წარმოიშობა და თერმორეგულაციის პროცესთა ცვლილებით, ნორმაზე მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებით გამოიხატება. მაღალი სიცხე სიმპტომია და არა დაავადება, თანაც ყოველთვის დაავადების სიმძიმეზე არ მიუთითებს.

ჩვილ ასაკში, ამა თუ იმ დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, ტემპერატურა ზოგჯერ არც კი იმატებს ან იცვლება უმნიშვნელოდ. მიუხედავად ამისა, მიზეზის დასადგენად პედიატრს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ. ზაფხულში მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით საშიშია, რადგან სწრაფად იწვევს ორგანიზმის გადახურებასა და გამოშრობას.

თუ ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, მდგომარეობა, განურჩევლად ასაკისა, საგანგაშოა. სამ წლამდე ასაკის ბავშვებს მაღალი ცხელებისას შესაძლოა განუვითარდეთ კრუნჩხვითი რეაქცია - ფებრილური გულყრა. კრუნჩხვისადმი განწყობილნი არიან ბავშვები, რომლებსაც ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება აღენიშნებათ.

ზაფხულში, გარემოს მაღალი ტემპერატურის ფონზე, ბავშვს ტემპერატურის მომატებისას გაცილებით მოკლე დროში უშრება ორგანიზმი. ასეთ დროს მას უხვად უნდა მივცეთ სითხე, განსაკუთრებით - ელექტოლიტების ხსნარები. ვასვათ გრილი, ყლუპობით ან კოვზით ყოველ 5-10 წუთში ერთხელ.

ნუ დააძალებთ საკვებს; ამ დროს ორგანიზმის სითხითა და ელექტროლიტებით შევსება უფრო მნიშვნელოვანია.

თუ მაღალ ტემპერატურას ერთვის პირღებინებაც, ნუ დააყოვნებთ, სასწრაფოდ მიმართეთ სტაციონარს.

უსიმოვნებების თავიდან ასაცილებლად გახსოვდეთ:

  • ზაფხულში ბავშვს მეტისმეტად თბილად ნუ ჩააცმევთ.
  • ხშირად დატოვეთ პამპერსის გარეშე.
  • დილა-საღამოს გადაავლეთ ტანზე გრილი წყალი.
  • მიეცით შედარებით გრილი საკვები და რაც შეიძლება მეტი სითხე ნებისმიერი სახით.
  • სასეირნოდ გაიყვანეთ 11 საათამდე და მზის ჩასვლის შემდეგ.
  • არ დაივიწყოთ თავზე ქუდის დახურება.
  • ქუჩაში თან იქონიეთ ბოთლით წყალი და დროდადრო ასვით.