მშობელთა ავტორიტეტი

რა არის ავტორიტეტი?
ლექსიკონების თანახმად, ეს არის ადამიანის გავლენა ან ძალაუფლება, რომელიც ემყარება მის მიერ დაკავებულ მდგომარეობას, თანამდებობას, სტატუსს. ამ სიტყვის მეორე მნიშვნელობა გულისხმობს ადამიანის უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილება ერთობლივი მოღვაწეობის პროცესში.
თუ ამ ცნებებს მშობლებისა და შვილების მისამართით გამოვიყენებთ, გამოდის, რომ ავტორიტეტი, რომელიც ძალაუფლებას ემყარება, სულაც არ არის ის, რისი განვითარება და გამყარებაც გსურთ, ხომ ასეა? ნებისმიერი მშობლის ჭეშმარიტი სურვილი ის არის, იყოს მოზარდისთვის ნამდვილი მაგალითი, სარგებლობდეს შვილის კეთილგანწყობით და პატივისცემით, განურჩევლად მისი ასაკისა. ასეთ ავტორიტეტს მუდმივი განვითარება სჭირდება, მის გასამყარებლად მშობელი აუცილებლად უნდა ვითარდებოდეს როგორც პიროვნება.
რა საჭიროა ავტორიტეტი
რას ფიქრობენ მშობლები ავტორიტეტის შესახებ? უმეტესობას მიაჩნია, რომ ბავშვების ურჩობა მშობლებს ნერვებს უფუჭებს და ბავშვებთან დამოკიდებულებას აუარესებს, ავტორიტეტი კი საშუალებას გვაძლევს, მშვიდად ვიცხოვროთ. თუ ბავშვისთვის ავტორიტეტი ხარ, უფრო ადვილია აუხსნა, რა არის კარგი და რა - ცუდი. ისიც ცდილობს, თავისი საქციელით მშობლის კმაყოფილება გამოიწვიოს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მშობელთა აზრით, მათი ავტორიტეტი ბავშვთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის საწინდარია. ის საშუალებას გვაძლევს, პატარებს გადავცეთ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა, ვიყოთ მათთვის მაგალითი. მშობლები ავტორიტეტს ბავშვის ჰარმონიული განვითარების საწინდარადაც მიიჩნევენ. მათ მიაჩნიათ, რომ მშობლებისა და შვილების ურთიერთისადმი ინტერესი, მეგობრობა, რომელიც, ბუნებრივია, ავტორიტეტს ემყარება, საშუალებას გვაძლევს, გადავცეთ შვილებს ჩვენი ნორმები და ღირებულებები, რაღაც მათგანაც ვისწავლოთ, შევიქმნათ პირადი აზრი.
ოჯახში მშობლის ნამდვილი ავტორიტეტის გარეშე ბავშვის წარმატებული სოციალიზაცია შეუძლებელია. ასეთია მშობლების აზრი.
მოდი ვცადოთ, შევაფასოთ მშობელთა ავტორიტეტი ბავშვების პოზიციიდან. ამისთვის კარგი იქნება, თუ გავიხსენებთ საკუთარ დამოკიდებულებას მშობლების მიმართ და იმაზეც დავფიქრდებით, რა ხერხით მოიპოვეს მათ ავტორიტეტი ჩვენს თვალში.
1 წლამდე მშობლის ავტორიტეტი ავტომატურად ყალიბდება იმის წყალობით, რომ ბავშვის არსებობას ამ სამყაროში დედა უზრუნველყოფს, მის გარეშე პატარას ცხოვრება წარმოუდგენელია. 1-დან 3 წლამდე ბავშვს სჭირდება ერთობლივი თამაში, რომლის დროსაც მშობელი ყოვლისშემძლეა, მას აქვს ინფორმაცია სამყაროს, საგნების, მოვლენების შესახებ. არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო, სადაც პატარას ზედმეტად არ ზღუდავენ და მეტისმეტად ბევრს არ უკრძალავენ. მშობლების კრეატიულობა საბავშვო თამაშების ორგანიზებისას და ბავშვის ჭირვეულობის გადალახვისას ის თვისებაა, რომლის გამოც ბავშვი მზად არის მიიღოს შემოთავაზებული წესები.
3-დან 6 წლამდე მშობლებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ავტორიტეტს მაშინ მოიპოვებენ, თუ შეუვალნი იქნებიან პატარების ჭირვეულობის მიმართ. სინამდვილეში კი უფრო მნიშვნელოვანია ერთობლივი კითხვა, მულტფილმების ყურება, თამაში. სწორედ ამ დროს ეჩვევა ბავშვი წესების დაცვას.
7-დან 12 წლამდე მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ბავშვებს ეხმარებოდნენ სწავლასა და თანატოლებთან ურთიერთობაში. შვილების დახმარებას და მათი შესაძლებლობების რწმენას ბევრი რამ შეუძლია. მაგალითად, შეიძლება გაჩნდეს სწავლის სურვილი, განვითარდეს საამისო უნარიც. ეს ზრდის მშობლების ავტორიტეტს და უზრუნველყოფს მათდამი შვილების მადლიერებას. მიეცით ბავშვებს დამატებითი განათლების საშუალება, მოუყევით საინტერესო ამბებს, გააცანით თქვენი პროფესიული საქმიანობა.
12-დან 15 წლამდე ბავშვები თითქოს სამყაროს "გამძლეობას ამოწმებენ". ეჭვქვეშ აყენებენ წესებს, ქმნიან საკუთარ ნორმებს, აშიშვლებენ ტყუილსა და უსამართლობას. მშობელთა ავტორიტეტიც კრიტიკული კუთხით განიხილება, ვინაიდან ამ ასაკში ბავშვის აზრს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი მეგობრების აზრი. დიდ როლს ასრულებს მშობლების იმიჯი - გარეგნობა, სოციალური სტატუსი, ინტერესები, საზოგადოებრივი მდგომარეობა. თვითდამკვიდრების პროცესში მოზარდს აუცილებლად სჭირდება საკუთარი ავტორიტეტის მხარდაჭერა მშობელთა მხრიდან. მშობლების მიერ შვილის სამომავლო პერსპექტივების განხილვა მოზარდს ასაკობრივი კრიზისის კონსტრუქციულ დაძლევაში ეხმარება.
უფროსი ასაკის (15-18 წლის) მოზარდები მშობლების ნამდვილი მეგობრები ხდებიან მაშინ, თუ მშობლებმა შეძლეს ავტორიტეტის შენარჩუნება. მძიმე წუთებში მშობლები შეიძლება კიდეც დაეყრდნონ მათ. საუბრები ცხოვრების ავ-კარგზე, მოვლენათა ანალიზი, რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია ზრდასრული ცხოვრების დასაწყებად. უფროსი ასაკის მოზარდები ძალიან მგრძნობიარენი არიან მშობელთა ურთიერთდამოკიდებულების მიმართ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ავტორიტეტის შესანარჩუნებლად მშობელთა ჰარმონიული ურთიერთობები.