რთული გზა ქოთნისაკენ
- დეფეკაციის მეტ-ნაკლებად სტაბილური რეჟიმის ჩამოყალიბება;
- პამპერსების მშრალად შენარჩუნება 1,5-2 საათისა და მეტი ხნის განმავლობაში;
- სხეულის ნაწილებისა და ტანსაცმლის სახელების ცოდნა;
- სიტყვების "ფისი" და "კუკუ" შინაარსის გაგება;
- უარყოფითი ემოციის დემონსტრირება სველი და დასვრილი პამპერსების გამო;
- დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდის სურვილის დემონსტრირება;
- ტუალეტში დამოუკიდებლად შესვლის სურვილის დემონსტრირება;
- დაბოლოს, ყველაზე სარწმუნო ნიშანი: ყველანაირი მეთოდით - სიტყვით, ბგერებით, მიმიკით - გამოხატვა სურვილისა, რომ პატარას ქოთანზე უნდა დაჯდომა.
თეორიიდან პრაქტიკისაკენ
მაშ ასე, ყველა აუცილებელი სიმპტომი სახეზეა, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მზაობა აშკარაა. მშობლებს აქვთ თავისუფალი დრო და სურვილი. ესე იგი უნდა დავიწყოთ.
1. კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, ბავშვთან ერთად ვართ თუ არა მზად ჩვენც. აშკარაა, რომ პამპერსიდან ქოთანზე გადასვლის პერიოდში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს პატარასთან ურთიერთობის დრო. არ შეიძლება, ხშირად ვიცვალოთ გუნება-განწყობილება. ტუალეტის ჩვევის გამომუშავება უმჯობესია მაშინ დავიწყოთ, როცა ოჯახში ყველა ჯანმრთელადაა და ატმოსფეროც მშვიდია.
2. საუკეთესო დრო ქოთანთან მიჩვევისთვის ზაფხულია. ჯერ ერთი, ამ პერიოდში ჩასველება სხეულის გადაცივების საშიშროებას არ ქმნის, მეორე - ჩასველების შემთხვევაში გაცილებით ნაკლები ტანსაცმელი გვექნება გასარეცხი, თანაც ყველაფერი მალე შრება.
3. გავეცნოთ ქოთანს. ჯობს, ბავშვთან ერთად წავიდეთ მის საყიდლად. პატარას ამ დროს უნდა მოვუყვეთ, რა მნიშვნელოვანი რამაა ჩვენი შენაძენი.
4. პატარას ქოთანი მაშინ უნდა შევთავაზოთ, როცა მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილი მაქსიმალურია - ძილის, ჭამის შემდეგ ან როცა ამაზე თავად პატარას ქცევა მიგვანიშნებს.
5. წარმატების შემთხვევაში პატარა უნდა შევაქოთ, წავახალისოთ, დავაჯილდოოთ.
6. წარუმატებლობის შემთხვევაში არ უნდა გავნაწყენდეთ, ჩვენი გულისწყრომა აუცილებლად უნდა დავმალოთ, დაუშვებელია დასჯა წარუმატებლობის გამო.
7. ბავშვის ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მარტო ქოთანს, არამედ მასთან დაკავშირებულ ქმედებებსაც - როგორ ვიღებთ ქოთანს, როგორ ვხდით თავს, როგორ ვიხდით საცვალს, როგორ ვიწმენდთ ტაკოს, როგორ ვიწევთ საცვალს, როგორ ვღვრით ქოთნის შიგთავსს, როგორ ვრეცხავთ ქოთანს, ვდგამთ ადგილზე და რაც მთავარია, როგორ ვიბანთ გულდასმით ხელებს. ყოველივე ეს ადვილად იქცევა თამაშად. ძალიან კარგია, როცა მშობლებს არ ავიწყდებათ წარმატების შემთხვევაში შვილის შექება. ამ შემთხვევაში მიჩვევის პროცესს თან ახლავს დადებითი ემოცია, რაც გარდამავალ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია.
8. ვეცადოთ, მაქსიმალურად გავამარტივოთ ყველა ამოცანა - ქოთანი იდოს ადვილად მისაწვდომ ადგილას, შარვალს არ ჰქონდეს რთული შესაკრავი, ტუალეტის კარი ადვილად იღებოდეს.
9. თანდათანობით ვცდილობთ, ბავშვი ქოთანზე დავსვათ არა მარტო მაშინ, როცა ეს მას სურს, არამედ მაშინაც, როცა ამას დღის რეჟიმი მოითხოვს, მაგალითად, ძილის ან სეირნობის წინ.
10. ქოთნის გარეგნულ იერს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ბავშვი მას აღიქვამდეს არა როგორც გასართობს, სათამაშოს, არამედ გარკვეული დანიშნულების საგანს. სწორედ ამიტომ არის დაუშვებელი ქოთნით თამაში. პატარამ უნდა იცოდეს, რომ სკამზე ვსხედვართ, ხოლო ქოთანში ფისის ვშვრებით. ამავე დროს საჭიროა, ქოთანი დამზადებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა პლასტმასისგან, იყოს მოხერხებული - ზომა შეესაბამებოდეს ბავშვისას, არ იყოს ცივი. ურიგო არ იქნება ზურგიანი ქოთანი.
11. არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ბავშვი ქოთანს მიეჩვევა თუ პირდაპირ ადაპტორიან უნიტაზს, მაგრამ თავდაპირველად, მიჩვევის ეტაპზე, რა თქმა უნდა, ქოთანი უფრო მოხერხებულია - მას იოლად შეიძლება ვუცვალოთ ადგილი და უნიტაზიც დაკავებული არ იქნება. მისაღები ვარიანტია ქოთნისა და უნიტაზის ერთდროული გამოყენება, განსაკუთრებით - ბიჭებისთვის.
12. სწავლების პროცესში შეძლებისდაგვარად უნდა ჩავრთოთ სხვა ბავშვებიც - მათ მიერ ქოთნის გამოყენების დემონსტრირება გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე უფროსების შეგონებები.
13. პამპერსებს, რა თქმა უნდა, ერთბაშად და სამუდამოდ ვერ დავემშვიდობებით. ჯერჯერობით ისინი დაგვჭირდება მგზავრობის, ძილის, ცივ ამინდში სეირნობის დროს. როცა ბავშვი პამპერსს გაიხდის, ქოთანზე დაჯდება და პამპერსი მშრალი აღმოჩნდება, არ უნდა დავმალოთ აღფრთოვანება, ყველას უნდა დავანახოთ მშრალი პამპერსი და ვთქვათ, რომ ბავშვი ძალიან ყოჩაღი და ყურადღებიანია.
უცნაური პრობლემები, მითები და პარადოქსები
როგორც ვხედავთ, მედიკოსებმა პრობლემა უკვე გადაჭრეს და ქოთანთან მიჩვევის თაობაზე ერთიანი აზრიც ჩამოაყალიბეს. მიუხედავად ამისა, პრობლემა მაინც არსებობს. ეს მშობლების პრობლემაა. მოდი, სწორედ ამ საკითხზე ვისაუბროთ. არსებობს მრავალი გამოკვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები. მათ შინაარსს მოკლედ გადმოგვცემს სამი წესი:
- რაც უფრო ადრეულ ასაკში დავიწყებთ ქოთანთან მიჩვევას, მით უფრო მეტი დრო და ენერგია დაგვეხარჯება.
- 18 თვემდე ქოთანთან მიჩვევას აზრი არ აქვს, რადგან ამ დრომდე ბავშვის ორგანიზმი ფიზიოლოგიურად მოუმზადებელია შარდვისა და დეფეკაციის კონტროლისათვის.
- ნებისმიერ შემთხვევაში ორიენტირი უნდა იყოს არა ბავშვის ასაკი, არამედ მისი განვითარება, მისი უნარი, გაცნობიერებულად დაიკმაყოფილოს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები.
რეკომენდაციები მარტივი და გასაგებია.
ნათელია, რომ თუ ბავშვის განვითარებაზე ავიღებთ ორიენტაციას, შეიძლება, ორ წლამდე საერთოდ არ ვიზრუნოთ ქოთანთან მიჩვევაზე. სწავლის დრო კი ორიდან სამ წლამდეა, როცა ბავშვი ფსიქოლოგიურადაც და ფიზიოლოგიურადაც მზად არის. ქოთანთან მიჩვევა სულაც არ იქნება ძნელი, თუ უფროსები პატარას ყურადღებას მიაქცევენ, ოღონდ წყნარად, ყვირილის, დასჯისა და ისტერიკის გარეშე.
მაშ, რა არის პრობლემა? სწორედ ის, რომ მშობლებს მსგავსი რეკომენდაციები ყოველთვის არ აძლევთ ხელს. რა ამბავია 18 თვე, ორი-სამი წელი?! ჩვენ ხომ შეგვიძლია, ეს გაცილებით ადრე გავაკეთოთ?! რამდენი ბავშვი აღარ ხმარობს პამპერსს ერთი წლის ასაკში!
მშობლებს, რომელთაც ასეთი არგუმენტები აქვთ, ერთი შეხედვით ვერ შეეკამათებით - ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ქოთანთან მიჩვევა ოჯახის საქმეა; მეორე მხრივ კი ძალიან ძნელია, გავიგოთ მშობლების ასეთი მისწრაფება. მოდი, წუთით დავფიქრდეთ, რა გამოდის. არსებობს ქმედებათა ორი ვარიანტი: ერთი - არ ვიფიქროთ ქოთანზე ორ წლამდე, რადგან ასეთია მედიკოსთა რეკომენდაცია; მეორე - მთელი მსოფლიოს სპეციალისტების აზრის საპირისპიროდ, ადრევე დავიწყოთ ვარჯიში, თუნდაც ვიცოდეთ, რომ მყარ შედეგს ორ წლამდე ვერ მივიღებთ. მშობლების უმრავლესობა, რასაკვირველია, პირველ ვარიანტს ირჩევს და ამჯობინებს, ეს დრო თამაშს ან მულტფილმების ყურებას დაუთმოს. რა თქმა უნდა, ასე ჯობს, თუმცა ამ შეხედულებას ყველა როდი იზიარებს. ბევრი ამაყად ჰყვება, რა მალე აითვისა ბავშვმა ქოთანზე დაჯდომის ჩვევა 8, 11 თვის, წლის ასაკში. უნებლიეთ გვიჩნდება სურვილი, მივბაძოთ ასეთ დედებს და შვილებს.
რას იტყვის ხალხი?!
უნდა გამოვტყდეთ, რომ ჩვენ მეტისმეტად გვაინტერესებს ირგვლივ მყოფთა აზრი ჩვენზე, ჩვენს შვილებზე, ჩვენს ოჯახზე. უამრავ ქალს უფუჭდება განწყობა, როცა მეზობელი მისი შვილის დანახვისას შეიცხადებს: "პამპერსი აცვია ამხელა კაცს?!" რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, უცხო ადამიანების თვალშიც კი იდეალური დედები ვიყოთ. მაინც რატომ გაინტერესებთ მათი აზრი? - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
უნდა ეცადოთ, არ აჰყვეთ ემოციებს და არაფრად ჩააგდოთ უცხოთა რჩევები. ჩვენში ადამიანებს, რომელთაც არც სამედიცინო, არც პედაგოგიური განათლება არ აქვთ, თავი ამ დარგის სპეციალისტებად მოაქვთ. რაც მთავარია, მათ არა მარტო "იციან", არამედ აქტიურადაც უზიარებენ საკუთარ "ცოდნას" სხვებს.
სამწუხაროდ, ასეთმა ადამიანებმა ბევრი რამ არასწორად იციან. მაგალითად, ისინი გვარწმუნებენ, რომ ერთი წლის ბავშვი ქოთანზე უნდა იჯდეს, რომ პამპერსები მავნეა, რომ თუ დედა თავის სიმაღლეზე დგას, ბავშვი ღამით არ ჩაისველებს და ასე შემდეგ. ასეთი "სპეციალისტები" კატეგორიულად უარყოფენ სხვათა აზრს, განსაკუთრებით - სპეციალისტებისას, და ხმალამოღებულები იცავენ საკუთარ შეხედულებებს. ვერაფერს გავაწყობთ, ჯობს ნელ-ნელა ვისწავლოთ თავის ხელში აყვანა და სიმშვიდის შენარჩუნება.
მეორე მხრივ, არ შეიძლება სათანადოდ არ დავაფასოთ უფროსების ღვაწლი პატარების აღზრდაში. ისინი, ტრადიციულად, ცდილობენ დაეხმარონ ახალგაზრდებს და ამის გამო არა მარტო დამხმარეებად, არამედ კომპეტენტურ, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებად აღიქმებიან. ბევრ ახალგაზრდა დედას სჯერა, რომ ბებიამ და დიდმა ბებიამ ყველაფერი იციან. არის შემთხვევებიც, როცა მათ უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე უბნის პედიატრს. უნდა ვაღიაროთ, რომ ცივილიზაციამ მკვეთრად შეცვალა უფროსი თაობის ინფორმირებულობის ხარისხი. დღევანდელმა დედებმა ბევრი ისეთი რამ იციან, რასაც უფროსი თაობა არასოდეს შეხებია. ავტომატური სარეცხი მანქანები, რომელთაც ცივილიზებული მსოფლიო 70-80-იანი წლებიდან იცნობს, ჩვენთან 20 წლის დაგვიანებით მოვიდა. ერთჯერადი პამპერსები, რომლებსაც აქტიურად იყენებს ყველა ახალგაზრდა დედა და რომლებმაც პრინციპულად შეცვალა ბავშვის მოვლის ტაქტიკა, უფროსი თაობისთვის მხოლოდ თეორიულად არის ნაცნობი.
მოდი, ვცადოთ და სიტუაცია ობიექტურად, მიუკერძოებლად შევაფასოთ. იმ შემთხვევაში, როცა ოჯახში არ არის ავტომატური სარეცხი მანქანა და ფინანსური პრობლემების გამო ერთჯერადი პამპერსები წარმოუდგენლად ძვირია, ყოველი დასვრილი საფენი ქალის რეალური შრომა, დრო, ფული, რეცხვა, უთოობა, ხელის კრემია. თუ ამ პირობებში აქტიურად დავიწყებთ ქოთანზე დაჯდომის ჩვევის გამომუშავებას და თუნდაც 3-4 თვით ადრე მივაღწევთ წარმატებას, უამრავ ენერგიას დავზოგავთ. პატარას გადაყენებით, მის მანერებზე დაკვირვებით, ქოთანზე დასმით, როცა დიდია ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების ალბათობა, დღე-ღამის განმავლობაში შეიძლება სუფთად შევინარჩუნოთ პამპერსები და საფენები და მნიშვნელოვან ეკონომიას მივაღწიოთ.
უფროსი თაობა იმ დროში ცხოვრობდა, როცა ქალს ორი არჩევანი ჰქონდა: ან ბავშვის ქოთანზე დასმა, ან რეცხვა. სწორედ ამ არჩევანმა ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი აზრი, რომლის თანახმადაც კარგი, შრომისმოყვარე, დაკვირვებული დედა ცოტას რეცხავს, ხოლო ცუდი, ზარმაცი, უყურადღებო - ბევრს, კარგი დედის შვილი ქოთანში შარდავს, ხოლო ცუდისა - შარვალში.
ყოველდღიურ ცხოვრებაში პამპერსების დამკვიდრებამ სიტუაცია პრინციპულად შეცვალა. აღმოჩნდა, რომ შეგვიძლია, ქოთანზე არ ვიფიქროთ, მაგრამ არც რეცხვით მოვიკლათ თავი. ეს მდგომარეობა იმდენად ეწინააღმდეგება ტრადიციას, რომ უფროს თაობას ძალიან უჭირს მასთან შეგუება. მენტალიტეტი, რომელიც დედობას მძიმე ჯაფად და გმირობად განიხილავს, უფროს თაობას კარგა ხნის წინათ ჩამოუყალიბდა. "არც ქოთანი, არც რეცხვა?! პატარა ბავშვის პატრონს ასეთი უსაქმურობა ეკადრება?!" - ვერ ეგუება მათი უმრავლესობა თანამედროვე შეხედულებებს. მათთვის მართლაც წარმოუდგენელია, რომ შეიძლება, პატარა ბავშვის დედა დროს პოულობდეს ამხანაგებისთვის, გართობისთვის, საკუთარი თავისთვის. ყოველივე ამის გათვალისწინებით შეიძლება თამამად ითქვას: ბებიებმა მართლაც ბევრი რამ იციან, მათ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში, თუმცაღა მათი აზრი ქოთანთან მიჩვევის თაობაზე მოძველებულია, რადგან არ ემყარება პამპერსების გამოყენების გამოცდილებას.
რა ევალება "ნამდვილ" დედას
უამრავმა ქალმა პირადი გამოცდილებით იცის, რომ მოშარდვისა და დეფეკაციის წინ პატარას ქცევა იცვლება. ნამდვილი დედა, რომელსაც ნამდვილად უყვარს შვილი და მასთან მუდმივი სულიერი და ფიზიკური კავშირი აქვს, ყოველთვის ამჩნევს ქცევის ამ ცვლილებას. რეაქციაც შესაბამისია - ის პატარას გადააყენებს ან ქოთანზე დასვამს და მაგიურ "ფისის" მანამდე იმეორებს, სანამ შედეგს არ მიაღწევს. ასეთი დედები ამბობენ: "თუ ვერ ამჩნევთ საკუთარი შვილის ქცევის ცვლილებას, ვერ გრძნობთ მის სურვილს და საზოგადოდ უყურადღებო ხართ, ესე იგი არ ყოფილხართ ნამდვილი დედა, არ გქონიათ ფიზიკური და სულიერი სიახლოვე შვილთან. ჰოდა, იყავით ასე და ჩაიფსით პამპერსში სამ და ზოგჯერ (რა საშინელებაა!) ოთხ წლამდეც! თქვენ ჩამორჩენილი ბავშვების ცუდი დედები ხართ!"
სინამდვილეში, სპეციალისტების აზრით, ერთადერთი რამ, რაც ყოველ დედას ნამდვილად ევალება, ის არის, რომ ბავშვი იზრდებოდეს ბედნიერ ოჯახში, სადაც მშობლებს ერთმანეთი უყვართ. ქოთანზე ადრე მიჩვევის მომხრეებს სტანდარტული არგუმენტები მოჰყავთ: გარდა იმისა, რომ ნამდვილი დედა უნდა გრძნობდეს თავისი შვილის მოთხოვნილებებს, მათ მტკიცებულებათა არსენალში მოიპოვება ველური ტომების მაგალითი. ჰყვებიან, რომ რომელიღაც მოგზაური რომელიღაც ველურ ტომს წააწყდა (ინდიელებს ამაზონის ჯუნგლებში, აბორიგენებს ავსტრალიის უდაბნოში თუ კაციჭამიებს აფრიკულ სავანეში). მოგზაური გაოცებული დარჩა, რადგან ძალიან პატარა ბავშვებიც კი ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ისე იკმაყოფილებდნენ, რომ რაღაცნაირად ყველაფერს მშობლებს ატყობინებდნენ. ამ ამბიდან ქოთანთან ადრე მიჩვევის მომხრეებს გამოაქვთ დასკვნა: ველური ადამიანები უკეთ გრძნობენ შვილის მოთხოვნილებებს; რაც შეძლეს ველურებმა, უნდა შევძლოთ ჩვენც. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, თავად აირჩიოს მიბაძვის ობიექტი, თუმცა ზოგიერთი ფაქტი კარგად ხსნის ველური ტომების წარმატების მიზეზს: კარგა ხანია დადგენილია, რომ ქოთანზე დაჯდომას ყველაზე მეტხანს პირველი შვილი ეჩვევა, მის უმცროს და-ძმებს საამისოდ უფრო ნაკლები ხანი სჭირდებათ. მეცნიერებმა ეს ფაქტი ამგვარად ახსნეს: უმცროსებს ჰყავთ მიბაძვის ობიექტი. ბავშვი, რომელიც ხედავს, როგორ დადიან ტუალეტში მისი და-ძმები, მათ ბაძავს და მალე იძენს ქოთანზე თუ უნიტაზზე ჯდომის ჩვევას.
ცივილიზებულ საზოგადოებაში ადამიანები ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს ფარულად იკმაყოფილებენ. ფაქტობრივად, პირველი ბავშვი იმ ჩვევას იძენს, რაშიც ვერავის მიბაძავს. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, რომ პატარა ვერ ხედავდეს, როგორ ჭამენ, როგორ იყენებენ კოვზს. ძალიან ძნელი იქნებოდა მისთვის ამ ყოველივეს ახსნა და ჩვევად ქცევა. ველური ტომის პატარა ყოველ წამს ხედავს, როგორ იკმაყოფილებენ სხვები ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს - ისინი ხომ ამ დროს არავის ემალებიან. სწორედ ამის ცქერა ეხმარება ბავშვებს, ადრე გამოიმუშაონ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ჩვევა.
სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ქოთანზე დაჯდომის ჩვევის გამომუშავებისთვის, საამისო ფსიქიკური თუ ფიზიოლოგიური მზაობისთვის სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, რა აცვია ბავშვს. პატარა შეიძლება შიშველი დარბოდეს, ეცვას პამპერსები, ტრუსები - ეს ფაქტორები არანაირად არ მოქმედებს თავის ტვინის ქერქისა და დეფეკაციასა თუ შარდვაში მონაწილე ორგანოების ფორმირებაზე.
ქოთანზე დაჯდომის ჩვევის გამომუშავებას დრო სჭირდება. პამპერსის წყალობით ეს დრო როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლებისთვისაც უფრო კომფორტული ხდება. ზოგიერთ დედ-მამას ეს ისე მოსწონს, რომ საერთოდ აღარ უნდა, თუნდაც მცირედი ძალისხმევა დაახარჯოს პატარას ქოთანთან მიჩვევას. პარადოქსი ის არის, რომ როცა 5 წლის ბავშვი პამპერსში ჩაისვრის, ირგვლივ მყოფები მის მშობლებს კი არა, პამპერსს ადანაშაულებენ. მაგრამ როგორი ზარმაცებიც არ უნდა იყვნენ მშობლები, პრობლემა იოლად მოგვარდება, როცა ბავშვი ბაღში წავა - მას თვალწინ უამრავი მაგალითი ეყოლება და სხვათა მსგავსად მოიქცევა, რადგანაც არავის სურს, თეთრი ყვავი იყოს.