როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ქოთანს
– ქალბატონო ნინო, რა ასაკიდან იწყება ტუალეტის ჩვევაზე მუშაობა?
– უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ ტუალეტის უნარების ჩამოყალიბებისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალური ფიზიკური, მენტალური და ემოციური მოცემულობა. სტანდარტულად, ამ ჩვევის ჩამოყალიბებისთვის ზრუნვას ვიწყებთ 18 თვიდან 3 წლამდე პერიოდში. მშობლებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ აღნიშნული ჩვევის გამომუშავება მათ ჩართულობას, მოთმინებას და სიმშვიდეს მოითხოვს. შესაბამისად, ამ უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაზე სამუშაოდ მზად უნდა იყოს როგორც ბავშვი, ისე მშობელი.
– როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ბავშვი მზად?
– ტუალეტის უნარების სწავლებისთვის ბავშვი მზად არის, თუ მაგალითად, ის გამოხატავს ინტერესს საჭირო ოთახის მიმართ, აინტერესებს, რისთვის არის ეს ადგილი, აკვირდება იქ მყოფადამიანებს, ინტერესდება, მაგალითად, ჩასარეცხი ღილაკით და სხვა ნივთებით; სხვადასხვა გზით გამოხატავს წუხილს, როდესაც ჩასველებული ან ჩასვრილია – ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, ამ უნარზე მუშაობა ისეთ დროს დაიწყოთ, როდესაც შესაძლებლობა გექნებათ, ბავშვს გახადოთ საფენი და მის ცხოვრებაში შემოიტანოთ ალტერნატივა ქოთნის სახით. ამისთვის კი საუკეთესო სწორედ ზაფხულის პერიოდია. ბავშვი მზად არის ტუალეტისთვის მოსამზადებლად, თუ ის ხვდება, როდის მოისაქმა და რაიმე გზით მიგანიშნებთ საფენის შეცვლაზე; თუ დღის ძილის პერიოდს მშრალად ატარებს ან დღის მანძილზე 2 საათზე მეტხანს ინარჩუნებს სიმშრალეს; თუ ბავშვი ჟესტებით, სიტყვებით ან მიმიკით გატყობინებთ მოსალოდნელ აქტზე. არც ისე იშვიათად ასეთ დროს ბავშვები იმალებიან ფარდის უკან, გადიან სხვა ოთახში, ინაცვლებენ ოთახის კუთხეში, ამ გზით ისინი ცდილობენ თავიანთი ინტიმური საჭიროებისთვის იზოლირების, განმარტოების იმიტაციას. თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვი თავად ცდილობს გაიხადოს საცვალი, პამპერსი, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ მას აქვს მზაობა – საფენი ქოთნით ჩაანაცვლოს.
– რა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი ფაქტორები?
– უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს რიგი გარემოებებისა, რომელთა დროსაც ჯობს, ტუალეტის უნარ-ჩვევაზე მუშაობა უკეთესი დროისთვის გადავდოთ. მაგალითად, თუ ბავშვი ავადმყოფობს, ამოსდის კბილები, თუ პარალელურად ცდილობთ გადააჩვიოთ ძუძუთი/საწოვარათი კვებას, თუ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეთ, ოჯახს ახალშობილი შემოემატა ან ბავშვისთვის გარკვეული სტრესის მომტანი ცვლილებაა გარემოში.
– როგორ ვიწყებთ და ვავითარებთ პროცესს სასურველი შედეგის მისაღებად?
– პირველ რიგში, მშობელი ადგენს ცხრილს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდება ბავშვს და აზუსტებს იმ დროის ინტერვალებს, როდესაც უფრო მეტად მოსალოდნელია კუჭის მოქმედება. ამ დროების ცოდნა აუცილებელია შემდგომ უნარ-ჩვევაზე სამუშაოდ.
აქვე უმნიშვნელოვანესია, მშობელი დააკვირდეს, რა არის ის წამახალისებელი ნივთი თუ საკვები, რომელიც ყველაზე უფრო სასურველია ბავშვისთვის. ვირჩევთ ქოთანს და საჭიროა ამ საკითხს სერიოზულად მოვეკიდოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში არასათანადოდ არჩეული ქოთანი ხდება მიზეზი იმისა, რომ ბავშვი კატეგორიულ აცხადებს უარს ქოთანში მოსაქმებაზე. დარწმუნდით, რომ ქოთანი კომფორტულია, ვიზუალურად სახალისო და ბავშვისთვის მიმზიდველი, უპირატესობა მიანიჭეთ მშვიდ ფერებს მკვეთრი ორნამენტების გარეშე.
1) ქოთნის არჩევის შემდეგ პირველი ნაბიჯი „ქოთანთან გაცნობაა“ – ბავშვს მარტივად ვუყვებით მის დანიშნულებაზე. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ფიზიოლოგიურ საკითხებზე საუბრისას, თუ მშობლები სირცხვილის გრძნობას განიცდიან, ეს განცდა ბავშვებზეც გადადის და ამან შესაძლოა სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს. ამიტომ მშობლებს ვთხოვთ, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან და მარტივად და თავისუფლად ესაუბრონ ბავშვებს.
2) შემდეგ ეტაპზე ქოთანს უნდა მივუჩინოთ კუთვნილი, ყველაზე მოსახერხებელი და დროულად ხელმისაწვდომი ადგილი.
3) აჩვენეთ ბავშვს, როგორ გამოიყენოს ქოთანი – ტუალეტის ჩვევის იმიტაციისთვის დაიხმარეთ სათამაშოები. სიუჟეტურ-როლური თამაშები კიდევ უფრო დაგეხმარებათ უნარ-ჩვევის გამყარებაში. ამ უნარ-ჩვევის დასასწავლად შესაძლოა გამოიყენოთ თქვენივე შეთხზული ზღაპრები და ამ გზით გაუადვილოთ ბავშვს პროცესი.
4) გახადეთ საფენი; ჩააცვით მოსახერხებელი საცვალი და ქვედატანი, რათა დროულად და შეფერხების გარეშე მოახერხოს ბავშვმა აქტისთვის მომზადება.
5) შემდეგ იწყებთ უშუალოდ უნარ-ჩვევაზე მუშაობას და ბავშვს სთავაზობთ ქოთანს დროის იმ მონაკვეთებში, როდესაც უფრო მეტად არის მოსალოდნელი კუჭის მოქმედება. თუ აქ ვხვდებით უშუალოდ ქოთანზე დაჯდომის პრობლემას, ბავშვის ქოთანთან კონტაქტის მცირე მომენტსაც კი აღნიშნავთ და წაახალისებთ შექებით, სასურველი ნივთის მიცემით და აჯილდოებთ მის ყოველ გაუმჯობესებულ შედეგს (მაგ: წაახალისებთ, თუ დაჯდა 1 წამის განმავლობაში; შემდეგ 2 წამის განმავლობაში და ა.შ.).
ბავშვს ქოთანს ვთავაზობთ მისთვის პირადად განკუთვნილ დროებში (დაკვირვების შედეგად მიღებულ სავარაუდო დროის მონაკვეთებში), ასევე ძილის წინ და გაღვიძებისას, ჭამის შემდეგ 15-20 წუთში და ასევე სასეირნოდ გასვლამდე და უკან დაბრუნებისას.
გახსოვდეთ, რომ ერთ-ერთი მცდელობა, რომელიც წარმატებით დასრულდება, აუცილებლად „გრანდიოზულად“ უნდა დაჯილდოვდეს წინასწარ განსაზღვრული წამახალისებლით. ეს ჯილდო უნდა იყოს მხოლოდ ტუალეტის ქცევის განხორციელებისას ხელმისაწვდომი. ბავშვი ამ გზით მიხვდება, რომ სასურველს იღებს მხოლოდ ამ გზით და ამ დროს. ეს და ყოველი შემდეგი წარმატებული აქტი მისთვის დღესასწაულად უნდა აქციოთ, რაც წარმატებული მცდელობების შანსებს გაზრდის და ჩამოაყალიბებს ჩვევას.
შეგიძლიათ ბავშვს შესთავაზოთ სხვადასხვა სტიკერიც, რომლებსაც ყოველი წარმატებული აქტის შემდეგ დააკრავს ქოთანს და სხვ.
– რა არ უნდა გავაკეთოთ?
– არავითარ შემთხვევაში არ დავაჩქაროთ ბავშვი, მოთმინებით ავყვეთ მის ინდივიდუალურ რიტმს. არავითარ შემთხვევაში არ დავსაჯოთ, გავუბრაზდეთ და შევარცხვინოთ. რა დროც უნდა დასჭირდეს პროცესს (ეს პროცესი საშუალოდ 1 კვირას გრძელდება), ბავშვს არ ჩავაცვათ საფენი, ეს კიდევ უფრო შეაფერხებს ამ უნარის ჩამოყალიბებას.
ტუალეტის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება, რიგ შემთხვევაში, საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა სახალისოც. ამ პროცესის გავლა თითოეულ მშობელს მოუწევს, იყავით რაც შეიძლება თავდაჯერებულები და მშვიდები, რადგან ადრე თუ გვიან თქვენი მცდელობა წარმატებით დასრულდება.