გაყრა
საბოლოო გადაწყვეტილება
ოჯახის ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა ორივე მხარემ გააცნობიერა, რომ ერთობლივი ცხოვრება შეუძლებელია, ორივე მხარე ერთადერთ გამოსავლად განქორწინებას მიიჩნევს. ამ დროს მნიშვნელოვანია, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც მხოლოდ თქვენ კი არ გაგირთულებთ ცხოვრებას ახალ ოჯახში, არამედ თქვენი შვილის სულიერ მდგომარეობაზეც უარყოფითად იმოქმედებს. რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? რა უნდა უთხრან დედამ და მამამ შვილს განქორწინებისა და მომავალი ცხოვრების შესახებ? სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვს ყველაფერი მარტივი და გასაგები ენით ავუხსნათ, მაგალითად, ასე: "დედა და მამა ადრე ცოლ-ქმარი იყვნენ, ახლა ერთმანეთს სცილდებიან. როცა ადამიანები ქორწინდებიან, ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას. ეს ქორწილით იწყება. ქორწილი დღესასწაული და მხიარულებაა. როცა ადამიანები გადაწყვეტენ, რომ ერთად აღარ იცხოვრონ, ეს არის გაყრა, განქორწინება. ეს არ არის დღესასწაული. ქორწინებისას ბეჭდებს იკეთებენ, გაყრისას იხსნიან". ამის შემდეგ პატარას უნდა ავუხსნათ, რომ მართალია, დედა და მამა ცოლ-ქმარი აღარ არიან, მაგრამ ისინი სამუდამოდ დედად და მამად რჩებიან. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მამამ დედა მიატოვა (ან პირიქით), მაგრამ შვილი - არა. ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ ასეთი რამ სხვა ოჯახშიც ხდება, მაშინ, როცა მშობლებს აღარ შეუძლიათ ერთად ცხოვრება.
კარგია, თუ გჯერათ, რომ განქორწინება თქვენთვის უკეთესია, მაგრამ თუ სხვაგვარად ფიქრობთ, ნუ მოატყუებთ შვილს. მარტივად უთხარით, რომ ცხოვრებაში ადამიანმა ყოველგვარი სირთულე შეიძლება გადაიტანოს, რის შემდეგაც ის უფრო ამტანი და ძლიერი ხდება. უფროსებს უჭირთ ამის წარმოდგენა, მაგრამ თითქმის ყველა ბავშვს ჰგონია, რომ მშობლების გაყრაში თავად არის დამნაშავე. "მე რომ კარგი ვიყო, მამა არ წავიდოდა", - ფიქრობენ პატარები. ამავე დროს, ჩნდება შიში, რომ ოდესმე წავა დედაც... ეს შიში დედამ მშვიდად და გასაგებად წარმოთქმული განმარტებებით უნდა გაფანტოს. ბავშვმა აუცილებლად უნდა გაიგონოს, რომ განქორწინება უფროსების ურთიერთობას ეხება და თავად არაფერ შუაშია. ჯობს, შვილს სასხვათაშორისოდ უთხრათ: "ზოგჯერ ბავშვებს ჰგონიათ, რომ მშობლების გაყრა მათი ბრალია, მაგრამ ეს არ არის მართალი". ირიბად ნათქვამი ფრაზა პატარას მისცემს არჩევანის საშუალებას - თუ სურს, გააგრძელოს საუბარი ამ თემაზე, თუ არ სურს, არაფერი თქვას.
უპირობო სიყვარული
გაყრის შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ტიპური შეცდომაა დედის მიერ ოჯახიდან წასულ მამასთან შეხვედრის, მისი სიყვარულის აკრძალვა. უნდა ვიცოდეთ, რომ პატარა ბავშვს, რომელიც ჯერ მოზარდი ასაკისაც არ არის, უბრალოდ არ შეუძლია, არ უყვარდეს საკუთარი მშობლები. ბავშვს მშობელი უყვარს ისეთი, როგორიც არის. მისთვის ყველანაირი მამა ძვირფასია - დამნაშავე, ნარკომანი, ლოთი, უკმეხი და ისეთიც კი, რომელიც მას ტოვებს... პატარა მართლაც მისი სისხლი და ხორცია და როდესაც ვაიძულებთ, უარყოს მამა, ის თითქოს იძულებული ხდება, უარი თქვას საკუთარ თავზე. დაუშვებელია ფრაზები: "სულ მამაშენს ჰგავხარ, მასავით საძაგელი ხარ!", "სულ მამაშენს და მის უხეირო ოჯახს დაემსგავსე!" მსგავსი ფრაზებით ბავშვს შეურყევთ საკუთარი თავის რწმენას, დაუქვეითებთ თვითშეფასებას. განქორწინების შემთხვევაში ყველაზე მართებული პოზიციაა "არ განვიკითხოთ", ხმამაღლა მაინც... ჯობს, ბავშვს ესმოდეს: "ის შენი მამაა, მამაზე ცუდად ლაპარაკი არ შეიძლება"; "ბავშვებს ხშირად უჭირთ გაიგონ, რას და რატომ აკეთებენ უფროსები". დედამ და დედის ახლობლებმა უნდა შეიგნონ, რომ პატარას აუცილებლად უნდა დავრთოთ მამასთან შეხვედრის ნება. უფრო მეტიც - მას უნდა ჰქონეს ურთიერთობის თავისუფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს მამასთან დარეკვის საშუალება, დედა არ უნდა აკონტროლებდეს მის ზარებს, არ ინტერესდებოდეს საუბრის შინაარსით, დეტალებით, მამის საქმიანობით, არ კითხულობდეს, რა თქვა მამამ მის შესახებ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ასეთი პოზიცია აუცილებელია, რათა პატარა მამის სიყვარულის გამო თავს მოღალატედ ან დამნაშავედ არ გრძნობდეს. ბავშვი დედის პოზიციით უნდა ხვდებოდეს, რომ მამასთან ურთიერთობა მისი პირადი საქმეა, მას აქვს უფლება, ჰქონდეს საიდუმლო, რაც დედას სულაც არ აღიზიანებს. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როცა განქორწინებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ახალი ურთიერთობის გაბმას ცდილობს. ბავშვებს სამართლიანობისა და სიმართლის განსაკუთრებული გრძნობა აქვთ და თავს დამნაშავედ გრძნობენ, თუ შემთხვევით რაიმე ზედმეტი წამოსცდათ დედის ან მამის ახალ ურთიერთობებზე, გასცეს მათი საიდუმლო. ყველა მშობელი ვალდებულია, მშვიდად მიიღოს ის ფაქტი, რომ მას არა აქვს ურთიერთობა ყოფილ მეორე ნახევართან, ბავშვს კი აქვს და ბოროტად არ გამოიყენოს შვილი როგორც ინფორმაციის წყარო.
ლეგენდები და მითები
ფართოდ არის გავრცელებული მამების მიერ შეთხზული ზღაპარი, რომ შესაძლებელია, შვილს გაყრის შემდეგაც ისეთივე ყურადღება მიაქციონ, როგორიც მანამდე. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ განქორწინების შემდეგ ბავშვთან ძველებური ურთიერთობის შენარჩუნება ილუზიაა. ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს ოჯახი ან აქვს, ან არა. პატარაც ან გრძნობს, რომ მამა სახლშია, მის გვერდით, ან იცის, რომ მამა სხვაგან ცხოვრობს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არ არის საჭირო არც თავის, არც ბავშვის მოტყუება. ბავშვებს არ უყვართ ტყუილი, თუნდაც კეთილშობილური მიზნით ნათქვამი, და მას დიდხანს არ ივიწყებენ. ჯობს, პატარამ მამისგან სიმართლე გაიგოს: "მე წავედი დედისგან და ესე იგი შენგანაც, მაგრამ მე ისევ შენი მამა ვარ, მიყვარხარ და არასოდეს მიგატოვებ. უბრალოდ, ერთად აღარ ვიცხოვრებთ". უთხარით, რომ ამის გამო თქვენც მოწყენილი ხართ, მაგრამ, სამწუხაროდ, უფროსებს შორის ასეთი რამ ხანდახან ხდება.
მნიშვნელოვანი წესები
ბავშვს ცხოვრება გაცილებით უადვილდება, როცა ზუსტად იცის, როდის ნახავს მეორე მშობელს. ის თავს გაცილებით იმედიანად იგრძნობს, თუ ეცოდინება, როდის და სად შედგება შეხვედრა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, ვინაიდან მათ მოლოდინისას ძალიან დიდი ენერგია ეხარჯებათ. მშობელიც უნდა ეცადოს, არ შეცვალოს დათქმული დრო, არ გაუცრუოს შვილს მოლოდინი. აჩუქეთ ბავშვს კალენდარი, სადაც აღნიშნული იქნება თქვენი შეხვედრის დღე. ხშირად ბავშვი განქორწინებული მშობლებისთვის საჯილდაო ქვად იქცევა. ისინი ცდილობენ, ერთმანეთს აჩვენონ, ვინ არის ბავშვისთვის უფრო ძვირფასი. თითქოს დანაკარგის შევსება, კომპენსაციის მიღება სურთ, ისწრაფიან, გულში გაჩენილი სიცარიელე შვილისგან მიღებული ორმაგი სიყვარულით შეივსონ, მეორე მშობლისთვის განკუთვნილი სიყვარულიც მიითვისონ... მშობლებს ამგვარი "მომხვეჭელობით" გარკვეულწილად მეორე ნახევრის დასჯაც სურთ. ნუ დააყენებთ ბავშვს თქვენსა და თქვენს ყოფილ მეუღლეს შორის და ნუ ეცდებით, ის თქვენსკენ გადაიბიროთ. დაიმახსოვრეთ: გარდატეხის ასაკამდე ბავშვს არ შესწევს ძალა, არ უყვარდეს ერთ-ერთი მშობელი. არ შეიძლება, მისი სიყვარულის გაყოფა ვცადოთ და გამუდმებით ვუმტკიცოთ, რომ მამა (ან დედა) ცუდია, მისი სიყვარული შეუძლებელია. როცა განქორწინებული მშობლები გრძნობებს ვერ უმკლავდებიან, ეს შვილის სუსტ მხრებს აწვება ტვირთად. დაფიქრდით, შეძლებს პატარა, ასეთ ტვირთს გაუძლოს?
ბავშვი არ უნდა გახდეს მშობლების რთული და არაერთგვაროვანი ურთიერთობების მონაწილე. თუ დედას უჭირს ყოფილ მეუღლესთან დარეკვა, მაგრამ ეს აუცილებელია, დაუშვებელია, დახმარება შვილს სთხოვოს. არ გამოჰკითხოთ ბავშვს მამასთან საუბრის დეტალები - ამით პატარას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებთ: თუ მან პასუხი გაგცათ, თავს გამცემად ჩათვლის, ხოლო თუ არაფერს მოგიყვათ, იფიქრებს, რომ გაწყენინათ. ასეთმა ემოციებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ხასიათსა და ქცევაზე. ნუ გადააქცევთ შვილს საკუთარ მესაიდუმლედ ოჯახური პრობლემების განხილვისას. თქვენი განცდები ვინმე სხვას გაუზიარეთ. არც დედამ და არც მამამ არ უნდა მისცენ თავს უფლება, რომ ბავშვებს გაყრის თაობაზე თავისი ემოციები გაუზიარონ. მართალია, პატარამ სიმართლე უნდა იცოდეს, მაგრამ სასტიკი სიმართლე ნამდვილად არ არის საჭირო. პატარა ბავშვები ისედაც ძალიან კარგად გრძნობენ მშობლების განწყობას, რადგანაც ოჯახში, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, არსებობს "ოჯახური ქვეცნობიერი". გასაგებია, რომ განქორწინებისას მშობლები თავს მარტოსულად გრძნობენ. ხშირად მათ წამალივით სჭირდებათ ვინმესთან საუბარი, ვინმეს მხარდაჭერა. ძალიან დიდია ცდუნება, ამ მიზნით მოზრდილი ადამიანის ნაცვლად საკუთარი შვილი გამოვიყენოთ, საკუთარი ტკივილი გავუზიაროთ ან ცხოვრებაზე გულახდილად ვესაუბროთ, მაგრამ მაინც გირჩევთ: ბოროტად ნუ ისარგებლებთ შვილის ყურადღებით. იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები საკუთარ მესაიდუმლეებად აქცევენ ხოლმე, ასაკისთვის შეუფერებელი "დიდური" ქცევა-აზროვნება და სკეპტიციზმი გამოარჩევთ. ისინი ადრეული ასაკიდანვე იგებენ ცხოვრების და ადამიანური ურთიერთობების ავ-კარგს. თუ გრძნობთ, რომ სიტუაციას თავად ვერ უმკლავდებით, ჯობს ფსიქოლოგს მიმართოთ. დასასრულ კი გვინდა ერთი რამ გითხრათ: თუ ოჯახში ბავშვია, მაქსიმალურად ეცადეთ, კონფლიქტი მოაგვაროთ და განქორწინება თავიდან აიცილოთ.