რას გვეუბნება ბავშვის თვალები
პათოლოგიას, რათა შვილს ცხოვრების სწორი რეჟიმი შეუქმნან და მის მხედველობაზე იზრუნონ. გვესაუბრება ოფთალმოლოგი მაია კავლელაშვილი.
-
რა ასაკიდან უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება ბავშვის მხედველობას?
- მხედველობის პროფილაქტიკა ბავშვის დაბადებამდე უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ თვალის თანდაყოლილ პათოლოგიათა ნაწილი ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდში, დედის სხვადასხვა დაავადების ფონზე. მაგალითად, ორსულობის მეშვიდე-მერვე კვირას დედის მიერ გადატანილმა გრიპმა შესაძლოა თანდაყოლილი გლაუკომა გამოიწვიოს. თანდაყოლილი კატარაქტისა და ანთებითი პროცესების მიზეზიც დედის ინფექციური დაავადებაა. ნაყოფის მხედველობის ორგანოზე ასეთსავე გავლენას ახდენს დედის მავნე ჩვევები - თამბაქოს წევა, ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება. რისკფაქტორებია არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, არასრულფასოვანი კვება, არაჯანსაღი ეკოლოგიური გარემო, ხანგრძლივი სტრესი და ა.შ.
ახალშობილის მხედველობის სიმახვილე დაბადებიდან 2 კვირის განმავლობაში ძალზე დაბალია და 0,01-0,02-ს არ აღემატება. ჩამოყალიბებულია მხოლოდ თვალის გუგის რეაქცია (რეფლექსი) სინათლეზე. 2-დან 5 კვირამდე ასაკის ჩვილი უკვე იწყებს მზერის ფიქსაციას სინათლეზე და შედარებით დიდი ზომის საგნებზე. ამ პერიოდში თვალების სინქრონული მოძრაობა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ ბავშვი შესაძლოა თვალებს აელმებდეს. ამ ასაკში ეს საშიში არ არის, მაგრამ თუ სიელმემ დაბადებიდან 6-8 კვირის განმავლობაში არ გაიარა, უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.
მეორე თვიდან ბავშვი გარემოს შესწავლას იწყებს. მზერას აფიქსირებს საგნებზე და აკვირდება მათ მოძრაობას. სინქრონულად ვითარდება მხედველობა, სმენა და ტაქტილური მგრძნობელობა. მესამე-მეოთხე თვიდან იწყებს ჩამოყალიბებას ფერადი მხედველობა. მხედველობის სიმახვილე 0,2-0,4-მდე იმატებს. მეექვსე თვიდან ბავშვი მეტ-ნაკლებად სწორად აღიქვამს სხვადასხვა საგნამდე მანძილს.
2 წლის ასაკისთვის მხედველობის სიმახვილე 0,6-0,7-მდე იმატებს, ხოლო 3-4 წლის ბავშვის მხედველობის სიმახვილე მხოლოდ 10-20%-ით ჩამორჩება მოზრდილისას.
პირველ წელს პატარას სჭირდება 5 პროფილაქტიკური გასინჯვა ოფთალმოლოგთან: სიცოცხლის პირველსავე დღეებში, ერთი თვის, სამი თვის, ექვსი თვისა და ერთი წლის ასაკში. ეს საშუალებას გვაძლევს, დროულად გამოვავლინოთ მხედველობის ორგანოს ნებისმიერი პათოლოგია.
დაახლოებით 2 წლის ასაკიდან შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა სპეციალური საბავშვო ტაბულებით. სასურველია, - აუცილებელიც კი, - ბავშვებს მხედველობა სკოლაში მისვლამდეც შევუმოწმოთ, რათა, საჭიროებისამებრ, დროულად მოვახდინოთ კორექცია.
მხედველობის შემოწმება და დროული კორექცია ბავშვს თავიდან ააცილებს იმ პრობლემებს, რომლებიც მხედველობის დაქვეითებას მოსდევს. სახელდობრ, დაძაბვის თავის ტკივილს, რომლის გამოც ბავშვმა შეიძლება სრულიად დაკარგოს მეცადინეობის სურვილი, განუვითარდეს ყურადღების დეფიციტი.
შედარებით მოზრდილ ასაკში ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე მომენტს, კერძოდ, იმას, რამდენად მკვეთრია შორეული გამოსახულება (მაგალითად, დაფა და მასზე გაკეთებული წარწერები), ხომ არ ორდება ან მოძრაობს ასოები, მხედველობითი დატვირთვის შემდეგ ხომ არ იჩენს თავს ასთენიური ჩივილები (თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუხვევა). ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ბავშვი კონსულტაციისთვის ოფთალმოლოგს უნდა მიუყვანოთ.
-
წინათ მოწაფეებს მხედველობას სკოლაშივე უმოწმებდნენ. ამჟამად სკოლებში ექიმები არ არიან. კარგი იქნებოდა, ეს ტრადიცია აღგვედგინა...
- გეთანხმებით. პროფილაქტიკური შემოწმება ძალზე ფასეულია, ვინაიდან საგრძნობლად აადვილებს მხედველობის პათოლოგიათა დროულ დიაგნოსტიკას, დროულად და სწორად დაწყებული მკურნალობა კი გაცილებით შედეგიანია, მით უმეტეს - ბავშვთა ასაკში.
-
თვალებიდან რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული წიგნი ან რვეული? რაზე მიუთითებს ამ ნორმების დარღვევა?
- კითხვისა და წერისას თვალებსა და სამუშაო ზედაპირს შორის ოპტიმალური მანძილი 30-40 სმ-ია. ასეთ მანძილზე ნორმალურად მხედველი თვალისთვის მუშაობა ყველაზე კომფორტულია. თუ მოწაფე სისტემატურად არღვევს ნორმას, ეს მხედველობის პათოლოგიაზე მიუთითებს.
-
რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის სამუშაო ოთახის ან კუთხის განათებას და რა შეიძლება მოჰყვეს ცუდად განათებულ ოთახში მეცადინეობას?
- ოთახის სწორი განათება მეტად მნიშვნელოვანია მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებისთვის. ოთახი, სადაც ბავშვი მეცადინეობს, კარგად უნდა იყოს განათებული. სასურველია, საწერ მაგიდაზე იდგეს სინათლის დამატებითი წყარო. როცა განათება არასაკმარისია, თვალი ზედმეტად იტვირთება, რაც ნაადრევ გონებრივ გადაღლას და შრომის უნარის დაქვეითებას იწვევს, ხოლო თუ ბავშვს სისტემატურად უხდება ცუდად განათებულ ოთახში მუშაობა, ეს საბოლოოდ მხედველობის დაქვეითებამდე მიგვიყვანს.
-
საშიშია თუ არა წოლისას კითხვა ან ტელევიზორის ყურება?
- წოლისას კითხვა და ტელევიზორის ყურება ერთნაირად მავნეა ბავშვისთვისაც და მოზარდისთვისაც, თუმცა, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ამას თავიდან ვერ ავიცილებთ. მხოლოდ ეს შეგვიძლია გირჩიოთ: ეცადეთ, ბავშვმა რაც შეიძლება იშვიათად იკითხოს დაწოლილმა. უმჯობესი იქნება, თუ საწოლში ნახევრად წამოჯდება ან თავს მაქსიმალურად წამოსწევს, სასთუმალთან კი ედგმება მკვეთრი სინათლის წყარო, რომლის შუქიც ტექსტისკენ იქნება მიმართული.
-
არც ისე დიდი ხანია, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაჩნდა ახალი ”პერსონა” - კომპიუტერი. მისი ყველაზე აქტიური მომხმარებლები დღეს ბავშვები და მოზარდები არიან. როგორ დავიცვათ შვილები კომპიუტერთან დაკავშირებული მხედველობის პრობლემებისგან?
- კომპიუტერის აქტიურ მომხმარებლებს, რომელთა ნახევარზე მეტს ბავშვები და მოზარდები შეადგენენ, აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება და მხედველობითი დისკომფორტი. ”კომპიუტერის დაავადება” უმთავრესად მხედველობის დაქვეითებით, თავის ტკივილითა და თავბრუხვევით ვლინდება. საქმე ზოგჯერ ნერვულ აშლილობამდეც კი მიდის. ოფთალმოლოგებმა ეს პრობლემა შეისწავლეს. რამდენიმეწლიანი კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ:
- კომპიუტერთან სისტემატური მუშაობა მოითხოვს მხედველობის კონცენტრაციის მკვეთრ გაძლიერებას, რასაც ძალაუნებურად მოჰყვება ახლო მანძილზე მხედველობის მექანიზმის ნაწილობრივი გადაწყობა, ეს კი იწვევს თვალის მამოძრავებელი კუნთების და ბროლის (ცილიარული) კუნთის ძლიერ გადაღლას. შედეგად ვითარდება აკომოდაციის სპაზმი. კომპიუტერთან დღეში ორ-სამსაათიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ მოზარდის თვალის რეფრაქცია საშუალოდ 0,25 დიოპტრიით იცვლება მინუსისკენ, ეს კი ახლომხედველობის (მიოპიის) განვითარების აშკარა წინაპირობაა.
- მონიტორი თვითმნათი ხელსაწყოა. მონიტორზე მხედველობის კონცენტრაცია თვალზე პრაქტიკულად ისევე მოქმედებს, როგორც ანთებული ნათურის დიდხანს ყურება: იკლებს კონტრასტული მხედველობა და ციმციმის აღქმის ზღვრული სიხშირე.
- მხედველობითი კონცენტრაციის პირობებში საგრძნობლად იშვიათდება ქუთუთოების ხამხამის სიხშირე, რაც, თავის მხრივ, იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივიტის) და რქოვანა გარსის წინა ზედაპირის გაშრობას. ყალიბდება ე.წ. მშრალი კონიუნქტივიტი. ზემოაღნიშნულ პათოლოგიურ მოვლენათა ერთობლიობა ცნობილია კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომის (კმს) სახელით.
ამ პრობლემების თავიდან აცილებისათვის საჭიროა რამდენიმე პირობის შესრულება:
- კომპიუტერული ჰიგიენის დაცვა;
- პროფილაქტიკური ოფთალმოლოგიური სკრინინგი;
- ადეკვატური ოპტიკური კორექცია;
- მედიკამენტური მკურნალობა;
- პროფილაქტიკა და მკურნალობა სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით.
-
რას ნიშნავს კომპიუტერული ჰიგიენა?
- კომპიუტერული ჰიგიენა მოიცავს რამდენიმე მომენტს:
- მონიტორთან მუშაობისას ყოველ 30 წუთში ერთხელ საჭიროა 2-3 წუთით შესვენება, მცირე ხნით მხედველობის კონცენტრირება შორეულ საგნებზე;
- თვალებიდან მონიტორამდე უნდა დავიცვათ 50-60 სმ-იანი დისტანცია;
- თვალებსა და მონიტორის ცენტრს შორის უნდა შევინარჩუნოთ 10-15-გრადუსიანი კუთხე, რათა თავიდან ავიცილოთ ზედა ქუთუთოების იძულებითი მაღლა დგომა;
- მონიტორის ირგვლივ ფონური განათება თვალებისთვის არც უსიამოვნოდ ძლიერი უნდა იყოს, არც მეტისმეტად სუსტი. დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების პირობებში.
- მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სინათლის სხვა წყაროს (ფანჯარა, ნათურა და ა.შ.).
6-7 წლამდე ასაკის ბავშვი კომპიუტერს, სასურველია, მოვარიდოთ. 7-დან 12 წლამდე ასაკის ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისთვის კომპიუტერთან ჯდომა მაქსიმუმ 40-60 წუთი შეიძლება, ხოლო 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდისთვის - დღეში არა უმეტეს 2-2,5 საათისა.
-
პროფილაქტიკური საშუალებებიდან რომლებს გვირჩევთ?
- ყველაზე გავრცელებული პროფილაქტიკური საშუალებებია ბუნებრივი ცრემლის პრეპარატები. მათი დანიშნულებაა თვალის ლორწოვანი გარსის გამოშრობის თავიდან აცილება. კომპიუტერთან მუშაობისას ეს პრეპარატები თვალებში 2-4 საათში ერთხელ უნდა ჩავიწვეთოთ. ბიოაქტიური კვებითი დანამატე-ბიდან აღსანიშნავია შავი მოცვის პრეპარატები, როგორც ტაბლეტირებული ფორმით, ასევე ნაყენი და სიროფი. ითვლება, რომ შავი მოცვი კარგია ბადურა გარსის გასააქტიურებლად. პრეპარატის დოზირება ინდივიდუალურია და ექიმ ოფთალმოლოგის კომპეტენციაში შედის.
-
რას უჩივის ბავშვი მშრალი თვალის სინდრომის დროს?
- თვალის ჯანსაღი საცრემლე ჯირკვლები სისტემატურად გამოყოფს ცრემლს, რომელიც თვალებს გამოშრობისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ხდება ხოლმე, რომ ცრემლის გამოყოფა მცირდება ან გარემოს მავნე ზემოქმედება იმდენად ძლიერია, რომ გამოყოფილი ცრემლი თვალის დასაცავად საკმარისი არ არის. თავს იჩენს თვალების სიწითლე, უსიამოვნო შეგრძნება თვალების ხამხამის ან მოძრაობის დროს, უცხო სხეულის (ქვიშის) ჩხვლეტის შეგრძნება თვალებში, ზოგჯერ ტკივილიც კი. ასეთ დროს ოფთალმოლოგის კონსულტაცია აუცილებელია, რათა სიმშრალის მიზეზი გაირკვეს და სწორი რეჟიმი ან მკურნალობა დაინიშნოს.
-
რა არის ზარმაცი თვალი და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი განვითარება?
- ზარმაც თვალს უწოდებენ მდგომარეობას, როდესაც მხედველობა დაქვეითებულია, მაგრამ გამოკვლევები თვალის ვერც ერთ ორგანულ პათოლოგიას ვერ ავლენს. ბევრს ასეთი რამ შემთხვევით აღმოაჩნდება ხოლმე. სწორედ პერიოდული გასინჯვები, პროფილაქტიკური კონსულტაციები გვაძლევს საშუალებას, დროულად დავსვათ დიაგნოზი და დავიწყოთ მკურნალობა. ინიშნება სათვალე, სპეციალური ვარჯიშები.
-
ყოველთვის საჭიროა თუ არა ბავშვისთვის სათვალე?
- თუ ბავშვს მხედველობის დაქვეითება - მიოპია აღმოაჩნდა, პირველ ყოვლისა, ჩასატარებელია მხედველობის ორგანოს სრული გამოკვლევა და სწორი კლინიკური დიაგნოსტირება. ამის შემდეგ ტარდება მხედველობის ოპტიკური კორექცია - სათვალის შერჩევა. ბავშვთა ასაკში სათვალის შესარჩევად აუცილებელია მედიკამენტური ციკლოპლეგია - აკომოდაციის დროებითი დამბლის გამოწვევა სპეციალური მედიკამენტური საშუალებებით. ვიწრო და ფართო გუგის ფონზე მიღებული მონაცემების შეჯერების შემდეგ ხდება სათვალის საბოლოო დიოპტრიული ძალის გამოთვლა. ამრიგად, ბავშვს სათვალე კლინიკაში უნდა შევურჩიოთ და არა ოპტიკის სალონში. ყურადსაღებია კიდევ ერთი რამ: თუ ბავშვს მხედველობის სიმახვილე უკორექციოდ 0,5 ან მეტი აქვს და მისი ახლომხედველობის (მიოპიის) ხარისხი არ აღემატება 2 დიოპტრიას, სათვალე უმეტესწილად არ ინიშნება.
სათვალის შერჩევის შემდეგ მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში - პაციენტი წელიწადში 4-ჯერ მაინც უნდა გაისინჯოს. თუ 2 წლის განმავლობაში მიოპიამ პროგრესი არ განიცადა, მომდევნო წელიწადს 2-3 კონსულტაცია საკმარისია. მიოპიის პროგრესირებისას აუცილებელია სათანადო მედიკამენტური მკურნალობა. თუ მიოპია წელიწადში 0,75 დიოპტრიით ან მეტით იმატებს, მისი პროგრესირების შეჩერების მიზნით აუცილებელია სპეციალური ოპერაცია - სკლეროპლასტიკის ჩატარება.
სათვალე, მხედველობის დამცავი საშუალება, ინიშნება ჰიპერმეტროპიისა და ასტიგმატიზმის დროს.
ჰიპერმეტროპია ანუ შორსმხედველობა მიოპიის საპირისპირო რეფრაქციული მანკია, რომლის კორეგირება შემკრები ანუ პლუს ნიშნიანი ლინზებით ხორციელდება. მიოპიისგან განსხვავებით, იგი იშვიათად პროგრესირებს, მაგრამ უფრო ხშირად იწვევს დისკომფოტს მხედველობითი დატვირთვის დროს - ე.წ. ასთენოპათიას. ამ დროს პაციენტი უჩივის თვალების წვას, ტკივილს, ცრემლდენას, რომელიც წერა-კითხვის დროს ძლიერდება, სიმძიმის შეგრძნებას შუბლის არეში, თავის ტკივილს. სწორად შერჩეული სათვალის გამოყენებისას ეს მოვლენები ქრება და ბავშვს ნორმალური მეცადინეობის საშუალება ეძლევა.
აქვე უნდა ითქვას, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აღენიშნებათ ე.წ. ფიზიოლოგიური ჰიპერმეტროპია და თუ 5-6 წლამდე ასაკის ბავშვს არ აქვს სუბიექტური ჩივილები, არ აღენიშნება სიელმე და ზარმაცი თვალი (ამბლიოპია), მხედველობის სიმახვილე შედარებით მაღალია და ჰიპერმეტროპიის ხარისხი 1,5 დიოპტრიას არ აღემატება, სათვალის დანიშვნა შეიძლება გადავდოთ კიდეც, თუმცა ასეთი ბავშვების დინამიკაში დაკვირვება აუცილებელია.
ასტიგმატიზმი - ეს არის სხვადასხვა რეფრაქცია თვალის სხვადასხვა ოპტიკურ მერიდიანში, უფრო მარტივად თუ ვიტყვით, თვალის ოპტიკური ნაწილების (რქოვანა გარსის ბროლი) ზედაპირი არა სფერული, არამედ ელიფსოიდურია. ამის გამო სინათლის სხივები არაერთგვაროვნად გარდატყდება. ბავშვს აქვს დისკომფორტი და მხედველობის პრობლემები, რაც სწავლაში ხელს უშლის. ასტიგმატიზმის დროს ინიშნება ცილინდრული ლინზები. გარეგნულად ისინი თითქმის არ განსხვავდება სათვალის ჩვეულებრივი ლინზებისგან, მაგრამ მათი ოპტიკური სტრუქტურა სრულიად სხვაგვარია.
-
ხშირად პატარა პაციენტებს არ სურთ სათვალის ტარება, არ ასრულებენ ექიმის დანიშნულებას. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?
- ბავშვებს, რომლებსაც ჯიუტად არ სურთ სათვალის ტარება, მისდევენ სპორტს, ცეკვავენ ან, უბრალოდ, ცელქობენ, სათვალის გატეხისა და თვალის დაზიანების თავიდან ასაცილებლად კონტაქტურ ლინზებს ვუნიშნავთ. ბავშვს კონტაქტური ლინზები შეიძლება დაენიშნოს 6-7 წლის ასაკიდან. ისინი კლინიკაში ექიმმა ოფთალმოლოგმა უნდა შეარჩიოს.
-
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შევუნარჩუნოთ ბავშვს მხედველობის ხარისხი ამა თუ იმ მანკის დროს, როგორ არ დავუშვათ დაავადების პროგრესირება ან, უკეთეს შემთხვევაში, საბოლოოდ განვკურნოთ იგი, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, რათა დავიცვათ თვალი და არ დავუშვათ მისი პათოლოგიური დაზიანება?
- განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს მხედველობის პრობლემა, თვალს გულისყურით უნდა მოვუაროთ.
- ნებისმიერი მხედველობითი დატვირთვის დროს სასურველია დროდადრო მხედველობის მცირე ხნით ფიქსირება შორეულ საგნებზე.
- კარგია თვალის მამოძრავებელი კუნთების ვარჯიში: თავის გაუნძრევლად მზერის გადატანა მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ და ქვემოთ. ამის შემდეგ სრულდება წრიული და რვიანისებური მოძრაობები.
- თავდაპირველად საკმარისია ამ მოძრაობების 2-3 ციკლის შესრულება დღეში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ 2 კვირით უნდა შევისვენოთ და კურსი გავიმეოროთ.
დღის რეჟიმი და კვება
აუცილებელია ეკრანული დატვირთვის მკვეთრი შეზღუდვა. ტელევიზორის ყურება შეიძლება დღეში მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში, მინიმუმ 2 მეტრის მანძილიდან. პრაქტიკულად იკრძალება კომპიუტერთან მუშაობა (თუ უკვე მხედველობის მანკთან გვაქვს საქმე). მობილურ ტელეფონზე დასაშვებია მხოლოდ საუბარი. არავითარი თამაში, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ა.შ.! მეცადინეობის დროს მანძილი წიგნიდან თვალებამდე 35 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. დაუშვებელია მხედველობის დარღვევა (კითხვა, ტელევიზორის ყურება) მწოლიარე მდგომარეობაში.
სასარგებლოა ბავშვის გაკაჟება და სპორტის ისეთი სახეობებით დატვირთვა, სადაც ნაკლებად მოსალოდნელია თავის ტრავმა. მაგალითად, კარგია მძლეოსნობა, მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა (მაგრამ არა ტრამპლინიდან ხტომა და წყალბურთი). კვებით რაციონში უნდა შედიოდეს თვალებისთვის სასარგებლო სურსათი: ხაჭო, მაწონი, კეფირი, მოხარშული თევზი, ქათმისა და ინდაურის, კურდღლის, საქონლის ხორცი და ენა, კომბოსტო, სტაფილო, ოხრახუში, ნიახური და ტარხუნა, კენკრა (მოცვი, მაყვალი) და აუცილებლად - დღეში 1 ვაშლი!
ახლომხედველ ბავშვს 5 წლამდე კითხვას ნუ ასწავლით და ნუ მიიყვანთ სკოლაში 7 წლამდე. დადგენილია, რომ 6 წლის პირველკლასელებს შორის მიოპიის გამოვლენისა და პროგრესირების სიხშირე 7 წლისებთან შედარებით 3-ჯერ მეტია.