აღმზრდელთა კონფლიქტი

დედა მოთმინებით ცდილობს აუხსნას, რომ ეს ცუდი საქციელია, ბებია კანფეტს სთავაზობს, ხოლო მამას, რომელმაც არ იცის, რა მოხდა, წარბი შეუკრავს და ყვირილს აპირებს.
ცხადია, რომ აღზრდის პროცესი არაკონტროლირებადი გახდა. ბავშვიც დაბნეულია, გულნატკენია იმის გამო, რომ მამამ უყვირა, წყენას ოდნავ ამცირებს კანფეტი, ხოლო დედის სიტყვები მისთვის სრულიად გაუგებარი რჩება. სიტუაცია მართლაც ნაცნობია. რა იღონონ მშობლებმა, როგორ იპოვონ გონივრული კომპრომისი აღზრდის განსხვავებულ პრინციპებს შორის, როგორ მიაღწიონ მიზანს და არც საკუთარი შვილი დააზარალონ?
რომელი ჯობია?
ოჯახისთვის ბავშვის აღზრდის საკითხი მარადიული, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი პრობლემაა. ის არის მრავალი მეცნიერის - პედაგოგის, ფსიქოლოგის - შესწავლის საგანი და პოლემიკასა და აზრთა სხვადასხვაობს იწვევს. საყოფაცხოვრებო კამათი ხშირად სამეცნიერო კონფერენციებზეც გრძელდება. რა ჯობს, სიმკაცრე თუ ლმობიერება, ავტორიტარიზმი თუ თავისუფლების მინიჭება?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ორივე პრინციპს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. სანამ უფროსები ვკამათობთ, ბავშვები ცდილობენ მიხვდნენ, როგორ მოიქცნენ, რომ მშობლებს ასიამოვნონ და რას უნდა ელოდნენ ამა თუ იმ სიტუაციაში ამ უცნაური უფროსებისაგან...
მოდი გავარკვიოთ, რით შეიძლება დაგვეხმაროს ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას მეცნიერთა მიღწევები. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პედაგოგიკაში გამოყოფენ აღზრდის ოთხ ტიპს: დიქტატს, ზემზრუნველობას, ჩაურევლობას და თანამშრომლობას. ყოველი მათგანი განსაზღვრული კუთხით ახდენს გავლენას ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე.
დიქტატი არის ოჯახის ზოგიერთი წევრის (უმთავრესად - უფროსებისა და მათი მიმბაძველი უფროსი ბავშვების) მიერ სხვა წევრების ინიციატივისა და ღირსების მუდმივი დათრგუნვა. მშობლების მიერ ასეთი პედაგოგიური ტაქტიკის არჩევისას ბუნებით ლიდერობისკენ მიდრეკილ ბავშვს ძლიერი წინააღმდეგობის უნარი უვითარდება, მაგრამ თუ ის ადვილად ტრავმირებადი პიროვნებაა, ასეთი აღზრდის შედეგი შეიძლება იყოს შფოთვა, ეჭვიანობა, შიში და საკუთარი შესაძლებლობების დაუფასებლობა.
ზემზრუნველობა არის ისეთ ურთიერთობათა სისტემა, რომლის დროსაც მშობლები თავიანთი შრომის წყალობით აკმაყოფილებენ ბავშვის ყველა მოთხოვნას, თავიდან აცილებენ მას ყოველგვარ საზრუნავს, სირთულესა და ძალისხმევას. ამ შემთხვევაში აღზრდის შედეგის პროგნოზირება ადვილია - ყალიბდება ემოციურად მოუმწიფებელი, ჭირვეული, ეგოცენტრული, მომთხოვნი პიროვნება, რომელიც სულაც არ არის ადაპტირებული ცხოვრებასთან. გარდა ამისა, ზემზრუნველობა შესაძლოა ჰიპოქონდრიული მიდრეკილებების განვითარების მიზეზად იქცეს.
ბავშვობიდანვე ზედმეტ მზრუნველობას მიჩვეული ბავშვი თავად გრძნობს თავს ზედმეტად და უძლურად მრავალ ისეთ სიტუაციაში, რომლებიც მისგან მოქმედებასა და გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. ხდება პირიქითაც - გარდატეხის ასაკის მოახლოებისას ბავშვს უჩნდება მოთხოვნილება, გათავისუფლდეს ზედმეტი მზრუნველობისაგან, რაც საბოლოოდ იწვევს პიროვნების ჯანყს და განსაზღვრულ ქცევას, რასაც პროტესტის ფუნქცია აქვს.
ჩაურევლობა არის ოჯახურ ურთიერთობათა ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება ბავშვებისა და უფროსების დამოუკიდებელი არსებობის მიზანშეწონილობის აღიარებას. ბავშვი თავის თავს არის მინდობილი. მშობლები, რომლებიც აღზრდის ამ პრინციპს აღიარებენ, იმედოვნებენ, რომ ხელს უწყობენ დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებას, გამოცდილების მიღებას. შეცდომების დაშვებისას ბავშვი იძულებულია, გააანალიზოს ისინი და საკუთარი დასკვნები გამოიტანოს, შეცდომებიც თავად უნდა გამოასწოროს.
აღზრდის ასეთი მეთოდის გამოყენებისას არსებობს პატარას ემოციური გაუცხოების ალბათობა. ადამიანი, რომელსაც ბავშვობისას დააკლდა ალერსი და მშობლების მზრუნველობა, თავს მარტოსულად გრძნობს, არავის ენდობა, ეჭვიანია. მას ძალიან უჭირს რაიმე საქმის სხვისთვის მინდობა და ცდილობს ყველაფერი თავად აკეთოს.
თანამშრომლობა არის ურთიერთობა, რომლის ძირითადი პრინციპიც არის გაერთიანება საერთო მიზნებისა და ამოცანების ირგვლივ, ერთობლივი საქმიანობა, ურთიერთდახმარება ყველა, მათ შორის ემოციურ სფეროში. აღზრდის პროცესში მთავარი სიტყვაა "ჩვენ". ბავშვს აქვს საკმარისი დამოუკიდებლობა, მაგრამ მის გვერდით ყოველთვის არის უფროსი, რომელიც მზადაა დაეხმაროს ბავშვს, მხარი დაუჭიროს, აუხსნას, დაამშვიდოს. ასეთი ოჯახის წევრებს აერთიანებთ საერთო ინტერესები, ოჯახური ტრადიციები, სპონტანური დღესასწაულები, ემოციური მოთხოვნილება იყვნენ ერთად, ერთობლივი საქმიანობა.
თანამშრომლობა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა უდიდესი ნაწილის მიერ აღიარებულია აღზრდის ყველაზე ეფექტურ ტიპად, თუმცა ჩვეულებრივ ცხოვრებაში ოჯახში ერთდროულად გვხვდება აღზრდის რამდენიმე ტიპი, რაც ქმნის დაძაბულ ატმოსფეროს და არასასურველ ზემოქმედებას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. რატომ ხდება ასე?
მშობელთა უთანხმოების მიზეზი
ოჯახში ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით უთანხმოებას მრავალი მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის თავად მშობლების განსხვავებული გამოცდილება, რომელიც მათ ბავშვობისას მიიღეს. ცნობილია, რომ მშობლები ხშირად ახდენენ აღზრდის იმ მოდელის კოპირებას, რომელიც მიღებული იყო მათ ოჯახში. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანები არ ეთანხმებიან მათი მშობლების აღზრდის პრინციპებს და ცდილობენ, საკუთარი შვილების აღზრდისას რადიკალურად განსხვავებული მეთოდი გამოიყენონ. ასე უმეტესად ის მშობლები იქცევიან, რომელთაც ბავშვობისას ზედმეტად თრგუნავდნენ. საკუთარი დანაკლისის კომპენსაციის მიზნით ისინი შვილებს ბევრის უფლებას აძლევენ. მათმა შვილებმა არ იციან, რა არის აკრძალვა, შეზღუდვა, რაც ხშირად უპასუხისმგებლობისა და ეგოიზმის მიზეზად იქცევა.
აღზრდის ოპტიმალური სტილის არჩევის დამაბრკოლებელი კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს მშობელთა განსხვავებული ხასიათი. ამის მაგალითია პედანტური, ყველა წვრილმანისთვის ყურადღების მიმქცევი მამა, რომელიც ხშირად ბრაზობს და მოითხოვს მისი ბრძანებების დაუყოვნებლივ შესრულებას და რბილი, ლმობიერი ხასიათის დედა, რომელიც უძლურია ბავშვის სისუსტეებისა და ჭირვეულობის წინაშე. რითია საშიში ასეთი სიტუაცია?
ის შეიძლება ორგვარად დასრულდეს - გამოიწვიოს ბავშვის შფოთვა მუდმივი დაძაბული მოლოდინისა და გაურკვევლობის გამო (დასჯიან თუ აპატიებენ ამა თუ იმ საქციელს) ან ეშმაკობისა და მანიპულირების უნარის განვითარების საფუძველი გახდეს - ბავშვმა ისწავლოს მშობლების ამ განსხვავების სათავისოდ გამოყენება. მაგალითად, მამასთან ყველა უთანხმოების შემდეგ ის შეიძლება აცრემლებული მივიდეს დედასთან და დასამშვიდებლად მოითხოვოს საჩუქარი, ტკბილეული ან უბრალოდ ალერსი. დედა, რომელიც ამ სიტუაციაში ბავშვს ეთანხმება და აღიარებს, რომ "მამა ცუდია", შვილის თვალში სპობს მამის ავტორიტეტს. მამა გრძნობს ამას და უფრო მეტად ბრაზობს, ოჯახური კონფლიქტიც ღრმავდება. რატომ?
მამა, რომელიც ხედავს დედა-შვილის "შეთქმულებას", თავს ზედმეტად გრძნობს. როგორც წესი, ასეთი "დესპოტის" არსებაში იმალება მგრძნობიარე პიროვნება, რომელსაც დაქვეითებული თვითშეფასება აქვს და ბავშვივით მოითხოვს ყურადღებასა და გაგებას.
მოზრდილი ადამიანის ასეთი ქცევის საფუძველია სურვილი, დაიცვას საკუთარი შვილი პირადი შეცდომებისგან, მძიმე განცდებისგან. მშობლებს, რომლებმაც ბავშვობისას გადაიტანეს დამცირება, დაცინვა და წარუმატებლობა, სურთ ხედავდნენ, რომ მათი შვილი ძლიერი პიროვნებაა. ამ მიზნით ისინი ბავშვებს სპარტანულ პირობებში ზრდიან. ამ მშობლებს ბავშვობისას არ უსწავლიათ სიყვარული, არ ჰქონიათ უფროსების მხარდაჭერა და ამიტომ არ ესმით, რომ ძლიერი პიროვნება მაშინ შეიძლება გახდე, როცა მუდმივად გრძნობ, რომ ახლობელ ადამიანებს შენი ესმით.