"ცოცხალი" სათამაშოები
თუ საკუთარ შვილს დავაკვირდებით, შესაძლოა ბევრი სასარგებლო რამ აღმოვაჩინოთ. წარმოიდგინეთ კონკრეტული სიტუაცია: პატარა ბიჭს დილით ძალიან დაეზარა კბილების გამოხეხვა. არ არის საჭირო საყვედური და ძალდატანება, საკმარისია პატარას ვუთხრათ, რომ მისმა სათამაშომ (დათუნიამ, ცუგამ, ბაჭიამ...) კბილების გამოხეხვა არ იცის და შევთავაზოთ აჩვენოს, როგორ იხეხავს კბილებს. ბავშვების უმეტესობა ხალისით ასრულებს ამ თხოვნას.
ბავშვები თამაშობენ, ოთახში საშინელი უწესრიგობაა. დედა სთხოვს პატარებს, ყველაფერს თავ-თავისი ადგილი მიუჩინონ, მაგრამ ბავშვებს ეჯავრებათ ოთახის დალაგება. როგორ უნდა მოიქცეს დედა?
- რა თქმა უნდა, მას შეუძლია, თვითონვე მიალაგოს ოთახი, მაგრამ ეს არაპედაგოგიურია - პატარა უმალვე დაასკვნის, რომ მისი საქმე არევაა, დალაგებაზე კი სხვებმა უნდა იზრუნონ.
- დედას შეუძლია, ოთახი ბავშვებს იძულებით დაალაგებინოს, მაგრამ არც ესაა საუკეთესო გამოსავალი - პატარები აბუზღუნდებიან, დავალებას უხალისოდ შეასრულებენ, თანაც ჩათვლიან, რომ დალაგება ძალიან არასასიამოვნო საქმეა, რომელსაც აუცილებლად უნდა აარიდონ თავი. ასე გამოვიწვევთ ზიზღს წესრიგის მიმართ.
- სულ სხვაგვარად მოიქცევიან პატარები, თუ ვთხოვთ, რომ ოთახი დათუნიასთან ან კურღელთან ერთად დაალაგონ. ამ თხოვნით ბავშვს ვთავაზობთ, სათამაშოს "მასწავლებელი", "დამრიგებელი" გახდეს.
ყველამ იცის, რომ ბავშვებს საოცარი წარმოსახვის უნარი აქვთ. ამასთანავე, მათ მუდამ ერთმანეთში ერევათ რეალობა და წარმოსახვა. ამიტომაც არის, რომ რბილ სათამაშოს ცოცხალ არსებად აღიქვამენ. რა თქმა უნდა, ბავშვი ხვდება, რომ ეს ყოველივე თამაშია, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ ასეთი თამაში ძალიან სასიამოვნოა. ერთია, როცა პატარას აგრძნობინებენ, რომ ის უდისციპლინო და უწესრიგო არსებაა, რომელსაც საკუთარი ნამოქმედარის გამოსწორებას აიძულებენ და სულ სხვაა, როცა ის სათამაშოს "ხელმძღვანელობს". თამაშის წყალობით ყველაფერი კარგად მთავრდება - პატარები ოთახში წესრიგის აღდგენას ცდილობენ, დედა კი მიუთითებს, სად რა დააწყონ. ამ ყოველივეს ხშირი გამეორებისას პატარა წესრიგს და ოთახის დალაგებას ეჩვევა.
გავცვალოთ როლები.
გასული საუკუნის დასაწყისში მარგარეტ მიდი სწავლობდა, რით არიან დაკავებულნი სამოაში 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები. გასაოცარია, მაგრამ მან აღმოაჩინა, რომ მათი ძირითადი საქმიანობა პატარების აღზრდაა! სამოაში ოჯახები საკმაოდ მრავალრიცხოვანია, ამიტომ უფროს ბავშვებს უმცროსი და-ძმების მოვლა უწევთ. ისინი პასუხს აგებენ პატარების ჯანმრთელობასა და ქცევაზე.
2-3 წლის ასაკში აქ ბავშვი ნამდვილი ტირანია, მაგრამ როგორც კი თავად მოირგებს აღმზრდელის როლს, რადიკალურად იცვლება - ხალისით ასრულებს ყველა წესს და მათ დაცვას უმცროსებსაც ასწავლის.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ როცა პატარას შეგონებებით ვტვირთავთ, გამუდმებით ვუხსნით, როგორ მოიქცეს, ვაკონტროლებთ, ამით უნებლიეთ შთავაგონებთ, რომ ის წესების დამრღვევია, წესრიგის წინააღმდეგია, ხოლო მაშინ, როცა პატარას წესრიგის დამცველის როლი ეკისრება, ის ხვდება, რომ ეს სასიამოვნო და საპატიო მისიაა და წესრიგსაც ისე აღიქვამს, როგორც საკუთარ მოთხოვნას. სხვათა შორის, ასეთი ფსიქოლოგია აქვთ არა მარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსაც.
ვინ იცის ყველაზე უკეთ, რომ ჯარში დისციპლინა მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა, თავად სამხედრო მოსამსახურემ. ვის სჯერა, რომ მათემატიკის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია? უპირველეს ყოვლისა, თავად მათემატიკოსს. ანალოგიურად "მსჯელობს" ბავშვიც, უფრო სწორად, მისი ქვეცნობიერი. "თუ მე თავად ვალაგებ და დათუნიასაც ვალაგებინებ, ესე იგი, ეს კარგია, ჩემი საქმეა", - ფიქრობს ის. ამიტომაც სჭირდება ბავშვს ვინმე მასზე უსუსური და უგუნური, ვისაც სწორად მოქცევას ასწავლის. როცა ოჯახში ბევრი ბავშვია, უფროსები ძალაუნებურად ზრუნავენ პატარებზე, ასწავლიან მათ, ხოლო თუ ოჯახში ერთი პატარაა, აუცილებლად უნდა დავიხმაროთ სათამაშო - ის ხომ ყოველთვის მორჩილად "გვისმენს", არასოდეს გვეკამათება, წინააღმდეგობას არ გვიწევს...
რა შეუძლიათ სათამაშოებს?
მათ შეუძლიათ იქცნენ შუამავლებად ჩვენსა და ბავშვებს შორის. მაგალითად, დედას მოთმინება აღარ ეყო და გოგონას უყვირა. ბავშვი ნაწყენია, დედაც წუხს, რადგან არ სურს, პატარამ წყენა გულში ჩაიკლას და თავი არ იმართლოს, გოგონას კი საკუთარი პოზიციის დაცვა უჭირს. დედას შეუძლია ჰკითხოს შვილს, რატომ არის მოწყენილი სათამაშო და ამით მას თავისი პოზიციის გამოხატვის საფუძველი მისცეს. ზოგჯერ დედასაც შეუძლია, სათამაშოების პირით ილაპარაკოს - პატარები დათუნიასა თუ დედოფალას შენიშვნებს უფრო მიუგდებენ ყურს, ვიდრე ჩვენს შეგონებებს.
ბავშვისთვის მისი საქციელის შეფასება აუცილებელია, მეტადრე - თუ ამას ნეიტრალური პირი აკეთებს. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, თქვენი სათქმელი თოჯინას "ათქმევინოთ". ბავშვს ეს არ ეწყინება, თუმცა აუცილებლად მიხვდება, რომ არასწორად მოიქცა, დედის ბაგეთაგან წარმოთქმულმა იმავე სიტყვებმა კი შეიძლება ცრემლები და წყენა გამოიწვიოს.
კიდევ ერთი უებარი მეთოდია არა ბავშვის, არამედ სათამაშოს დატუქსვა. პატარამ ფანქარი აიღო და კედლები მოხატა. მან კარგად იცოდა, რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ მაინც გააკეთა! რა თქმა უნდა, დედას შეუძლია, შვილი დატუქსოს, მიტყიპოს, და შედეგად ორივე ნერვებაშლილი დარჩება. ნაცვლად ამისა, შეგიძლიათ, ყოველივე სათამაშოს გადააბრალოთ და მკაცრად დატუქსოთ. ნუ დაიშურებთ საყვედურებს. აუხსენით, რატომ არის ეს საქციელი ცუდი, რატომ არ შეიძლება ასე მოქცევა. დატუქსვისას თამამად შეგიძლიათ, ყველაფერს თავისი სახელი უწოდოთ, რადგან თქვენი სიტყვები სათამაშოს ეხება და არა ბავშვს. ამ დროს პატარა თითქოს გარეშე პირია და მოვლენებს შორიდან ადევნებს თვალს. ამის წყალობით ბავშვი გააცნობიერებს, რომ ცუდად მოიქცა. უშუალოდ ბავშვისკენ მიმართული საყვედურები კი უეფექტოა, პატარა მათ ვერ აღიქვამს და საკუთარი ქმედების შეფასების უნარს კარგავს.
ამქვეყნად მრავალი წვრილმანი და მოსაწყენი საქმე არსებობს. ჩვენ ვალდებული ვართ, ეს ყოველივე პატარას ვასწავლოთ. რბილი სათამაშოები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენს სათქმელს გავახმოვანებთ, სწავლების პროცესს უთუოდ გაახალისებენ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ აღზრდა ყოველთვის შეიცავს სპექტაკლის ელემენტებს, პატარებს კი ძალიან უყვართ თოჯინური პერსონაჟები, ხოლო ყველაზე საინტერესო სპექტაკლი ის არის, სადაც მთავარ როლს თავად ასრულებენ.