ჭკვიანი მატყუარა

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობისას ხშირად იტყუებოდნენ, უფრო წარმატებული კარიერა აქვთ. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია გაიხსენოს, როგორ თქვა ტყუილი ბავშვობაში თუნდაც ერთხელ, მაშინაც კი, როცა ტყუილის თქმა სულაც არ იყო აუცილებელი. რით ავხსნათ ეს უცნაური საქციელი?
ტყუილი თუ ფანტაზია
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვითქვამს ბავშვისათვის: "ნუ ტყუი!", "ნუ ფანტაზიორობ!" თუ ამ ფრაზების შინაარსს კარგად გავიაზრებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება.
ზოგიერთი ფსიქოლოგის მტკიცებით, სიცრუე ფაქტების გამიზნული დამახინჯებაა, ხოლო ტყუილი - ნებისმიერი მტკიცება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. ამ საკითხების ერთ-ერთი თვალსაჩინო სპეციალისტი, ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი პოლ ეკმანი თავის წიგნში "რატომ ცრუობენ ბავშვები" ტყუილსა და სიცრუეს სინონიმებად განიხილავს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ მიიჩნეოდა, რომ 4 წლის ასაკამდე ბავშვები საერთოდ ვერ განასხვავებენ ერთმანეთისგან ცნებებს "ტყუილი", "სიცრუე", "სიმართლის დამალვა". მოზრდილი ადამიანები კი ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ სიტყვებს სიმართლის ანტონიმებად მიიჩნევენ.
მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ბავშვები ჩვენს მოტყუებას ჯერ კიდევ ექვსი თვიდან იწყებენ. როგორ შეიძლება, ასეთი პატარა ბავშვი იტყუებოდეს? - ჩნდება ბუნებრივი შეკითხვა. ძალიან მარტივად - ის მანიპულირებს უფროსებით, რათა დაიმსახუროს ჩვენი ხშირი, უკეთეს შემთხვევაში კი მუდმივი ყურადღება. როცა პატარა ბავშვი ხედავს, რომ დედა მის მიმართ ყურადღება არ იჩენს, ის თავის ფანტაზიას რთავს.
ჩექმებიანი კატა და ნაცარქექია
ალბათ გაგიგონიათ მოზრდილი ადამიანის მისამართით ნათქვამი საყვედურით სავსე ფრაზა "რა ბავშვივით იქცევი!" ვის და რას ვგულისხმობთ ამ სიტყვების წარმოთქმისას? უპირველეს ყოვლისა, პიროვნებას, რომელიც ყოველთვის რაღაცას იგონებს და თითქმის არასოდეს ამბობს სიმართლეს.
მკვლევრების აზრით, ბავშვებს ფანტაზიორობასა და ტყუილის თქმას ჩვენ, უფროსები ვასწავლით და ეს ხდება... ზღაპრებთან პირველი ურთიერთობის დროს! ზღაპრების პერსონაჟები ყოჩაღები და მოხერხებულები არიან, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველთვის კეთილსინდისიერად არ იქცევიან. მართალია, მათი ტყუილი კარგ საქმეს, სიკეთის გამარჯვებას ემსახურება, მაგრამ ტყუილი მაინც ტყუილია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტყუილების რეკორდსმენი ჩვენი ნაცარქექიაა. არც ჩექმებიანი კატაა ნაკლები. ისინი ტყუილს ეფექტურად იყენებენ წარმატების მისაღწევად.
სპეციალისტებმა 5-7 წლის ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპის ზღაპრული ისტორია შექმნეს. ისტორია სურათებით იყო გადმოცემული. შერჩეულ იქნა სხვადასხვა ტიპის ტყუილი: ეგოისტური, ალტრუისტული, უნებლიე, არავერბალიზებული ანუ გაუხმოვანებელი. პარადოქსია, მაგრამ დაკვირვებამ გამოავლინა, რომ ზღაპარში ტყუილის მსხვერპლნი უფრო ხშირად მამრობითი სქესის პირები იყვნენ, ხოლო ცხოვრებაში - ქალები. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი საზოგადოების თანდათანობითი ფემინიზაციაა.
ბავშვის ცხოვრების უმთავრესი პერსონაჟი ქალია - დედა, ბებია, მასწავლებელი, ექიმი. სწორედ მათ მიიჩნევენ რთული ცხოვრებისეული სიტუაციების წყაროდ. როგორ არ წავიდეთ ბაღში? უნდა ვთქვათ, რომ მუცელი გვტკივა. დაგვაგვიანდა გაკვეთილზე - მოვიგონოთ საპატიო მიზეზი. მოვატყუოთ ბებია, რათა მან ეზოში გაგვიშვას.
5 წლის ბავშვისთვის ყველაფერი, რაც სწორი ინფორმაციის დამალვას ან დამახინჯებას უკავშირდება, ტყუილია. თუ ბავშვი აცნობიერებს, რომ ტყუილი თქვა, ძალიან განიცდის. 5 წლის პატარები, უფროსებისგან განსხვავებით, ტყუილად მიიჩნევენ სიმართლის დამახინჯებას მაშინაც კი, როცა ეს კეთილი მიზნით კეთდება.
ასაკის მატებასთან ერთად სიტუაცია იცვლება. 7 წლის ბავშვები ტყუილად მიიჩნევენ ყველაფერს, რაც კი ფაქტების დამახინჯებასთან არის დაკავშირებული. აქ იგულისხმება ფაქტების უნებლიე დამახინჯებაც.
უფრო დიდი ბავშვები განასხვავებენ ალტრუისტულ ტყუილს, კეთილშობილურ ტყუილს, სიმართლის დაფარვას სიკეთის გამო.
ერთი შეხედვით შეიძლება დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ ზღაპარი, რომელიც უამრავ ტყუილთანაა დაკავშირებული, პატარებს საერთოდ არ უნდა წავუკითხოთ. მაგრამ ეს არ არის მართალი. პედაგოგებისა და ფსიქოლოგების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზღაპარი არ უნდა განვიხილოთ როგორც სიკეთისა და ბოროტების სახელმძღვანელო. სამწუხაროდ, თანამედროვე მშობლები ბავშვის აღზრდის პროცესში ნაკლებ დროს უთმობენ ამ ჟანრს. ეს არ არის კარგი. ზღაპარი, რომელიც მოზრდილთა ფანტაზიის ნაყოფია, დიდ ინფორმაციას შეიცავს. ზღაპრის მეშვეობით პატარები უკეთ იგებენ ძველ და თანამედროვე კულტურას, მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების წეს-ჩვეულებებს და მთლიანად ცხოვრებას. ზღაპრის გმირი არაჩვეულებრივი ადამიანია. ის მრავალ წინააღმდეგობას გადალახავს და მიზანს აღწევს. რთული თავგადასავლების შემდეგ ის ცხოვრებისგან უდიდეს საჩუქარს იღებს - არაჩვეულებრივი სილამაზის ცხოვრების თანამგზავრს. ალბათ არ არის ცუდი, თუ პატარა ბავშვს გაუჩნდება სურვილი, მოხერხებულ და ყოვლისშემძლე გმირს მიბაძოს.