პირველი ზღაპრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი ზღაპრები

ამ დროს პატარა დიდი ყურადღებით უსმენს და უყურებს დედას. მალე ბავშვი ისწავლის მოწონების გამოხატვას, ჟესტებით, ღიმილით და ბგერებით გვაგრძნობინებს თავის ემოციას. ოჯახში პატარასთან ერთად ზღაპარიც მოდის. ის კარადაში იდებს ბინას და ბავშვის დაძინებისას ჩურჩულით გაისმის... არსებობს განსაკუთრებული, პირველი ზღაპრები, რომლებსაც დედა ახალშობილს უყვება, ამ ზღაპრის გმირები კი თავად ის და მისი პაწია არიან.

ორი ამბავი

ამბავი პირველი - კეთილი და ბედნიერი

ამ ზღაპარს დედა მუდამ დიდი სიამოვნებით ჰყვება, ახალშობილი კი მზად არის, მას უსასრულოდ უსმინოს. ეს ზღაპარი წყაროსავით ანკარა სიყვარულზეა. მისი მოკლე შინაარსი კი ასეთია: "როგორ მიყვარხარ, ჩემო პატარავ!" ეს სიტყვები ზღაპრულ შინაარსს იმიტომ იძენენ, რომ დედის სიყვარული უპირობოა. ის არ გულისხმობს რაიმეს მოთხოვნას, დაპირებას. დედას პატარა იმიტომ უყვარს, რომ ის, უბრალოდ, არსებობს. ბავშვისთვის სამყარო ჯერ კიდევ გაურკვეველი და ბუნდოვანია, მხოლოდ ლაქების, ბგერების, ნაკუწებისგან შედგება. რამდენად მოახერხებს ეს ყველაფერი მის გონებაში შეკავშირებას და ჩამოყალიბებას, დედაზეა დამოკიდებული. ბავშვის მოვლა, მასთან ურთიერთობის ხასიათი განსაზღვრავს სამყაროში პატარას ადგილს.

ახალშობილს, რა თქმა უნდა, არ ესმის დედის სიტყვების შინაარსი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის გახლავთ, რომ პატარა სიყვარულს გრძნობს. პატარას საწოლში ან დედის მკლავებზე სძინავს, მაგრამ ამავე დროს თითქოს სამყაროს შეიგრძნობს, იკვლევს. ასეთი "კვლევების" შედეგად ნელ-ნელა ყალიბდება ბავშვის დამოკიდებულება სამყაროსადმი, მისი ხასიათი. ბავშვი იწევს დედისკენ, იჭერს მის მიმართვას. მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც პატარა შეიგრძნობს: მიმიკა, ჟესტი, ინტონაცია. ბავშვი ისე ისრუტავს ინფორმაციას, როგორც ღრუბელი წყალს. თუ დედა მშვიდად არის, ესე იგი, სამყაროც მშვიდია.

ამბავი მეორე - ბრაზიანი და ავი

ბავშვზე ზრუნვას იმდენი დრო და ენერგია მიაქვს, რომ დედას ზოგჯერ ძალაც ელევა და მოთმინებაც. რამდენიმე თვე უნდა გავიდეს, ვიდრე დედას საშუალება მიეცემა, თუნდაც ერთი საათი დაუთმოს საკუთარ თავს. ამ სიტუაციაში ქალი ხშირად იწყებს ძველი, თავისუფალი და ამჟამინდელი ცხოვრების შედარებას და ხშირად წყენა, გაღიზიანება, ბრაზიც კი ეუფლება, ამ გრძნობების ობიექტი კი მისი პაწაწინა შვილია. რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში დედას შერცხვება საკუთარი სულმოკლეობის და დანაშაულის განცდაც გაუჩნდება... შედეგად იქმნება "ბოროტი ზღაპარი", რომლის მოკლე შინაარსი ასეთია: "მე ცუდი დედა ვარ!"

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაეუფლოს ეჭვი, უკმაყოფილება ან აღშფოთება. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. მით უფრო ბუნებრივია დედის ეჭვი საკუთარი შესაძლებლობების თაობაზე. მთავარია, ამ შავბნელმა აზრებმა სამუდამოდ არ დაიდონ ბინა ჩვენს გულსა და გონებაში. დრო გავა, პატარა გაიზრდება, დედას ასე აღარ იქნება მიჯაჭვული და თავისუფალი დროც გაჩნდება. უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ნეგატივი, რომელსაც ვთრგუნავთ, ქვეცნობიერში გადაინაცვლებს, იქ გროვდება და ფარულად ღრღნის ადამიანს. ნაწილობრივ ამის შედეგია მშობიარობის შემდგომი დეპრესია. თუ დედა დიდხანს არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ცუდია, ეს შემდგომში ნეგატიურად აისახება პატარაზეც.

ცნობილია, რომ დედასა და ბავშვს ერთი და იგივე გრძნობათა ველი აქვთ. ბავშვი დედის სულის უფაქიზეს მოძრაობასაც კი აღიქვამს. ის "იჭერს" დედის ნეგატიურ განცდას და ნერვიულობს, ჭირვეულობს... როდესაც დედა ნელ-ნელა იქმნის "ცუდი დედის" კომპლექსს, ბავშვს "ცუდი შვილის" კომპლექსი უყალიბდება. რა მოჰყვება ამას? ყველაფერი, რაც ადამიანს ქვეცნობიერში გადააქვს, იქვე რჩება. დაძაბულობა არ იხსნება, დაგროვილი უარყოფითი ემოცია დროდადრო გასასვლელს პოულობს და ადამიანის ემოციების მართვას იწყებს. სწორედ ამის ბრალია დედის ნერვიულობა, ყვირილი, ბავშვთან კონტაქტის დაკარგვა.

სინამდვილეში, როცა მშობლები შვილებს საყვედურობენ, თავიანთ თავს ეუბნებიან ამ საყვედურს. ისინი გრძნობენ, რომ დამნაშავენი არიან, რადგან პატარას რაღაც დააკლეს, მაგრამ ეშინიათ ამის აღიარების და შინაგანი ხმის ჩასახშობად კიდევ უფრო ხმამაღლა ყვირიან. აი, ამიტომ მყისვე უნდა უკუვაგდოთ უეცრად გაჩენილი აზრი "მე ცუდი დედა ვარ". ამ ბოროტი ზღაპრისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა, ხმამაღლა გამოვთქვათ ყველაფერი, რაც სულსა და გულში დაგვიგროვდა. სიტყვები ჰაერში იფანტება და დაძაბულობაც მათ მიჰყვება. ამის შემდეგ შეგიძლიათ, თავისუფლად ამოისუნთქოთ და სიტუაციის გამოსწორებაზე იფიქროთ.

კიდევ ერთი ისტორია

მოდი, მოიგონეთ ისტორია საკუთარი თავისთვის: რაღაცის გეშინიათ, რაღაცით უკმაყოფილო ხართ, საკუთარ თავს რაღაცას საყვედურობთ? გულახდილად მოუყევით ამის შესახებ თქვენს პატარას. მას ხომ ჯერ საერთოდ არ ესმის თქვენი სიტყვების შინაარსი. მთავარი ინტონაციაა. ყოველი სიტყვა სიყვარულითა და ალერსით უნდა იყოს აღსავსე, სიუჟეტი კი შეგიძლიათ თვითონვე შექმნათ. მთავარია, ბოლო იყოს კეთილი. ასეთი სიუჟეტი ბავშვსაც და თქვენც ქვეცნობიერად დაგარწმუნებთ, რომ მიუხედავად ცალკეული წვრილმანებისა, ყველაფერი რიგზეა. ამბავი მალე დაგავიწყდებათ, მაგრამ ემოცია დარჩება. როგორი სიუჟეტიც არ უნდა შექმნათ, თუ მას ბედნიერი ბოლო ექნება, პატარას ცნობიერებაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს. ჩვილ ბავშვს სულაც არ აინტერესებს შინაარსი, მთავარია დედის ემოცია, მიმიკა, ჟესტი, ინტონაცია, სითბო. საკუთარი გრძნობები ისე აღწერეთ, როგორც ზღაპარს ჰყვებიან. მერე რა, თუ არასასიამოვნო რამეების თქმამაც მოგიწიათ - ზღაპარში ხომ ყველაფერი ხდება. მთავარია, გმირი ყველა განსაცდელს გადაურჩეს. ჭირი იქა, ლხინი აქა...


განვდევნოთ ცუდი აზრები

ისწავლეთ საკუთარი თავის პატიება. ახალშობილის დედას უამრავი ახალი მოვალეობა აქვს. ის ცდილობს, ყველაფერი უნაკლოდ გააკეთოს, თუმცა არის ერთი ნიუანსი, რომელსაც დედები ვერ ითვალისწინებენ: როდესაც რაიმეს კარგად ვართმევთ თავს, არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ესა თუ ის საკითხი წარმატებით გადავჭრათ. საკმარისია, ერთხელ მოგვეცაროს ხელი, რომ მყისვე ვიწყებთ საკუთარ შეცდომებზე ფიქრს. რატომ ვიქცევით ასე? ერთხელ მაინც დაფიქრდით, ეს ყველაფერი გეხმარებათ თუ, პირიქით, ხელს გიშლით. გამოიმუშავეთ ჩვევა, დადებითად შეაფასოთ საკუთარი საქმიანობა. გაიხსენეთ, რომ თქვენი განწყობა პატარას გადაეცემა. როცა თქვენ ნერვიულობთ ან ბრაზობთ, პატარაც ჭირვეულობს.

დამშვიდდით, იფიქრეთ უკეთესზე. ბავშვიც დაწყნარდება. შეაქეთ საკუთარი თავი. თუკი ამას არ ხართ ჩვეული, ქება კონკრეტულ სიტუაციას დაუკავშირეთ. მაგალითად, როცა პაწია მადიანად ჭამს, მოეფერეთ მას, უთხარით, რომ ძალიან კარგი და საყვარელია და დაურთეთ, რომ დედაც ყოჩაღია, რადგანაც მას სწორად და დროულად კვებავს. აქცენტი გააკეთეთ კარგზე, სასიამოვნოზე. წარმოვიდგინოთ კონკრეტული სიტუაცია: პატარას ვერ აძინებთ. მალე ჩნდება აზრი, რომ მას რაღაც დააკელით, ცუდი დედა ხართ, არაფერი გამოგდით... შეჩერდით და მყისვე გაიხსენეთ, რომ ბავშვს მუდამ ასეირნებთ სუფთა ჰაერზე, კარგად აჭმევთ, აბანავებთ...

ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რა და როგორ აკეთოთ, რათა სირთულეებს მარტივად გაუმკლავდეთ. ირწმუნეთ საკუთარი მოხერხებულობა, გონიერება, ძალა და ყველაფერი გამოგივათ. დედა და ჩვილი ერთი მთლიანობაა, მათ შორის იმდენად მჭიდრო კავშირია, საკმარისია, დედამ საკუთარი პრობლემები გააცნობიეროს, რომ შვილის პრობლემებსაც მყისვე მიხვდება. უმღერეთ პატარას. გარდა იმისა, რომ მელოდია დადებითად მოქმედებს ბავშვის სმენასა და ფსიქიკაზე, დედისათვისაც განმუხტვის შესანიშნავი საშუალებაა. არ არის აუცილებელი, ზუსტად მისდიოთ ტექსტს. შეგიძლიათ, მელოდიაც და სიტყვებიც თავად მოიგონოთ.

ოღონდ დედა გვერდით იყოს

პატარა ისე იზრდება, თითქოს კიბეზე ადისო. ყოველი საფეხური პაწაწინას მისი ასაკისთვის შესაფერის ამოცანას უმზადებს. ახალშობილობის პერიოდში ეს არის საბაზისო ნდობის ჩამოყალიბება. ბავშვი ინტუიციურად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მას არასოდეს უღალატებენ, არ მიატოვებენ.

როგორ ხდება ამ საბაზისო ნდობის ჩამოყალიბება?

პატარას ლაპარაკი რომ შეეძლოს, გვეტყოდა:

"დედა ყოველთვის ჩემს გვერდითაა, საკმარისია, დავიჩურჩულო, რომ ის მაშინვე გამომეხმაურება".

"როცა დახმარება მჭირდება, დედა არასოდეს აგვიანებს".

"დედა ძალიან თბილად მექცევა".

"ის ძალიან ბევრ დროს ატარებს ჩემთან".

"დედა ყოველთვის ხვდება, რა მინდა".

"დედა მეალერსება და მეხუტება".

"დედა ბევრს მელაპარაკება".

"დედა ყურადღებით მისმენს, როცა რამეს ვეუბნები ჟესტებით, მიმიკით, ბგერებით და ყოველთვის მპასუხობს".

ალბათ, ყოველივე ამის შემდეგ გასაგები გახდება, რაოდენ სჭირდება პატარას ზღაპარი "მე შენ მიყვარხარ!"