გენიალური თუ საშუალო?

საინტერესოა, რომ პასუხი შეკითხვებზე "არსებობენ თუ არა საშუალო მონაცემების ბავშვები?" და "არსებობენ თუ არა საშუალო მონაცემების უფროსები?" შეიძლება ორგვარი, ურთიერთგამომრიცხავი და ამავე დროს სწორი იყოს.
ერთნი ამტკიცებენ, რომ ყველა პიროვნება უნიკალურია, რომ უნიჭო ადამიანი უბრალოდ არ არსებობს, ხოლო მეორენი სერიოზულად უარყოფენ ამ აზრს და სათანადო არგუმენტიც მოჰყავთ. "სადავოც არ არის, რომ სხვა ჩვეულებრივ ადამიანებს გენიოსებთან შედარებით საშუალო მონაცემები აქვთ", - ამბობენ ისინი. ხოლო როცა საქმე ბავშვებს ეხება, დისკუსია შეიძლება ცხარე კამათში გადაიზარდოს.
სხვებისგან განსხვავებული
წარმოდგენა საშუალო მონაცემებისა და მათგან განსხვავებული შესაძლებლობების შესახებ ბავშვის ცხოვრებაში ხშირად მაშინ ჩნდება, როცა პატარამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ არსებობენ განსაკუთრებული ნიჭისა და ჩვეულებრივი შესაძლებლობების ადამიანები.
მოზრდილები ბავშვებს თავს ახვევენ თავიანთ წარმოდგენას ნიჭიერების შესახებ: "ანა სამი წლისაა და უკვე კითხულობს", "გიო ოთხი წლისაა და უკვე ანგარიშობს", "გვანცა ექვსი წლისაა და უკვე ბეთჰოვენის სონატას უკრავს!"
ბავშვებს კი ტალანტის შესახებ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ. თუ უფროსებმა ბავშვს საფუძველი არ მისცეს დაფიქრდეს თავის ნიჭსა თუ უნიჭობაზე, ბავშვი ფიქრობს, რომ ჩვეულებრივია და ამ ფაქტს აღიქვამს როგორც კანონზომიერებას. ეს სავსებით შეესაბამება რეალობას, რადგანაც ჩვენ ყველანი და ჩვენი შვილებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.
ნორმალური წარმოდგენა, რომელიც პატარა ბავშვს საკუთარი თავის შესახებ აქვს, ასეთია: საკუთარი თავისთვის და მშობლებისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა, სხვებისთვის კი ისეთივეა, როგორიც სხვა ბავშვები - ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული. ეს ნორმალური, გაწონასწორებული მდგომარეობაა. მაგრამ ზოგჯერ ეს წონასწორობა ირღვევა. ეს მაშინ ხდება, როცა ბავშვი ოჯახში საკმარის სითბოს არ იღებს, ამჩნევს, რომ რაღაცით არ ჰგავს სხვა ბავშვებს ან, მiუხედავად იმისა, რომ მშობლები მას არაჩვეულებრივად თვლიან, თანატოლები მის განსაკუთრებულ ტალანტს არ აღიარებენ. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივობა თუ არაჩვეულებრივობა ბავშვისთვის პრობლემად იქცევა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ფართოდ გავრცელებული სწორედ ის შემთხვევებია, როცა ბავშვის საშუალო მონაცემები გულს სტკენს არა იმდენად ბავშვს, რამდენადაც მის ამბიციურ მშობლებს.
როდის ჰგონია ბავშვს, რომ ის "მეტისმეტად ჩვეულებრივია"?
- მშობლები ბევრს ელოდნენ შვილისგან, მის განვითარებაზე უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავდნენ, მაგრამ პატარა მაინც არაფრით გამოირჩევა თანატოლებისგან - არც სხვებზე მეტი იცის, ვერც ახალ მასალას ითვისებს სხვებზე სწრაფად, არც ლიდერის თვისებებს ამჟღავნებს... დედა გამუდმებით უთვალთვალებს სხვა ბავშვებს, ადარებს მათ თავის შვილს და ეჩვენება, რომ სხვა ბავშვები მის შვილზე უკეთესები, ჭკვიანები, ჯანმრთელები და ლამაზები არიან.
- ბავშვი დაბადებიდანვე თანატოლებზე სწრაფად ვითარდებოდა: სხვებზე ადრე აიდგა ფეხი, ამოიდგა ენა, გამოავლინა გამჭრიახობა, კარგად ხატავდა, ძერწავდა, იგონებდა ათასგვარ თამაშს... მიუხედავად ამისა, ექვსი წლისთვის ის სხვა ბავშვებს გაუთანაბრდა, თანატოლები დაეწივნენ და ერთ დროს ტალანტად აღიარებული საოცრება სხვებს დაემსგავსა. მიუხედავად ამისა, ბავშვს დარჩა სურვილი, მისი პიროვნება ყველას აღაფრთოვანებდეს და ძალიან უჭირს იმ ფაქტთან შეგუება, რომ ასე არ არის.
- მასწავლებელმა სრულიად უსამართლოდ ჩათვალა, რომ ბავშვს საშუალო, არაფრით გამორჩეული მონაცემები აქვს.
- პატარა ჩვეულებრივი მოჩანს მისი მართლაც ძალიან ნიჭიერი თანატოლების გვერდით.
ნუ იქნებით სკეპტიკოსები
თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი სხვა ბავშვების ფონზე მიიჩქმალა და სკოლაში თუ სპორტულ სექციაში საშუალო მონაცემების მოსწავლედ მიიჩნევენ, უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ, ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ. გაარკვიეთ, ვის უქმნის ეს ფაქტი პრობლემას - თქვენ თუ ბავშვს. შესაძლოა, პატარა არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდეს პედაგოგთა მხრიდან მის შეფასებას, წყნარად იჯდეს კუთხეში და პოეზიის შედევრს ქმნიდეს ან მისი ასაკისათვის რთულ ამოცანას ორიგინალურად წყვეტდეს.
გახსოვდეთ, თუ ბავშვი ბედნიერი და კმაყოფილია, თქვენი ემოციები არაფერს ნიშნავს. სწორედ ამიტომ თავად უნდა გაუმკლავდეთ საკუთარ თავს და ბავშვს განწყობილება არ გაუფუჭოთ. ნუ ეტყვით, რომ მას სხვა სჯობნის. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ მის შეფასებას სხვების მიერ, ნუ ჩათვლით მათ სიტყვებს განაჩენად ან დირექტივად.
გახსოვდეთ, ყოველგვარი აზრი სუბიექტურია. ერთნი შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ თქვენი პატარა ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი და საყვარელია, მეორეთ კი ის მონსტრად მიაჩნდეთ. განურჩევლად სხვათა შეფასებისა, ბავშვი თქვენია და მის შესაძლებლობებსაც ყველაზე უკეთ თქვენ თვითონ იცნობთ.