რა ქნან, თამაშია მთავარი!

ორი ისტორია: გიგის ძალიან უყვარს თამაში, კარადა სავსე აქვს მანქანებით, თოფებით, რთული სათამაშოებით (სამიზნიანი სასროლებით, ელექტრომატარებლებით), კუბებითა და კონსტრუქტორებით და არასოდეს არავინ უშლის თამაშს. დღის ბოლოს კი ყველაფერს ბებია ალაგებს... გიგი ცოცხალი, ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ როცა პატარა ჯერ ბაღში, შემდეგ კი სკოლაში მიიყვანეს, თავი იჩინა მისმა უცნაურმა თვისებამ: აღმოჩნდა, რომ ბიჭი ყველა სიტუაციაში მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა და ამხანაგებს სრულიად არ უწევდა ანგარიშს. ერთხელ მის გვერდით გოგონა დაეცა და ფეხი იტკინა.
პატარა სიმწრისგან ხმამაღლა ატირდა, მაგრამ გიგის მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ქვიშის კოშკის მშენებლობით იყო გართული. უფროსების მოსვლამდე გოგონამ უნებლიეთ გიგის კოშკს ფეხი გაჰკრა. ახლაღა შეამჩნია ბიჭმა პატარა გოგო და გაბრაზებულმა უბიძგა.
იქვე მყოფი მშობლები აღშფოთდნენ. გიგის დედა გაოგნდა. მან ვერაფრით ახსნა შვილის საქციელი. სინამდვილეში მიზეზი ის გახლავთ, რომ გიგიმ არ იცის, რა არის მოვალეობა. მისი ყველა ქმედების მოტივაცია მისივე სურვილია. შიგადაშიგ პატარა ყალიბდება პიროვნებად, რომელიც ყოველთვის არღვევს წესებს, იგვიანებს გაკვეთილზე, არ წერს, როცა ამას მასწავლებელი ავალებს და საზოგადოდ, დანაპირებს არ ასრულებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ბიჭი კარგად სწავლობს, რადგან ნიჭიერია, მაგრამ უჭირს მეგობრებთან ურთიერთობა და არც თანატოლებისთვის არის იოლი გიგისთან მეგობრობა.
სრულიად განსხვავებული ბიჭია საბა. მას უმცროსი დები ჰყავს, ამიტომ პატარაობიდანვე მიჩვეულია გოგონებზე ზრუნვას - დედისთვის მიაქვს საფენები კარადიდან, ბოთლები სამზარეულოდან...
შვიდი წლიდან საბა სხვა ბავშვებზე ნაკლებს თამაშობდა, მისი გასართობი იყო საყვარელი კონსტრუქტორი და ორი-სამი სამაგიდო თამაში, რომლებსაც პარტნიორი სჭირდება, თუმცა საბა საკუთარ თავს ეთამაშებოდა. ბაღი არ უყვარდა, თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობდა. არც მასწავლებელი იწვევდა მის აღფრთოვანებას. ბაღშიც მაინცდამაინც არავისთან მეგობრობდა. საბა დაკვირვებული, ნატიფი სულის ბიჭია, რომელიც დამოუკიდებლად აზროვნებს, მაგრამ მას თვითდაჯერებას მოკლებული ადამიანის იერი აქვს, რითაც მკვეთრად განსხვავდება გიგისაგან.
მართალია, საბა კარგად სწავლობს, მაგრამ მას სწავლა არ უყვარს. მართალია, საბა მიცემულ სიტყვას ყოველთვის ასრულებს, მაგრამ საკუთარი ინიციატივით არაფერს აკეთებს, მას ყოველთვის სხვისი დავალება სჭირდება. არც იერით ჰგავს ბედნიერ ბავშვს. ამ ორი ისტორიიდან გამომდინარე, არც დილიდან საღამომდე თამაშია სასურველი და არც თამაშისთვის განკუთვნილი დროის მეტისმეტად შემცირება.
საკითხის არსი
პედაგოგებისა და ფსიქოლოგების აზრით, თამაში შეიძლება ვუწოდოთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ორიენტირებულია არა შედეგზე, არამედ სიამოვნებასა და გართობაზე. მაგალითად, ადამიანი მიუჯდა ავტომანქანის საჭეს და უბრალოდ დადის, რადგან სიამოვნებს სიჩქარე და იმის შეგრძნება, რომ ამ მძლავრი მოწყობილობის ბატონ-პატრონია. ასეთი ტარება თამაშია, მაგრამ თუ იგივე ადამიანი მანქანით სოფელში მიემგზავრება, რათა მამა-პაპის სახლი ინახულოს, ეს სერიოზული საქმიანობაა.
ალბათ ყველას გახსოვთ, როგორ ღებავდა ტომ სოიერი ღობეს. ღობის შეღებვა სერიოზული საქმიანობაა, მაგრამ ტომმა ის თამაშად გადააქცია, რის გამოც ყველას გაუჩნდა მასში მონაწილეობის სურვილი.
საინტერესო კანონზომიერებაა, რომ ერთი და იგივე საქმიანობა შეიძლება თამაშიც იყოს და სერიოზული საქმიანობაც. როცა მოსწავლეს ამოცანის ამოხსნას ავალებენ, ეს სერიოზული საქმიანობაა, ვინაიდან ველოდებით შედეგს, სწორ პასუხს. თუ იმავე ამოცანას უბრალო ინტერესისთვის ამოვხსნით - ეს უკვე გართობაა. ესე იგი თამაში მუშაობისაგან განსხვავდება არა შინაარსით, არამედ მოტივაციით, მიზანმიმართულობითა და შედეგზე ორიენტაციით.
რა საჭიროა თამაში?
მოდი, ამაზე ერთად ვიფიქროთ. მუშაობისას ჩვენ ვშრომობთ იმდენს, რამდენიც საჭიროა, მიუხედავად გადაღლისა ან სურვილისა, თამაშისას კი ვაკეთებთ იმას, რაც გვსურს და იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვსიამოვნებს. თუ მოგვინდა, სულაც შევწყვეტთ.
თამაში არის ქმედება საკუთარი თავისთვის. სწორედ ამიტომ ვგრძნობთ თამაშის დროს თავს კარგად ემოციურადაც და ფიზიკურადაც. თამაში საკუთარ თავზე ზრუნვაა, კარგი განმუხტვაა, სიამოვნებაა.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით ბუნებრივია, რომ გიგი ხალისიანი ბიჭია - მთელი ბავშვობა მან თამაშში გაატარა, ბავშვებს კი თამაში განსაკუთრებით სჭირდებათ. ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს ბევრი რამ, რაც მოზრდილებს ეკუთვნის, არ მოაქვს სარგებლობა საზოგადოებისთვის, მიუხედავად ამისა, პატარა უკვე ადამიანია, მას იგივე მოთხოვნილებები აქვს, რაც მოზრდილებს. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ძლიერია, ნიჭიერია, თავს პატივს სცემს, მოზრდილს ჰგავს, ეს ყოველივე კი ჯერ მხოლოდ თამაშის დროს არის შესაძლებელი. ნამდვილი ბიზნესმენი ჯერ ვერ გახდები, - მანამდე წლები უნდა გავიდეს, ამიტომ შეგიძლია, "მონოპოლია" ითამაშო და საკუთარი სურვილი დაიკმაყოფილო. რა თქმა უნდა, ბავშვი ხვდება, რომ ეს მხოლოდ თამაშია, მაგრამ ის საკმაო დადებით ემოციას იღებს. თამაშის დროს შეგიძლია რეალობას სულაც არ გაუწიო ანგარიში. პატარებს კი რეალობა ნამდვილად არ სიამოვნებთ. რეალობა ჩვენთვის, მოზრდილებისთვის არის კარგად ნაცნობი, პატარები კი რეალურ სამყაროში თავს უხერხულად, ზოგჯერ დამცირებულად გრძნობენ.
სულ სხვა რამაა თამაში! ის პირობითობას ემყარება. თამაშის დროს ბავშვები რეალურ სამყაროს სწყდებიან და ეს ძალიან სიამოვნებთ. ილუზიათა სამყაროში პატარები თავს უკეთ გრძნობენ. მოზრდილებისგან განსხვავებით, თამაშის დროს ისინი არა მარტო სიამოვნებას იღებენ, არამედ თავსაც იმკვიდრებენ. რა თქმა უნდა, ეს ილუზორული გრძნობაა, მაგრამ ის ბავშვისთვის აუცილებელია. შესაძლოა უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ყველაფერთან ერთად თამაში ეგოისტური ქმედებაა. თამაშის დროს ჩვენ საკუთარი თავისთვის ვმოქმედებთ.