ფეხების გამრუდება
რამდენად ხშირად ვაწყდებით ასეთ პრობლემას და როგორ დავძლიოთ იგი, ამის შესახებ პედიატრი ელენე ერეკლიშვილი გვესაუბრება.
- პატარებს, რომლებიც კუნთოვანი ტონუსის დარღვევის გამო ნევროლოგთან მკურნალობენ, 1,5-2 წლიდან არცთუ იშვიათად ფეხების გამრუდება ეწყებათ. X-ისებრი ფორმის ფეხები უფრო ხშირია, 0-სებრი ფორმისა - უფრო იშვიათი.
გამრუდება თავდაპირველად შეუმჩნეველია, მაგრამ ბავშვის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ბაგის ასაკის ბავშვების 30%-ს ცალი ფეხი მეორეზე 0,3-0,5 სმ-ით მოკლე აქვს, ხოლო - 4-7%-ს - 1 სმ-ით. ასეთი პატარა ბავშვისთვის ეს ძალიან ბევრია. ამის გამო ორივე ფეხის ფორმა შეიძლება შეიცვალოს.
- რა შეიძლება მოხდეს, თუ განსხვავება დროულად ვერ შევამჩნიეთ?
- X-ისებრი ფეხებით დგომისას ან სიარულისას ძირითადი დატვირთვა ტერფების შიგნითა ზედაპირზე მოდის. ამასთან, მუხლები ერთმანეთს უახლოვდება, ხოლო ტერფები განზე გარბის. თუ პატარას დროულად არ დავეხმარეთ, დაიწყება კოჭ-წვივის სახსრის აგებულების რღვევა, ფორმას იცვლის ტერფი, მუხლის სახსრებში ჩამოყალიბდება ვალგუსური დეფორმაცია, რომლის დროსაც ბარძაყის ძვლის შიგნითა ბოლო გარეთ იწყებს შემობრუნებას.
გამრუდება სხვადასხვა ხარისხისაა. შორს წასულ შემთხვევაში იწყება მენჯის გადახრა ტანადობის დარღვევის შედეგად და ხერხემლის გამრუდება.
- როგორ მკურნალობენ?
- ფეხების გამრუდებას მკურნალობენ მასაჟით, სამკურნალო ფიზკულტურით და წვივის კუნთების ელექტროსტიმულაციით. ასევე წარმატებით გამოიყენება ორთოპედიული ფეხსაცმელები და ღაბაშები. ხშირად მშობელი მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ ვერ ამჩნევს ეფექტს და კარგავს განკურნების იმედს. წარმატებას აღწევს ის მშობელი, რომელიც ზედმიწევნით გამოიყენებს მკურნალობის ყველა საშუალებას და შვილთან ერთად მკურნალობას შეუპოვრად და მიზანსწრაფულად ბოლომდე მიიყვანს.
X-ისებრი გამრუდების სამკურნალოდ წვივის შიგნითა კუნთების ელექტროსტიმულაციასთან ერთად გამოიყენება პროფესიონალური მასაჟის 15-20 სეანსი წელიწადში არანაკლებ 4-ჯერ, რაც მოითხოვს დიდ დროს, ენერგიასა და მოთმინებას მშობლების მხრიდან.
- რა შეგვიძლია მშობლებს?
- დედას შეუძლია, გაუკეთოს შვილს ყოველდღიური მასაჟი, დღეში 2-ჯერ - დილით და შუადღის ძილის შემდეგ. მასაჟი ტარდება ზურგზე მწოლიარე პოზიციაში. ვიწყებთ ფეხის დიდი თითიდან და მივემართებით ტერფის შიგნითა ზედაპირისკენ, შემდეგ გადავდივართ წვივის შიგნითა ზედაპირზე და ავდივართ მუხლამდე. ვიყენებთ მასაჟის ყოველგვარ სახეობას - ხელსმას, სრესას, ხერხვას, კეპვას და ვასრულებთ ისევ ხელსმით.
თითოეულ ფეხზე მასაჟი გრძელდება 5 წუთი. მასაჟი ბავშვისთვის იძულებითი და მოსაბეზრებელი პროცედურა რომ არ იყოს, უქციეთ ის გართობად, თამაშად, ჩაურთეთ სასიამოვნო მუსიკა და ესაუბრეთ.
ტერფების ვარჯიში სრულდება დღეში რამდენიმეჯერ. მოჰკიდეთ ხელი ბავშვს და ერთად გაიარეთ ოთახის ერთი ბოლოდან მეორისაკენ თითის წვერებზე, შემდეგ - ქუსლებზე, ბოლოს ტერფის გარეთა ზედაპირი დატვირთეთ. უკანასკნელ პოზიციაში, სასურველია, ბავშვი დღეში რამდენიმეჯერ დააყენოთ.
გაითვალისწინეთ: ამ პრობლემის მქონე ბავშვისთვის არ შეიძლება სიარული ტერფის შიგნითა ზედაპირით! გააფრთხილეთ ბაგა-ბაღის პედაგოგებიც, რომ ასეთი ვარჯიში არ გააკეთებინონ. უყიდეთ პატარას სპეციალური ფეხსაცმელი და პირადად მისთვის დამზადებული ორთოპედიული ღაბაში. ასეთი ფეხსაცმელები ბავშვს უნდა ეცვას ქუჩაშიც და შინაც.
სასარგებლოა ფეხშიშველა სიარული ქვიშაზე, ნებისმიერ უსწორმასწორო ზედაპირზე, მასაჟორ-ხალიჩაზე. ნუ მისცემთ გლუვ, სწორ ზედაპირზე ფეხშიშველა სიარულის ნებას.
არც რბილი ჩუსტების ტარება შეიძლება. აიღეთ 2 მ სიგრძის ორი ფიცარი, ერთმანეთისადმი 30-გრადუსიანი კუთხით (სახურავივით) დააწყვეთ იატაკზე და ბავშვი ზედ ატარეთ. ზედაპირი შეგიძლიათ მხიარული ფერებით მოხატოთ.
ფეხის თითებით ააკრეფინეთ იატაკზე მიმობნეული ნივთები. ამ დროს ბავშვი თავისი სიმაღლის შესაბამის სკამზე უნდა იჯდეს და წინ ეყაროს ფერადი ფანქრები, საშუალო ზომის ქვები, კუბიკები, ბურთები. შეიძლება ცალი ფეხის თითებით აკრიფოს და მეორეში გადაიტანოს, 5-7-ჯერ გამეორების შემდეგ - პირიქით.
X-ისებრი დეფორმაციის დროს ფეხის სპეციალურ სახვევს იყენებენ. ბავშვს ფეხები კოჭ-წვივის სახსარში ისე უნდა შევუკრათ, რომ სისხლის მიმოქცევა არ დაირღვეს, მუხლებს შორის კი ჩავუდოთ ქვიშით სავსე პატარა ტომსიკა ან პატარა მუთაქა. ასეთი სახვევი შეიძლება დღეში 2-ჯერ გავუკეთოთ 20-30 წუთით, ოღონდ თუ თვითონ არ უნდა, ძალას ნუ დაატანთ.
- როგორ ამოვიცნოთ გადახრა?
- თავდაპირველად კიდურების სიგრძე ერთმანეთისგან სულ ნახევარი სანტიმეტრით განსხვავდება და შესაძლოა, მშობელმა ვერც კი შეამჩნიოს, მაგრამ არსებობს სხვა საეჭვო ნიშნებიც:
- ფეხსაცმელები უფრო მალე ცვდება წინ, თითებთან;
- ბავშვი ხშირად ეცემა სწორ ზედაპირზე;
- არ უყვარს თანატოლებთან ერთად თამაში, უმეტესად ზის ან ქვიშაში თამაშობს;
- ხშირად ითხოვს ხელში აყვანას;
- ჩვილ ასაკში ჰქონდა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, კუნთოვანი ტონუსის ასიმეტრია,
- ნაოჭების ასიმეტრია, რაქიტული ცვლილებები;
- რაც წამოიზარდა და ჯდომა ისწავლა, უჭირს სკამზე ჩვეულებრივ ჯდომა - ზის ცალფეხმოკეცილი ან წევს მუცელზე.
თუ ჩამოთვლილთაგან ორი-სამი ნიშანი მაინც შეამჩნიეთ, ბავშვი აუცილებლად აჩვენეთ ორთოპედს. დამატებითი რისკფაქტორია, თუ რომელიმე მშობელს აქვს ხერხემლის პრობლემები - ისინი ასიდან 99 შემთხვევაში მემკვიდრეობით გადაეცემა, მშობლის სკოლიოზის მიზეზი კი ხშირად ფეხების ასიმეტრიაა.