სკოლიოზი
სამწუხაროდ, ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში ეს დაავადება გახშირდა, რაც უმთავრესად ბავშვთა არასისტემატური პროფილაქტიკური შემოწმების, მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირებულობის, სამკურნალო ფიზკულტურის ნაკლები პოპულარიზაციისა და ნაკლები ხელმისაწვდომობის ბრალია. ამ პრობლემების მოგვარება ძალზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდისთვის.
- რა იწვევს სკოლიოზს?
- გამოვყოფ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზებს:
- კუნთოვან-იოგოვანი უკმარისობა - ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, რაც ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს;
- ენდოკრინული ჯირკვლების დისფუნქცია - სქესობრივი მომწიფების ასაკში, როდესაც ორგანიზმში ხდება ჰორმონული ძვრები, მცირდება ძვლების სიმკვრივე, რაც არასწორი ფიზიკური დატვირთვის დროს ხერხემლის გამრუდებით სრულდება;
- დისპლაზიური ფაქტორი - დისპლაზიური პროცესები ასუსტებს ძვლოვან ქსოვილს;
- ნეიროგენული ფაქტორი - ნეიროგენული თეორია სკოლიოზის განვითარებას ნერვული სისტემის პათოლოგიებს უკავშირებს;
- სტატიკურ სკოლიოზს განაპირობებს ზურგისა და მუცლის კუნთების სისტემატური ცალმხრივი სტატიკური დატვირთვა. ასეთია, მაგალითად, პროფესიული და ფუნქციური სკოლიოზები, მათ შორის - სასკოლო სკოლიოზიც. დიდია მათ განვითარებაში კომპიუტერის როლი;
- პათოლოგიის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ბრტყელი ტერფი და ტერფის მაღალი თაღიც;
- არსებობს თანდაყოლილი სკოლიოზებიც, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში სხვადასხვა დარღვევითა და მემკვიდრეობითი ფაქტორებით არის განპირობებული.
სკოლიოზის განვითარებას ასევე ხელს უწყობს რაქიტი, ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიები, ტუბერკულოზი, პოლიომიელიტი, ხერხემლის ტრავმები.
- რა ტიპის სკოლიოზები არსებობს?
- სკოლიოზის ტიპი გამრუდების ფორმის მიხედვით დიფერენცირდება:
- C-ს მაგვარი სკოლიოზი სკოლიოზის ყველაზე მარტივი ფორმაა, მჟღავნდება სიგრძივი გვერდითი გამრუდებით, ახასიათებს გამრუდების 1 რკალი;
- S-ის მაგვარ სკოლიოზს გამრუდების 2 რკალი ახასიათებს;
- Z-ის მაგვარ სკოლიოზს - 3 რკალი.
რაც უფრო მეტია გამრუდების რკალი და გამრუდების კუთხე, მით უფრო რთულია მდგომარეობა. იდიოპათიური სკოლიოზი სკოლიოზის განსაკუთრებით საშიში ფორმაა. ის უმეტესად ადრეულ ასაკში ყალიბდება და გაცილებით რთულ კლინიკურ სურათს იწვევს. იდიოპათიური სკოლიოზი იწყება 5-7 წლიდან. მეორე მნიშვნელოვანი პერიოდია აქტიური ზრდის პერიოდი - 10-დან 14 წლამდე. ამ ასაკში აღმოჩენილი სკოლიოზის ეს ფორმა, როგორც წესი, აღემატება I ხარისხს. გოგონებთან ის 5-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ვაჟებთან. იდიოპათიური სკოლიოზი ხერხემლის უფრო რთული გამრუდებაა, ვიდრე ჩვეულებრივი სკოლიოზი. მისთვის დამახასიათებელია ხერხემლის სვეტის არა მხოლოდ სიგრძივი (ე.წ. ფრონტალური), არამედ წინა-უკანა (საგიტალური) გამრუდებაც, რასაც თან ახლავს ხერხემლის ტორსია - ღერძის გარშემო მობრუნება. დაავადება სწრაფად პროგრესირებს და ჩვეულებრივ სკოლიოზთან შედარებით ძნელად ემორჩილება მკურნალობას, ამიტომ გვიან გამოვლენისას პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა. პროცესი სრულდება ტანდეგობის ვიზუალური დეფექტით, რომელიც მჟღავნდება მთელი სხეულის ასიმეტრიით, ზოგჯერ - სახის ასიმეტრიითაც კი, და ორგანოთა ფუნქციის მოშლით. რომელ ორგანოს დააზიანებს სკოლიოზი, იმაზეა დამოკიდებული, ხერხემლის რომელ სეგმენტებზე მოდის მეტი გადახრის კუთხე. პროგნოზზე გავლენას ახდენს დაავადების დროული გამოვლენა და სწორი რეაბილიტაცია. პირველადი სკოლიოზური რკალის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ იდიოპათიური სკოლიოზის შემდეგ ვარიანტებს: კისერ-გულმკერდის სკოლიოზს, გულმკერდის სკოლიოზს, გულმკერდ-წელის სკოლიოზს და წელის სკოლიოზს. მეტად საყურადღებოა კომბინირებული სკოლიოზი, რომელიც, ჩვეულებრივი სკოლიოზისგან განსხვავებით, გამოიხატება 2 ან 3 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პირველადი სკოლიოზური რკალით. ყოველ რკალს თავისი მეორეული, კომპენსატორული გამრუდება აქვს. ეს იდიოპათიური სკოლიოზის განსაკუთრებით მძიმე ფორმაა, რომელიც ყალიბდება ხერხემლის S-ის ან Z-ის მაგვარი სვეტით და მის გარშემო მკვეთრი ტორსიით.
იდიოპათიური სკოლიოზის ძირითადი სიმპტომებია:
- სწორად დგომისას მხრები სხვადასხვა დონეზეა;
- თავი არ არის სხეულის ცენტრში (შესაძლოა, სხვადასხვა დონეზე იყოს ყურები);
- ბარძაყები არ არის ერთ სიმაღლეზე;
- ხელების სიგრძე სხვადასხვაა;
- ზურგის ტკივილი;
- ფეხების ტკივილი;
- ნაწლავებისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის რიტმის დარღვევა, რაც ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიით მთავრდება;
- ფილტვების და გულის ფუნქციის დარღვევა.
- რაზეა დამოკიდებული ეს დარღვევები?
- სკოლიოზს აქვს 4 ხარისხი, რომლებზეც ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობა. რენტგენოლოგიურად ხარისხები ფასდება შემდეგნაირად:
- I ხარისხი - პირველადი გამრუდების კუთხე 10 გრადუსზე ნაკლებია;
- II ხარისხი - კუთხე 10-დან 25 გრადუსამდე მერყეობს;
- III ხარისხი - 25-დან 40 გრადუსამდე;
- IV ხარისხი - 40 გრადუსზე მეტია.
I და II ხარისხი შედარებით მსუბუქად მიიჩნევა, განსაკუთრებით - I, რომელიც თითქმის არ არღვევს ორგანოთა ნორმალურ ფუნქციობას. II ხარისხის სკოლიოზი, განსაკუთრებით - იდიოპათიური, უკვე იწვევს მეტ-ნაკლებად გამოხატულ ჩივილებს თავის, კიდურებისა და შინაგანი ორგანოების მხრივ. III და IV ხარისხის იდიოპათიური სკოლიოზი კი ძალზე სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს. ვითარდება პნევმოსკლეროზი, ე.წ. სკოლიოზური გული, მცირე (ფილტვის) წრეში სერიოზულად ირღვევა სისხლის მიმოქცევა.
ამ ფონზე ხშირია შეგუბებითი ბრონქიტი, ჰეპატიტი, გასტრიტი, პანკრეატიტი, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაზიანება, რაც შესაძლოა ნაწლავების დამბლითაც დასრულდეს, ამიტომ სკოლიოზის ამ ფორმების დროს აუცილებლად დაისმის ქირურგიული მკურნალობის საკითხი. წონისა და ასაკის, ასევე ფიზიკური დატვირთვის მატებასთან ერთად სკოლიოზიან ადამიანებს უჩნდებათ უამრავი პრობლემა არა მარტო ხერხემლის ტკივილის გამო, რაც ნაადრევი ოსტეოქონდროზის განვითარებით აიხსნება და ხშირად მალათაშუა დისკის თიაქრის ჩამოყალიბებით სრულდება, არამედ კიდურების ძლიერი ტკივილისა და მოძრაობის გაძნელების გამოც. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კისერ-გულმკერდის სკოლიოზის როლი შინაგანი ორგანოების პათოლოგიების, მათ შორის - გულის პათოლოგიების (რიტმის სერიოზული დარღვევებით დაწყებული, გულის იშემიური დაავადებით დამთავრებული) და ფილტვის შეგუბებითი პათოლოგიების (მათ შორის - ქრონიკული ბრონქიტის) განვითარებაში, ასევე - კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პათოლოგიების განვითარებაშიც, რაც ამ ორგანოების ინერვაციის დარღვევით არის განპირობებული. მინდა, ყურადღება გავამახვილო კისრის სკოლიოზის როლზე თავის პათოლოგიების განვითარებაში. ეს დაავადება ხშირად იწვევს სისხლძარღვოვან სპაზმს ვერტებრობაზილარულ აუზში, რომელიც თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დარღვევა გამოიხატება ვერტებრობაზილარული უკმარისობით, რომლის სიმპტომებზე აუცილებლად უნდა შევჩერდე, რათა მშობელმა არც ერთი მათგანი არ დატოვოს უყურადღებოდ:
- თავის ტკივილი (ხშირად - მოპულსირე), რომელიც უმეტესად ცალმხრივია (ამის გამო პათოლოგიას კისრის შაკიკსაც უწოდებენ), ტკივილი შუბლ-ორბიტალურ არეში, რომელიც ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებათა კლინიკურ სურათს ჰგავს;
- კოხლეოვესტიბულური სინდრომი, რომელიც შეიძლება გამოიხატოს სმენის დარღვევით, ყურებში ხმაურით, ყურების დაგუბების შეგრძნებით, ასევე - თავბრუხვევით, გარშემო საგნების მოძრაობის მოჩვენებითი შეგრძნებით, მძიმე შემთხვევებში - ძლიერი გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით;
- ტკივილი თვალბუდის არეში, რომელიც ძლიერდება თვალის მოძრაობის დროს, თვალის დასერვის შეგრძნებით, რომელიც წააგავს თვალის სიმშრალის ნიშნებს; მხედველობის დაბინდვა, თვალწინ მოციმციმე წერტილების გაჩენა, რაც ოფთალმოლოგიური პათოლოგიის იმიტაციას იძლევა;
- ყელში ლუკმის გაჭედვის, ყლაპვის გაძნელების შეგრძნება, ხახის და საყლაპავის სპაზმი;
- ხმის ჩახლეჩა პერიოდულად სრულ დაკარგვამდეც კი, ხორხში უცხო სხეულის შეგრძნება, ხშირი ჩახველება, რაც ქრონიკული კატარული პროცესის იმიტაციას იძლევა;
- ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, რომელიც მჟღავნდება მოზარდებთან არტერიული წნევის მერყეობით, ტაქიკარდიით, კარდიალგიით, ტიკური ჰიპერკინეზებით. ამ სიმპტომებს ზოგჯერ თან ახლავს თერმორეგულაციის დარღვევა (სუბფებრილიტეტი), მომატებული ოფლიანობა, ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკინეზია, ერექციული უკმარისობა, დისმენორეა, კანის ქავილი და ურტიკარიული (ნეიროგენული) გამონაყარი მთელ სხეულზე, რაც გასათვალისწინებელია ალერგოლოგიის პრაქტიკაში;
- ასთენიური სინდრომი - შრომისუნარიანობის დაქვეითება, ფსიქოფიზიკური დაღლილობა, გაღიზიანებადობა და უძილობა.
- რას ურჩევთ მშობლებს?
- ადრეული ასაკიდანვე დაუკვირდნენ ბავშვის ხერხემლის ფორმას და სიმეტრიებს. არ გამოეპაროთ ბრტყელტერფიანობა და დროულად ჩაუტარონ ბავშვს ტერფის კორექცია, რაც ხერხემალს არასწორი დატვირთვისგან დაიცავს. კუნთებისა თუ სახსრების გახანგრძლივებული ან განმეორებითი ტკივილის დროს ჩაუტარონ ულტრასონოგრაფიული კვლევა. ეს ერთადერთი კვლევაა, რომელიც ტკივილის რეალური მიზეზის დადგენაში დაეხმარებათ. სახსრის ანთებითი დაავადების გამოვლენისას, რაზეც მიუთითებს სახსრის ღრუში არსებული გამონაჟონი, კონსულტაციისთვის მიმართონ რევმატოლოგს, ტრავმული დაზიანებისას - ტრავმატოლოგს; ტკივილის ნეიროგენული გენეზის დადგენის შემთხვევაში ხერხემლის სვეტია გამოსაკვლევი, რისთვისაც საჭიროა რენტგენოლოგიური კვლევა და შემდგომ - მკურნალობა ორთოპედისა და რეაბილიტოლოგის ზედამხედველობით. აქ უმთავრესია მასაჟის, მანუალური თერაპიის, სამკურნალო ფიზკულტურის, ფიზიოთერაპიის როლი. სავალდებულოა ცურვა. რაც შეეხება პროფესიულ სპორტს: მოზარდს, რომელსაც სკოლიოზი აქვს, ასეთი დატვირთვისთვის ნუღარ გაიმეტებთ - მდგომარეობა უფრო მეტად დაუმძიმდება, სპორტში ჩაბმამდე კი აუცილებლად გამოიკვლიეთ ბავშვის ხერხემალი.