ტანდეგობა და მისი დარღვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტანდეგობა და მისი დარღვევები

ტანდეგობას დგომისას სხეულის ჩვეულ მდებარეობას უწოდებენ. მისი ჩამოყალიბება ადრეული ბავშვობიდან იწყება და უმთავრესად გარემო ფაქტორების ზემოქმედებით არის განპირობებული. ტანდეგობის დარღვევების ფორმებზე ორთოპედი ნინო გასვიანი გვესაუბრება.

- როგორ უნდა მივხვდეთ, დარღვეულია თუ არა ტანდეგობა?

- ტანდეგობის შეფასებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ თავისა და მხრის სარტყლის მდებარეობა, ხერხემლის კონფიგურაცია, მენჯის დახრისა და ქვედა კიდურების ღერძით შექმნილი კუთხის სიფართოვე.

- რა დარღვევაა კისერმრუდობა?

- კისერმრუდობა - თავის არასწორი დგომა - საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთ-ერთი დეფორმაციაა. ეს პათოლოგია უმეტესად კისრის რბილი ქსოვილის დაზიანებით არის განპირობებული, გაცილებით იშვიათად კი ხერხემლისა და ნერვული სისტემის დაზიანების ბრალია.

განასხვავებენ კისერმრუდობის თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებს. თანდაყოლილი კისერმრუდობა უპირატესად კუნთოვანი ხასიათისაა და მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის განვითარების ანომალიით (სიმოკლით) არის განპირობებული. თანდაყოლილი კისერმრუდობა, ჩვეულებრივ, სამშობიაროშივე ან სიცოცხლის პირველივე თვეს ვლინდება. თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა, 5-6 წლისთვის ამ ანომალიის ფონზე სახისა და თავის ასიმეტრია ჩამოყალიბდება.

შეძენილი კისერმრუდობა კომპენსატორული ხასიათისაა და მხედველობის დარღვევის (სიელმის ან ასტიგმატიზმის) შედეგი გახლავთ. კისრის დეფორმაცია თანდათან ყალიბდება, უპირატესად - 3-5 წლის ასაკში. თანდაყოლილი კისერმრუდობისგან განსხვავებით, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ორგანული ცვლილებები ამ დროს გამოხატული არ არის, ბავშვი თავს თავისუფლად ატრიალებს ორივე მხარეს და მისი სწორად დაჭერაც შეუძლია. შეძენილი კისერმრუდობის პროფილაქტიკა და მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს მხედველობის კორექციას, კისრის კუნთების მასაჟსა და სამკურნალო ფიზკულტურას.

- ტანდეგობის შეფასებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხერხემლის მდებარეობას წინა-უკანა სიბრტყეში. ამის გათვალისწინებით რამდენი ტიპის ტანდეგობა არსებობს?

- როგორც ცნობილია, ხერხემალს აქვს ოთხი ფიზიოლოგიური ნადრეკი: კისრის ლორდოზი, გულმკერდის კიფოზი, წელის ლორდოზი და გავის კიფოზი. ხერხემლის ასეთი ფორმა სხეულს მოქნილობასა და სიმტკიცეს სძენს და წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. ამჟამად ტანდეგობის 5 ძირითად ტიპს გამოყოფენ:

  • ნორმალური ტანდეგობა - ახასიათებს ზომიერად გამოხატული ფიზიოლოგიური ნადრეკები და სხეულის ყველა ნაწილის სიმეტრიული განლაგება.
  • ბრტყელი ზურგი - ფიზიოლოგიური ნადრეკები სუსტად არის განვითარებული. მენჯის დახრის კუთხე შემცირებულია. ასეთი ტანდეგობისას ხერხემლის გამძლეობა ნაკლებია და არახელსაყრელ პირობებში არცთუ იშვიათად სკოლიოზი ვითარდება.
  • მრგვალი ზურგი - ახასიათებს ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკების სიმკვრივე და მენჯის დახრის კუთხის გაზრდა.
  • წელში ოდნავ მოხრილობა - გულმკერდის კიფოზი ძლიერდება, რის გამოც სუსტდება კისრისა და წელის ლორდოზი. ასეთ ბავშვებს გულმკერდი ჩავარდნილი აქვთ, მუცელი - გამოვარდნილი, მხრები - ოდნავ წინ წამოწეული, მუხლები - დგომისას ოდნავ მოხრილი.
  • ტანდეგობის დარღვევა ფრონტალურ სიბრტყეში. მისთვის დამახასიათებელია ხერხემლის სტრუქტურების არამუდმივი ცვლილება. ვინაიდან ასეთი გადახრა მუდმივი არ არის, შესაძლებელია გამოსწორდეს ბავშვის სხეულის გასწორების გზითაც კუნთების დაჭიმვის ხარჯზე.

- რა არის ხერხემლის დეფორმაციების მთავარი მიზეზი?

- მთავარი მიზეზი ჩონჩხის განვითარების ანომალიებია. ეს ანომალიები იზოლირებულიც შეიძლება იყოს და ნერვული და კუნთოვანი ქსოვილების არასწორ განვითარებასაც უკავშირდებოდეს. რა ასაკში გამოვლინდება დეფორმაცია, ეს, ერთი მხრივ, ანომალიის სახეობაზეა დამოკიდებული, მეორე მხრივ კი პათოლოგიური პროცესის ინტენსივობაზე. იშვიათად ის წლამდე ასაკში ვლინდება, უმეტესად კი გვიან იჩენს თავს და თანდათანობით ძლიერდება. ხერხემლის ყველაზე გავრცელებული დეფორმაციაა სკოლიოზი - ხერხემლის გვერდითი გამრუდება.

- როგორ უნდა გაისინჯოს ბავშვი?

- ბავშვი ისინჯება ფეხზე მდგომი, წინიდან, გვერდიდან, უკნიდან. შემდეგ სთხოვენ, მაქსიმალურად გადაიხაროს წინ, ნიკაპი გულმკერდზე მიიდოს, ხოლო ხელები დაუშვას. ამ პოზიციაში ვლინდება ნეკნოვანი კუზი ტორსის დაზიანებით. წინიდან ფასდება ლავიწის დგომა, გულმკერდის ანომალიები. სკოლიოზის არსებობა-არარსებობის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს:

  • მხრების დგომას;
  • თავის მდგომარეობას (ყურის ნიჟარების სიმეტრიულობა ჰორიზონტალური ხაზის მიმართ).
  • ბეჭის ზედა და ქვედა კიდეების პარალელურობას;
  • მენჯის გადახრას;
  • ქვედა კიდურების სხვადასხვა სიგრძეს;
  • გულმკერდის დეფორმაციებს (ჩავარდნილი - ე.წ. მეწაღისებური - და ამოზნექილი - ე.წ. ქათმის გულმკერდი);
  • წელის სამკუთხედის სიმეტრიულობას;
  • ხერხემლის მალების მახვილისებური მორჩების შემაერთებელი ხაზის დეფორმაციას.

დიაგნოზის დასაზუსტებლად რენტგენოლოგიურ გამოკვლევას მიმართავენ.


- რა არის სკოლიოზი, ტანდეგობის დარღვევა?

- არა, სკოლიოზი არ არის მხოლოდ ხერხემლის ადგილობრივი გამრუდება. ის მთელი ორგანიზმის დაავადებაა. სკოლიოზი ასიდან თითქმის 3 ბავშვს აღენიშნება, ამასთანავე, გოგონებს - 5-6-ჯერ უფრო ხშირად. წარმოშობის მიხედვით სკოლიოზი ორგვარია: თანდაყოლილი და შეძენილი.

თანდაყოლილ სკოლიოზს საფუძვლად უდევს ზურგის ტვინისა და მისი გარსების განვითარების ანომალიები, ასევე - ხერხემლის მალათა განვითარების დეფექტები. სკოლიოზის ამ ფორმას ახასიათებს დაზიანებული უბნის მეტ-ნაკლები სიმცირე და უპირატესად ხერხემლის გარდამავალ ნაწილებში ვლინდება.

შეძენილი სკოლიოზი უფრო ხშირია. ვითარდება ადრეულ ასაკში განვითარებული რაქიტის, ბავშვთა დამბლის, დამწვრობის შემდგომ დარჩენილი ნაწიბურისა და პლევრიტის ფონზე. ცალკე გამოყოფენ იდიოპათიურ სკოლიოზს, რომლის მიზეზი უცნობია.

- სკოლიოზის რამდენი ფორმა არსებობს?

- ხერხემლის გამრუდების ხაზის მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ:

  • ცალმხრივ გამრუდებას, რომელიც მოიცავს ხერხემლის ერთ ნაწილს, უპირატესად - გულმკერდისას;
  • კომბინირებულს (შ-ისმაგვარს), როცა გულმკერდის ნაწილის სკოლიოზს წელის გამრუდებაც ერთვის და გამოხატულია გამრუდების ორი რკალი.

დეფორმაციის სიმძიმის მიხედვით კი გამოყოფენ დაავადების 4 ხარისხს. პირველი სამი ხარისხი ქირურგიული ჩარევის გარეშეც ექვემდებარება კორექციას, IV ხარისხის გამრუდება კი ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.

- რას გვეტყვით ეგრეთ წოდებულ სასკოლო სკოლიოზზე?

- პირველადი სასკოლო სკოლიოზის დიაგნოზი ორთოპედებმა უარყვეს, ვინაიდან დადასტურდა, რომ მოწაფეთა უმრავლესობას სკოლაში მიყვანისას უკვე აღენიშნებოდა ტანდეგობის დარღვევა, ხოლო მათ მცირე ნაწილს სკოლიოზის ნიშნებიც ეტყობოდა, ამიტომ სასკოლო სკოლიოზი შეიძლება მივაკუთვნოთ იდიოპათიურ სკოლიოზთა რიცხვს, რომელიც 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა არახელსაყრელი ფაქტორის ზემოქმედებით ვლინდება. ასეთი ფაქტორებია: კუნთების სისუსტე, არასწორ პოზაში დიდხანს ჯდომა, ჰიპოდინამია (ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, რომლის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა რეგულარული ფიზიკური ვარჯიშია), ფიზიკური დატვირთვის მიმართ ხერხემლის გამძლეობის შესუსტება (განსაკუთრებით - აქტიური ზრდის პერიოდში). სკოლიოზის ეს ფორმა დროებით მოვლენად ვერ ჩაითვლება - ბავშვისთვის გაცილებით იოლია ჩვეულ, არასწორ პოზაში ჯდომა, სიარული, მუშაობა. ამის გამო კი ფუნქციური ხასიათის ცვლილებები შესაძლოა სტრუქტურულში გადაიზარდოს.

თუ დეფორმაციამ II-III ხარისხს მიაღწია, დაზიანება მუდმივი, შეუქცევადი ხდება.

- როგორ დავიცვათ ბავშვი სკოლიოზისგან?

- სკოლიოზის პრევენცია ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორ ტანდეგობას მხოლოდ კოსმეტიკური მნიშვნელობა კი არ აქვს, არამედ შინაგანი ორგანოების ნორმალურ ფუნქციობასაც განაპირობებს. სწორი ტანდეგობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია დღის ოპტიმალური რეჟიმი, ძილი, მუშაობისა და დასვენების სწორად გადანაწილება, რაციონალური კვება, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი რაციონი.

პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ბავშვი დილის გამამხნევებელ ვარჯიშს, სუფთა ჰაერზე სეირნობასა და თამაშს, გააკაჟეთ (დაზილეთ სველი ტილოთი, მიაღებინეთ მზისა და წყლის აბაზანები, მიაჩვიეთ კონტრასტულ შხაპს).

მოზარდმა, რომელსაც ტანდეგობის დარღვევა და, მეტადრე, სკოლიოზი აღენიშნება, დღეში 1,5-2 საათი მაინც უნდა დაისვენოს ზურგზე ან მუცელზე დაწოლილმა და სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით ამავე მდგომარეობაში იმეცადინოს. ასეთი ბავშვისთვის აუცილებელია ორთოპედის მეთვალყურეობა, ინდივიდუალურად შერჩეული სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებები.

სამკურნალო ფიზკულტურა მიმართული უნდა იყოს მთელი სხეულის კუნთების გაძლიერებისკენ, რისი წყალობითაც ხერხემლის მობილურობაც გაიზრდება.

საზოგადოდ, სკოლიოზის დროს სამკურნალო ფიზკულტურის მთავარი მიზანია სწორი ტანდეგობის ჩამოყალიბება და ეგრეთ წოდებული კუნთოვანი კორსეტის შექმნა, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება კუნთთა ტონუსის მომატების ხარჯზე. ვარჯიშთა სპეციალური, ინდივიდუალურად შერჩეული კომპლექსი ყოველდღიურად ტარდება.

დაავადების პროგნოზი დეფორმაციის ფორმასა და ხარისხზეა დამოკიდებული. ზოგჯერ დაისმის ოპერაცული ჩარევის საკითხიც, რაც ასევე ინდივიდუალურად წყდება და პაციენტის ასაკზე, სკოლიოზის ხარისხსა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ტანდეგობის დარღვევა იქნება ეს თუ სკოლიოზი, სამკურნალო ღონისძიებები მხოლოდ ორთოპედთან შეთანხმებით უნდა ჩატარდეს. არ გირჩევთ ტრენაჟორებზე თუ ფიტნესკლუბში, ასევე იოგას სისტემით ვარჯიშს სპეციალისტის მეთვალყურეობის გარეშე.