მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია
.
გვესაუბრება ბავშვთა N23 პოლიკლინიკის პედიატრი ნინო გასვიანი.
- რა იწვევს მენჯ-ბარძაყის სახსრის განუვითარებლობას?
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება მუცლადყოფნის პერიოდის მეოთხე-მეხუთე კვირას იწყება, მისი საბოლოო ფორმირება კი მას შემდეგ ხდება, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება წარმოიშვას. თუ დედას ან სხვა უახლოეს ნათესავს ბავშვობაში ორთოპედიული პრობლემები ჰქონდა, გაცილებით მეტია ალბათობა, პატარას ასეთივე პათოლოგია ჩამოუყალიბდეს.
ორთოპედიაში დისპლაზიურ სინდრომს უწოდებენ შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევას, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შემაერთებელი ქსოვილის სისუსტესთან სახსრების ჰიპერმობილურობის (მოძრაობის ზედმეტი სიფართოვის) შერწყმით. ამასთანავე, დისპლაზია არის არა თავისთავადი დიაგნოზი, არამედ მდგომარეობა, რომელიც ამა თუ იმ დაავადებას ახლავს თან.
ბარძაყის თავის ამოვარდნილობა დისპლაზიის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა. ის სახსრის შემადგენელი ელემენტების განუვითარებლობის შედეგია და შემაერთებელი ქსოვილის პირველადი დარღვევის შედეგად ყალიბდება. გენეტიკური ფაქტორები აქ მთავარ როლს ასრულებს. შედარებით ნაკლებ, თუმცა მაინც საგრძნობ გავლენას ახდენს მავნე გარემო ფაქტორები და ჰორმონული დარღვევები ორსულობის პერიოდში.
- რომელი რისკფაქტორები მოქმედებს დისპლაზიის ჩამოყალიბებაზე?
- დისპლაზია უფრო მეტად გვხვდება გოგონებსა და მენჯით წინამდებარეობით დაბადებულ ბავშვებს შორის. გოგონებში ეს დაავადება თითქმის ხუთჯერ ხშირია. არცთუ იშვიათად ბარძაყის თავის ამოვარდნილობა მცირე (2500 გ-მდე) წონის ახალშობილებშიც შეიმჩნევა.
საქმე ის არის, რომ მენჯის წინამდებარეობის დროს ნაყოფს მკვეთრად ეზღუდება სახსრებში (განსაკუთრებით - მენჯ-ბარძაყის სახსრებში) მოძრაობა, სახსრის ნორმალური განვითარებისთვის კი მოძრაობის ადეკვატური სიფართოვეა საჭირო. რაც შეეხება მცირე წონას, ის, ჩვეულებრივ, კუნთოვანი ქსოვილის სიმცირესთან არის შერწყმული, რაც ასევე ზრდის სახსრის არასწორი ფორმირების რისკს. გარდა ამისა, რისკის ფაქტორებია დედის გინეკოლოგიური დაავადებები: საშვილოსნოს მიომა, შეხორცებები საშვილოსნოში და სხვა პროცესები, რომლებიც ბავშვის საშვილოსნოში მოძრაობას აფერხებს.
დაავადებას რამდენიმე სიმპტომი ახასიათებს:
- განზიდვის შეზღუდვა - ზურგზე დაწოლილ ბავშვს ფეხებს 90 გრადუსით ვუხრით მუხლსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში და ფრთხილად, ზედმეტი ძალდატანების გარეშე გადავუშლით. ჯანმრთელი ბავშვის მუხლები თითქმის საწოლის ზედაპირამდე უნდა მივიდეს. თუ რომელიმე ან ორივე მხარეს მოძრაობა შეზღუდულია, დისპლაზია უნდა ვივარაუდოთ.
- ს სახსრის ტკაცუნი - ამ ხმას გამოსცემს ბარძაყის თავი, როცა ფოსოში სწორდება. ტკაცუნი განზიდვის შემოწმებისას ხელით შეიგრძნობა ან ისმის. ეს სიმპტომი 2-3 თვემდე ასაკის ჩვილებს აღენიშნებათ.
- კიდურების ჭარბი გარეთა როტაცია ანუ ფეხის ტერფის გარეთ მიბრუნება. ეს მძინარე ბავშვს თვალნათლივ ეტყობა.
- ნაოჭების ასიმეტრია - ყურადღებიანი მშობლების შეშფოთებას ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიმპტომი იქცევს, თუმცა დაავადებისთვის ყველაზე ნაკლებად დამახასიათებელია. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ნაოჭების ასიმეტრიის მიუხედავად, სახსრები ნორმალურია.
- კიდურის დამოკლება - ეს ნიშანი შესამჩნევია ცალმხრივი დისპლაზიის დროს, როცა ის უკვე მკვეთრად არის გამოხატული.
- თუ ჩვილს რომელიმე ამ ნიშანთაგანი აღმოაჩნდა, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
- დიაგნოზის დასმა დაბადებისთანავეა შესაძლებელი. მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი აუცილებელია, პატარა ორთოპედს აჩვენოთ. ორთოპედი ჩვილს ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევაზე გზავნის. გამოკვლევის ეს მეთოდი ახალშობილისთვის პრაქტიკულად უსაფრთხოა, თუმცა სახსრის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება მისი მეშვეობით ყოველთვის ვერ ხერხდება - ულტრაბგერა სახსრის ელემენტების ურთიერთგანლაგების შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას ვერ გვაწვდის, ამიტომ საბოლოო დიაგნოზისთვის მაინც რენტგენოგრაფიული გამოკვლევაა საჭირო, რომელიც სახსრის ობიექტური შეფასების საშუალებას იძლევა.
- რას ურჩევთ მშობლებს ბავშვის მოვლის თაობაზე?
- თუ დიაგნოზი სამშობიარო სახლშივე დაისვა, პირველივე დღეებიდანვე შეგიძლიათ, ახალშობილი მჭიდროდ არ შეახვიოთ - როცა ბარძაყი განზიდულია, მისი თავი ტაბუხის ფოსოს უახლოვდება. სწორედ ამ მდგომარეობის შენარჩუნებაა აუცილებელი, ამისთვის კი მენჯ-ბარძაყის სახსარში ფეხები რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს განზიდული. ეს შეგიძლიათ ფართო ნახვევის, ორი პამპერსის ან პატარა ბალიშის ჩადებით. ისიც შეიძლება, ბავშვი სრულებით არ შეახვიოთ. სხვათა შორის, თანდაყოლილი ამოვარდნილობა ძალიან იშვიათია აფრიკაში, კორეაში, ვიეტნამში - იმ ქვეყნებში, სადაც ბავშვის მჭიდროდ შეხვევა მიღებული არ არის. სახსრის სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მოძრაობის ადეკვატური სიფართოვე, მოსვენების დროს კი ე.წ. ფიზიოლოგიური, ბუნებრივად განპირობებული მდგომარეობა, როცა ფეხები მუხლებში მოხრილი და გადაშლილია. ღირს კი ბუნებასთან ბრძოლა და ბავშვის ბარბაროსულად გაკოჭვა? არა მგონია, ამაში ვინმე დამეთანხმოს.
გარდა ამისა, დედამ უნდა ისწავლოს საგანგებო ვარჯიშები: კიდურის განზიდვა, წრიული მოძრაობები, - რომლებიც ბავშვს დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა ჩაუტაროს. საჭიროა სამკურნალო მასაჟიც, რომელთაც ჩვილს სპეციალისტი უკეთებს. დისპლაზიის იმ ეტაპზე, როცა ამოვარდნილობა უმნიშვნელოა, ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები კორექციისთვის საკმარისია.
- თუ დიაგნოზი უფრო გვიან დაისვა, რა დამატებითი ღონისძიებები ტარდება?
- თუ დიაგნოზი სამი-ოთხი თვის ასაკში დაისვა, რენტგენოლოგიური გამოკვლევით უფრო ზუსტად ადგენენ დაავადების სახეობას. ამ დროს უკვე საგანგებო არტაშნების დადებაა საჭირო. მათი ტარების ხანგრძლივობა ყოველ კერძო შემთხვევაში ინდივიდუალურია - რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე. მთავარი კურსის ბოლომდე მიყვანაა. ზოგჯერ მშობლები არტაშანს ორთოპედთან შეუთანხმებლად ხსნიან - ეცოდებათ შეწუხებული ბავშვი და ფიქრობენ, რომ დარჩენილი 2-3 კვირა არაფერს ნიშნავს, სინამდვილეში კი ამ დროს ყოველი დღე მნიშვნელოვანია.
თუ ჩვილს პათოლოგია 4 თვის შემდეგ აღმოაჩნდა, უკვე სტაციონარული მკურნალობაა საჭირო. ამ დროს რბილ დაჭიმვას მიმართავენ, რაც საბოლოოდ სახსრის ნორმალურ ან თითქმის ნორმალურ მდგომარეობას აღადგენს. ასეთ პოზიციაში სახსარს არტაშნით ან თაბაშირის ნახვევით აფიქსირებენ. დაჭიმვის პროცესი შეიძლება 3 კვირაში დასრულდეს, რის შემდეგაც აუცილებელია სახსრის ფიქსაცია 3-4 თვით.
- რა შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებულ მკურნალობას?
- მკურნალობის გარეშე თანდაყოლილი ამოვარდნილობის დროს არასწორი ბიომექანიკის (მოძრაობის) შედეგად სახსარში ვითარდება დისპლაზიური კოქსართროზი - მენჯ-ბარძაყის სახსრის მძიმე დაავადება, რომელსაც თან სდევს ტკივილი, სიარულის დარღვევა, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა, ყოველივე ამას კი საბოლოოდ ინვალიდობამდე მივყავართ. ასეთ დროს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება, თუმცა რაც უფრო დაგვიანდება ოპერაცია, მით უფრო მცირეა სრული გამოჯანმრთელების შანსი.
ოპერაციული ჩარევა მაშინაც აუცილებელია, როცა კონსერვატიულ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს - სახსრის ნორმალური პოზიცია ბოლომდე ვერ აღდგება. ასეთ შემთხვევაში ოპერაცია ორი წლის ასაკიდან არის რეკომენდებული, თუმცა ეს საკითხი მაინც ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს.
მინდა, მივმართო მშობლებს: თუ დისპლაზიის ოდნავი ეჭვი მაინც გაგიჩნდათ, ნუ ენდობით ნაცნობ-მეგობრების სიტყვებს, დიდი რამე, ჩემს შვილსაც ასევე ჰქონდაო და პატარა დაუყოვნებლივ აჩვენეთ თქვენს პედიატრს.