ახალშობილთა ნაწლავური კოლიკა
ჩვეულებრივ, ამაში საგანგაშო არაფერია, თუ, რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა ხანგრძლივად არ გრძელდება და მუდმივი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ნაწლავური კოლიკა არ გადის და ჩვილი მუდმივად შეწუხებულია (აღენიშნება მოუსვენრობა, გამუდმებით ტირის), აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
საზოგადოდ, აირების ჭარბად წარმოქმნა ახალშობილებთან განპირობებულია კვების პირობებთან ახალშობილის ორგანიზმის ადაპტაციით. ნაწლავური კოლიკა, ჩვეულებრივ, დაბადებიდან 2-4 კვირაში აღმოცენდება და 3 თვის ასაკისთვის გაივლის. დასახელებული მდგომარეობა ნორმიდან გადახრა არ არის, თუმცა დინამიკაში მაინც საჭიროებს დაკვირვებას.
როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ნაწლავური კოლიკა აწუხებს
ძირითადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია:
- ბავშვის უმიზეზო მოუსვენრობა და ტირილი;
- დამახასიათებელი პოზა: ბავშვი ფეხებს მუცლისკენ ხრის, იზიდავს, რაც ნაწლავებში მჭრელი ტკივილის მანიშნებელია;
- გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილება საღამოსკენ, დილით ბავშვი კარგად ჭამს, მშვიდადაა, დღის მეორე ნახევარში კი ტირის და უარს აცხადებს საკვების მიღებაზე;
- აირების ჭარბად გამოყოფა;
- კანის სიფერმკრთალე;
- საკვების მიღებისთანავე მოუსვენრობა;
- განავლოვანი მასების ცვლილება (მომწვანო, თხელი, შეკრულობა).
რატომ წარმოიქმნება ახალშობილის ნაწლავებში ჭარბი აირები
ამას სხვადასხვა მიზეზი უდევს საფუძვლად. ერთ-ერთი კვების ტექნიკის დარღვევაა. მაგალითად, ძუძუთი კვების დროს ბავშვის არასწორი პოზა, რაც განაპირობებს რძესთან ერთად ჰაერის ინტენსიურად ჩაყლაპვასაც, ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს მეტეორიზმის განვითარებას. ხელოვნური კვების დროს კი მნიშვნელოვანია ბოთლის სწორად, 45-გრადუსიანი დახრილი კუთხით დაჭერა. ასეთ დროს ჰაერი ჭურჭელში ზემოთ ადის და არ ხვდება ბავშვის პირში.
აირების მომატებული წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა გადაძღომაც იყოს. როდესაც ბავშვი ზომაზე მეტ საკვებს იღებს, ნაწლავებში აირები უფრო ინტენსიურად წარმოიქმნება და ბოყინიც უფრო ხშირად აწუხებს ბავშვს. ასეთ დროს გამოსავალი ხშირად და მცირე ულუფებით კვებაა.
სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მწეველი დედების ახალშობილებს გაცილებით ხშირად აწუხებთ ნაწლავური კოლიკა, ვიდრე არამწეველების ჩვილებს, გარდა ამისა, სპეციალისტები მეძუძურ დედებს ურჩევენ საკვები რაციონის გაკონტროლებას და ისეთი პროდუქტების გამორიცხვას რაციონიდან, როგორებიცაა: კომბოსტო, წიწაკა, სანელებლები, სიმინდი, ნიგოზი, რძემჟავა პროდუქტები, განსაკუთრებით – ჩუმამაწონი, პომიდორო, ხახვი.
ამ პროდუქტების ამოღებიდან 1-2 დღე საკმარისია და ბავშვს კოლიკა გაუვლის. თუმცა ამ საკითხზე სპეციალისტების აზრი რამდენადმე იყოფა. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ დედის საკვები რაციონი პირდაპირ არ აისახება ბავშვის მდგომარეობაზე, რადგან ყველა ნივთიერება ასე პირდაპირი სახით არ გადადის დედის რძეში და გარდა ამისა, ბავშვის ორგანიზმი ჩამოყალიბების პროცესში თავისებურად გადაეწყობა.
როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს მდგომარეობა კოლიკის დროს:
- ჭამის წინ პატარა მუცელზე უნდა დავაწვინოთ სწორ და მკვრივ ზედაპირზე;
- კვების პროცესში უმჯობესია ჩვილი ვერტიკალურად გვეჭიროს, საკვების მიღების შემდეგ კი აუცილებელია დაველოდოთ დაბოყინების რეფლექსს;
- გამოვიყენოთ თბილი კომპრესები – უთოთი გამთბარი ნაჭერი დავადოთ ბავშვს მუცელზე;
- საათის ისრის მიმართულებით გავუკეთოთ მუცელზე მსუბუქი მასაჟი;
- ვასვათ ბავშვს კამის წყალი.
გაითვალისწინეთ:
- თუ ხელოვნურ კვებაზე მყოფბავშვს კოლიკა მუდმივად ტანჯავს, საჭიროა საკვების შეცვლა;
- ნუ გამოიყენებთ მეტეორიზმის საწინააღმდეგო მედიკამენტურ საშუალებებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.