მოტეხილობა, ამოვარდნილობა, დაჭიმულობა - როდის როგორ მოვიქცეთ
ძვლების მოტეხილობა
მოტეხილობა ძვლების მთლიანობის დარღვევაა. ის შეიძლება იყოს სრულიც და არასრულიც, ღიაც და დახურულიც. მოტეხილობისას პაციენტები უჩივიან დაზიანებული ადგილის ძლიერ ტკივილს, შესივებას, დეფორმაციას, ფუნქციის მოშლას. დიაგნოზის დასაზუსტებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ენიჭება. როგორ მოვიქცეთ: ძვლების მოტეხილობისას, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ისეთი გართულებების თავიდან აცილება, როგორიც არის სისხლდენა, შოკი, ღია მოტეხილობისას - ჭრილობის ინფიცირება, ძვლების ნატეხების შემდგომი ცდომა და რბილი ქსოვილების დაზიანება. ღია მოტეხილობისას ჭრილობა სპირტითა და იოდით უნდა დაამუშაოთ, შემდეგ კი რბილი ნახვევი დაადოთ.
ტკივილის შესამცირებლად დაშავებულს უნდა მისცეთ ტკივილგამაყუჩებელი, მოტეხილი ადგილი უძრავად დაუფიქსიროთ სტანდარტული ან სახელდახელოდ შექმნილი არტაშნით, რომელიც ავადმყოფის უმტკივნეულო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ჰოსპიტალიზაციისთვის ყველაზე მოხერხებულია კიბისებრი ან მავთულის არტაშანი, რადგან ელასტიკურობის გამო მისი მოდელირება ადვილია. არტაშნად შეგვიძლია გამოვიყენოთ ფიცრის, მუყაოს, ფანერის ნაჭერი, რომელიც კიდურზე დოლბანდით უნდა მიამაგროთ. იმობილიზაციის მთავარი პირობა ყველა იმ სახსრის უმოძრაობაა, რომლებთანაც მოტეხილი ძვლის მყესკუნთოვან აპარატს აქვს კავშირი. მაგალითად, ბარძაყის ძვალი ზევით მენჯს უკავშირდება, ქვევით - კოჭ-წვივის სახსარს, ამიტომაც ბარძაყის ძვლის მოტეხილობისას საჭიროა სამი სახსრის - მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და წვივ-კოჭის - იმობილიზაცია. სხვა შემთხვევაში საკმარისია მოტეხილობის ზემოთ და ქვემოთ მდებარე ორი სახსრის იმობილიზაცია.
ძვლის ამოვარდნილობა
ამოვარდნილობა სახსარში შემავალი ძვლების ერთმანეთისგან ნაწილობრივი ან სრული დაცილებაა. ამოვარდნილობისთვის დამახასიათებელია სახსრის ფორმის შეცვლა, კიდურის იძულებითი (ცალკეული ამოვარდნილობისთვის დამახასიათებელი) მდებარეობა, მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა და ძლიერი ტკივილი. ტრავმული ამოვარდნილობისას აუცილებელია ძვლების სახსარში ჩასმა, რაც კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა გააკეთოს სტაციონარის პირობებში, სადაც წინასწარ რენტგენოგრაფიით ზუსტად დაადგენენ ამოვარდნილობის ხასიათს და გამორიცხავენ მოტეხილობას. პაციენტს ძვლის ჩასწორებამდე უტარდება ტკივილგამაყუჩებელი თერაპია ან ეძლევა ხანმოკლე, სუსტი ანესთეზია, რომელიც ადუნებს კუნთებს და ამოვარდნილი ძვლის ჩასმას აადვილებს.
სახსრის დაჭიმულობა, ღრძობა
ღრძობა სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმვა ან ნაწილობრივი გაგლეჯაა. ღრძობა უმთავრესად სპორტსმენთა ხვედრია. მისი მიზეზია სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული მოძრაობა, მოხრა, გაშლა ან შებრუნება. ღრძობისას მოტეხილობის გამოსარიცხად ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სათანადო მკურნალობა.