ზაფხულის ნაკვალევი ბავშვის სხეულზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულის ნაკვალევი ბავშვის სხეულზე

გამონაყარი ჩნდება. რა შეიძლება იყოს ეს - ახალდაწყებული ინფექციური დაავადება თუ ტილისა და მუნის არასასურველი ნაკვალევი? გვესაუბრება ინფექციონისტი

- დაავადების ამოცნობა რომ შევძლოთ, უნდა ვიცოდეთ, როდის დაიწყო გამოყრა, როგორი თანამიმდევრობისა და ინტენსივობისაა იგი, შეცვლილია თუ არა ბავშვის გუნება-განწყობა და სხვა. ბავშვთა ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებები გამონაყარის თანხლებით მიმდინარეობს. მოკლედ შევჩერდეთ თითოეულზე, რათა მათ შორის განსხვავება უფრო თვალნათელი გახდეს.

წითელა

გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე რბილ და მაგარ სასაზე წითელი, უსწორმასწორო ფორმის ლაქები შეინიშნება. ამ ლაქებს ენანთემებს უწოდებენ და წითელას სადიაგნოზო მნიშვნელოვანი ნიშანია. კანზე გამონაყარის პერიოდი იწყება დაავადების მეოთხე-მეხუთე დღეს. პირველი ელემენტები ჩნდება ყურის უკან - ნიჟარის ახლოს, ცხვირის ზურგზე, ლოყებზე. 24 საათში გამონაყარი მოედება მთელ სახეს (ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის ჩათვლით), კისერს, გულმკერდის ზედა ნაწილს, ხელებს. გამონაყარი თანდათან ლაქოვან, ლაქოვან-პაპულურ ხასიათს იღებს.

მომდევნო 24 საათის განმავლობაში გამონაყარი ჩნდება ზურგზე, მუცელსა და კიდურებზე, მესამე დღიდან - ტერფებზე. ამავე დროს სახეზე მისი გაფერმკრთალება (ალაგება) იწყება. გამონაყარი ფერმკრთალდება და ქრება იმავე თანამიმდევრობით, როგორითაც დაიწყო. ალაგების (პიგმენტაციის) პერიოდი 1-2 კვირას გრძელდება. ელემენტები კარგავს სიმკვრივეს, ბრტყელდება, ბაცი მოლურჯო ფერის ლაქებად იქცევა და ქატოსებურად იქერცლება, რაც ერთ კვირას გასტანს.

წითურა

გამონაყარი დაავადების პირველსავე დღეს ჩნდება, ჯერ სახესა და კისერს მოედება, რამდენიმე საათში კი მთელ ტანს. ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულებზე, ზურგზე, გულმკერდზე გამონაყარი უფრო ხშირია, მუცელსა და სახეზე - შედარებით იშვიათი. გამონაყარი ლაქოვან-კვანძოვანია, ბაცი მოწითალო ფერის, ზოგჯერ - კანს ოდნავ აცილებული. წითურას ტიპურ სიმპტომად მიიჩნევა ლიმფური კვანძების გადიდება, რაც გამოყრამდე 1-3 დღით ადრე იწყება და გამოყრის შემდეგ 10-14 დღე გრძელდება.

ქუნთრუშა

გამონაყარი ჩნდება დაავადებიდან რამდენიმე საათში ან მეორე, იშვიათად - მეოთხე დღეს. ახასიათებს სწრაფი გავრცელება სახეზე, კისერზე, ტანზე, კიდურებზე. გამონაყარი მზით დამწვრობას ჰგავს - წვრილწინწკლოვანია და ჰიპერემიულ (გაწითლებულ) კანზე აყრია. შუბლი და ლოყები გაწითლებულია, სადა, თითქოს იწვის, გიზგიზებს. წინწკლები აქ არ ჩნდება, პირის ირგვლივ კანზე კი გამონაყარი სრულებით არ არის, რჩება მკრთალი სამკუთხედი.

გამონაყარი ყველაზე ინტენსიურია ფერდებზე, მუცლის ქვედა ნაწილში, კანის ბუნებრივ ნაოჭებში - იღლიაში, საზარდულის, იდაყვის, მუხლის უკანა ფოსოებში. ნაკეცების მიდამოში აღინიშნება ჰიპერპიგმენტაცია - კანის გამუქება.

თუ გამონაყარი ინტენსიურია, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ბუშტუკოვანი ფორმა. ბუშტუკები ქინძისთავისოდენაა, აქვს გამჭვირვალე ან მღვრიე თხიერი შიგთავსი. დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას გამონაყარი 2-3 დღეს რჩება, ხოლო ძლიერ მსუბუქი მიმდინარეობისას - რამდენიმე საათს.

უკუვითარდება თანდათანობით - თავდაპირველად კარგავს სიკაშკაშეს, შემდეგ იღებს მუქ ფერს. ზოგჯერ ნაოჭებში ჩნდება პიგმენტური ზოლები. დაავადებისთვის დამახასიათებელია კანის აქერცვლა. იგი იწყება სახეზე, კიდურებზე. გაცილებით ინტენსიურია დაავადების მესამე კვირას. ქერცლი ტანსა და კიდურებზე ფირფიტისებურია. კანი ამ დროს შიშვლდება (ეპითელიუმი აეცლება), მძიმე მიმდინარეობის დროს აქერცვლა შესაძლოა 8 კვირას გაგრძელდეს.

დაავადების აუცილებელი ნიშნებია: ალისფერი ანგინა, ჟოლოსებური ენა, ლიმფადენიტი (ლიმფური ჯირკვლების გადიდება).


ჩუტყვავილა

დაავადების ძირითადი ნიშნების გამოვლენამდე ზოგიერთს შესაძლოა ქუნთრუშას ან წითელასმაგვარი გამონაყარი გაუჩნდეს. თავდაპირველად წარმოიქმნება ლაქები ან პაპულები, რომლებიც რამდენიმე საათში გამჭვირვალე ოვალურ ან მრგვალ ბუშტუკებად გადაიქცევა. შიგთავსი პირველსავე დღეებში იმღვრევა, ბუშტუკები ადვილად სკდება, სითხე იღვრება და კანი ამ ადგილას ფუფხით იფარება. გამონაყარი უხვია და 3-4 დღეს გასტანს.

თავდაპირველად ტანზე ჩნდება, შემდეგ - სახეზე, თავის თმიან ადგილებში, კიდურებზე. ბუშტუკები ერთკამერიანია, 1-2 დღეში ქრება და მათ ადგილს იკავებს ბრტყელი ფუფხი, რომელიც უკვალოდ, უნაწიბუროდ ალაგდება, თუმცა ამ ადგილას 2-3 თვეს რჩება მუქი პიგმენტაცია (მუქი კანი).

ლორწოვან გარსებზე - პირის ღრუში, თვალის კონიუნქტივაზე, ხორხში, სასქესო ორგანოებზე - გამონაყარი მალე იქერცლება. წარმოიქმნება ზედაპირული ეროზიები და წყლულები, რომლებიც 5-7 დღეში უკვალოდ ქრება, ლორწოვანი მთლიანად აღდგება.

გამოყრა, წითელასგან განსხვავებით, არა თანდთანობითი (ეტაპობრივი), არამედ ტალღისებურია, 1-2-დღიანი ინტერვალით. გამონაყარი პოლიმორფულია. ეს იმას ნიშნავს, რომ კანზე ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ლაქოვანი, ვეზიკულური, ასევე ფუფხიანი ელემენტები.

მარტივი ჰერპესი

მარტივი ჰერპესული ინფექცია ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე ჯგუფური ბუშტუკოვანი გამონაყარით ვლინდება. ახასიათებს ფარული მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებით. ცნობილია მისი რამდენიმე ფორმა. ყველაზე მეტად კანის ჰერპესული გამონაყარია გავრცელებული. ის უმთავრესად პირის ირგვლივ, ტუჩებზე, ცხვირზე, ყურის ნიჟარაზე ჩნდება. მეტწილად - კანისა და ლორწოვანის საზღვარზე.

გამოყრამდე 1-2 დღით ადრე მომავალი ჰერპესული გამონაყარის ადგილას ავადმყოფი უჩივის წვისა და ჩხვლეტის შეგრძნებას, ქავილს, სუსტ ტკივილსა და დაჭიმვას. გამონაყარი ბუშტუკოვანია, აქვს გამჭვირვალე შიგთავსი. რამდენიმე დღეში ბუშტუკი სკდება, ფუფხს იკეთებს და უნაწიბუროდ ქრება. შესაძლოა, მის ადგილას მცირე ხნით სუსტი პიგმენტაცია დარჩეს.

იმპეტიგო (ჩირქოვანი გამონაყარი)

იგი ზემოთ აღწერილთაგან განსხვავდება. ძირითადად კანის დაინფიცირების შედეგად ჩნდება. ახასიათებს კანის ზედაპირული ჩირქოვანი დაზიანება. გაწითლებულ კანზე შესაძლოა გაჩნდეს 1-2 მმ დიამეტრის მრგვალი ვეზიკულური გამონაყარი მწებავი ქარვისებრი ფუფხით. სტრეპტოკოკულ იმპეტიგოს თან სდევს ადგილობრივი ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სტაფილოკოკურისთვის კი ლიმფადენიტი არ არის დამახასიათებელი.

- კანის არაინფექციური წარმოშობის გამონაყარზეც შევჩერდეთ. ის შესაძლოა იყოს მუნისა, ტილისა, ალერგიული. როგორ განვასხვაოთ ისინი ერთმანეთისგან?

- მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ტკიპა იწვევს. დედალი ტკიპები იჭრებიან კანის ზედაპირულ, რქოვან შრეში, სავალ გზებს იკეთებენ და ქავილსა და გამონაყარს იწვევენ. ქავილის გამო კანზე ნაკაწრები ჩნდება. ძლიერი ქავილისას კანი შესამჩნევად ზიანდება. თუ ამას ინფექციაც დაერთო, წარმოიქმნება ჩირქოვანი ბუშტუკები და ქერქები. ასეთი რამ უფრო ხშირია ბავშვებში, რაც, როგორც აღვნიშნეთ, მეორეული ინფექციის შედეგია.

დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტით, მისი პირადი ნივთების, თეთრეულის, ტანისამოსის მეშვეობით. ქავილი განსაკუთრებით საღამო ხანს და ღამით ძლიერდება. კანზე შეიმჩნევა წვრილი, ქინძისთავისოდენა ბუშტუკები და კვანძები, მუნის პატარა სავალები.

ლოკალიზაცია საკმაოდ დამახასიათებელია - უწინარესად ზიანდება ზედა და ქვედა კიდურების მომხრელი ზედაპირები, სხეულის გვერდითი ზედაპირები და მუცელი, თითებს შორის არსებული არეები, შორსწასულ შემთხვევებში - იდაყვების არე. მუნისმიერი სავალები ჭუჭყისფერ-მონაცრისფრო ზიგზაგისებრი, წვრილი, მოკლე ხაზებია, რომლებიც ნაკაწრებს მოგვაგონებს. ზოგჯერ ისინი ცალკეული მოშავო წერტილებისა და მათგან გამომავალი ხაზებისგან შედგება. სავალები უმეტესად ხელის თითებს შორის, თითების გვერდით, ურთიერთშემხებ ზედაპირებზე, ხელისგულებზე, ფეხისგულებზე, ტერფის შიგნითა კიდეზე ჩნდება.

მკურნალობის გარეშე მუნი შესაძლოა თვეობით გაგრძელდეს.

პედიკულოზი იგივე დატილიანებაა. არსებობს ადამიანის სამგვარი ტილი - თავისა, ტანსაცმლისა და ბოქვენისა. თავის დატილიანება ქალებსა და ბავშვებში უფრო ხშირია. ტილი უმთავრესად კეფისა და საფეთქლის არეებში იბუდებს, ამიტომაც ქავილი და კანის გაწითლება ყველაზე მეტად სწორედ ამ მიდამოებში აღინიშნება. თმაზე მჭიდროდ არის მიკრული ტილის კვერცხები - წილები.

ტანსაცმლის ტილი ტანსაცმლის ნაოჭებში ბუდობს და კანზე მხოლოდ საკვების მოსაპოვებლად გადადის, ამიტომ ქავილი და ნაკაწრები უფრო ხშირია იმ უბნებში, სადაც ტანსაცმელი ყველაზე მჭიდროდ ეხება კანს: კისერზე, წელის არეში.

ხანგრძლივი დატილიანებისას კანი უხეშდება, სქელდება, ნაცრისფერდება და ადამიანს ქავილი ისე აღარ აწუხებს, თუმცა ამ დროს ის ძალზე გადამდებია.

- როგორ მოვიშოროთ კანის პარაზიტები?

- მუნისა და ტილის საწინააღმდეგო უამრავი საშუალება, უამრავი ძველი თუ ახალი თაობის პრეპარატი არსებობს, მაგრამ თვითმკურნალობას ნუ მოჰყვებით, წამლის შესარჩევად ექიმს, დერმატოლოგს მიმართეთ.

შინაური საშუალებების ხმარებას არ გირჩევთ, რადგან თვითნებურმა მკურნალობამ შესაძლოა კანის ძლიერი ანთება, მოწამვლა, ალერგია გამოიწვიოს.

დასასრულ კი, რა უხერხულიც უნდა იყოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: დაიცავით პირადი ჰიგიენა, ზოგადი სანიტარიული წესები, პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ბავშვები საკუთარი თავისა და ნივთების მოვლას - ამით თქვენც და თქვენი პატარებიც მრავალ ინფექციურ თუ პარაზიტულ დაავადებას აიცილებთ თავიდან.