სეზონური დაავადებები ქუნთრუშა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სეზონური დაავადებები ქუნთრუშა

დაავადებას A ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი (GAS) იწვევს. ინფექციის წყაროა სტრეპტოკოკული ინფექციის ამა თუ იმ კლინიკური გამოვლინების მქონე, უმთავრესად ქუნთრუშით დაავადებული პირი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია წაშლილი კლინიკური ფორმა.

სტრეპტოკოკები გარემოში ლორწოვანი გარსების - სეკრეტის მეშვეობით გამოიყოფა ხახიდან, ცხვირიდან, ღია ჩირქოვანი კერებიდან (ოტიტის, სინუსიტის და სხვა პათოლოგიების დროს).

გარემოში გავრცელება

გამომწვევი უმთავრესად ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. ავადმყოფი გადამდები ხდება დაავადების პირველივე დღეებში. დიდ მანძილზე, კერძოდ, მეზობელ ბინებში, სართულებზე წითელასა და ჩუტყვავილასგან განსხვავებით, ქუნთრუშა არ ვრცელდება. ინფექცია გადაეცემა ინფიცირებული (დაბინძურებული) ნივთების: სათამაშოების, ჭურჭლის, საკვების (უმთავრესად რძისა და მისი ნაწარმის) მეშვეობით.

დაავადებულთა ასაკი უმთავრესად 3-8 წელია, 15 წელს გადაცილებულებს შორის ეს ინფექცია იშვიათია, ერთეული შემთხვევა არსებობს წლამდე ასაკის ბავშვებთანაც, რაც აიხსნება დედისგან მიღებული იმუნიტეტით და თვით ამ ასაკის ფიზიოლოგიური რეაქტიულობით სტრეპტოკოკული ტოქსინის მიმართ.

სეზონურობა

სხვა ჰაერწვეთოვანი ინფექციების მსგავსად, ქუნთრუშა წელიწადის ცივ პერიოდში აქტიურდება, ცივი, ნესტიანი კლიმატის ქვეყნებში. ცხელ და მშრალ რეგიონებში ავადობა მცირეა, ტროპიკულ ქვეყნებში კი თითქმის არ გვხვდება.

დაავადების დამახასიათებელი სურათი

დაავადება იწყება უეცრად, ტემპერატურის მომატებით, პირღებინებით, ყელის ტკივილით, ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენებით - შემცივნება, თავის ტკივილი, უძილობა, მადის დაქვეითება.

გამონაყარი რამდენიმე საათში ჩნდება, ზოგჯერ მეორე, იშვიათად მეოთხე დღეს. ვრცელდება სწრაფად, ასეთი თანმიმდევრობით: სახეზე, კისერზე, ტანზე, კიდურებზე.

გამონაყარი წვრილწერტილოვანია და კანის ჰიპერემიულ (შეწითლებულ) ფონზე მზით დამწვრობას მოგვაგონებს. შუბლი და ლოყები ალმურმოდებულია, წინწკლები არ აქვს, პირის ირგვლივ კანზე გამონაყარი არ ვითარდება და ეს უბანი ერთგვარ მკრთალ სამკუთხედს წარმოქმნის. გამონაყარი უფრო ინტენსიურია ტანის გვერდით ზედაპირებზე, მუცლის ქვედა ნაწილში, კიდურების შიდა ზედაპირებზე, განსაკუთრებით კი კანის ბუნებრივ ნაოჭებში: იღლიის ქვეშ, საზარდულის მიდამოში, იდაყვის მიდამოში, მუხლის უკანა ფოსოებში.

ნაკეცებში ჩნდება ჰიპერპიგმენტაცია წვრილი გამონაყარით. ხელის დაჭერისას სიწითლე არ ქრება, ამ ნიშანს ექიმები დიაგნოსტიკურ კრიტერიუმად იყენებენ (პასტას სიმპტომი).

თუ გამონაყარი ინტენსიურია, შეიძლება ჩამოყალიბდეს მილიარულბუშტუკოვანი ფორმა, ბუშტუკები წვრილი, ქინძისთავისოდენაა, აქვს თხიერი, გამჭვირვალე ან მღვრიე შიგთავსი. ბუშტუკები ხშირად ერწყმის ერთმანეთს, განსაკუთრებით - ხელის მტევნებზე. ასეთი პაპულური გამონაყარის დროს კანი “შაგრენის ტყავის” ელფერს იღებს. მძიმე ტოქსიკური ქუნთრუშის დროს გამონაყარი ციანოზურია (მოლურჯო ელფერი აქვს).

ქუნთრუშას თეთრი დერმოგრაფიზმი ახასიათებს, კანი მშრალია, ავადმყოფი უჩივის ქავილს.

მსუბუქი მიმდინარეობისას გამონაყარი ორი-სამი დღის განმავლობაში ვითარდება, მისი უკუგანვითარება თანდათანობით ხდება: თავდაპირველად კარგავს სიკაშკაშეს, შემდეგ მუქ ფერს იღებს, ზოგჯერ ნაოჭებში ჩნდება პიგმენტური ზოლები.

დაავადებისთვის დამახასიათებელია კანის აქერცვლა. იგი იწყება სახეზე, კიდურებზე. უფრო მკვეთრად გამოისახება მესამე კვირისათვის. აქერცვლა ტანსა და კიდურებზე ფირფიტისებრი ხასიათისაა. კანი ამ დროს შიშვლდება. მძიმე მიმდინარეობისას აქერცვლამ შეიძლება რვა კვირა გასტანოს.

ქუნთრუშის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია ტონზილიტი, მის გარეშე მიმდინარე ქუნთრუშას ექსტრაბუკალურს უწოდებენ. ამ დროს ინფექცია ორგანიზმში კანის ჭრილობიდან ან დამწვრობიდან იჭრება.

ტონზილიტს ახასიათებს პირ-ხახის ლორწოვანი გარსების კაშკაშა ჰიპერემია, ე.წ. აალებული ხახა. დაავადების პირველ დღეებში ხშირია რბილი სასის არასრული ჰიპერემია, არამედ წერტილოვანი გამონაყარი (ენანთემა), ზოგჯერ წერტილოვანი სისხლჩაქცევები. ტონზილიტი კატარულია ან ნადებიანი, ნადები მოყვითალო ან მოთეთროა, ადვილად სცილდება ლორწოვანს. ჩირქოვან გადაგვარებამდე მას ზედაპირული მდებარეობა აქვს. ნადების ზედაპირი გამდნარ ქონს ჰგავს. მის ქვეშ მდებარე ლორწოვანი გარსები კი ჰიპერემიული და შეშუპებულია.

დაავადების მეორე-მესამე დღიდან ენის დვრილები შიშვლდება და თავს იჩენს კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი (ჟოლოსებრი ენის) სიმპტომი. ენა ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად წითელია.

ცვლილებები სხვა სისტემების მხრივ

1) ქუნთრუშისებრი გული - მიოკარდიუმის დაზიანება, რომელიც 1-3 თვის განმავლობაში გრძელდება და ბოლოს უკვალოდ გაივლის;

2) ღვიძლისა და ელენთის გადიდება;

3) პერიფერიული სისხლი - პირველივე დღეებში აღინიშნება ლეიკოციტების მომატება ნეიტროფილების ხარჯზე, მარცხნივ გადახრა ზოგჯერ მიელოციტებამდე. ედს-ი მომატებულია. დაავადების მესამე დღიდან შეიმჩნევა ეოზინოფილია, რომელიც 15-20%-ს აღწევს;

4) შარდი - ხშირად ვლინდება ცილის კვალი, შეუცვლელი ერითროციტები.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება დაავადების ანამნეზსა და ეპიდსიტუაციას, ლაბორატორიულ გამოკვლევებს და დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს. ეს ნიშნებია:

  • გამონაყარი “აალებული” კანის ფონზე;
  • პირის ირგვლივ თეთრი სამკუთხედის არსებობა;
  • კანის ჰიპერპიგმენტაცია ბუნებრივი ნაკეცების ადგილას;
  • კანის ფირფიტისებრი აქერცვლა;
  • ჟოლოსებრი ენა;
  • ტონზილიტი.

მკურნალობა

სტრეპტოკოკული ინფექციის მკურნალობისას არჩევითი პრეპარატია პენიცილინი, დროულად დაწყებული მკურნალობით შეიძლება თავიდან ავიცილოთ როგორც სეფსისური გართულებები, ისე რევმატული მიმდინარეობა და გლომერულონეფრიტი. მკურნალობა 10-14 დღე გრძელდება. გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებიც. სულფანილამიდების გამოყენება კი ნაკლებად სასურველია.

ავადმყოფი ანტიბიოტიკის დანიშვნიდან 24 საათში უკვე აღარ არის გადამდები.

მსგავსი კლინიკური ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების გართულება და უზრუნველყოთ სხვათა უსაფრთხოება.