რატომ აქვს პატარას სუსტი ბრონქები
ბავშვი, რომელიც ხშირად ავადმყოფობს, ადვილად იღლება, გაღიზიანებულია, ზრდა-განვითარებით შესამჩნევად ჩამორჩება თანატოლებს.
ბავშვთა სასუნთქი ორგანოების დაავადებებზე გვესაუბრება #1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის პედიატრი ნანა ჟღენტი:
-ორგანოების რომელი დაავადება გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვებში?
- მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია ბავშვებში, წესისამებრ, მწვავე ბრონქიტით ვლინდება. მწვავე ბრონქიტი მეტწილად 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. ცნობილია, რომ ყოველი ჩვილი, ვიდრე ერთი წელი შეუსრულდება, 3-4-ჯერ მაინც გადაიტანს მწვავე რესპირატორულ ინფექციას, სამ წელს გადაცილებულებს კი მწვავე ბრონქიტი 3-ჯერ უფრო იშვიათად ემართებათ.
ბავშვებში მწვავე ბრონქიტის გამომწვევად მიიჩნევენ გრიპის, პარაგრიპის, რესპირატორულ-სინციტიურ, წითელას ვირუსებს, ადენოვირუსს, ასევე - მიკოპლაზმას, სტაფილოკოკს, სტრეპტოკოკს, დიპლოკოკს, პნევმოკოკს, ჰემოფილუსის ჩხირს.
- რა უწყობს ხელს დაავადების განვითარებას?
- რისკის ფაქტორებია:
- გადახურება და გაცივება;
- დაბინძურებული ჰაერი (ოთახის მტვერი);
- პასიური მოწევა (მოწევა ბავშვის თანდასწრებით, ასევე - თამბაქოს წევა მეძუძური დედის მიერ);
- ალერგიული და ექსუდაციური დიათეზი;
- პარატროფია (ზედმეტი წონა);
- ხელოვნური კვება.
- რა თავისებურები ახასიათებს მწვავე ბრონქიტს ბავშვებში?
- ბავშვთა ასაკში მწვავე ბრონქიტის დროს მოსალოდნელია სასუნთქი გზების ობსტრუქცია ანუ დახშობა (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ სინდრომს სასუნთქი გზების შევიწროებად ანუ ოკლუზიად განიხილავს). ბრალი მიუძღვის სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ბრონქების სანათურში ლორწოს დაგროვებას, მათი კედლების შესქელებას, კუნთების სისუსტეს, ფილტვის რეტრაქციის ძალის შემცირებას, სასუნთქი გზების კომპრესიას.
- როგორ გამოვლინდება კლინიკურად ბრონქოობსტრუქციული სინდრომი?
- ბრონქოობსტრუქციული სინდრომის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია ხმაურიანი სუნთქვა - მსტვენი ამოსუნთქვა, რომელიც ავადმყოფისგან მოშორებითაც ისმის. ამოსუნთქვისას ისმინება მშრალი ხიხინი. დახველების შემდეგ ხიხინი მცირდება. სუნთქვის უკმარისობა შესამჩნევად არ არის გამოხატული. მძიმედ მიმდინარე ობსტრუქციული ბრონქიტის დროს, უფრო მართებული იქნება, დაისვას ბრონქიოლიტის დიაგნოზი. დამახასიათებელი კლინიკური ნიშანია ხველა, რომელსაც წინ უძღვის ცხვირიდან გამონადენი, უმადობა, საერთო სისუსტე, სიფერმკრთალე. ხველა თანდათან ძლიერდება, ერთვის ქოშინი, სუნთქვაში ცხვირის ნესტოების, ნეკნთაშუა არეებისა და გულმკერდის ქვედა არის მონაწილეობა და სუნთქვის უკმარისობისთვის დამახასიათებე-ლი სხვა ნიშნები: კანის სილურჯე მთელ ტანზე, მაჯისცემის აჩქარება. ავადმყოფისთვის კრიტიკულია პირველი 2-3 დღე, როდესაც გამოხატულია ობსტრუქციული ხველა, სუნთქვის რიტმის დარღვევა (დისპნოე) სუნთქვის პერიოდული შეწყვეტით (აპნოეთი). ამ დროს პატარა პაციენტი შეიძლება დაიღუპოს კიდეც.
- როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი დასასრული?
- დაავადების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართეთ პედიატრს. მკურნალობა, პაციენტის ასაკისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, ტარდება სტაციონარში ან ამბულატორიულად, შინ. დროული და მართებული მკურნალობის შემთხვევაში მდგომარეობა 3 დღის შემდეგ უმჯობესდება, თუმცა არ არის გამორიცხული, პროცესმა გაცილებით მეტხანს, 2-3 კვირასაც კი გასტანოს. ეს დამოკიდებულია ორგანიზმის ზოგად იმუნურ მდგომარე-ობაზე, თანმხლებ დაავადებებზე, ბავშვის კვებაზე, ასაკზე (რაც უფრო პატარაა პაციენტი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება).
უწინარეს ყოვლისა, საჭიროა სუნთქვის უკმარისობის კორექცია. სახლის პირობებში ეს გულისხმობს სუფთა ჰაერის (საჭიროებისას - ჟანგბადის ბალიშით) მიწოდებას. საწოლის თავი ოდნავ წამოწეული უნდა იყოს. პატარას აძლევენ დიდი რაოდენობით სითხეს, დედის რძეს, ნახველის გამათხიერებელ საშუალებებს, უკეთებენ ინჰალაციებს სოდის წყალხსნარით, ბორჯომიანი ფიზიოლოგიური ხსნარით. ზეთოვანი ინჰალაციები, რომლებიც წინათ იყო მიღებული, ამჟამად აკრძალულია.
დასალევად ინიშნება ვიტამინები: ც - 1 გ დღე-ღამეში, ა - 3 მგ დღე-ღამეში. მშრალი ხველის დროს არჩევით პრეპარა-ტებად ითვლება აქტიფედი, ლიბექსინი. ნაჩვენებია ანტიჰისტამინური პრეპარატები (ფენკაროლი, ტავეგილი და სხვა). ანტიბიოტიკი მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც ბავშვი 6 თვემდე ასაკისაა, აქვს მძიმე პრემორბიდული ანამნეზი (სამშობიარო ტრავმა, დღენაკლულობა, ჰიპოტროფია) და სავარაუდოა ბაქტერიული ინფექციის თანდართვა (ბავშვი მოთენთილია, არ ჭამს). მკურნალობისას ყოველი ახალი პრეპარატი ექიმისა და მშობლების ურთიერთშეთანხმებით შეირჩევა.
- ბავშვთა ასაკში არცთუ იშვიათად გვხვდება ასთმა - ბრონქული ობსტრუქციით მიმდინარე დაავადება. რა განსხვავებაა მწვავე რესპირატორული დაავადების ფონზე განვითარებულ ობსტრუქციულ ბრონქიტსა და ასთმას შორის?
- ზოგიერთი ვირუსული ინფექცია ჩვილ ბავშვებში ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს. შედეგად ბრონქის სანათური ვიწროვდება, პატარას უძნელდება ამოსუნთქვა. ასაკის მატებასა და ბრონქების დიამეტრის ზრდასთან ერთად ინფექციები, თუმცაღა ბრონქიტს კვლავ იწვევს, ბრონქების გამტარობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვეღარ ახდენს. ალერგიული ბავშვების შემთხვევაშიც იგივე ხდება, მაგრამ ისინი ინარჩუნებენ ბრონქების მომეტებულ მგრძნობელობას (ჰიპერრეაქციულობას), რაც პრაქტიკულად ყოველი ახალი ინფექციის დროს ბრონქოსპაზმის განვითარებას განაპირობებს. გარდა ამისა, ობსტრუქციული შეტევა შეიძლება განვითარდეს ჩასუნთქული აეროალერგენის პასუხად. სწორედ ეს არის ბრონქული ასთმა. მეორე განსხვავება ის არის, რომ ასთმით დაავადებულთა ბრონქების ლორწოვან გარსში ანთებითი ცვლილებები მაშინაც კი მიმდინარეობს, როდესაც შეტევა არ აღინიშნება. ამიტომაც არის აუცილებელი ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა არა მარტო შეტევის პერიოდში, არამედ რემისიების განმავლობაშიც. ამჟამად ასეთი პრეპარატები არსებობს და მათი გამოყენება ხანგრძლივი მკურნალობის რეჟიმში ასთმასთან ბრძოლის საფუძვლად უნდა იქცეს.
- როგორი ბავშვები ქმნიან რისკის ჯგუფს?
- სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, როგორც აღვნიშნეთ, ბრონქების ობსტრუქციული დაავადებები დამახასიათებელია, მაგრამ ასთმით ყველა მათგანი როდი ავადდება. რისკის ჯგუფში შედიან:
- ალერგიული წინასწარგანწყობის მქონე ბავშვები (რისკის ფაქტორებია ალერგიული მშობლები, კანის ალერგიული გამოვლინებები, კანის დადებითი ალერგიული სინჯი ან სისხლში ე იმუნოგლობულინის მაღალი დონე);
- ბავშვები, რომელთაც ობსტრუქციული დაავადებები ტემპერატურული რეაქციის გარეშე უვითარდებათ (ეს არაინფექციური ალერგენის არსებობაზე მეტყველებს);
- ბავშვები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სამი და მეტი ობსტრუქციული ეპიზოდი.
სამ წელზე უფროსი ასაკის ყველა ბავშვს ობსტრუქციული გამოვლინების შემთხვევაში ბრონქული ასთმის დიაგნოზი უნდა დაესვას.
- ბრონქული ასთმის რომელ ფორმებს განასხვავებენ ბავშვებში?
- ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ასთმის ორ - ალერგიულ და არაალერგიულ - ფორმაზე. ზოგიერთ შემთხვევაში ასთმა აშკარა შეტევების გარეშე მიმდინარეობს. მისი გამწვავებისას ვითარდება ბრონქიტი ობსტრუქციის გამოხატული ნიშნებით. ჩვენ ამას ასთმურ ბრონქიტს ვუწოდებთ, მაგრამ ეს, ფაქტობრივად, ბრონქული ასთმის ნაირსახეობაა. არის შემთხვევები, როდესაც ასთმის შეტევა მიმდინარეობს როგორც ღამის შეუპოვარი ხველა ქოშინის გარეშე. ესეც დაავადების ნაირსახეობაა, რომელიც შესაძლოა ასთმის ტიპურ ფორმაში გადაიზარდოს. ზოგჯერ ბავშვს ქოშინი და სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვის პასუხად ეწყება. ეს არის ფიზიკური დატვირთვის ასთმა. შეტევა ბრონქების ჰიპერრეაქციულობის შედეგია, რომელსაც კუნთოვანი დატვირთვა ასტიმულირებს. ხშირად ასთმის შეტევა ძლიერი აღელვებისას ვითარდება. ზოგიერთი ფსიქიკური ასთმის შესახებაც კი ლაპარაკობს. ნაკლებ სავარაუდოა, ასთმის განვითარების ფსიქიკური მექანიზმი არსებობდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დაავადების ნებისმიერი ფორმის დროს მღელვარება შესაძლოა შეტევის მიზეზად იქცეს. ამიტომაც აუცილებელია, ასთმით დაავადებულ ბავშვებს ოჯახში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი შევუქმნათ.
- როგორ მიმდინარეობს ასთმის შეტევა, რაზე უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება?
- ჩვეულებრივ, შეტევა უეცრად იწყება. ხშირდება სუნთქვა, ჭირს ამოსუნთქვა. ბავშვი იძულებით მჯდომარე პოზას იღებს და ზედაპირულად სუნთქავს. მსტვენი ამოსუნთქვა ზოგჯერ მოშორებითაც ისმის, ზოგჯერ კი - მხოლოდ პირთან ყურის მიტანისას. ვინაიდან ამოსუნთქვა გაძნელებულია, ჰაერი ფილტვებში გროვდება, ამის გამო გულმკერდი ფართოვდება. თუ ხელს დაადებთ, ამოსუნთქვისას რხევებს შეიგრძნობთ. შეტევა რამდენიმე წუთიდან საათამდე გრძელდება. არცთუ იშვიათად ის თავისთავად გაივლის, მაგრამ ეს არ იძლევა საფუძველს, გულხელდაკრეფილი ველოდოთ მის დასასრულს ან გამოვიყენოთ არატრადიციული სამედიცინო მეთოდები. მოხრჩობის შეგრძნება, რომელიც ბავშვს შეტევის დროს აქვს, მეტად მტანჯველია, შიში და დაძაბულობა ყოველწამიერად იმატებს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ბრონქოსპაზმს. მძიმე შემთხვებში საჭიროა ინტენსიური თერაპია. შეტევათა შორის პერიოდი განსხვავებულია. ზოგიერთს ამ დროს არავითარი ცვლილება არ აღენიშნება, ზოგს კი სუნთქვის ფუნქცია შესამჩნევად აქვს შეზღუდული.
- როგორია ასთმის მკურნალობის ტაქტიკა? როგორ ავიცილოთ თავიდან შეტევა?
- შეტევის პრევენცია მკურნალობის მთავარი ამოცანაა. ამისთვის, გარდა მედიკამენტური თერაპიისა, მიზანშეწონილია შემდეგი ღონისძიებები:
- შეძლებისდაგვარად არიდეთ ბავშვი ალერგენებთან (პირველ რიგში - ოთახის მტვერთან) კონტაქტს. აიღეთ ხალიჩები, რბილი ავეჯი (უკიდურეს შემთხვევაში, იმ ოთახიდან მაინც, სადაც პატარას სძინავს). გააჩუქეთ ან საიმედოდ გადამალეთ რბილი სათამაშოები. წიგნები შემინულ თაროებზე დააწყვეთ. ხშირად მოუსვით მტვერსასრუტი. ოთახები სველი წესით დაალაგეთ.
- ნუ დაუდებთ ბავშვს ბუმბულის ბალიშს. უმჯობესია, ბამბისა ან პაროლონისა უყიდოთ.
- შინაურ ცხოველებთან განშორება ძნელია, მაგრამ აუცილებელი. ასევე, ნუ გააჩერებთ სახლში ყვავილებსა და ქოთნის მცენარეებს. უარი თქვით სიგარეტზე.
- ასთმით დაავადებული ბავშვისთვის აუცილებელია სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება მეტხანს ყოფნა და სეირნობა. მეტად მნიშვნელოვანია გაკაჟება - ის რესპირატორული ინფექციების განვითარების ალბათობას ამცირებს. სასუნთქი სისტემისთვის მეტად სასარგებლოა სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, სუნთქვითი ვარჯიშები.
- გირჩევთ, დაისვენოთ მაღალმთიან კურორტებზე. ზღვის დონიდან 1500-2000 მ სიმაღლეზე პრაქტიკულად არ არის ალერგენები, რომლებსაც შეტევის პროვოცირება შეუძლია.
ამრიგად, დროული და მართებული მკურნალობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანსაღი (ნაკლებალერგიული) კვება ასთმით დაავადებული ბავშვის მდგომარეობის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში, თუნდაც შეტევების მოხსნა მთლიანად ვერ მოხერხდეს, ისინი იშვიათდება და უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.