ქოშინი

- როგორი შეიძლება იყოს ქოშინი? რომელ დაავადებებს ახლავს თან ეს სიმპტომი?
- კლინიკური თვალსაზრისით უპირველეს ყოვლისა გამოყოფენ ქოშინის ანუ სუნთქვის გაძნელების სამ სახეს. ეს გახლავთ ინსპირატორული ანუ ჩასუნთქვითი ქოშინი, რომლის დროსაც, განმარტებიდან გამომდინარე, პაციენტს უჭირს ჩასუნთქვა, ექსპირატორული ანუ ამოსუნთქვითი ქოშინი და შერეული ქოშინი, როცა პაციენტს უჭირს როგორც ჩასუნთქვა, ასევე ამოსუნთქვა. გარდა ამისა, ქოშინის აღმოცენებისა და შემდგომში მისი არსებობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ქოშინს.
მწვავე ქოშინად მიიჩნევენ ახალაღმოცენებულ ქოშინს, რომლის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდეა. ქოშინს, რომელიც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება, ქვემწვავეს უწოდებენ, ხოლო უფრო ხანგრძლივი ქოშინი ქრონიკულია. ქოშინის ასეთი კლასიფიკაცია შემთხვევითი არ არის, რადგანაც ქოშინის სახე პაციენტის გასინჯვისას მიღებულ მონაცემებთან ერთად საფუძველს გვაძლევს ვარაუდი გამოვთქვათ მისი გამომწვევი დაავადებების შესახებ და დავსახოთ დიაგნოსტიკისათვის აუცილებელი კვლევები. ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია მსგავსი არასასიამოვნო შეგრძნება, თუმცა ქოშინის ყველა შემთხვევა სულაც არ არის გამოწვეული რაიმე დაავადებით. ქოშინი, რომელიც დაკავშირებული არ არის რაიმე დაავადებასთან, ანუ ფიზიოლოგიური ქოშინი, როგორც წესი, აღმოცენდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას და მალევე გაივლის მოსვენების შედეგად. იმ შემთხვევებში კი, როცა ქოშინი ძლიერია, უეცრად, შეტევითად აღმოცენდება, ზღუდავს პაციენტის ფიზიკურ აქტივობას და არ გაივლის თავისთავად მცირე დროის შემდეგ, აუცილებელი ხდება ექიმის დახმარება. მსგავს შემთხვევებში საქმე გვაქვს პათოლოგიურ ქოშინთან, რომელიც სხვადასხვა დაავადებით არის გამოწვეული. უხშირესად ასეთი ქოშინი დაკავშირებულია გულის ან ფილტვის დაავადებებთან. ორივე ორგანოს როლი ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებასა და ნახშირორჟანგის მოცილებაში საკმაოდ დიდია. ქოშინის გამომწვევ სხვა პათოლოგიათა შორის კი უნდა აღვნიშნოთ კუნთების მეტაბოლიზმის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, ნერვკუნთოვანი პათოლოგიები, ფსიქიკური აგზნება. არ შეიძლება არ დავასახელოთ ის მდგომარეობები, რომლებიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, თუმცა ქოშინის გამომწვევ მიზეზებად იშვიათად გვევლინებიან. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთების ანუ სინუსიტების დროს გამოყოფილი სეკრეტის ჩადინება ხახის უკანა კედელზე, რაც პაციენტს სუნთქვის გაძნელების შეგრძნებას უქმნის. ქოშინი შეიძლება გამოიწვიოს გასტროეზოფაგურმა რეფლუქსურმა დაავადებამ. ამ დროს კუჭის მჟავე შიგთავსი პერიოდულად ამოიტყორცნება საყლაპავში და ზოგჯერ ხახაშიც კი ხშირად ქოშინი დაკავშირებულია პაციენტის დეზადაპტაციასთან, ეგრეთ წოდებულ დეტრენირებულ მდგომარეობასთან. აღნიშნული მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როცა პაციენტი წყვეტს რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს. ქოშინის ერთ-ერთი მიზეზია წონის მკვეთრი მატება დროის მცირე მონაკვეთში. ხშირად ქოშინის მიზეზია ჰიპერვენტილაცია, რაც ჩქარი და ხშირი სუნთქვისას ვითარდება. უხშირესად სუნთქვის მსგავსი ხასიათი დაკავშირებულია პანიკურ შეტევებთან, პაციენტის სულიერ მღელვარებასთან.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ხშირია თუ არა ქოშინი? რა პრობლემებს უქმნის ის ადამიანს?
- დადგენილია, რომ ქოშინი აღენიშნება 40 წლის ზემოთ პაციენტთა 25%-ს. სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა ნახევარს ქოშინი აქვს და ძალიან ხშირად ის საკმაოდ მძიმე და შემაწუხებელია. ტერმინალურ მდგომარეობაში პაციენტთა 80%-ს ქოშინი უვითარდება. ზოგადად, ქოშინის გამო სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტების მაჩვენებელი უტოლდება ექიმთან ტკივილის გამო მიმართვათა სიხშირეს. რაც შეეხება პაციენტთა სუბიექტურ შეგრძნებას, ისინი ქოშინს აღწერენ როგორც სუნთქვის გაძნელების, ჰაერის უკმარისობის, გულმკერდის შებოჭვის ან სხვა შეგრძნებას. დისკომფორტიც, რომელიც ქოშინს ახლავს თან, მნიშვნელოვანია. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პაციენტი ქოშინს თავად ვერ გრძნობს, მაგრამ ექიმი ამჩნევს, რომ პაციენტი თავისუფლად ვერ სუნთქავს, სუნთქვა გაძნელებულია, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა - გახანგრძლივებული. მიუხედავად იმ დისკომფორტისა, რომელიც ქოშინს ახლავს, მას გარკვეული დადებითი მომენტიც აქვს – ქოშინი იძულებულს ხდის პაციენტს, მიმართოს ექიმს და მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ჩაიტაროს კვლევები დაიგნოზის დადგენის მიზნით.
- რას ემყარება ქოშინის გამომწვევი დაავადებების დიაგნოსტიკა, რომელი კვლევები ტარდება მათ გამოსავლენად?
- ქოშინის მიზეზების ძიებისას ექიმი იწყებს პაციენტის დეტალურ გამოკითხვას, აზუსტებს მის მიერ მიღებული მედიკამენტების ჩამონათვალს, ატარებს მის გასინჯვას. შემდგომში ისაზღვრება სისხლში ჟანგბადის რაოდენობა ანუ ტარდება ოქსიჰემომეტრია. ეს არის მარტივი ტესტი, რომლის დროსაც პაციენტს თითზე ემაგრება პატარა ხელსაწყო. სისხლში ჟანგბადის შემცველობის განსაზღვრის შემდეგ ექიმი გეგმავს აუცილებენ ინსტრუმენტულ კვლევებს. ეს შეიძლება იყოს:
. გულმკერდის რენტგენოგრაფია;
. სპირომეტრია - ფილტვის სასუნთქი მოცულობების შესწავლა. აღნიშნული კვლევისას სპეციალური ტესტების მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს ქოშინის გამომწვევი ისეთი მიზეზები, როგორებიცაა ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვში ფიბროზული პროცესის არსებობა და სხვა მდგომარეობები;
. სისხლის საერთო ანალიზი – ამ კვლევით გამოვლენილი ანემია შესაძლოა ქოშინის მიზეზი იყოს;
. ელექტროკარდიოგრაფია და ექოკარდიოსკოპია – გვეხმარება ქოშინის გამომწვევი გულის დაავადებების დიაგნოსტიკაში.
რიგ შემთხვევაში აღნიშნული საწყისი კვლევების მიუხედავად ქოშინის მიზეზი დაუდგენელი რჩება. ასეთ სიტუაციაში შესაძლებელია საჭირო გახდეს სპეციალური გამოკვლევები. მათ შორის აღსანიშნავია:
. გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია – ის გვაძლევს უფრო დეტალურ ინფორმაციას, ვიდრე ჩვეულებრივი რენტგენოგრაფია;
. ბრონქოსკოპია – ბრონქების ლორწოვანის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიის ჩატარება – ქსოვილის აღება მიკროსკოპული კვლევისათვის;
. კუნთებისა და ნერვების კვლევა, რათა დადგინდეს იმ იშვიათი დაავადებების არსებობა, რომლებმაც შეიძლება ქოშინი გამოიწვიოს.
- როდის შეიძლება აღმოცენდეს ქოშინი?
- ქოშინი შეიძლება აღმოცენდეს ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაში. როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის, ენერგიული ვარჯიშის, სირბილის დროს ქოშინის აღმოცენება ჩვეულებრივი მოვლენაა, ის ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს აღენიშნება. თუმცა ფილტვის ან გულის დაავადებების დროს ქოშინი ვითარდება მცირე ვარჯიშის, სიარულის და ზოგჯერ ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, ტანსაცმლის ჩაცმის დროსაც კი. კარგადაა ცნობილი, რომ ასაკთან ერთად ფიზიკური დატვირთვის შესრულების უნარი თანდათან იკლებს და ეს ნორმალური მოვლენაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ქოშინის მსგავსი ინტერპრეტაციით არ გამოგვრჩეს სერიოზული დაავადება. აღნიშნულისაგან განსხვავებით, ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში ყოველთვის საყურადღებოა, ის უხშირესად დაავადებასთან არის დაკავშირებული. ქოშინი, რომელიც ფიზიკურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული, ქმნის ეგრეთ წოდებულ მანკიერ წრეს: – ფიზიკური აქტივობა იწვევს ქოშინს, რის გამოც პაციენტი ცდილობს შეზღუდოს მოძრაობა, ცხოვრების უმოძრაო წესი კი იწვევს წონის მატებას, მომატებული წონა თავის მხრივ აძლიერებს ქოშინს და ასე შემდეგ.
- რა მიანიშნებს ექიმს ქოშინის გამომწვევ მიზეზებზე?
- ექიმი ყურადღებას ამახვილებს ქოშინის აღმოცენების პირობებზე. კერძოდ, ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას უპირატესად დამახასიათებელია გულის დაავადებებისათვის, ალერგენებთან კონტაქტის შემდეგ შეტევითი ქოშინი, რომელსაც თან ახლავს მსტვენი სუნთქვა გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, ბრონიქულ ასთმას, ზოგჯერ ფილტვების ობსტრუქციულ დაავადებებს ახასიათებს. ქოშინი, რომელიც შეტევითია, თან ახლავს ტკივილი გულმკერდში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის იშემიასთან, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიასთან. მაღალი ტემპერატურა, ქოშინი და ხველა ხშირად ფილტვების ანთების დროს აღინიშნება. გარდა ამისა, ყურადღებას ვამახვილებთ პაციენტის ავადმყოფობის ისტორიასა და მისი ცხოვრების წესზე. მაგალითად, თუ პაციენტი ქრონიკული მწეველია, ექიმს საფუძველი აქვს ყურადღება გაამახვილოს გულის იშემიურ დაავადებაზე ან ფილტვების პათოლოგიაზე. გულის დაავადების ოჯახური ისტორია და მაღალი არტერიული წნევა ასევე გულის დაავადების სასარგებლოდ მეტყველებს. უკანასკნელ დღეებში ქირურგიული ჩარევა ან პაციენტის ხანგრძლივი უმოძრაო მდგომარეობა, მაგალითად, მოტეხილობის გამო, ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ღრმა ვენების თრომბოზი საფუძველს გვაძლევს, ქოშინის არსებობისას ვივარაუდოთ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და ჩავატაროთ კვლევები მისი გამორიცხვის მიზნით.