კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმატა კიბოს შემთხვევებმა; უბრალოდ, გამოკვლევები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შეძლეს, სკრინინგცენტრებისთვის მიემართათ, ადრე გამოევლინათ პათოლოგია და ემკურნალათ, ეს კი ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო იარაღია ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლისას.
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ გვესაუბრება ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორი, პროფესორი რემა ღვამიჩავა.
- ბატონო რემა, რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგს კიბოს პრევენცისთვის?
- ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა პირველ-მეორე სტადიებში ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ რაღაც სჭირს. სიმპტომების უმეტესობა მე-3, მე-4 სტადიაში იჩენს თავს, ამ დროს კი კიბოსთან ბრძოლა ხშირად დაგვიანებულია. თუმცა კიბო აღარ წარმოადგენს უკურნებელ სენს, თუ მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაში მოხდა. სკრინინგის (screen - ინგლ. გადარჩევა, გამოხშირვა) პროგრამებიც სწორედ იმისთვის დაინერგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომ კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესები ადრეულ სტადიაში იქნეს გამოვლენილი - ამ შემთხვევაში განკურნების ალბათობა 100%-მდე იზრდება, ხოლო მკურნალობის ხარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კიბოს შორს წასული ფორმების მკურნალობისას.
თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, მას შეუძლია, დროული და თანმიმდევრული გამოკვლევებით:
- მშვიდად განაგრძოს ჯანმრთელობის კონტროლი;
- არ მისცეს დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება;
- სიმსივნის ადრეული გამოვლენის შემთხვევაში სავსებით განიკურნოს.
ამდენად, ადრეული დიაგნოსტიკა კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს და უფასოა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ეკუთვნის შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებს:
- ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის (2 წელიწადში ერთხელ);
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის (3 წელიწადში ერთხელ);
- პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის (წელიწადში ერთხელ);
- მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის (წელიწადში ერთხელ).
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
საქართველოს რეგიონებში კიბოს სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგცენტრი 27 ქვეკონტრაქტორთან ერთად (33 სამედიცინო დაწესებულებაში) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით.
თბილისში სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგცენტრი 10 ქვეკონტრაქტორთან ერთად (12 სამედიცინო დაწესებულებაში) თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაფინანსებით.
- რა გამოკვლევები ტარდება კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით?
- კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა 10-მდე უფასო გამოკვლევას მოიცავს:
სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა
- თუ ხართ 40-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:
- მამოლოგის კონსულტაცია;
- მამოგრაფია;
- ექოსკოპია (საჭიროებისამებრ).
- რა არის მამოგრაფია?
- მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ:
- სიმსივნური წარმონაქმნი ძუძუში ან იღლიის ფოსოში;
- ძუძუს კანის სიწითლე ან სიმხურვალე;
- ლიმონის ქერქისებური კანი;
- ძუძუს კანის შეჭმუხვნა;
- უჩვეულო ტკივილი ძუძუში;
- წვა და სიწითლე დვრილის არეში;
- დვრილის ჩაბრუნება;
- სისხლიანი ან სხვა სახის გამონადენი დვრილიდან.