პოლიპები - უცხონი ჩვენს სხეულში

უცხოპლანეტელებივით ჯერ ერთ ადგილზე ინერგებიან, იზრდებიან ლორწოვან გარსში, მერე კი ხელსაყრელ მომენტს ელიან, რათა ახალ-ახალი ტერიტორიები დაიპყრონ. ხან ერთეულ წარმონაქმნებად იზრდებიან, ხან კი კოლონიებად. მათი საყვარელი ადგილებია: ყელი, ყური, ცხვირი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, სასქესო ორგანოები.
ყველაზე დიდი საშიშროება მათ უნარს - ავთვისებიან, სიმსივნურ ქსოვილად გადაგვარებას - უკავშირდება. ამიტომაც გვირჩევენ მათ დროულ მკურნალობასა და განადგურებას.
ყელი
ყელში პოლიპები ძალზე იშვიათად ჩნდებიან, ჩვეულებრივ, ქრონიკული ფარინგიტის, ლარინგიტისა და ტონზილიტის ფონზე. ლოკალიზდებიან სახმო იოგებზე ან სახმო ნაპრალის ზევით. მოზრდილები ხმის ჩახლეჩას, გაუხეშებას და სუნთქვის გაძნელებას იწვევენ, რადგან კეტავენ სახმო ნაპრალს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მათ ძირითად სამიზნეს ლექტორები, მომღერლები და სხვა ის ადამიანები წარმოადგენენ, რომელთა პროფესიაც ხმის გადაძაბვას უკავშირდება. პოლიპებს ადგილობრივი ანესთეზიის თანხლებით ლაზერით აცილებენ. ოპერაციის შემდგომ აუცილებელია ქრონიკული ინფექციის კერის აღმოფხვრაც.
ყური
ყურში პოლიპები ქრონიკული ოტიტისა და მისი გამწვავების ფონზე ჩნდება. იზრდება დაფის აპკის ლორწოვანზე და ვლინდება სმენის მკვეთრი დაქვეითებით, ყურში ხმაურით. მკურნალობა პოლიპის ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ მოცილებას ითვალისწინებს.
ცხვირი
ლორ-სისტემის ორგანოებიდან პოლიპები ყველაზე ხშირად ცხვირში ლოკალიზდებიან. მათი საყვარელი ადგილი ცხავის ძვლის ლაბირინთია - წვრილი წიაღები, საიდანაც ისინი ისე იზრდებიან, რომ ჰაიმორის და შუბლის წიაღებამდეც კი აღწევენ. ნებისმიერი ფორმისა და ზომისანი, განლაგებულნი არიან როგორც ერთეულებად, ისე კოლონიების სახით, რომლებიც ძალიან ჰგავს ყურძნის მტევანს.
ყველაზე ხშირად პოლიპების სამიზნენი ხდებიან ალერგიული პირები, როგორც სეზონურად, ისე ქრონიკულად მოავადენი. მათი ლორწოვანი გარსი ხომ მუდმივად გაღიზიანებულია, არასწორად ფუნქციონირებს და შესანიშნავ ნიადაგს ქმნის უცხოთა გასამრავლებლად.
მეორე პოტენციური სამიზნენი დაქვეითებული იმუნიტეტის მქონენი არიან, რომლებმაც გადაიტანეს ვირუსული ინფექცია ან გრიპი, ანდა აქვთ ქრონიკული ბრონქიტი და რინიტი.
ორგანიზმის თავდაცვითი ძალების დასუსტებისას ინფექცია, მიკროორგანიზმის ცხოველქმედების პროდუქტები კიდევ უფრო აღიზიანებს ლორწოვან გარსს და შედეგად ახალწარმონაქმნები ვითარდებიან.
მესამე - პოტენციური სამიზნენი გახლავთ ცხვირის გამრუდებული ძგიდის მქონე ადამიანები, მათ დარღვეული აქვთ ცხვირის დანამატი წიაღების დრენაჟული ფუნქცია. ამ დროს, ჩვეული ფლორა ცხვირიდან წიაღებში ხვდება, აღიზიანებს ლორწოვანს და იწვევს ქრონიკულ სინუსიტს.
მეოთხე პოტენციური სამიზნენი არიან პრობლემური კბილების მქონე ადამიანები. კბილები უშუალოდ ცხვირის დანამატი ღრუების ქვეშ მდებარეობს. ზოგჯერ მათი ფესვები წიაღის არეში ხვდება, ამიტომ როდესაც პირის ღრუში კარიესი, გინგივიტი, სტომატიტია, მავნე ფლორა ზედა ყბიდან ხვდება ცხვირის სინუსებში და პოლიპებს აჩენს.
სად იმალება საფრთხე
ცხვირის პოლიპები ავთვისებიან სიმსივნედ ძალიან იშვიათად გადაგვარდება. მთავარი საშიშროება პოლიპის მიერ გამოწვეული ანოსმია - ყნოსვის დაკარგვაა. ხშირია ყლაპვის პროცესის დარღვევა, როდესაც მსხვილი პოლიპი ცხვირ-ხახიდან პირის ღრუში ვარდება, სუნთქვა ძნელდება, როდესაც იგი არღვევს წიაღის ძვლოვან კედელს და ცხვირის სინუსებიდან გამოდის.
ყველაზე საშიშია ის მდგომარეობა, როდესაც პოლიპი თავის ტვინთან ახლოს იმყოფება. ამ შემთხვევაში პოლიპოზის სტანდარტული სიმპტომები: ყნოსვის დაკარგვა და სუნთქვის გაძნელება, ჩვეულებრივ, არ ვლინდება. პაციენტი უპირატესად უჩივის თავის ტკივილს, ქალასშიდა წნევის მატებას, ნევროლოგიურ მოშლილობებს და ვიდრე რეალური მიზეზი დგინდება, პოლიპი უკვე საკმაოდ დიდ ზომას აღწევს და ადვილად აღმოსაჩენია როგორც რენტგენის სურათზე, ისე ტომოგრაფიული კვლევისას.
მკურნალობა
პოლიპის აღმოსაჩენად აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი, რენტგენული, ტომოგრაფიული და ენდოსკოპიური კვლევები. პოლიპები ყოველთვის როდი ექვემდებარება ამოკვეთას. პატარა წარმონაქმნების ზრდის პროცესის შენელება შესაძლებელია კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით, მაგრამ მათი სრული გაქრობის ძალა არ შესწევთ, ამიტომ აუცილებელია დარჩენილებზე დაკვირვება, განსაკუთრებით ალერგიულ პირებში. რაც შეეხება უკვე გაზრდილ, დიდი ზომის პოლიპებს, აუცილებელია მათი ამოკვეთა.
ერთეული პოლიპი ადვილად მოსაშორებელია ადგილობრივი ანესთეზიით, ენდოსკოპის დახმარებით. ამგვარი ოპერაცია ამბულატორიულად ტარდება და პაციენტს იმავე დღეს შეუძლია შინ დაბრუნდეს.
თუ პოლიპი დიდია და, ამასთან, რამდენიმე, ტარდება ცხვირის პოლიპოტომია ცხავის ძვლის ლაბირინთის გაკვეთით. ამის შემდგომ პაციენტი კლინიკაში 1-2 კვირა ჩერდება. ერთი თვის განმავლობაში აკრძალულია ფიზიკური დატვირთვა, ცხვირის ტრავმა და ორთქლის აბანოში ყოფნა.
გაითვალისწინეთ: როდესაც არ ხერხდება პოლიპის სრული მოცილება, ლორწოვან გარსზე რჩება პატარა ნაწილი, საიდანაც გარკვეული დროის შემდგომ ვითარდება რეციდივი და საჭირო ხდება განმეორებითი ოპერაცია.