პროფესიული ონკოლოგიური დაავადებები

პროფპათოლოგი მაია ვარამაშვილიიმ პროფესიულ მავნე ფაქტორთა შესახებ გვესაუბრება, რომლებთან კონტაქტიც შესაძლოა პროფესიული სიმსივნური დაავადების მიზეზად იქცეს.
- პროფესიულია სიმსივნე, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ გამოწვეულია სამუშაო ადგილზე კანცეროგენული ბუნების მქონე აგენტთან კონტაქტით.
საწარმოო კანცეროგენები ორგანიზმში სამი გზით ხვდება: ჩასუნთქვით, კანზე მოხვედრით და შინაგანად.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
პროფესიული სიმსივნის განვითარების მექანიზმები სათანადოდ დღემდე არ არის შესწავლილი, თუმცა ერთი რამ ცხადია: აღნიშნულ დაავადებათა განვითარება უკავშირდება იმ კანცეროგენულ ნივთიერებას, რომელთან კონტაქტიც ადამიანს სამუშაო პირობებში უწევს. სიმსივნური პროცესის განვითარებისთვის აუცილებელია ქიმიური კანცეროგენისა და ორგანიზმის მჭიდრო და განსხვავებული პერიოდით ურთიერთქმედება, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად ორგანიზმი იწოვს კანცეროგენული ბუნების მქონე აგენტს, შემდგომ იგი ნაწილდება და ნივთიერებათა ცვლაში ერთვება. მოგვიანებით ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ნაერთი ურთიერთქმედებს დნმ-სთან, იწვევს მისი გარკვეული უბნის ცვლილებას, რის შედეგადაც ორგანიზმში ზრდას იწყებს სიმსივნური ახალწარმონაქმნი.
ძალიან ხშირად კანცეროგენულია არა თვით ქიმიური ნივთიერება, რომელთანაც ადამიანს უწევს კონტაქტი, არამედ მისი მეტაბოლიტი - ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ნაერთი.
- რომელ ეგზოგენურ ფაქტორებზეა დამოკიდებული პროფესიული ონკოლოგიური დაავადებების განვითარება?
- იმაზე, რამდენი ხანია გასული საწარმოო კანცეროგენის მოქმედების დაწყებიდან, როგორია მისი მოქმედების ხანგრძლივობა სამუშაო დღის განმავლობაში; რამდენი ხანი გავიდა, რაც შეწყდა აღნიშნული ფაქტორის ორგანიზმზე ზემოქმედება. მნიშვნელოვანია კანცეროგენის მოქმედების დაწყების პერიოდში მომუშავის ასაკიც.
- რა საერთო ნიშნები აქვს პროფესიულ ონკოდაავადებებს?
- ეს პათოლოგიები აღმოცენდება პროფესიული კანცეროგენების ხანგრძლივი ზემოქმედების შემდგომ, ხანგრძლივია პერიოდი დაავადების გამოვლენამდე, ამასთანავე, გამოვლენა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი წყვეტს კანცეროგენთან კონტაქტს.
- რომელი ონკოლოგიური დაავადებების მიზეზად შეიძლება იქცეს პროფესიული საქმიანობა?
- ცნობილია პირის ღრუს, ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვების, კანის (კერატოზები, პაპილომები), შარდის ბუშტის, ღვიძლის, კუჭის, ცენტრალური ნერვული სისტემის, ძვლების პროფესიული სიმსივნეები და პროფესიული ლეიკოზები.
- როგორი ლოკალიზაციისაა პროფესიული ახალწარმონაქმნები და რომელი პროფესიები რა სახის სიმსივნური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს?
- პირის ღრუს სიმსივნეები ძირითადად 58-60 წლის პირებს შორის არის გავრცელებული. რისკფაქტორებია თამბაქოს წევა და ალკოჰოლის რეგულარული მიღება. დაავადება ლუდის, ღვინისა და მაგარი ალკოჰოლური სასმელების დამამზადებელ საწარმოებში მომუშავეებს ემუქრებათ. მაღალია ავადობის მაჩვენებელი ტყავ-საგალანტერეო საწარმოებსა და სტამბებში დასაქმებულთა შორის. სიმსივნეები ამ შემთხვევაში პირის ღრუს ლეიკოპლაკიის ფონზე ვითარდება, რომელიც აღნიშნული პათოლოგიის სიმსივნისწინა დაავადებას წარმოადგენს.
საყლაპავის სიმსივნეების რისკფაქტორია წყალსა და საკვებში ნიტროზამინების შემცველობა. დაავადების მაღალი რისკი აქვთ აზბესტთან, ორგანულ გამხსნელებთან, პესტიციდებთან, მპოხავ-გამაცივებელ სითხეებთან, აეროზოლებთან, ნიკელთან, ქრომთან, ნიშადურთან კონტაქტში მყოფ პირებს, აგრეთვე რენტგენოლოგებს, მინერალური სასუქების, ხის გადამამუშავებელ საწარმოებში, ავეჯის დამამზადებელ საწარმოებში დასაქმებულებს.
დაავადების ფარული პერიოდი რამდენიმე წლიდან რამდენიმე ათეულ წლამდე გრძელდება და შესაძლოა გამოვლინდეს მავნე ნივთიერებასთან კონტაქტის შეწყვეტიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
ღვიძლის სიმსივნეების რისკფაქტორებია ვირუსული ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი, ალკოჰოლის ჭარბი მიღება.
პროფესიული რისკის შემცველია ქიმიური, ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოები. ხშირია ავადობა იმ საწარმოებში, სადაც მიმდინარეობს ვინილქლორიდის პოლიმერიზაცია, სადაც მუშებს კონტაქტი აქვთ ნიშადურთან, ასევე - მილსადენების მემონტაჟეებს შორის. დაავადების რისკი იზრდება, როდესაც ადამიანი მუშაობას უკვე ფორმირებული ღვიძლის ციროზის ფონზე იწყებს.
კუჭის სიმსივნის რისკფაქტორს წარმოადგენს მარილიანი, შებოლილი პროდუქტებით, ნიტრატებით, ნიტრიტებით, მეორეული ამინებით მდიდარი პროდუქტებით კვება. ეს ნივთიერებები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კანცეროგენული თვისებების მქონე ნაერთებს წარმოქმნიან.
სიმსივნისწინარე პათოლოგიებს შორის მნიშვნელოვანია ფონური ატროფიული გასტრიტი, ინტერსტიციული მეტაპლაზია, დისპლაზია.
პროფესიული ფაქტორებია: მტვერი (აზბესტისა, ნახშირისა, ხისა, მინერალური, ლითონური, სინთეზურ-ბოჭკოვანი). საშიშია რეზინის საბურავების დამამზადებელი საწარმოები, ასევე - ისეთი საწარმოები, სადაც ადამიანს უწევს კონტაქტი ქრომთან, ნიკელსა და აზბესტთან, პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყლებთან.
არსებობს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის რისკფაქტორებიც: კვების ხასიათი, თამბაქო, ალკოჰოლი. თამბაქოს წევა ამ შემთხვევაში აძლიერებს მავნე საწარმოო ფაქტორთა ორგანიზმზე ზემოქმედებას.
სიგმოიდური და სწორი ნაწლავის სიმსივნისთვის რისკფაქტორებია: ნიადაგსა და წყალში მიკროელემენტ სელენის დეფიციტი, ცილებით, ცხიმებით მდიდარი და მცენარეული უჯრედისითა და ვიტამინებით ღარიბი რაციონი. პროფესიული რისკფაქტორია მჯდომარე სამუშაო.
სპეციფიკური საწარმოო კანცეროგენებია: სხვადასხვა სახის მტვერი, - უპირველეს ყოვლისა, აზბესტის, - გამხსნელები, ნავთობპროდუქტები, პესტიციდები, დიზელის საწვავის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი აირები.
ნაღვლის ბუშტის სიმსივნეების განვითარების კუთხით პროფესიული რისკის შემცველია საავიაციო დანადგარები, ხის გადამუშავება და ქაღალდის წარმოება.
კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეების რისკფაქტორებია: დიაბეტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი. პროფესიულ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია მაიონიზებელი რადიაცია, არომატული ამინები, მტვერი, ორგანული გამხსნელები, საღებავები, ქრომის ნაერთები, გადამუშავებული აირები.