პოპულარული კითხვები კიბოს შესახებ
მდგომარეობისა, ცოტამ თუ იცის, რა არის კიბო და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. გთავაზობთ პასუხს ცხრა შეკითხვაზე, რომლებსაც კიბოს შესახებ ყველაზე ხშირად სვამენ.
1. რატომ უწოდებენ კიბოს კიბოს?
ავთვისებიან სიმსივნეს კიბო (ბერძნულად ონცოს, ლათინურად ცანცერ) ძველმა ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ უწოდა - მისი აზრით, ეს დაავადება ორგანიზმს კიბოსავით უჭერს მარწუხებს და საცეცებით აღწევს ჯანსაღი ქსოვილის სიღრმეში. თანამედროვე მედიცინაში კიბოს უწოდებენ მხოლოდ ეპითელური ქსოვილისგან განვითარებულ ავთვისებიან წარმონაქმნს. დანარჩენი (კუნთოვანი, ნერვული და სხვა ქსოვილებისგან განვითარებული) ავთვისებიანი სიმსივნეების კიბოდ მოხსენიება უმართებულოა, მაგრამ სასაუბრო მეტყველებაში ასე უწოდებენ ყოველგვარ ონკოლოგიურ დაავადებას. ჩვენც, სიმარტივისთვის, კიბოდ მოვიხსენიებთ ყოველგვარ ავთვისებიან წარმონაქმნს.
2. რით განსხვავდება ავთვისებიანი სიმსივნე კეთილთვისებიანისგან?
არსებობს სამი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი. ესენია:
- ავთვისებიანი სიმსივნე იზრდება უკონტროლოდ, მისი უჯრედები უსასრულოდ იყოფა და თავისივე მსგავსებს შობს.
- ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედები არ სჯერდებიან იმ ქსოვილს, რომლისგანაც წარმოიშვნენ, ჩაიზრდებიან ირგვლივ მყოფ ორგანოებსა და ქსოვილებში და აზიანებენ მათ.
- ავთვისებიან წარმონაქმნებს აქვთ მეტასტაზირების უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმსივნურ უჯრედებს შესწევთ უნარი, სისხლის ნაკადის ან ლიმფის მეშვეობით გადაინაცვლონ სხვა ორგანოებში, სადაც პირველის (დედისეულის) მსგავს სიმსივნეებს წარმოქმნიან.
3. გადამდებია თუ არა კიბო?
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთან კონტაქტის შედეგად ადამიანს კიბო არ დაემართება. კიბოს განვითარებისთვის აუცილებელია ორი ძირითადი პირობა. პირველი: უჯრედის გენეტიკური აპარატის ანუ დნმ-ს იმგვარი ცვლილება, რომელიც უჯრედს უკონტროლოდ გამრავლებას აიძულებს და გამორთავს ყველა უჯრედის სასიცოცხლო ციკლში ჩადებულ დაპროგრამებული სიკვდილის მექანიზმს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი სიმსივნური ქსოვილი საკუთრივ ადამიანის უჯრედებისგან წარმოიქმნება, ამასთანავე, გადაგვარებული უჯრედები ზოგჯერ ინარჩუნებენ პირვანდელ ნიშნებს (ასეთ სიმსივნეებს მაღალდიფერენცირებულებს უწოდებენ), ზოგჯერ კი მთლიანად კარგავენ (ასეთ შემთხვევაში სიმსივნეს დაბალდიფერენცირებულს უწოდებენ). მეორე პირობა იმუნური სისტემის იმ რგოლის დაზიანებაა, რომელიც აღმოაჩენს და ანადგურებს კიბოს უჯრედებს.
გენეტიკური აპარატის ცვლილება მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ რიცხვს მიაკუთვნებენ დნმ-ს სტრუქტურის შემცვლელ ქიმიურ კანცეროგენებსა და მაიონიზებელ გამოსხივებას, მემკვიდრეობით განწყობას. არსებობს ისეთი სიმსივნეებიც, რომელთა აღმოცენებაც ჰორმონთა დონის მატებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქალის სასქესო ჰორმონის ესტროგენის დონის მატება ზრდის მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს, მამაკაცის სასქესო ჰორმონის ანდროგენების დონის მატება კი - წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებისას.
კიბოს ზოგიერთი ნაირსახეობა ე. წ. კიბოსწინარე დაავადებების საფუძველზე ვითარდება, - მაგალითად, კუჭის კიბოს ზოგჯერ წინ უძღვის წყლული, - თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ დაავადებებიდან ავთვისებიანი წარმონაქმნის გაჩენამდე წლები გადის. კიბოსწინარე დაავადებათა უმრავლესობა ვირუსული ინფექციაა. სწორედ მათ მიიჩნევენ დამნაშავედ კიბოს ასიდან 15 შემთხვევაში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მრავალი ვირუსი უჯრედის დაზიანებისას მის გენეტიკურ აპარატზეც მოქმედებს. აი, ასეთი ინფექცია კი ნამდვილად შეიძლება გადმოგედოთ. რასაკვირველია, ვირუსის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ კიბო აუცილებლად დაგემართებათ, მაგრამ რისკი მაღალია. კიბოსადმი განწყობილ ვირუსთა რიცხვს მიეკუთვნება პაპილომავირუსების ცალკეული სახეობები (საშვილოსნოს ყელისა და სასქესო ასოს კიბო), B და С ჰეპატიტის ვირუსები (ღვიძლის კიბო), ეპშტაინ-ბარის ვირუსი (ლიმფომები) და სხვა.
4. გადაეცემა თუ არა კიბო მემკვიდრეობით?
თავად კიბო მემკვიდრეობით არ გადაეცემა. შესაძლოა, მემკვიდრეობად გვერგოს ავთვისებიანი სიმსივნის ამა თუ იმ სახეობით დაავადებისადმი განწყობა. ამასთანავე, სხვადასხვა სიმსივნისთვის მემკვიდრეობას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ზოგიერთი გენეტიკური თავისებურება რამდენადმე ზრდის მკერდის კიბოს განვითარების რისკს, მაგრამ ის შეიძლება ამ პირობის გარეშეც განვითარდეს, ღვიძლის კიბო კი გაცილებით მეტად არის დამოკიდებული გარეგან ზემოქმედებებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, კიბოს მემკვიდრეობითობას აქვს სავარაუდო და არა პირდაპირი ხასიათი.
5. არსებობს თუ არა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა?
მიუხედავად განუწყვეტელი ძიებისა, დღემდე არ შექმნილა ავთვისებიანი სიმსივნის არც ერთი ნაირსახეობის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა ის, რაც ამ სფეროში წარმოებული კვლევების შესახებ გვესმის, გვიტოვებს იმედს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში ნაწილობრივ მაინც მოგვარდება.
6. შესაძლებელია თუ არა კიბოსგან განკურნება?
შესაძლებელია, მაგრამ არა ყოველთვის. განკურნების ალბათობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
- ავთვისებიანი სიმსივნის ხასიათზე. სიმსივნის სხვადასხვა ნაირსახეობას აქვს ზრდის სხვადასხვა პერიოდი და მეტასტაზირების სხვადასხვაგვარი ალბათობა (უფრო მეტად საშიშია დაბალდიფერენცირებული სიმსივნეები, რომელთა უჯრედებიც კარგავენ პირველადი (დედისეული) ქსოვილის თვისებებს);
- დაავადების სტადიაზე. თუ სიმსივნე არ არის დიდი, არ გასცილებია ერთი ორგანოს ფარგლებს და არ აქვს მეტასტაზები, მისი მთლიანად მოშორების შანსი მაღალია.
- ზუსტ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მეთოდის სწორად შერჩევაზე;
- სამედიცინო დაწესებულების შესაძლებლობებზე - იმაზე, აქვს თუ არა მას აუცილებელი სამედიცინო დანადგარები, ჰყავს თუ არა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და სხვა.
7. როგორ უნდა გამოვლინდეს კიბო ადრეულ სტადიაზე?
ავთვისებიანი სიმსივნის ადრეული გამოვლენის აბსოლუტური ალგორითმი, სამწუხაროდ, არ არსებობს, მაგრამ შემუშავებულია ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის მეთოდიკა, რომელსაც განუწყვეტლივ სრულყოფენ. კვლევის რამდენიმე აღიარებულმა მეთოდმა დღეისთვის აქტუალურობა დაკარგა. ასეთია, მაგალითად, ფილტვების კიბოს გამოსავლენი ფლუოროგრაფია (თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მეთოდი შესანიშნავად ავლენს ტუბერკულოზს, ამიტომ მისი ჩატარება აუცილებელია), თვითგასინჯვა მკერდის კიბოს გამოვლენის მიზნით.
საეჭვოდ არის მიჩნეული ტესტირება პროსტატასპეციფიკურ ანტისხეულებზე წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოსავლენად. ამჟამად სკრინინგის ეფექტურ მეთოდებად ითვლება მამოგრაფია (სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა), საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა, განავლის ტესტირება ფარულ სისხლდენაზე და კოლონოსკოპია (სწორი ნაწლავის გამოკვლევა).
უფრო და უფრო იხვეწება ონკოლოგიურ დაავადებათა გენეტიკური მარკერების სკრინინგი. ასიდან 30-40 შემთხვევაში ამ ანალიზის მეშვეობით შესაძლებელია მკერდის კიბოსადმი განწყობაზე პასუხისმგებელი გენების BRCA 1-ისა და BRCA 2-ის მუტაციის გამოვლენა. სამწუხაროდ, მეთოდის სიძვირის გამო მასობრივი გენეტიკური სკრინინგი ჯერჯერობით დასავლეთის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი.
8. მართალია თუ არა, რომ ყველაზე საშიში მეტასტაზებია?
მეტასტაზები მართლაც ძლიერ ამძიმებს პროგნოზს, ვინაიდან ყველა მათგანის მოშორება შეუძლებელია, მაგრამ ზოგჯერ კიბო მეტასტაზების გარეშეც კლავს ადამიანს. ჯერ ერთი, სიმსივნური უჯრედები, რომლებიც აქტიურად მრავლდებიან, განუწყვეტლივ ითხოვენ საკვებ ნივთიერებებს და ერთგვარად "ჭამენ" ორგანიზმს. ამ დროს ნივთიერებათა ცვლა ძლიერდება, რის გამოც იმატებს ცვლის პროდუქტების ოდენობა, რომელთა უმრავლესობა ტოქსიკურია. ყოველივე ეს ორგანიზმს ფიტავს (კიბოსმიერი კახექსია) და წამლავს (კიბოსმიერი ინტოქსიკაცია). მეორე - სიმსივნე შეიძლება განვითარდეს სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოში ან ჩაიზარდოს მასში, გამოიწვიოს მისი ფუნქციური უკმარისობა. ამ მხრივ ყველაზე საშიშია თავის ტვინის სიმსივნე.
9. რატომ მელოტდებიან კიბოს მკურნალობის დროს?
კიბოს საწინააღმდეგო ძირითადი პრეპარატების - ციტოსტატიკების მოქმედება აქტიური გამრავლების უნარის მქონე უჯრედთა დათრგუნვას ეფუძნება. ავთვისებიანი სიმსივნე სწორედ ასეთი უჯრედებისგან შედგება და ამიტომ წამლის ძირითად სამიზნედ იქცევა, მაგრამ ორგანიზმში არსებობს ჯანსაღი ქსოვილებიც, რომელთა უჯრედებიც განუწყვეტლივ ახლდება. ასეთი ქსოვილებისგან შედგება თმის ბოლქვი, ძვლის ტვინი და ნაწლავის ეპითელიუმი, ამიტომ არის, რომ ქიმიოთერაპიას ხშირად სდევს თან თმის ცვენა, სისხლის წარმოქმნის დაქვეითება და ნაწლავთა ეროზია.