ავთვისებიან სიმსივნეთა ეპიდემიოლოგია
სადღეისოდ ეს ურთულესი მეცნიერული დარგი უდიდეს ფაქტობრივ და სტატისტიკურ მასალას ფლობს, შემუშავებული აქვს კვლევის მეთოდები, სამუშაო ჰიპოთეზები, გამოყოფილი და დადგენილი აქვს ავთვისებიან სიმსივნეთა წარმოშობის გარკვეული კანონზომიერებები და ტენდენციები. ყველა ეს დასკვნა და მასალა მნიშვნელოვანი და ღირებულია ავთვისებიან სიმსივნეთა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება-სრულყოფისათვის.
სიმსივნურ დაავადებათა მატება ამ საუკუნის ერთ-ერთი პრობლემაა. უწინ კიბო სიბერის დაავადებად მიაჩნდათ, სამწუხაროდ, სულ უფრო მეტად შეინიშნება მისი გაახალგაზრდავების ტენდენცია, რაც სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. რა იწვევს სიმსივნურ დაავადებათა გავრცელება-გახშირებას, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი (პრეზიდენტი), საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, „ქ. ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საპატიო პროფესორი, სახელმწიფო პრემიისა და აკად. ივ. ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ონკოლოგი - ირაკლი ნადირაძე:
- ბატონო ირაკლი, ბოლო პერიოდში საქართველოში განსაკუთრებულად შეინიშნება ავთვისებიანი სიმსივნეებით სიკვდილიანობის მატება, თქვენ, როგორც ონკოლოგი, რას დაასკვნით, რა არის ამის ძირითადი მიზეზი?
- დავიწყებ იმით, რომ მოსახლეობის სიკვდილიანობის სტრუქტურაში პირველ ადგილზეა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, მეორეზე - ავთვისებიანი სიმსივნეები, მესამეზე - ტრავმა. დღეისათვის ფილტვის, მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის კიბოს და ლეიკოზის შემთხვევები მნიშვნელოვნად მომატებულია.
საზოგადოდ, ცხოვრების პირობები, ადათ-ჩვევები, ტრადიციები გავლენას ახდენს ამა თუ იმ ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაზე. მაგალითად, აღმოსავლეთის ქალები ადრე ქორწინდებიან, ხშირად მშობიარობენ და დიდხანს კვებავენ ბავშვებს ძუძუთი. მათი სარძევე ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციობს, ამიტომ ამ ქალთა სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათია. ევროპელი ქალები კი გვიან ქორწინდებიან, ხშირად იკეთებენ აბორტს, ყოველთვის არ კვებავენ ბავშვებს ძუძუთი, სიცოცხლის მეორე ნახევარში ჰორმონულ პრეპარატებს ღებულობენ, რაც მნიშვნელოვნად არღვევს სარძევე ჯირკვლის ფუნქციას, იწვევს მასში კიბოსწინა მორფოლოგიურ ცვლილებებს.
საქართველოში სარძევე ჯირკვლის კიბო სიხშირით პირველ ადგილზეა.
პირველადად დაავადებულთა შორის ნოზოლოგიის რიცხვი ძალიან მაღალია, რაც განპირობებულია ორი ძირითადი მიზეზით: გათხოვილ ქალთა უფრო ხშირად ერთ ან ორშვილიანობით (მრავალშვილიანობა შედარებით იშვიათი მოვლენაა) და დედათა უმრავლესობის „სიზარმაცით“ ახალშობილის ბუნებრივ კვებასთან დაკავშირებით (ჩვილ ბავშვთა ხელოვნურად კვების გავრცელებით).
ექსპერიმენტში, ორსულობის შეწყვეტა და ჰორმონული პრეპარატების შეყვანა დედალ ცხოველებში იწვევს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას. სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების სიხშირის შეფარდება ექვს- და მეტშვილიან დედებსა და უშვილოებს შორის შეადგენს 1:6.
- ძალიან გახშირდა ფილტვის კიბოთი დაავადებაც, არსებული ეკოლოგიის პირობებში ეს აღარავის უკვირს...
- ფილტვის კიბოთი ავადობა მართლაც საყოველთაოდ იზრდება, განსაკუთრებით იმ მოსახლეობაში, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობდა და ცხოვრობს დიდ ქალაქებში. ეპიდემიოლოგები ამას ჰაერის დაბინძურებით ხსნიან.
განსაზღვრულია პროფესიული ფაქტორები და მავნე ჩვევები (თამბაქოს წევა), რომლებიც ზრდიან ფილტვების კიბოთი დაავადების რისკს. დადგენილია, რომ თამბაქოს მწეველებში ფილტვის კიბოს განვითარების რისკი განსხვავებულია და დამოკიდებულია თამბაქოს ხარისხსა და წევის წესზე.
საქართველოში ფილტვის კიბო სიხშირით მეორე ადგილზეა.
ჩვენში პირველადად დაავადებულთა შორის ამ ნოზოლოგიის რიცხვი 12,3%-ს უდრის. უმეტეს ნაწილს შეადგენს რესპუბლიკის დასავლეთის რაიონების, კერძოდ, კოლხეთის დაბლობის მოსახლეობა, რისი ხელშემწყობი გარემოება, პირველ რიგში, ჰაერის მაღალი ტენიანობაა.
- მაშინ მივყვეთ რიგითობას. რომელი კიბოა საქართველოში სიხშირით მესამე ადგილზე?
- საქართველოში სიხშირით მესამე ადგილს კუჭისა და პროსტატის კიბო იყოფენ. საზოგადოდ, კუჭის კიბო გეოგარფიული გავრცელების დიდი არათანაბრობით გამოირჩევა. მაგალითად, იაპონიაში, ისლანდიასა და ჩილეში ეს ავადმყოფობა ძალზე გავრცელებულია. მაშინ როცა აშშ-ში, ინდონეზიაში, ტაილანდში, ეგვიპტესა და აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებში კუჭის კიბო იშვიათობაა. ეპიდემიოლოგები ამ გარემოებას სხვადასხვაგვარად ხსნიან. აღნიშნავენ გენეტიკური ფაქტორებისა და მოსახლეობის კვების ტრადიციული ჩვევების როლს. რაც უფრო უხეშია საკვები, მით მეტია კუჭის კიბოთი ავადობა. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ნიადაგს და სასმელ წყალში მიკროელემენტების შემცველობასა და შეფარდებას.
კუჭის კიბოთი ავადობის საყოველთაო დაქვეითება აიხსნება კვების ჰიგიენის თანამედროვე მიღწევებით.
ჩვენში პირველადად დაავადებულთა შორის ამ ნოზოლოგიის რიცხვი უდრის 6,5%-ს. ამ პროცენტის მეტ ნაწილს შეადგენს ქვეყნის მთიანი რაიონების მოსახლეობა, რომელიც უმეტესად ხორცეულ საკვებს მიირთმევს.
აღსანიშნავია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა სიმსივნით დაავადების გადანაწილების ფაქტი: კუჭის კიბოთი დაავადების შემცირებასთან ერთად ვლინდება მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევათა მატება. ამ მოვლენას ეპიდემიოლოგები ხსნიან საკვების ხასიათის შეცვლით, საკვებში ბევრი სახამებლის შემცველი უხეში პროდუქტების რაოდენობის შემცირებით, რაც დადებითად მოქმედებს კუჭის მდგომარეობაზე, მაგრამ აუარესებს მსხვილი ნაწლავის ფუნქციას და მასში კიბოს განვითარების პირობებს ქმნის.
რაც შეეხება პროსტატის კიბოს, ევროპის ქვეყნებში მას ავადობის მიხედვით პირველი ადგილი უჭირავს, მათ შორის ფილტვისა და კოლორექტულ კიბოსთან შედარებით და სტატისტიკურად აღინიშნება 214 შემთხვევა 1000 მამაკაცზე. ამას გარდა, პროსტატის კიბოს უჭირავს მეორე ადგილი მამაკაცთა პოპულაციაში ონკოლოგიური დაავადებების გამო გარდაცვლილთა შორის. წინამდებრე ჯირკვლის კიბოს სიხშირე მეტწილად მოდის საშუალოზე მეტი ასაკის მამაკაცებში, ის უფრო მეტად არის გავრცელებული კარგად განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გათვალისწინებით, განვითარებად ქვეყნებთან შედარებით.
- რას გვეტყვით საყლაპავის მილის კიბოზე?
- დედამიწაზე გამოვლენილია რაიონები, სადაც საყლაპავის მილის კიბოს ხშირი შემთხვევებია. ასეთია ჩრდილოეთ ოკეანის სანაპირო და შუა აზიის რესპუბლიკები, ამ რაიონების მკვიდრ მოსახლეობას საყლაპავი მილის კიბოსადმი მიდრეკილება აქვს, კარაკალპაკები და ყაზახები უფრო ხშირად ავადდებიან საყლაპავი მილის კიბოთი, ვიდრე რუსები და უკრაინელები, იმის მიუხედავად, რომ ისინი ცხოვრობენ ერთ ტერიტორიაზე, რომლის ნიადაგი გამოირჩევა მაღალი მარილიანობით. საუკუნეების მანძილზე მოსახლეობა მიეჩვია უხეში პროდუქტებით კვებას, რაც ჭამის დროს ლორწოვანი გარსის ტრავმას იწვევს. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აღენიშნება საყლაპავი მილის ქრონიკული ანთებითი პროცესი, რაც ხელსაყრელ ფონს ქმნის კიბოს განვითარებისთვის.
საყლაპავი მილის კიბოთი დაავადების დიაპაზონი სხვადასხვა რეგიონის მიხედვით ძალზე განსხვავებულია. მაგალითად, აშშ-ში საყლაპავი მილის კიბოთი დაავადების სიხშირე 2%-ზე ნაკლებია, დასავლეთ ინდოეთში კი 28%-ს აღწევს.
თაობიდან თაობაზე გადასულ მავნე ჩვევათა უარყოფითი როლი აშკარაა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კიბოს მაგალითზე. აღმოჩნდა, რომ იმ რაიონების მოსახლეობაში, სადაც პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კიბოთი ავადობა დიდია (ინდოეთი, შრილანკა, ბირმა, ავღანეთი, ვიეტნამი, შუა აზიის რესპუბლიკები), გავრცელებულია „ნასის“ (თავისებური ნაერთი, რომელიც შედგება ერთ-ერთი აღმოსავლური ბალახის ფოთლების, ნაკვერჩხლისა და კირისაგან, ან თამბაქოს, კირისა და მცენარეული ზეთებისგან) ღეჭვის მავნე ჩვევა. მაგალითად, ინდოეთში აღნიშნული ჩვევის გამო ხახისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კიბოს შემთხვევები შეადგენს ონკოლოგიურ ავადმყოფობათა 39%-ს. ამ დაკვირვებამ საშუალება მისცა მკვლევრებს გამოეთქვათ ჰიპოთეზა ლორწოვან გარსზე აღნიშნულ ნაერთთა კანცეროგენული მოქმედების შესახებ, რაც შემდგომში დადასტურდა ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით.
- ძალიან ხშირად გვესმის საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების შემთხვევებიც...
- უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ დადგენილია უკუდამოკიდებულება სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებას შორის. იმ რეგიონებში, სადაც სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადება ხშირია, საშვილოსნოს ყელის კიბო იშვიათია. ეს აიხსნება იმით, რომ ხშირი მშობიარობა ზრდის საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების საშიშროებას, მაგრამ ამავე დროს ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობას. საშვილოსნოს ყელის კიბო გაუთხოვარ, არანამშობიარებ ქალთა იშვიათი ავადმყოფობაა.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში შობადობის საგრძნობი შემცირება თითქოს ხელს უნდა უწყობდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობის შემცირებას, ხდება პირიქით, ეს უკანასკნელი მატულობს, როგორც ჩანს, ძალზე ხშირად აბორტების გამო. უნდა გითხრათ, რომ საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო სიხშირით მეოთხე ადგილზეა. პირველადად დაავადებულთა შორის ამ ნოზოლოგიის რიცხვი 6,4%-ს უდრის.
- ძალიან აქტუალური გახდა კანის კიბო, იმდენად, რომ ბევრისათვის ნანატრი და საყვარელი მზე ამ მზიან საქართველოში უკვე საშიში გახდა...
- სიმსივნის წარმოქმნაზე ნამდვილად ახდენს გავლენას კლიმატური პირობებიც. ცნობილია, რომ სამხრეთ განედზე მცხოვრებ თეთრკანიან მოსახლეობაში კანის კიბო გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე მუქკანიანებში. ეს ფაქტი აიხსნება სხვადასხვა ფერის კანზე მზის რადიაციის გავლენის თავისებურებებით. თეთრი კანი მგრძნობიარეა ინსოლაციისადმი. კანის კიბო უფრო ხშირად ვითარდება სხეულის ღია საფარველზე, უმეტესწილად სახეზე. ინდოეთში მკვიდრ მოსახლეობაში კანის კიბო შემთხვევათა 2%-ს შეადგენს, თეთრკანიანებში კი - 20%-ს.
გარდა ამისა, რეგისტრირებულია მუცლისა და გულმკერდის კანის თავისებური ავთვისებიანი სიმსივნეები. ინდოეთისა და პაკისტანის, განსაკუთრებით კი ჰიმალაის მხარის ღარიბი მოსახლეობა, გასათბობად პერანგის ქვეშ გულმკერდსა და მუცელზე ცხელი ნახშირით სავსე ქოთნებს ატარებს. ამის გამო კანის ხშირი დამწვრობა იწვევს ნაწიბურებსა და წყლულებს, რის ფონზეც შემდგომში ავთვისებიანი სიმსივნე ვითარდება.
საქართველოში კანის კიბო სიხშირით მეხუთე ადგილზეა. პირველადად დაავადებულთა შორის ამ ნოზოლოგიის რიცხვი უდრის 5,9%-ს. ასეთ ავადმყოფთა უმეტეს ნაწილს შეადგენს ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონების, კერძოდ, კახეთის მოსახლეობა. ავადობის ხელშემწყობი გარემოებაა ამ რეგიონში მზის რადიაციის შედარებით მაღალი დონე.
- ძალიან საინტერესოა პროფესიული ფაქტორების როლი სიმსივნურ პათოლოგიაში, რას იტყვით ამ საკითხზე?
- გამოვლენილია სხვადასხვა პროფესიული სიმსივნური ავადმყოფობა, მაგალითად, ფილტვის კიბო, რომელიც უვითარდებათ ნიკელის საბადოებში მომუშავეებს და იმ პირებს, რომელთაც კონტაქტი აქვთ რადიაქტიურ მადანთან, აზბესტთან და ფიქალთან. ხშირია რენტეგნოლოგთა კანის კიბო. შარდის ბუშტის კიბო კი მეტწილად ანილინის საღებავებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს უვითარდებათ.
ავთვისებიან სიმსივნეთა ეპიდემიოლოგიის მკვლევართა მასალა გვაძლევს გარკვეული პრაქტიკული დასკვნების გამოტანის საშუალებას კიბოს საწინააღმდეგო ბრძოლის სწორი ორგანიზებისთვის, ამ ავადმყოფობის ეტიოპათოგენეზის შესწავლისა და მისი პროფილაქტიკისათვის.