ძვლის სიმსივნეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძვლის სიმსივნეები

- სხვა სიმსივნეთა მსგავსად, ძვლის სიმსივნეებს შორისაც განასხვავებენ ავთვისებიან და კეთილთვისებიან ფორმებს. ავთვისებიან სიმსივნეებს, თავის მხრივ, ყოფენ პირველად და მეტასტაზურ სიმსივნეებად. პირველადი სიმსივნე, როგორც სახელწოდებაც ცხადყოფს, ძვალში წარმოიშობა და შემდეგ ვრცელდება (მეტასტაზირდება) სხვა ორგანოებში, მეტასტაზური სიმსივნის პირველადი კერა კი რომელიმე ორგანოში მდებარეობს, ხოლო ძვალი შემდგომ ზიანდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძვლის სიმსივნის ერთ-ერთი სახეობა, ოსტეობლასტოკლასტომა, რიგ შემთხვევაში შესაძლოა კეთილთვისებიანი იყოს, თუმცა არც მისი გარდამავალი და ავთვისებიანი ფორმების არსებობაა გამორიცხული.

- მკითხველებს ხშირად აინტერესებთ, საიდან მომდინარეობს ძვლის სიმსივნეთა უცნაური სახელწოდებები.

- ძვლის სიმსივნეთა სახელწოდებები, რომლებიც პაციენტებისთვის შესაძლოა მართლაც უცნაურად ჟღერდეს, მედიკოსთათვის სავსებით გასაგებია, ვინაიდან ისინი მომდინარეობს იმ უჯრედთა სახელწოდებისგან, რომელთაგანაც შედგება უმთავრესად სიმსივნური ქსოვილი ან იმ ქსოვილის სახელწოდებისგან, რომლისგანაც წარმოიშვა სიმსივნე.

- რომელ ძვლებში შეიძლება იყოს ლოკალიზებული ძვლის პირველადი სიმსივნე?

- ლულოვანში (მაგალითად, ბარძაყის, მხრის, წვივის ძვალში), ბრტყელში (ნეკნში, მენჯში, ბეჭში), ერთი სიტყვით, პრაქტიკულად ნებისმიერ ძვალში. ცნობილია, რომ ძვლის სარკომა უმეტესად გრძელ ლულოვან ძვლებს აზიანებს, ყველაზე ხშირად კი ბარძაყის ძვალსა და წვივის დიდ ძვალს.

- რამდენად ხშირია ძვლის სიმსივნეები, როგორია მათი ხვედრითი წილი სხვა სიმსივნეებს შორის?

- საბედნიეროდ, ძვლის პირველადი სიმსივნეები შედარებით იშვიათია. მათ წილად სიმსივნეთა საერთო რიცხვის 1-2% თუ მოდის. ასეთია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სტატისტიკა და ასეთივე ტენდენციაა ჩვენს ქვეყანაშიც, თუმცა არსებობს ერთი სამწუხარო თავისებურებაც - ძვლის სიმსივნეები საკმაოდ ხშირია ახალგაზრდებს შორის და არც ბავშვებს შორის წარმოადგენს იშვიათობას.

- რა ნიშნებით შეიძლება გამოვლინდეს ძვლის სიმსივნე, რას უნდა მიაქციოს ყურადღება პაციენტმა?

- მოგეხსენებათ, ძვალი კარგად დაფარული სტრუქტურაა. ის მოქცეულია კუნთების, კანქვეშა ქსოვილის, კანის ქვეშ. ეს სტრუქტურები ძვალს მასიურ და სქელ საფარს უქმნიან, რის გამოც ნორმალურ მდგომარეობაში უშუალოდ ძვლის დანახვა შეუძლებელია. სწორედ ამ თავისებურების ბრალია, რომ კარგა ხანს ვერ ვამჩნევთ იმ ცვლილებებს, რომლებიც სიმსივნის დროს ძვალში მიმდინარეობს. პაციენტისთვის შესამჩნევი ერთადერთი სიმპტომი შესაძლოა იყოს ყრუ ტკივილი და მცირედი ფუნქციური შეზღუდვა (ტკივილის აღმოცენება კიდურის მოძრაობისა და სხეულის მდებარეობის ცვლის დროს) და მათი აღმოცენებაც რიგ ფაქტორზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ პაციენტმა ტკივილი შეიგრძნოს, პათოლოგიურმა პროცესმა უნდა მოიცვას ნერვული დაბოლოებებით მდიდარი არე - ნეიროგენული ზონა, ძვალში კი ნეიროგენული ზონა არის მხოლოდ პერიოსტეუმში - ძვლის საფარ შრეში, რომელიც გარედან ეკვრის მას. ტკივილიც სწორედ მაშინ იჩენს თავს, როცა სიმსივნე ამ არეს მოიცავს, მანამდე კი შეუმჩნეველი რჩება. ძვლის სიმსივნე კლინიკურად სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა, უწინარეს ყოვლისა, მაინც უნდა გამოვყოთ სამი კარდინალური ნიშანი - ტკივილი დაზიანებული ძვლის არეში, სიმსივნე, რომელიც ისინჯება და კიდურის ფუნქციის დარღვევა. სიმსივნის სიმპტომების აღმოცენება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ესენია სიმსივნის სახეობა, მისი ბიოლოგიური თავისებურებები, ლოკალიზაცია, ზრდის ტემპები, პროცესის ადგილობრივი გავრცელება. მაგალითად, სწრაფად მზარდი ოსტეოგენური სარკომის სიმპტომები შესაძლოა საკმაოდ სწრაფად გამოვლინდეს, განვითარდეს პათოლოგიური მოტეხილობა. ზოგიერთი სხვა სიმსივნის დროს კლინიკური ნიშნები ნელა, ზოგჯერ წლების განმავლობაში ვითარდება. თავდაპირველად ტკივილს გაურკვეველი ხასიათი აქვს, შემდგომ ის ძვლის დაზიანებულ ნაწილში ლოკალიზდება და თანდათან მუდმივი ხდება. ძვლის ანთებითი დაავადებებისგან განსხვავებით, სიმსივნით გამოწვეული ტკივილი არ მცირდება მოსვენებისას და კიდურის უმოძრაობისას. დამახასიათებელია ღამის ტკივილები. ძვლის სიმსივნის დიაგნოსტიკა არცთუ იშვიათად გვიანდება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ტკივილი უკვე თავჩენილია. ხშირად პაციენტები ამ პირველ სიმპტომს ყურადღებას არ აქცევენ და კარგა ხნის განმავლობაში ტკივილის კუპირებისთვის იყენებენ ადგილობრივ საშუალებებს, იღებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პაციენტები თავისით, ექიმთან კონსულტაციის გარეშე იტარებენ ფიზიოთერაპიას. არცთუ იშვიათად ძვლის ტკივილის გამო ავადმყოფი მიმართავს სხვადასხვა სპეციალისტს - თერაპევტს, ნევროპათოლოგს, რევმატოლოგს, ფიზიოთერაპევტს, მაგრამ ხანმოკლე უეფექტო კურსის შემდეგ საჭიროდ აღარ მიიჩნევს, მკურნალობის უეფექტობის შესახებ ექიმს აცნობოს. ხანმოკლე მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში კვალიფიციური ექიმი ყოველთვის იჩენს ონკოლოგიურ სიფხიზლეს, გეგმავს იმ კვლევებს, რომლებიც გვეხმარება ძვლის სიმსივნის დადგენასა თუ გამორიცხვაში, პაციენტს საკონსულტაციოდ გზავნის სპეციალისტთან (ონკოლოგთან). მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა პაციენტი თანამშრომლობს ექიმთან, მასთან მუდმივი კონტაქტი აქვს. საპირისპირო შემთხვევაში, როცა პაციენტი თავად მიმართავს სხვადასხვა სპეციალისტს და არცთუ იშვიათად ინფორმაციასაც კი არ აწვდის ჩატარებული მკურნალობისა და მისი არაეფექტურობის შესახებ, ექიმს უძნელდება კვლევის სწორი ტაქტიკის ჩამოყალიბება, ფუჭად იკარგება დრო, გვიანდება ზუსტი დიაგნოზის დასმა, ზოგჯერ მის დაზუსტებამდე 8-10 თვეც კი გადის, რაც სიმსივნის შემთხვევაში განსაკუთრებით არასასურველია. ძვლის ავთვისებიანი სიმსივნის შორსწასულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ძვლის დეფორმაცია, კუნთებს შორის, უჩვეულო ადგილას, გაჩნდეს ძვლოვანი წანაზარდი, სიმსივნე, რომელიც ხელით ისინჯება. თუმცა ზრდისა და დეფორმაციის თავისებურებები კეთილთვისებიან სიმსივნეებსაც ახასიათებთ. მაგალითად, ოსტეომას, ოსტეოქონდრომას, ოსტეოიდოსტეომას... ავთვისებიან სიმსივნეთა შორსწასულ შემთხვევებში შესაძლოა წარმოიშვას სპონტანური მოტეხილობა, რაც სიმსივნით გამოწვეულ ძვლის ლიზისთან (დაშლასთან) არის დაკავშირებული. კეთილთვისებიან სიმსივნეებს ასეთი რამ არ ახასიათებს. უნდა აღინიშნოს, რომ ძვლის ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობა სწორედ ასე ვლინდება.


 

- რა იწვევს ძვლის ავთვისებიან სიმსივნეს? პაციენტებს ხშირად ჰგონიათ, რომ როგორც ძვლის, ასევე სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების აღმოცენებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ხშირი ტრავმირება. აქვს თუ არა საფუძველი მსგავს შეხედულებას?

- რიგი სიმსივნისგან განსხვავებით, ძვლის ავთვისებიან სიმსივნეთა განვითარებაში ტრავმას მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგჯერ პაციენტებს სიმსივნის პირველი ნიშნები ტრავმით გამოწვეულ სიმპტომებად მიაჩნიათ და ექიმს არც კი მიმართავენ. მსგავს შემთხვევებში გასათვალისწინებელია ერთი რამ: თუ ტკივილი ან კიდურის ფუნქციის დარღვევა ტრავმით არის განპირობებული, ის ტრავმირებისთანავე გამოვლინდება; თუ ჩამოთვლილი მოვლენები განახლდება ან თავს იჩენს ტრავმიდან გარკვეული ხნის შემდეგ, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია ძვლის სიმსივნური დაზიანების გამორიცხვის მიზნით. გარდა ამისა, ძვლის სიმსივნის წარმოშობის რისკფაქტორებია გენეტიკური დატვირთვა, რადიაცია და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ზემოთ დასახელებული ფაქტორების როლი ძვლის სიმსივნის აღმოცენებაში, მისი გამომწვევი მიზეზები სრულყოფილად შესწავლილი და დადგენილი არ არის.

- პაციენტებზე განსაკუთრებით დამთრგუნველად მოქმედებს ძვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ძვლის სიმსივნეები განსაკუთრებული ავთვისებიანობით გამოირჩევა...

- ამ შეხედულებასაც აქვს გარკვეული საფუძველი. ძვლის პირველადი სიმსივნეების უმრავლესობა აგრესიული მიმდინარეობით გამოირჩევა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ოსტეოგენური სარკომა, რომელსაც ახასიათებს ჰემატოგენურად (სისხლის საშუალებით) მეტასტაზირება ორგანოებში და ძალიან აგრესიულად მიმდინარეობს. თუმცა არსებობს სიმსივნეებიც, რომლებიც ნაკლებად აგრესიულია. ასე რომ, ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, ვინაიდან პროგნოზს მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორის აღსანიშნავია სიმსივნის ადრეული თუ შორეული გართულებები, ჰისტომორფოლოგიური შენება, ლოკალიზაცია და სხვა.

- რომელ ორგანოებში შეიძლება მეტასტაზირებდეს ძვლის სიმსივნე?

- სხვა სიმსივნეების მსგავსად, ძვლის სიმსივნეთა მეტასტაზირება შესაძლოა მოხდეს ფილტვში, ტვინში, ღვიძლსა და სხვა ორგანოებში.

- უქმნის თუ არა საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე?

- ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე სიცოცხლეს განსაკუთრებულ საფრთხეს არ უქმნის, მისთვის არ არის ტიპობრივი ძვლის ლიზისი და სპონტანური მოტეხილობების განვითარება, თუმცა რიგ შემთხვევაში კლინიკური გამოვლინება შესაძლოა ისეთივე იყოს, როგორიც ავთვისებიანი სიმსივნისა: ტკივილი, ფუნქციური შეზღუდვა, ძვლის დეფორმაცია...

- რომელი კვლევები ტარდება ძვლების სიმსივნეთა დიაგნოსტიკის მიზნით?

- პაციენტის კვლევა იწყება გასინჯვით - მისი კლინიკური მონაცემების დადგენითა და ფიზიკალური გამოკვლევით. ძვლის სიმსივნეთა დიაგნოსტიკაში უდიდესი როლი აკისრია რენტგენოგრაფიას, რომელიც ამ შემთხვევაში საკმაოდ ინფორმაციულია. როცა რენტგენოგრაფიით მიღებული ინფორმაცია საკმარისი არ არის, ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დეტალურად, მილიმეტრის დონეზე ხდება ინფორმაციის მიღება სიმსივნის გავრცელებასა და სტრუქტურაზე. კომპიუტერული ტომოგრაფია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხერხემლის პირველადი და მეტასტაზური დაზიანების დროს. კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება ძვლების სკანირება, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიული სკანირება. მიუხედავად ასეთი თანამედროვე კვლევების არსებობისა, დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ტრეპანობიოფსია, რაც საშუალებას გვაძლევს, სპეციალური ნემსის მეშვეობით მივიღოთ ძვლის მცირე ნაწილი და მიკროსკოპიულად შევისწავლოთ მისი უჯრედოვანი და ქსოვილოვანი შენება. სადღეისოდ დადგენილია, რომ ძვლის სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა გამოსაკვლევად ყველაზე ეფექტურია კომპლექსური კვლევა, რაც გულისხმობს კლინიკური კვლევის, სხივური დიაგნოსტიკის (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა) და მორფოლოგიური გამოკვლევის შერწყმას. ამ მეთოდების კომბინირებული გამოყენება საშუალებას გვაძლევს, შემთხვევათა უმრავლესობაში სწორი დიაგნოზი დავსვათ.

- უკანასკნელ ხანს საკმაო პოპულარობით სარგებლობს სახსრების ექოსკოპიური კვლევა. ინფორმაციულია თუ არა ის ძვლის სიმსივნეების სადიაგნოზოდ?

- სახსრების ექოსკოპიური კვლევა ინფორმაციულია სახსრების, რბილი ქსოვილების პათოლოგიის დასადგენად. ძვლის სიმსივნეების დიაგნოსტიკისთვის ის არ არის მიზანშეწონილი. კვლევის ხელმისაწვდომ და იაფ მეთოდთაგან ძვლის სიმსივნეების დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ინფორმაციულია ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიული კვლევა, რომელიც თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება ჩატარდეს. ზემოხსენებული მეთოდები (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა) გვიჩვენებს სიმსივნის ლოკალიზაციასა და გავრცელებას, ხოლო კვლევის ინვაზიური მეთოდები - პუნქციური ასპირაციული მასალის და ტრეპანობიოპტატის მიკროსკოპიული შესწავლა - საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სიმსივნის უჯრედოვანი და ქსოვილოვანი შენება, განვსაზღვროთ მკურნალობის მეთოდი, რიგ შემთხვევაში - ქირურგიული, რიგ შემთხვევაში - სხივური ან მათი კომბინირებული გამოყენება.


 

- როგორია ძვლის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის მეთოდები, რა არსენალს ფლობს ამ თვალსაზრისით თანამედროვე ონკოლოგია?

- ონკოლოგიაში არსებობს მკურნალობის სამი კლასიკური მეთოდი - ქირურგიული მკურნალობა, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია. გარდა ამისა, სადღეისოდ გამოიყენება მკურნალობის ისეთი დამხმარე მეთოდებიც, როგორიც არის ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და სხვა. ძვლის ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ სამივე კლასიკური მეთოდი გამოიყენება, თუმცა წამყვანი მაინც ქირურგიული მკურნალობა და სხივური თერაპიაა. რიგ შემთხვევაში ტარდება ქიმიოთერაპია.

- პაციენტები ხშირად კითხულობენ, აუცილებელია თუ არა კიდურის ამპუტაცია ძვლის სიმსივნის დროს.

- ონკოლოგიური პათოლოგიის გამო ქირურგიული ჩარევისას ექიმის წინაშე დგას ორი ამოცანა: პირველი - მიაღწიოს რადიკალიზმს ანუ ორგანიზმს სრულიად მოაცილოს სიმსივნე საღი ქსოვილების ფარგლებში და მეორე - მაქსიმალურად შეინარჩუნოს ორგანო, რათა არ გაუარესდეს პაციენტის ცხოვრების ხარისხი. სამწუხაროდ, სიმსივნის სრულყოფილი მოცილებისას ორგანოს შენარჩუნება ხშირად შეუძლებელია და ეს ძვლის სიმსივნეებსაც ეხება. ექიმი კარგად აცნობიერებს, რომ კიდურის ამპუტაცია საგრძნობლად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, უქმნის მას სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, მაგრამ რიგ შემთხვევაში ასეთი ჩარევის გარეშე პაციენტის გადარჩენა შეუძლებელია. ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა კიდურის მოკვეთა შესაძლოა არ იყოს აუცილებელი და გარდაუვალი. მაგალითად, ავთვისებიანი ოსტეობლასტოკლასტომის დროს შესაძლოა სხივურმა თერაპიამ თქვას გადამწყვეტი სიტყვა.

- დღეს ცნობილია, რომ რიგი სიმსივნის დროს მოწოდებულია კვლევის სკრინინგ-მეთოდები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ჩავატაროთ მასობრივი კვლევა, სიმსივნე ადრეულ სტადიაზე, ჩივილების აღმოცენებამდე აღმოვაჩინოთ ან განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ მისი დროული გამოვლენის მიზნით. არსებობს თუ არა მსგავსი მეთოდი ძვლის სიმსივნეების შემთხვევაში?

- მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძვლების გამოკვლევის საკმაოდ სრულყოფილი და მგრძნობიარე მეთოდები, ძვლის სიმსივნეთა სკრინინგმეთოდი დახვეწილი არ არის. ადამიანის ორგანიზმის მთელი ძვლოვანი სისტემის მდგომარეობის შესწავლის საშუალებას გვაძლევს რადიოიზოტოპური სცინტიგრაფია. ეს არის კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ვენაში შეჰყავთ სპეციალური რადიაქტიური ნივთიერება. ის ნაწილდება მთელ ძვლოვან სისტემაში და სპეციალური აპარატით კვლევისას წარმოდგენას გვაძლევს მის მდგომარეობაზე. თუმცა აღნიშნული მეთოდი საკმაოდ ძვირია, კვლევა დაკავშირებულია რადიაქტიურ დატვირთვასთან  (დასხივებასთან, როგორც ხშირად ამბობენ პაციენტები), რის გამოც ის მასობრივი პროფილაქტიკური კვლევისათვის არ გამოდგება.

- უმეტესად რომელ ორგანოთა სიმსივნის დროს არის მოსალოდნელი ძვლების მეტასტაზური დაზიანება და სად არის ლოკალიზებული მეტასტაზები ყველაზე ხშირად?

- ძვლების მეტასტაზური დაზიანება ხშირია სარძევე ჯირკვლის, პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის), ფილტვის, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლისა და სხვა სიმსივნეების დროს. მეტასტაზირება, უპირველეს ყოვლისა, სიმსივნესთან ანატომიურად ახლომდებარე ძვლებში ხდება. მაგალითად, პროსტატის სიმსივნის დროს - მენჯის ძვლებში, ფილტვებში, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დროს - ხერხემალსა და სხვა ძვლებში. ცნობისათვის: ძვლის მეტასტაზური სიმსივნეები ხერხემალში საკმაოდ ხშირად არის ლოკალიზებული, პირველადი სიმსივნეების ხერხემალში განვითარება კი ძალიან იშვიათია.

- როგორ ხდება მეტასტაზური სიმსივნეების დიაგნოსტიკა, რა არის საჭირო მათი დროული გამოვლენისთვის?

- მეტასტაზური სიმსივნეების დიაგნოსტიკის პრინციპი ისეთივეა, როგორიც ძვლის პირველადი სიმსივნეებისა. დროული დიაგნოსტიკის მიზნით პაციენტებს უნდა ვურჩიოთ, არ დატოვონ უყურადღებოდ ძვლის ტკივილი და ფუნქციური შეზღუდვა - ძვლის სიმსივნისათვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ეს სიმპტომები. თუ პაციენტს, რომელსაც უკვე დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი, დაეწყო ტკივილი ძვლებში (ხერხემალში, კიდურებში, მენჯის, თეძოს არეში ან ნებისმიერ სხვა ადგილას), აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისა და რენტგენოლოგიური კვლევისთვის. ეს არის საწყისი კვლევა, რომელიც ნამდვილად ხელმისაწვდომია. შემდგომ შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენს ხელთ არსებული კვლევის ზემოთ აღნიშნული გაღრმავებული მეთოდები.

- შესაძლებელია თუ არა, ზუსტად ითქვას, ძვლის სიმსივნე მეტასტაზურია თუ პირველადი? შესაძლოა თუ არა, ძვლის მეტასტაზური დაზიანება ისე გამოვლინდეს, რომ პირველადი სიმსივნე არ იყოს დიაგნოსტირებული?

- თუ პაციენტს უკვე დაუდგინეს სარძევე ჯირკვლის, პროსტატის, ფილტვის, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლის ან სხვა ლოკალიზაციის სიმსივნე, ძვლოვანი სიმპტომების აღმოცენებისას უნდა ვივარაუდოთ მეტასტაზური დაზიანება. ძვლის მორფოლოგიური კვლევა, რაც ტრეპანობიოფსიის საშუალებით არის შესაძლებელი, საშუალებას გვაძლევს, ზუსტად განვსაზღვროთ ძვლის სიმსივნის ხასიათი, დავადგინოთ, პირველადია სიმსივნე თუ მეტასტაზური. არის შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად მრავალი თანამედროვე კვლევისა, ძვლის მეტასტაზური დაზიანება სიმსივნის პირველადი კერის დაუდგენლად ვლინდება, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და კაზუისტიკას შეიძლება მიეკუთვნოს.

- დაბოლოს, რას ურჩევდით პაციენტებს ძვლის სიმსივნეთა დროული დიაგნოსტიკისთვის?

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, თუ:

  • ძვლის ტკივილი, განურჩევლად  ინტენსივობისა, და ფუნქციური შეზღუდვა  რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდა;
  • ტკივილის კუპირების მიზნით მიღებული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები არაეფექტურია;
  • ტკივილი ტრავმიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ დაიწყო;
  • დასმულია რომელიმე ორგანოს სიმსივნის დიაგნოზი.

ნუ დაიმშვიდებთ თავს, თუ ექოსკოპიურმა კვლევამ ძვლის პათოლოგია არ გამოავლინა. გაითვალისწინეთ, სახსრებისა და რბილი ქსოვილების დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის საკმაოდ ინფორმაციული კვლევის ეს მეთოდი ძვლის სიმსივნეთა დიაგნოსტიკისას არაფრისმომცემია. ძვლის ტკივილისა და კიდურის ფუნქციური შეზღუდვის შემთხვევაში ნუ გაგიტაცებთ ფიზიოპროცედურები და ადგილობრივი საშუალებების გამოყენება, ნუ დაკარგავთ დროს, იჩქარეთ, დააზუსტოთ ტკივილის გამომწვევი მიზეზი. ეს არ მოითხოვს რთულ და ძვირადღირებულ გამოკვლევებს. კვლევის პირველ ეტაპზე საკმარისია ჩვეულებრივი რენტგენოგრაფია. გახსოვდეთ, დროული დიაგნოსტიკა ძვლის სიმსივნის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.