მოზარდი და ნარკოტიკი
ნარკომანია, ეს უმძიმესი სენი, მოსწავლეებსაც შეეხო, შეიმჩნევა მისი მატების მკვეთრი ტენდენცია. გვესაუბრება ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიის ექსპერტიზის ცენტრის ფსიქოთერაპევტი ნინო გურგენიძე:
- როდის და როგორ ინტერესდება მოზარდი ნარკოტიკით?
- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აკრძალულით დაინტერესება უმთავრესად გარდატეხის ასაკში ხდება. ეს ურთულესი პერიოდი მოიცავს ადამიანის ცხოვრებას 12-13-დან 17 წლამდე. ამ ასაკში ორგანიზმში ნეიროენდოკრინოლოგიურ ძვრებთან ერთად მიმდინარეობს მკვეთრი ფსიქოლოგიური ცვლილებებიც. აქამდე თუ ბავშვი მთლიანად მშობლებზე იყო დამოკიდებული, ამიერიდან იწყება პერიოდი, როდესაც იგი მოიპოვებს ნაწილობრივ დამოუკიდებლობას და სრული დამოუკიდებლობისთვის ემზადება. ამ დროს ბავშვის ფსიქიკა ძალზე ფაქიზი და მგრძნობიარეა.
ცხოვრებისეულმა ფსიქოტრავმებმა, რომლებიც ამ ასაკში განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება, შესაძლოა ძლიერი ნეგატიური გავლენა მოახდინოს მის შემდგომ განვითარებასა და სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამ პერიოდში იწყება მოზარდის ნარკოტიკებით დაინტერესებაც.
ერთი მხრივ, მძიმე სოციალურმა პირობებმა განაპირობა 10-12 წლის "ქუჩის ბავშვების" ტოქსიკომანობა. ბავშვები, რომლებიც ოჯახისა და თავის სარჩენად ქუჩაში გამოდიან სამათხოვროდ, უმეტესად იაფფასიან წებოს ყნოსავენ. წებოს ძლიერი ტოქსიკურობის გამო ისინი ადვილად ავადდებიან და ხშირად 17 წელსაც ვერ აღწევენ. მათი ცხოვრება ტრაგიკულად მთავრდება.
მეორე მხრივ, ნარკოტიკებით ხშირად ინტერესდებიან საშუალო და შეძლებული ოჯახების შვილებიც. მათი პირველი ნარკოტიკი, წესისამებრ, არის "პლანი" - მარიხუანა. საუბედუროდ, საქართველოში გავრცელებულია მცდარი შეხედულება, თითქოს ეს ნარკოტიკი საშიში არ იყოს. ყველას გასაგონად აღვნიშნავ: "პლანი" არის ერთ-ერთი ძლიერმოქმედი ნარკოტიკი, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში ძლიერ ფსიქიკურ ცვლილებებს იწვევს. ხშირია კანაბოიდური (პლანისმიერი) ფსიქოზი, რომელსაც ადამიანი ზოგჯერ ფსიქიკურ დაავადებამდეც კი მიჰყავს. კიდევ უფრო მავნეა მანაგუა, რომელსაც იმავე მარიხუანასგან ხარშავენ და სვამენ.
- როგორ იცვლება "პლანით" გაბრუებული ბავშვის ფსიქიკა?
- პლანით გაბრუებული ბავშვის ფსიქიკა რეალისტურად ვეღარ აღიქვამს სამყაროს, მისი ხედვა და აღქმა სწრაფად მახინჯდება. ბოლოს, როცა ე.წ. "იზმენების" გამო პლანს ვეღარ ეწევიან, მაგრამ ფხიზლად ცხოვრება აღარ შეუძლიათ, იწყებენ უფრო სერიოზული ნარკოტიკების ძიებას და ინტრავენურ მოხმარებას.
გარდატეხის ასაკში ყველაზე მეტად მძაფრდება პროტესტის გრძნობა, აკრძალულის მიღების მოთხოვნილება, იწყება თვითდამკვიდრების ახალი გზების ძიება. ამ დროს ბავშვი ყველაზე მეტად გრძნობს თავის პოტენციალს, მაგრამ აქვს მინიმალური ცხოვრებისეული გამოცდილება. იცის მოზრდილი ადამიანის უფლებები და თავადაც მიისწრაფვის მათკენ, მაგრამ ჯერ არ გაუცნობიერებია, რომ ამ უფლებებს თან ახლავს მოვალეობები და პასუხისმგებლობაც.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომლის შვილს გარდატეხის ასაკი უდგას?
- ბავშვის ჩამოყალიბება გარდატეხის ასაკში კი არა, ჩასახვისთანავე იწყება. მუცლადყოფნის პერიოდი ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ყველაფერი, რასაც მშობელი განიცდის, გარკვეულ გავლენას ახდენს ბავშვის არაცნობიერზე. ამქვეყნად ყველა იმისთვის იბადება, რომ წარმატებას მიაღწიოს. დაბადების მომენტიდანვე ყოველი ჩვენგანის ძირითადი მოთხოვნილებაა, მიიღონ და აღიარონ. თუ ყველა მშობელი შეეცდება, თავიდანვე სწორად აღზარდოს შვილი, ჰქონდეს მასთან მეგობრული ურთიერთობა, შეძლოს ბავშვის მოსმენა, დაინახოს მასში დამოუკიდებელი პიროვნება, გახდეს ავტორიტეტი საკუთარი შვილისთვის, მაშინ გარდატეხის პერიოდიც რადიკალური ცვლილებების გარეშე ჩაივლის.
- როგორ გავლენას ახდენს შვილზე მამა-ნარკომანი?
- მიიჩნევა, რომ ბავშვები, რომლებიც ნარკომანთა ოჯახებში იზრდებიან, დიდი რისკის წინაშე დგანან. ცხადია, არც ერთ მშობელს არ უნდა, მისი შვილი წამალდამოკიდებული გახდეს; უკრძალავენ ნარკოტიკების გასინჯვას, ესაუბრებიან მათ მავნე გავლენაზე. ფსიქოლოგიურად ეს ის შემთხვევაა, როცა მამა ეუბნება შვილს: "არ მოიქცე, როგორც მე ვიქცევი; მოიქეცი ისე, როგორც მე გეუბნები". ასეთი დამოკიდებულება ბავშვებში გაურკვევლობასა და გაორებას იწვევს, მათ უყალიბდებათ ძლიერი არასრულფასოვნების კომპლექსი და დაბალი თვითშეფასება. ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, როცა სერიოზული სირთულის პირისპირ აღმოჩნდებიან, ასეთი ადამიანები ხშირად პრობლემის გადაჭრის ნაცნობ ხერხს - ნარკოტიკს მიმართავენ.
- ცნობილია, რომ მშობელი ყველაზე გვიან იგებს შვილის ნარკოტიკებით გატაცების შესახებ. რას უნდა მიაქციოს მან ყურადღება, რომ ეს არ გამოეპაროს?
- თუ ოჯახში ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს, ოჯახის წევრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულებაა, არ არის დარღვეული დედა-მამა-შვილის ფსიქოლოგიური სამკუთხედი, წარმოუდგენელია, შვილის ფერისცვალება ვერ შეამჩნიო. მით უმეტეს, ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული ცვლილებები საკმაოდ შესამჩნევია: ბავშვს აღარაფერი აინტერესებს, ხდება გულჩათხრობილი, იმპულსური, გაურბის ოჯახის წევრებთან კონტაქტს, თავს არიდებს ძველ მეგობრებს, ხდება გონებაგაფანტული, უყურადღებო, ჩამორჩება სწავლაში, აცდენს გაკვეთილებს და, რაც მთავარია, იძირება ტყუილების მორევში, გამუდმებით ითხოვს ფულს, იჩენს ახალ ნაცნობ-მეგობრებს, რომლებთანაც მხოლოდ წამალი აკავშირებს. იმის გამო, რომ ჩვენი საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული ნარკოტკების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოფიზიკური ცვლილებების შესახებ, მშობელი შვილის უცნაურ ქცევას ხშირად მხოლოდ გარდატეხის ასაკს მიაწერს.
ძვირფასო მშობლებო! თუ ამჩნევთ, რომ თქვენს შვილს ხასიათი მკვეთრად შეეცვალა, დასჩემდა უძილობა, უგუნებობა, უხალისობა, ადვილად ღიზიანდება, უმიზეზოდ გამოხატავს აგრესიას, უხეშობს, იკეტება საკუთარ თავში, გაურბის მშობლებთან კონტაქტს - შეეცადეთ, ჩაუღრმავდეთ ამ ცვლილებებს და დახმარების ხელი გაუწოდოთ მას.
გახსოვდეთ: ვიდრე მოზარდი ეპიზოდური მომხმარებელია, მისი გადარჩენა შესაძლებელია. ოღონდ ჩხუბით, დასჯითა და შეურაცხყოფით ვერაფერს მიაღწევთ, პირიქით, საქმეს უფრო მეტად წაახდენთ. მეგობრული და თბილი დამოკიდებულებით, ბავშვის ინტერესების გაზიარებით, მისი მოსმენით, მისი პიროვნული ღირსებებისა და შესაძლებლობების პატივისცემით უფრო უკეთეს შედეგს მიიღებთ.
- ვის უნდა მიმართოს დასახმარებლად მშობელმა?
- თუ მშობელს შვილის არაჯანსაღი მდგომარეობის შესახებ ეჭვი გაუჩნდა, უნდა მიმართოს ნარკოლოგს ან ფსიქოთერაპევტს. არსებობს ტესტი შარდის გამოკვლევით ყოველგვარი ნარკოტიკის გამოსავლენად. ეს საშუალებას იძლევა, დროულად და მიზანმიმართულად გავატაროთ სათანადო ღონისძიებები.
გარწმუნებთ, ხშირად მოზარდი ნანობს თავის საქციელს, მაგრამ უკან დასახევ გზას ვერ ხედავს. კარგი იქნება, თუ ამ დროს ეკლესია გახდება მისთვის ბნელსა და ნათელს შორის გადებული ხიდი. სცადეთ, შვილთან ურთიერთობის მოგვარებაში მოძღვარიც დაიხმაროთ.
- როგორ დავიცვათ ისინი, ვისაც ნარკოტიკი ჯერ არ გაუსინჯავს?
- ყოველივე ცუდის საწყისი უცოდინარობაა. მშობელს, მასწავლებელს, საზოგადოების ყოველ წევრს სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ნარკოტიკებისა და ნარკომანიის შესახებ. მშობელმა უნდა იცოდეს, რა ემუქრება მის შვილს; მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ მიაწოდოს ეს ინფორმაცია ბავშვებს, მათთვის უფრო მისაღები და გასაგები როგორ გახადოს. ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის ნარკოტიკი და ნარკომანია, ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე უნდა მიიღონ. მათ ცნობიერებაში ღრმად უნდა ჩაიბეჭდოს, რომ ნარკომანია ურთულესი დაავადებაა, - ხოლო ნარკომანი - ავადმყოფი. ამ შემთხვევაში "ნარკომანი" მათთვის ავტორიტეტული და მისაბაძი პიროვნების სინონიმად აღარ იქცევა. ავადმყოფობა არავის უნდა. არავინ ამაყობს თავისი დაავადებით, არც დაავადებულს ბაძავს.