ყველაზე გავრცელებული და ცნობილი "ნარკოტიკები"

თანამედროვე კლასიფიკაციით, ასეთი სახის ქცევითი პათოლოგიები "სუბსტანციებთან დაკავშირებულ დარღვევებად" მოიხსენიება.
ცნობილია, რომ წამალი ან სამკურნალო საშუალება ამა თუ იმ ბიოქიმიურ პროცესზე მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს. წამლის არადანიშნულებისამებრ მოხმარებას ანუ, როგორც ჩვენს საზოგადოებაში უწოდებენ, "ნარკომანიას", განმარტავენ როგორც ზოგიერთი წამლის სისტემატურ გამოყენებას დიდი დოზითა და არათერაპიული მიზნით, რასაც თან სდევს მომხმარებლისა და საზოგადოებისთვის მავნე ეფექტების განვითარების საფრთხე. საყურადღებოა, რომ ტერმინი "ნარკომანია" გამოიყენება რუსულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში. მიჩვევის პოტენციის მქონე ნივთიერებებს შორის ნარკოტიკებს წარმოადგენს მხოლოდ ოპიატები, ამიტომ ეს ტერმინი სრულად ვერ ასახავს რეალობას.
ბევრს მიაჩნია, რომ გაცილებით მართებული ტერმინია "წამალი", მით უმეტეს, რომ "ნარკომანებს" სხვაგვარად "წამლისადმი მიდრეკილების მქონე" ადამიანებსაც უწოდებენ. რაც შეეხება ტერმინს "მავნე ეფექტები" - ის გულისხმობს ჯანმრთელობის გაუარესებას წამლის არადანიშნულებისამებრ სისტემატური მიღების შედეგად.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
"სუბსტანციაზე დამოკიდებულება" გამოიხატება წამლის მიმართ "ტოლერანტობითა" და სხვადასხვა "უკურეაქციის" სიმპტომების აღძვრით.
"ტოლერანტობა" ნიშნავს, რომ სასურველი სუბიექტური განცდისთვის ნივთიერების უფრო და უფრო მზარდი დოზით მიღებაა აუცილებელი, ანდა სტაბილური დოზების მიღებისას წამლის ეფექტი მცირდება. რაც შეეხება "უკურეაქციას" - ეს ეგზოგენური ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული ეფექტის საპირისპირო, საკომპენსაციო რეაქციაა. წამლის მიღებისგან მყისიერად თავშეკავების ("აბსტინენციის") შემთხვევაში ასეთი საკომპენსაციო რეაქციის განვითარება დისკომფორტის შეგრძნებას აღძრავს. მაგალითად, ჰეროინი აღძრავს "ეიფორიას", ხოლო მისი მიღებისაგან თავის შეკავებისას ადამიანს "დისფორია" - განგაშის, შფოთვის განცდა ეუფლება. გარდა ამისა, ჰეროინის მიღება იწვევს ყაბზობას, მისი მიღებისგან თავის შეკავება კი გულისრევასა და გულყრას.
უკანასკნელ პერიოდამდე სუბსტანციებთან დაკავშირებული დარღვევების განვითარების ძირითად მიზეზად წამლის შეწყვეტის საპასუხო ეფექტების დათრგუნვის სურვილს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, წამლის მიღების მყისიერი შეწყვეტის შემდეგ "უკურეაქციის" სიმპტომების დათრგუნვის სურვილს მიიჩნევდნენ. ამასთანავე, განასხვავებდნენ წამალზე დამოკიდებულების ორ სახეს: "ფიზიკურს" და "ფსიქიკურს". ზოგს გაუმართლებლად მიაჩნია ასეთი კლასიფიკაცია, მთავარ მნიშვნელობას "ფსიქიკური დამოკიდებულების" ფენომენს ანიჭებს და მიიჩნევს, რომ "წამლის მოთხოვნილება" ან "წამლის მიმართ შიმშილი" მოცემული სუბსტანციით აღძრული "ეიფორიისა" და "ნეტარების" განცდის სურვილით არის განპირობებული. შესაბამისად, "ფსიქიკური დამოკიდებულება" გულისხმობს წამლის მიღების შედეგად აღძრულ სასიამოვნო შეგრძნებათა განუწყვეტელი განცდისაკენ ლტოლვას.
ცალკეული წამლის არადანიშნულებისამებრ მიღება მხოლოდ მოცემული ნივთიერებისთვის დამახასიათებელ დარღვევათა კომპლექსს წარმოშობს. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც ცალკეული წამლისთვის დამახასიათებელი ინტოქსიკაციის ეფექტები, ასევე სხვადასხვა სახის ფსიქიკური დარღვევა.
სწორედ ცალკეულ წამალთა ეფექტებისა და მათ მიერ გამოწვეული დარღვევების შესახებ გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური სამმართველოს უფროსი მალხაზ ჯოხაძე:
- რას გვეტყვით ოპიატებზე (მორფინი, ჰეროინი, კოდეინი), ანუ ყაყაჩოსგან მიღებულ ნივთიერებებზე, რომელთაც ადამიანი კვებისა და მოწევის გზით საუკუნეების განმავლობაში იყენებს?
- საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტერმინი "ოპიატები" აღნიშნავს ნივთიერებებს, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით ჰგავს მორფინს, ხოლო ტერმინი "ოპიოიდები" - ნივთიერებებს, რომლებიც მორფინის მსგავსად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, თუმცა ქიმიური სტრუქტურით მისგან განსხვავდება. აღნიშნული კლასიფიკაციის თანახმად, ოპიატების ჯგუფს მიეკუთვნება უკანონო ბრუნვაში ყველაზე მეტად გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი, კოდეინი, დიონინი (ეთილმორფინი) და ჰეროინი.
ოპიოიდებს შორის კი ყველაზე გავრცელებულია მეტადონი, ფენტანილი, კეტამინი, ფენციკლიდინი და ბუპრენორფინი (სუბუტექსი). ოპიატების წყაროს წარმოადგენს დამაძინებელი ყაყაჩოს (ხაშხაში, Papaver somniferum) რძეწვენი - ოპიუმი. ამჟამად ხაშხაშის კულტურას მისდევენ ინდოეთში (მთავარი ლეგალური მწარმოებელი), ავსტრალიაში, ჩინეთში, კორეაში, ავღანეთში, პაკისტანში, ირანში, ლაოსში, ტაილანდში.
წარმოებული ოპიუმის მთლიანი მოცულობის მხოლოდ მეოთხედი გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის, დანარჩენი ნარკოტიკების უკანონო წარმოებას ხმარდება.
მორფინს იღებენ ოპიუმიდან და არალეგალურ ბაზარზე ხვდება სხვადასხვა სისუფთავის პრეპარატების სახით. არსებობს მორფინის რამდენიმე სახეობა: მორფინი-ნედლეული (გამოიყენება ჰეროინის მისაღებად იატაკქვეშა ლაბორატორიებში), გასუფთავებული მორფინი და სამედიცინო მორფინი.
ჰეროინი (დიაცეტილმორფინი) (აკრძალულია საქართველოში) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და "მძიმე" ნახევრად სინთეზურ ნარკოტიკს. იღებენ მორფინისგან ან მორფინის შემცველი ნებისმიერი ნედლეულისგან: ოპიუმის ექსტრაქტისგან, ხაშხაშის ნამჯის ექსტრაქტისგან. სუფთა ჰეროინი მწარე გემოს მქონე თეთრი ფხვნილია, არალეგალური ჰეროინი კი განსხვავდება ფერით – მოთეთრო-მოყვითალოდან მუქ ყავისფრამდე, რაც განპირობებულია მასში სხვადასხვა მინარევის არსებობით.
საქართველოში ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობის დიდი წილი მოდის ჰეროინზე.
ოპიატების მოხმარების ხერხებია: პირის ღრუდან მიღება, ცხვირით შესუნთქვა, მოწევა და ინექცია (კანქვეშ, კუნთში, ვენაში). ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა ვენაში გაკეთება, რაც არცთუ იშვიათად ლეტალური შედეგით სრულდება.
ორგანიზმზე ოპიატების ზემოქმედება ძირითადად შემდეგნაირად ვლინდება:
- ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს-ის) მხრივ - ეიფორია, ტკივილის გაყუჩება, სუნთქვისა და ხველის ცენტრის დათრგუნვა;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ - კოლიკა, ყაბზობა (შეკრულობა);
- კუნთების მოდუნება, ფიზიკური აქტივობის შემცირება.
ოპიატების ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვითარდება მათდამი ლტოლვა, ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება. ოპიუმისადმი ფსიქიკური დამოკიდებულება ყალიბდება 3-4 თვეში, მორფინისადმი - 2 თვეში, ჰეროინისადმი - კიდევ უფრო სწრაფად.
კანქვეშ და პერორალური გზით ოპიატების დიდი დოზის მიღებისას სიკვდილი დგება 2-4 საათში, ხოლო ვენაში შეყვანისას - მყისიერად.
კოდეინს ნაკლები აქტიურობა ახასიათებს, ვიდრე სხვა ოპიატებს. ორგანიზმში კოდეინი, ისევე როგორც ჰეროინი და დიონინი, მორფინად გარდაიქმნება.
ბუპრენორფინი ვენაში, კანქვეშ და სუბლინგვურად (ენის ქვეშ) შეყვანისას ამჟღავნებს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, რომელიც 25-40-ჯერ აღემატება მორფინისას, მოქმედების ხანგრძლივობაც 1,2-2-ჯერ მეტია, ვიდრე მორფინისა და შეადგენს 8 საათს.
- როგორც ცნობილია, ოპიატების ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე ხელოვნურად შექმნილი პრეპარატი - მეტადონი, რომელიც ჰეროინით განპირობებული ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება. რა თავისებურებებით ხასიათდება ის?
მეტადონი არის ხანგრძლივმოქმედი ოპიოიდური სინთეზური პრეპარატი. ის ოპიატების ანტაგონისტია და ეფექტურად გამოიყენება ოპიატური დამოკიდებულების სამკურნალოდ. მეტადონი ხსნის მწვავე სიმპტომებს და ამცირებს ქრონიკულ დამოკიდებულებას. ჩანაცვლების თერაპიის დროს გამოიყენება მეტადონის სტაბილური დოზა, რომელიც საკმარისია ნარკოტიკული ზემოქმედებისა და ეიფორიის ბლოკირებისთვის. მეტადონი გამოიყენება მხოლოდ ოპიატური დამოკიდებულების მკურნალობის დროს.
მედიცინაში მისმა ფართო გამოყენებამ მისი "ქუჩაში" გატანა გამოიწვია. 1970 წლიდან მეტადონის გამოყენებამ საგრძნობლად გაზარდა სიკვდილიანობა. მეტადონს აქვს მაღალი მისწრაფება ოპიატური რეცეპტორების მიმართ, რაც განაპირობებს მასზე ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარებას. მისდამი ტოლერანტობა ნელა ვითარდება. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მეტადონის მოქმედება გამოიხატება ეიფორიით, ტკივილის მოხსნით, ძილიანობით, ხველის რეფლექსის დათრგუნვით, სუნთქვის უკმარისობისა და კრუნჩხვების განვითარებით. დოზის გადაჭარბება იწვევს სუნთქვის დათრგუნვას, სისხლის მიმოქცევის შენელებას, ფილტვების შეშუპებას, თირკმლის მწვავე უკმარისობას. საქართველოში ხშირია მეტადონის გადაჭარბებული დოზით გამოწვეული ლეტალობა.
მეტადონის ჰიდროქლორიდი გამოდის როგორც საინექციო ფორმით, ისე სუსპენზიისა და ტაბლეტების სახით. ის შეჰყავთ ვენაში, კუნთებში, კანქვეშ, იღებენ პერორალურად.