აღდგენითი ოპერაციები დამწვრობის დროს
გვესაუბრება ბესიკ იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელი გუგა ქაშიბაძე.
-
ბატონო გუგა, ახლა შუა ზაფხულია. მზის მცხუნვარებამ თითქმის პიკს მიაღწია და ალბათ, ამ პერიოდში უფრო ხშირია დამწვრობები...
- გეთანხმებით, რომ წელიწადის ამ დროს მზით დამწვრობა უფრო ხშირია, ვიდრე წლის სხვა პერიოდებში. თუმცა, რაც შეეხება ზოგადად დამწვრობას, ის სულაც არ გახლავთ წელიწადის დროებთან დაკავშირებული. ამ პათოლოგიას პირადად მე გაურკვეველი წარმოშობის ტალღებად ვყოფ ხოლმე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც აგვისტოში უფრო მეტი დატვირთვით გვიმუშავია, ვიდრე სხვა თვეებში, სხვა დროს კი მუშაობის პიკი აპრილში ან მაისში ყოფილა.
უშუალოდ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული დატვირთვა გვაქვს. სხვათა შორის, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სტაციონარულმა პაციენტებმა 30%-ით მოიმატა. ეს დაკავშირებულია გარკვეულ პროგრამებთან, დაზღვევასთან. რა თქმა უნდა, პაციენტები სპეციალურად იმის გამო არ იწვებიან, რომ დაზღვევა აქვთ (იღიმება), უბრალოდ, აქამდე მათ საშუალება არ ჰქონდათ, რომ კლინიკისთვის მიემართათ და ძირითადად შინ მკურნალობდნენ.
მოგეხსენებათ, დამწვრობის მკურნალობა საკმაოდ ძვირი სერვისია და ღრმა დაწვრობის მორჩენა დიდ ფინანსულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. აქ იგულისხმება შინაურ პირობებში, ექიმბაშების დახმარებით შეხორცებული ჭრილობების მკურნალობაც, რომლებიც მოგვიანებით მოხრითი კონტრაქტურებით რთულდება. როდესაც ამგვარი გართულებაა, ადამიანს ფუნქციის აღდგენის ან ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით აუცილებლად სჭირდება რეკონსტრუქციულ-აღდგენითი პლასტიკური ოპერაციები, რომლის გამოცდილებაც დამწვრობის ცენტრს საკმაოდ დიდი აქვს.
დაახლოებით 45 წელია, ამ კლინიკაში მსგავსი ტიპის ოპერაციები კეთდება. აქ დახელოვნებულები არიან არა მარტო ზემოთ აღნიშნულ ოპერაციებში, არამედ სხვადასხვა ტრავმის შემდეგ მიღებული დაზიანებების აღდგენასა და თანდაყოლილი სიმახინჯეების მკურნალობაშიც. მინდა მოგახსენოთ, რომ დამწვრობის ცენტრის ექიმები პლასტიკური ქირურგები არიან, ასეა მთელ მსოფლიოში. არ არსებობს უშუალოდ დამწვრობის სპეციალისტი, ეგრეთ წოდებული კომბუსტიოლოგი, - თავად ეს ტერმინი პოსტსაბჭოთა სივრცეშია შემორჩენილი და ხელოვნურად არის შექმნილი. ჩვენი პროფესია პლასტიკური ქირურგიაა.
რაც შეეხება რეკონსტრუქციულ ქირურგიას, თითოეული პაციენტი, რომელსაც სერიოზული, ღრმა დარღვევა ჰქონდა და რომელმაც გამოჯანმრთელებისთვის გარკვეული ტიპის ოპერაცია, კანის გადანერგვა თუ სხვა სახის მკურნალობა ჩაიტარა, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მაინც რჩება. მათი მონაცემები სპეციალურ კარტოთეკებშია შეტანილი და მათ დროდადრო კონსულტაციები უტარდებათ. ეს იმიტომ ხდება, რომ მსგავს პაციენტებს არც ისე იშვიათად განმეორებითი რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ქირურგიული ჩარევები ესაჭიროებათ, რათა დაზიანებული არეების ფუნქცია ასი პროცენტით ან ოდნავ უფრო ნაკლებით მაინც აღდგეს.
ღრმა დაზიანების დროს, როდესაც კანის ყველა შრეა დაზიანებული, შეხორცება შეიძლება მოხდეს, თუმცა თითქმის წარმოუდგენელია, რომ ორგანოს, მაგალითად, კიდურის ფუნქცია (როდესაც დაზიანება სახსართან ახლოსაა) არ დაირღვეს. რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციების დროს, ფუნქციის აღდგენასთან ერთად, რა თქმა უნდა, ესთეტიკურ მხარესაც ვითვალისწინებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ამა თუ იმ ღრმა დაზიანებამ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეუქმნას ადამიანს.
ღრმა დაწვრობის შეხორცების შემდეგ პირველი ექვსი-რვა თვის განმავლობაში მეორადი დაჭიმვით ნაწიბური ყალიბდება, იცვლება მისი ფერი. ისეთი შემთხვევებიც გვხვდება, როდესაც ნაწიბური ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, არის კიდევ უამრავი სხვა წვრილმანი, რომელთა ჩამოთვლითაც არ მინდა, მკითხველი დავღალო. მოკლედ ვიტყვი იმას, რომ
რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ ქირურგიას თავისი დრო აქვს. არც ძალიან უნდა დაგვიანდეს ოპერაციის გაკეთება და არც ძალიან ადრეა სასურველი, როცა ნაწიბური ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, რადგან ამ შემთხვევაში განმეორებითი რეციდივის ალბათობა საკმაოდ დიდია.
ხშირად ქირურგს კელოიდებთანაც აქვს საქმე. ზოგიერთ ადამიანს კელოიდებისკენ აქვს მიდრეკილება. ქირურგს ჰგონია, რომ კელოიდს ამოიღებს, ჭრილობას გაკერავს და ყველაფერი ამით დამთავრდება. სინამდვილეში კი იმ ადგილას განმეორებით ვითარდება კელოიდი, ხშირად - უარესიც კი. გასათვალისწინებელია ადამიანის სხეულზე არსებული სახიფათო არეები (იქ კელოიდები ხშირად ვითარდება): მხრის გარეთა ზედაპირი, გულმკერდის წინა ზედაპირი და სხვა. სწორედ ამიტომ ქირურგს ძალიან ბევრი რამ აქვს ასაწონი, მანამ ლანცეტს გამოიყენებს.
-
ბატონო გუგა, რა სახის რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციები არსებობს?
- რეკონსტრუქციისას ტარდება ისეთი ოპერაციები, რომელთა დროსაც ადგილობრივი ქსოვილების გადანაცვლება ხდება. ამ შემთხვევაში არ ვიყენებთ სადონორო კანს, ანუ ერთი მოშორებული ადგილიდან კანის გადმოტანას. როცა ადგილობრივი ქსოვილების რესურსი არ გვაქვს ან არ გვყოფნის, ასეთ დროს საჭირო ხდება ჭრილობის თავისუფალი, ნახლეჩი ნაფლეთით დაფარვა. ამას თხელი კანის გადმოტანა ჰქვია. ზოგჯერ საჭირო ხდება მთელი სისქის მქონე კანის გადმოტანა ჭრილობის ადგილას.
სხვა ტიპის ოპერაციების დროს კეთდება მიკროქირურგიული ჩარევა და საკუთარ სისხლძარღვოვან ფეხზე (საკუთარ მკვებავ სისხლძარღვზე) არსებული კანი მოტრიალდება გარკვეული კუთხით და ამ გზით ხდება დეფექტის დაფარვა. რეკონსტრუქციული ოპერაციებისას არცთუ იშვიათად ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ესპანდერებს. ეს არის სპეციალური სილიკონის მასა, რომელიც ოპერაციულად დროებით იდება კანქვეშ. შემდეგ ესპანდერს ფიზიოლოგიური სითხით ბერავენ. მისი საშუალებით დაზიანებული არის გვერდით არსებული კანი მექანიკურად იწელება. ოპერაციის მეორე ეტაპზე უკვე ხელთ გვაქვს გაწელილი კანი, რომლის საშუალებითაც ადვილად ხერხდება მის გვერდით არსებული გარკვეული დეფექტის დაფარვა. ეს ძალიან რთული, რამდენიმეეტაპიანი ოპერაციებია.
არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება კანის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა რამდენიმე ეტაპად...
-
ვთქვათ, ბარძაყიდან აღებულ კანს მუცლის ზედაპირზე გადაიტანთ, შემდეგ მუცლიდან - გულმკერდის ზედაპირზე და ასე შემდეგ?
- დიახ, დაახლოებით ასე ხდება და ამას მცოცავ მეთოდს უწოდებენ. მსგავსი ტიპის ოპერაციები შედარებით იშვიათად, წელიწადში რამდენიმე თუ კეთდება, თუმცა როცა საჭიროა, ამ რესურსსაც ვიყენებთ. თავად რეკონსტრუქციული ოპერაციები, სხვა ტიპის ოპერაციებისგან განსხვავებით, მეტად ინდივიდუალურია. შეიძლება მთელი ცხოვრება რეკონსტრუქციულ ოპერაციებს მიუძღვნა და ორი მსგავსი ტიპის ოპერაცია ვერასდროს გააკეთო. ერთია ოპერაციისწინა გეგმა, რომლის დროსაც აუცილებლად დაგჭირდება გეომეტრიის, მათემატიკის ცოდნა, იმიტომ, რომ რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციების დროს ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული გარკვეული გრადუსის მქონე კუთხეებზე, არსებობს ამის განსასაზღვრი ფორმულებიც, და მეორე - თავად ოპერაცია, რომლის დროსაც ოპერაციის მსვლელობის ნახაზი ძალიან ხშირად იცვლება, იმდენად ინდივიდუალურია თითოეული ადამიანის ორგანიზმი.
-
თქვენ რამდენიმე ტიპის პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ოპერაცია ახსენეთ. წაკითხული მაქვს, რომ ზოგჯერ დაზიანებულ არეზე კანის სპეციალურად დამუშავებულ უჯრედებს ნერგავენ.
- დიახ, მსგავსი ტექნიკა და მეთოდიც არსებობს და ის მწვავე დამწვრობების დროს გამოიყენება, როდესაც გაშიშვლებულია დიდი ფართობი და ფაქტობრივად საკუთარი კანის რესურსი არ არის საკმარისი დაზიანებული კანის დასაფარად. ამ დროს ხდება კერატონოციტების ხელოვნურად გამოზრდა. თითოეული პაციენტისგან დაახლოებით ოთხი კვადრატული სანტიმეტრის კანს იღებენ და შემდეგ მას ლაბორატორიულად ზრდიან. ამ ხელოვნურად გაზრდილ კერატონოციტებს უშუალოდ ღია ჭრილობაზე ნერგავენ. სამწუხაროდ, ეს სერვისი საქართველოში არ გვაქვს. მსგავსი შემთხვევების დროს არცთუ იშვიათად ჩვენ დონორის - დედმამიშვილის, მშობლის კანს ვიყენებთ. დონორის კანი დროებითი საფარია. ის მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში ჰყოფნის პაციენტს. უცხოეთში დონორის კანის ნაცვლად გვამურ კანს იყენებენ. ესეც დროებითი საფარია, სანამ საკუთარი კანი გაიზრდება და ზედაპირული უბნები შეხორცდება. ეს სერვისიც გარკვეული მიზეზების გამო ჩვენთან არ არის დანერგილი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენც გვექნება კანის ბანკი, სადაც შესაძლებელი იქნება გვამური კანის გამოყენება. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები წარმოებს და ახლო მომავალში შესაძლებელი გახდება, თურქეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გადაიგზავნოს კანი და შემდეგ იქ მოხდეს მისი გაზრდა. ეს უკვე საქართველოში შემოტანილი დამატებითი სერვისის საფუძველი გახდება.
-
სხვა რა შეიძლება გვითხრათ პლასტიკურ ოპერაციებზე? ვთქვათ, არის რაიმე განსხვავება კიდურებსა და სხეულის სხვა მიდამოებში კანის გადატანას შორის?
- განსხვავება საკმაოდ დიდია. როგორც მოგახსენეთ, ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ოპერაციებიც შესაბამისად მეტად ინდივიდუალურად მიმდინარეობს. ამიტომ ძალიან კარგად არის ასაწონი, ამა თუ იმ დაზიანების დროს ოპერაციის რომელი მეთოდი იქნეს გამოყენებული.
მინდა სიამაყით ვთქვა, რომ დღეს საქართველოში იგივე ოპერაციები კეთდება და ისეთივე წარმატებით, რომლებიც კეთდება ამერიკაში, ევროპასა და მსოფლიოს სხვა დანარჩენ ქვეყნებში.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოპერაციის წინა გეგმა ოპერაციის მსვლელობის დროს საკმაოდ შეცვლილა. ახლა გვიწევს პაციენტი, შვიდი წლის ბიჭუნა, ელექტროკონტაქტური დაზიანებით, მარჯვენა მტევნის პირველი თითის მედიალური ზედაპირის მესამე “ბ”-მეოთხე ხარისხის დაზიანებით. აქ, მართალია, ოპერაციისწინა გეგმა არსებობდა, მაგრამ ისიც კარგად გვესმოდა, რომ ყველაფერი ოპერაციის მსვლელობის დროს უფრო კარგად გამოჩნდებოდა. სწორედ მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, თავისუფალი პლასტიკა იქნებოდა უფრო მისაღები თუ რომელიმე სხვა მეთოდი. საბედნიეროდ, სახსარი არ იყო დაზიანებული და ძვალი - მთლიანად გაშიშვლებული. თუმცა ამისთვისაც მზად ვიყავით და შეგვეძლო მტევნის ჩაკერება მუცლის წინა ზედაპირზე, რათა ადგილობრივი ქსოვილი გამოგვეყენებინა. ამ შემთხვევაში მტევანი ორიოდე კვირის განმავლობაში მუცლის წინა ზედაპირზე, კანში უნდა ყოფილიყო ჩაკერებული. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დღეს ოპერაციიდან მესამე დღეა. თითი თბილია, მგრძნობელობა მთლიანად არის შენარჩუნებული და გადანერგილი ტრანსპლანტატიც ნორმალურად შეეგუა ახალ არეს.
-
სანამ ჩვენებებსა და უკუჩვენებებზე გადავალთ, მინდა კიდევ ერთხელ გკითხოთ ის, რასაც პასუხი ნაწილობრივ უკვე გაეცით. ანუ პლასტიკური ოპერაციების პირველი დანიშნულება მაინც უფრო კოსმეტიკური ეფექტის მიღებაა თუ?..
- პლასტიკური ოპერაცია პირობითად შეიძლება ორად დაიყოს. ეს არის ესთეტიკური პლასტიკური ოპერაციები, ანუ როდესაც ჯანმრთელ ადამიანს ოპერაციას უკეთებ სილამაზის თვალსაზრისით და მეორე - რეკონსტრუქციული მიზნით გაკეთებული ოპერაცია, რომელიც ემსახურება ფუნქციის აღდგენას, მის შენარჩუნებას.
გვხვდება ძველი ჭრილობები, მეორადი დაჭიმვით შეხორცებული ჭრილობები. არსებობს ალბათობა, რომ მსგავსი ჭრილობა დროთა განმავლობაში შეუხორცებელ წყლულად იქცეს, და უფრო მეტიც, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ასეთი ჭრილობებიდან სიმსივნური უჯრედებიც ამოთესილა. ამ შემთხვევაში ოპერაცია კანის სიმსივნის თავიდან აცილების მიზნით უნდა გაკეთდეს.
არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც სახის, მტევნის არეში არსებული ნაწიბური, რომელიც ფუნქციას არ აქვეითებს, ადამიანის ფსიქოლოგიაზე, მისი ცხოვრების პირობების ხარისხზე, ცხოვრების ნირზე მოქმედებს. ამ დროსაც ჯობს, გაკეთდეს ოპერაცია იმიტომ, რომ ასეთი პაციენტები ხშირად შინ არიან გამოკეტილნი, სინათლესაც კი არ ანთებენ. თანაც ქართული საზოგადოება არ არის მზად, ასე ვთქვათ, ირიბი მზერის გარეშე თავისუფლად მიიღოს ვიზუალურად პრობლემის მქონე ადამიანები. არადა, უცხოეთში ასეთი ადამიანები თავისუფლად მუშაობენ, თავისუფლად გამოდიან გარეთ. ერთი სიტყვით, ეს იმდენად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიასა და პიროვნებაზე, რომ ამ შემთხვევაში არანაკლები მნიშვნელობა აქვს კოსმეტიკური ოპერაციის ჩატარებას, ვიდრე, ვთქვათ, ფუნქციის შენარჩუნებას.
კიდევ ერთი რამ უნდა მოგახსენოთ. ჩემთვის მეტად სასიხარულოა, რომ ეგრეთ წოდებულ გეგმურ ოპერაციებში, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედებულ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში შევიდა, შეტანილია ამგვარი ქირურგიული ოპერაციებიც. მრავალი შეხვედრა გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროში და სასიამოვნოა იმ ფაქტის თქვენთვის მოხსენებაც, რომ ჩვენი აზრები ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა. ღირებულების 70%-ს სახელმწიფო იხდის, 30%-ს - უშუალოდ პაციენტი, რომელიც აქამდე მთლიანად ფარავდა ამ მეტად ძვირად ღირებულ ოპერაციას. ადრე სადაზღვევო კომპანიებთან მწვავე შემთხვევებშიც კი კამათი გვქონდა კანის გადანერგვაზე. ეს უკანასკნელი ტრანსპლანტაციათა რიგში იყო ჩაყენებული და არ ფინანსდებოდა. თუ ტრანსპლანტაციის თვალსაზრისით მივუდგებით, მაშინ მთელი მედიცინა ტრანსპლანტაციაა.
დამწვრობის დროს ლაპარაკია ორგანოს, მისი ფუნქციის შენარჩუნებაზე და მეტზე არაფერზე. მაგალითისთვის გეტყვით, პაციენტს, რომელსაც მეტალურგიულ ქარხანაში ტერფზე გამდნარი ფოლადი გადაესხა, ქირურგიული ოპერაცია გავუკეთეთ. მოვაცილეთ ღრმად დანეკროზებული ქსოვილი, გადავუნერგეთ საკუთარი კანი. ოპერაცია დამწვრობიდან მესამე დღეს გაკეთდა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ პაციენტს უკვე შეეძლო თავისუფლად სიარული და პროდუქციის შექმნა. ეს ოპერაცია რომ არ გაკეთებულიყო, პაციენტს დაინვალიდება ემუქრებოდა, მისთვის თანხა სახელმწიფოს უნდა ეხადა, ანუ ჩემი და თქვენი გადასახადებიდან ნაწილი უნდა წასულიყო მის პენსიებში. ამის სანაცვლოდ პაციენტი გავიდა სამსახურში, შექმნა პროდუქცია და იქით დაიწყო სახელმწიფო გადასახადების გადახდა. ეს რომ დავთვალეთ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, სხვაობა იმდენად კოლოსალური იყო, ამ ოპერაციის დაფინანსება გადაწყდა. ანუ საბოლოო ჯამში სადაზღვევო კომპანიამ კანის გადანერგვაც დააფინანსა.
კანის გადანერგვა არ არის ესთეტიკა. დიახ, მესმის, რომ ეს პლასტიკური ოპერაციაა, მაგრამ ეს არის დამწვრობის მკურნალობის ერთ-ერთი ქირურგიული გზა. ისევ თემას დავუბრუნდეთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ტრავმისშემდგომ ექვსი-რვა თვის განმავლობაში კონსერვატიულ მკურნალობას. აქ არ არსებობს რაღაც მზა რეცეპტი, ერთი სახის მალამო, არის მხოლოდ კომბინირებული მკურნალობა, რათა კელოიდი იქნება, ნაწიბური თუ სხვა რამ, უფრო მობილური გახდეს, ელასტიკურობა შეინარჩუნოს. საქმეში ერთვება როგორც ადგილობრივი საშუალებები, ასევე ინექციებიც. და ეს ყველაფერი დამწოლ ნახვევებთან რეკომბინაციაში უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში დიდია შანსი, თავიდან ავიცილოთ კელოიდების ან ნაწიბურების ჰიპერტროფია. მკურნალობის შემდგომ ასეთ შემთხვევებში გაკეთებული ქირურგიული ჩარევები უფრო ეფექტურია.
ნაწიბურს მე შევადარებდი ახალგაზრდა ხეს, რომლის ტოტიც დასაწყისში იმდენად მოქნილია, რომ მისი მოღუნვა თუ მისთვის ფორმის მიცემა ძალიან ადვილია, ანუ ადვილად ექვემდებარება მკურნალობას. მაგრამ, როცა ერთი წელი გავა, ტოტი მსხვილდება, მაგრდება და მისი მოღუნვაც ჭირს. ასევე რთულია ეგრეთ წოდებულ “ბებერ” ნაწიბურთან მუშაობა, მისი მკურნალობა.
-
მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ადამიანმა დამწვრობა მიიღო, მაშინვე იწყება მისი მკურნალობა პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ოპერაციისთვის მოსამზადებლად...
- არა, ბუნებრივია, ღრმა დაზიანების შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა, ასე ვთქვათ, ჭრილობის პირველადი დამუშავება ხდება, მკვდარი ქსოვილის მოცილება და რაც შეიძლება სწრაფად საკუთარი კანის გადანერგვა. ასეთ ოპერაციებს მაშინვე აკეთებენ, აღარ ელოდებიან.
სადღეისოდ დამწვრობის შემთხვევაში მთელი მსოფლიო გაცილებით უფრო აგრესიულ ქირურგიას მიმართავს და ჩვენც ავყევით ამ ტენდენციას. პაციენტის დაყოვნება მცირე დროის განმავლობაში ხდება, მესამე დღეს და ერთი თვის შემდეგ გაკეთებულ ქირურგიულ ჩარევებს შორის დიდი განსხვავებაა.
ნაადრევ ეტაპზე გაკეთებული ოპერაციით ტოქსემიას, რომელიც თან ახლავს დაზიანებულ არეში ნეკროზის განვითარებას, როგორც ფაზას, მთლიანად ვაგდებთ; მესამე - ამ დროს კოსმეტიკური ეფექტი გაცილებით უკეთესია და მეოთხე - ფუნქციური ეფექტის ადრინდელ მეთოდებთან შედარებაც კი არ შეიძლება. თუმცა არის სხვა შემთხვევებიც, შედარებით უფრო რთული. მაგალითად, ბავშვებში გადანერგილი კანი ისე სწრაფად ვერ იზრდება, როგორც მისი ორგანიზმი. ამიტომ ზრდის პროცესის დროს შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული კორექციები.
სამწუხაროდ, მეტად რთულია სახლში ნამკურნალები, თვითშემოქმედებით დაკავებული და ექიმბაშის მიერ ნამკურნალები ადამიანის შემდგომი მკურნალობაც. ხშირად მშობელს უხარია, რომ პაციენტს არ სჭირდება ოპერაციული ჩარევა და ჭრილობა ისე უხორცდება. ბევრი რამ შეიძლება შეხორცდეს, მაგრამ გვიან ეტაპებზე თავს იჩენს ბევრი ისეთი გართულება, მაგალითად, ფუნქციის დაკარგვის სახით, რომლის მკურნალობა რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციით გაცილებით უფრო რთულია, უფრო ძვირიც ჯდება და ნაკლებეფექტიანიცააა. პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები შემოქმედებითი სამუშაოა და მისი ხიბლი ის გახლავთ, რომ ყველაფერი ვიზუალურად ჩანს. ეს არ არის მუცლის ღრუზე გაკეთებული ოპერაცია, რომელიც არ ჩანს. ეს არის ოპერაცია, რომელშიც ლანცეტის თითოეული შეხება, თითოეული ნაკერი შემოქმედებითი პროცესია და ძალიან აზარტული. მას შეიძლება თავისუფლად მივუსადაგოთ ქართული ანდაზა: “ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”.
-
დაბოლოს, რა რჩევები შეიძლება მისცეთ ჩვენს მკითხველს?
- მკითხველს აუცილებლად ვურჩევ: თუ დაინახეთ, რომ მტევნის არეში, იდაყვის არეში, მუხლის სახსარზე, კისრის მიდამოში თუ ტერფზე ფუნქციური შეზღუდვაა, მაგალითად, ბავშვი მტევანს, იდაყვის სახსარს ან მუხლს ბოლომდე ვერ შლის, დაუშვებელია იმის ლოდინი, რომ გაიზრდება და ყველაფერი თავისით მოგვარდება, ან იმის ფიქრი, რომ ეს ოპერაციები მხოლოდ თექვსმეტი წლის შემდეგ კეთდება, ან - ქორწილამდე ყველაფერი მოუშუშდება. როდესაც სახსარი ბოლომდე არ იშლება მექანიკური დაზიანების გამო ან ხელისშემშლელი ფაქტორი ნაწიბურია, შემდგომში სახსრის ჩაკეტვა მოხდება. გარკვეული დროის განმავლობაში სახსარი უმოძრაოდ რომ ჰქონდეს, ჯანმრთელ ადამიანსაც კი ჩაეკეტება. ნაწიბურს, რა თქმა უნდა, მოევლება, მაგრამ სამაგიეროდ, ამ დროს თავად სახსრის პრობლემები იჩენს თავს.
იშვიათია, მაგრამ მაინც გვხვდება ისეთი დაგვიანებული შემთხვევები, როდესაც დამწვრობას ტრავმატოლოგიური პრობლემებიც თან ერთვის. ამ დროს უკვე აპარატის დადებაა საჭირო, თანდათანობით გაშლა და ეს ყველაფერი გაცილებით რთული სამუშაოა, დროც და ფინანსებიც გაცილებით მეტი იხარჯება. მსგავს შემთხვევაში საბოლოო შედეგიც შეიძლება დამაკმაყოფილებელი არ იყოს. სირცხვილია, ოცდამეერთე საუკუნეა და კვლავ ექიმბაშების, მჩხიბავების იმედად ვართ!.. თქვენ კი გეცინებათ, მაგრამ მქონია შემთხვევა, როცა პაციენტის მშობლისთვის (როცა იყო ელექტროდაზიანება, მეოთხე ხარისხის დამწვრობა, - თითებზეა საუბარი) უთქვამთ, რომ ნახეს ადამიანი, რომელმაც გარანტია მისცა, რომ ახალ თითებს ამოუყვანდა უოპერაციოდ. იმდენად იყო დარწმუნებული, ის ვითომდა მკურნალი მის ბავშვს მართლაც ამოუყვანდა ახალ თითებს, მეც ლამის დამაჯერა. ახლა ეს ბავშვი, ჩატარებული ოპერაციის შემდეგ თავს ძალიან კარგად გრძნობს.
და კიდევ ერთი, მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოსახლეობა: ფრთხილად იყავით ცეცხლთან თამაშის დროს. დამწვრობა მეტად სერიოზული ტრავმაა, რომლის მკურნალობა საკმაოდ რთული და ძვირად ღირებულია.