სოლარიუმი და მზე - როგორ გავირუჯოთ სწორად

როგორიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შემოვიდა მოდაში, მაშინ, როცა პოპულარული გახდა "საპლაჟო ცხოვრების წესი", ხოლო პრიალა ჟურნალებმა ცხელი ქვეყნების აუზის კიდეებზე ჩამომსხდარი საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი გარუჯული მოდელებისა და ლამაზ ბოკლებში ჩამოსხმული, პატარა ქოლგებით მორთული კოქტეილების გაპიარება დაიწყეს.
შეუძლებელი იყო, ყოველივე ამას ჩრდილოეთის მკვიდრთა ყურადღება არ მიექცია. თუ მოკლებული ხართ შესაძლებლობას, რეგულარულად დაისვენოთ სამხრეთის ქვეყნებში, თქვენთან კი ზაფხულობითაც წვიმს, ეს გამოგონება სწორედ სათქვენოა. სოლარიუმში მოკლე ხანში მიიღებთ თანაბარ ბრინჯაოსფერ ნარუჯს, რომელიც მთელი წელი გაახარებს თვალს.
პირველი სოლარიუმები მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში გაჩნდა. მაშინვე დაიწყო კამათი იმის თაობაზე, მავნეა თუ არა სოლარიუმის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ეს კამათი დღემდე გრძელდება. მაშ, ასე: რას გვიქადის სოლარიუმი? რით გვასხივებენ? რა შეიძლება მოჰყვეს სოლარიუმის ნათურების არასწორ გამოყენებას? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ზიანი მინიმალური იყოს? ვის შეუძლია სოლარიუმში გარუჯვა და ვის - არა? რა განასხვავებს ძვირიან სოლარიუმს იაფფასიანისგან? რა მოულოდნელ უსიამოვნებას შეიძლება შევეჯახოთ იქ?
საფრთხე ჯანმრთელობისთვის
დიდი ხანია ცნობილია, რომ მზე ულტრაიისფერ სხივებს ასხივებს. გარკვეული დოზით ეს სხივები სასარგებლოც კია არა მარტო კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვისაც: ხელს უწყობს იმუნიტეტის მომძლავრებას, ანადგურებს ბაქტერიებს. ულტრაიისფერი სხივების მოხვედრისას ადამიანის ორგანიზმი იწყებს D ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც ძვლებისთვის არის აუცილებელი - ამაგრებს მათ და აწესრიგებს
მინერალურ ცვლას. გარდა ამისა, ულტრაიისფერი სხივების გავლენით ორგანიზმში წარმოიქმნება სხვა სასარგებლო ნივთიერებებიც: ენდორფინები - სიამოვნების ჰორმონები, სეროტონინი - აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველქმედებაში, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, მელანინი - იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებით დაზიანებისგან. სხვათა შორის, ნარუჯი სწორედ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგია, უფრო სწორად, მათ აგრესიულ ზემოქმედებაზე ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია, რომლის შედეგადაც პიგმენტი მელანინი წარმოიშობა.
თუ მზეზე ზოგჯერ საათობით (დილით ან საღამოს, როცა ის ნაკლებაგრესიულია) წევხარ, სოლარიუმში ასე არ შეიძლება, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება აქ უფრო მიზანმიმართულად მოქმედებს და ამიტომ კანზე მისი ზემოქმედება გაცილებით ძლიერია, ვიდრე მზეზე გარუჯვის დროს. მელანინის მოქმედება იქით არის მიმართული, რომ შეამციროს კანის მიერ ულტრაიისფერი სხივების შთანთქმა. დროთა განმავლობაში ორგანიზმის ეს დამცველობითი ფუნქცია შეიძლება შესუსტდეს და მაშინ უფრო მეტად იზრდება კანის კიბოს - მალანომის წარმოშობის რისკი (კანის კიბოთი ყოველწლიურად დაახლოებით 50 ათასი კაცი იღუპება).
გარდა ამისა, სოლარიუმის ჭარბი გამოყენება ვნებს კანის სტრუქტურას, აშრობს და ადუნებს მას, აჩქარებს დაბერებას და მისგან მიღებული მთელი სარგებელი უკვალოდ ქრება.
უკუჩვენებები
გარდა იმისა, რომ სოლარიუმის ხშირმა სტუმრობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც სოლარიუმში გარუჯვა საერთოდ არ შეიძლება.
სოლარიუმი რეკომენდებული არ არის:
- მათთვის, ვისაც კანის I ან II ფოტოტიპი აქვთ. ასეთი კანი ღია ფერისაა, ძნელად ირუჯება და ადვილად იწვება;
- მათთვის, ვისაც სხეულზე აქვს ბევრი ხალი და პიგმენტური ლაქა - ინსოლაცია ხალის გადაგვარების პირველი სტიმულატორია. იგი ზრდის მელანომის განვითარების რისკს;
- ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს;
- მაღალი არტერიული წნევის დროს;
- გულის დაავადებათა არსებობის შემთხვევაში;
- ასთმის დროს;
- ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების არსებობისას;
- ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში;
- შარდსასქესო დაავადებების დროს;
- მცირე ხნის წინ გადატანილი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ;
- სეზონური მწვავე ან გამწვავებული გაციებით გამოწვეული დაავადებების დროს;
- ნებისმიერი ენდოკრინული დაავადების, განსაკუთრებით - ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, დროს.
ძალზე სახიფათოა სოლარიუმით მეტისმეტი გატაცება მოზარდი გოგონებისთვისაც. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებსაც სურთ, სოლარიუმის მეშვეობით კანის ზოგიერთი პრობლემა მოაგვარონ, ხშირად საპირისპირო ეფექტს იღებენ. მაგალითად, სახეზე გამონაყარი შეიძლება მოშრეს და ძნელად შესამჩნევიც გახდეს, მაგრამ ცხიმის გამოყოფის სტიმულაციის ხარჯზე კანის ახალი ფორები გაიჭედება და ახალი გამონაყარი და კომედონები განვითარდება, შესაბამისად, მდგომარეობა შეიძლება უფრო მეტად დამძიმდეს. აქვე - ერთი მნიშვნელოვანი მითითებაც: ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები და ტრანკვილიზატორები ხელოვნური მზის მოქმედებას აძლიერებს. არსებობს სხვა შეზღუდვებიც, რომლებიც დამოკიდებულია ცალკეული ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. ამიტომ ვიდრე სოლარიუმს მიაკითხავთ, ურიგო არ იქნება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ და გამოკვლევები ჩაიტაროთ, რათა დანამდვილებით გაიგოთ, რამდენად მავნე თუ სასარგებლოა სოლარიუმი პირადად თქვენთვის.